გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/712-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე: შპს „მ-----------------------------–----------------------“
წარმომადგენელი: ც-------–----ა, თ--------------------–ი
მოპასუხე: გ-------------–----ი
წარმომადგენელი: ზ---------–--ე
დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2015 წლის 21 ივლისის ნასყიდობის დაკრედიტების N n---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს შპს „მ-----------------------------–-------------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 770,12 ლარის გადახდა
1.2. მოპასუხეს დაეკისროს სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ოდენობით.
1.3. ნასყიდობის დაკრედიტების ნკ 658 ხელშეკრულების 1.11 პუნქტისა და სსსკ 268-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის პოზიცია:
2015 წლის 21 ივლისის შპს „მ-----------------------------–-------------------“-სა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის დაკრედიტების ხელშეკრულება N n----. ხელშეკრულების საფუძველზე მისო „კ-----------------“-მა გ-------------–----ს გადაუხადა შპს „D-------”-სგან (ს/კ 404954484) შეძენილი ნივთის (ტელეფონი) საფასური 599 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა შპს „მ-----------------------------–-------------------“-თვის მომსახურების საკომისიოსთან ერთად ჯამში 760,12 ლარის ოდენობით გადახდის გრაფიკის მიხედვით. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მას დავალიანების დასაფარად მხოლოდ 70.00 ლარი აქვს გადახდილი. მოპასუხეს N n---- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია დღემდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი. ამ უკანასკნელის განმარტებით მოსარჩელეს გაშვებული აქვს სარჩელის წარმოდგენის საპროცესო ვადა. ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდა არ მოხდა 2015 წლის 20 აგვისტოს, ხოლო სარჩელზე ბაჟი გადახდილია 2018 წლის 30 აგვისტოს ანუ მოსარჩელემ სასამართლოში საქმე წარადგინა არაუადრეს 2018 წლის 30 აგვისტოსი. ამ ვადამდე მოსარჩელის მიერ არ ყოფილა მცდელობა დაკავშირებოდნენ მოპასუხეს. აქედან გამომდინარე, გაშვებულია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაყენების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2015 წლის 21 ივლისის შპს „მ-----------------------------–-------------------“-სა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის დაკრედიტების ხელშეკრულება N n----. მისო „კ-----------------“-მა გ-------------–----ს გადაუხადა შპს „D-------”-სგან (ს/კ 404954484) შეძენილი ნივთის (ტელეფონი) საფასური 599 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დააბრუნოს მისოს კრედიტი მომსახურების საკომისიოსთან ერთად ჯამში 760,12 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის დაკრედიტების ხელშეკრულება N n----.(ს.ფ 16)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რადგან მოპასუხემ არ გადაიხადა გრაფიკის მიხედვით მიმდინარე თვის გადასახადი 69.10 ლარი. მოპასუხეს 2015 წლის 11 სექტემბერს სესხის დასაფარად ერთჯერადი გადახდით მხოლოდ 70 ლარი აქვს გადახდილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი,სხდომის ოქმი).
- ცნობა დავალიანების შესახებ. (ს.ფ 18)
- ამონაწერი ერჯერადი გადახდის შესახებ. (ს.ფ 17)
- ნასყიდობის დაკრედიტების ხელშეკრულება N n----. (ს.ფ 16)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ხოლო სასამართლოს დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ-----------------------------–-------------------“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე,129-ე, 130-ე, 137-ე, 144-ე, 316-ე , 317-ე , 361-ე, 394-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, 2671-ე მუხლის პირველი ნაწილი, 268-ე მუხლის 11 ნაწილი,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ 2015 წლის 21 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა შპს „მ-----------------------------–-------------------“-სა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის დაკრედიტების ხელშეკრულება N n----. მისო „კ-----------------“-მა გ-------------–----ს გადაუხადა შპს „D-------”-სგან (ს/კ 404954484) შეძენილი ნივთის (ტელეფონი) საფასური 599 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დააბრუნოს მისოს კრედიტი მომსახურების საკომისიოსთან ერთად ჯამში 760,12 ლარის ოდენობით გადახდა. ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მოპასუხის მიერ კრედიტით სარგებლობისთვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს წარმოეშობა სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად - სესხის აღების შემდეგ მფლობელი ვალდებულია გადაუხადოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სარგებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სესხის ძირითადი თანხა არ იქნა დაბრუნებული შეთანხმებულ ვადაში, მის მიერ ასევე არ იქნა გადახდილი სესხის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. ამასთან, მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ 2015 წლის 11 სექტემბერს, ერთჯერადად გადახდილ თანხას, რის შემდეგაც მოპასუხე მხარეს არ განუხორციელებია დაკრედიტების ხელშეკრულებით გათვალიწინებული თანხისა და სარგებლის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხოლო ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ; ამავე კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად კი, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამოირიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა)ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე Nას-547-515-2012).
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. მხარეთა სასარჩელო მოთხოვნები ხშირად ვადითაა შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება #1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ'', ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს: ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმეო ან არასრული იყოს.
ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო დარღვევის შესახებ; საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს (იხ. სუსგ №ას-988-1021-2011, 15.11.2011).
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მოპასუხე მხარისთვის დადგენილი გადახდის გრაფიკის პირველივე დარღვევისთანავე - 2015 წლის აგვისტოს თვეში, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს; იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2015 წლის სექტემბრის თვეში, რასაც ასევე ადასტურებს მოპასუხე მხარეც, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, ნაწილ-ნაწილ გადახდისას მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა თითოეული გადახდის დროის დადგომიდან აითვლება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის 11 სექტემბერს და მას შემდეგ ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, მოთხოვნის უფლება კრედიტორს წარმოეშვა სწორედ ბოლო გადახდიდან ანუ 2015 წლის ოქტომბრის თვიდან; ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია მხოლოდ ერთი თვის - 2015 წლის აგვისტოს თვის გადასახადის მოთხოვნის ნაწილში, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გ-------------–----მა სექტემბრის თვეში გადაიხადა 70 ლარი;
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
შპს „მ-----------------------------–-------------------“-ის და გ-------------–----ს შორის 2015 წლის 21 ივლისს დადებული ნასყიდობის დაკრედიტების ხელშეკრულების 1.11 პუნქტის მიხედვით, სასამართლოში დავის განხილვის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის შესაბამისად. ამდენად, მხარეები შეთანხმებულნი არიან, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, რადგან გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება პირდაპირ არის გათვალისწინებული მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის დაკრედიტების ხელშეკრულებით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოცემულ შემთხვევაში შპს „მ-----------------------------–----------------------“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დასახელებული მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-2571, 264-ე, 268-ე, 270-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მიკროპსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +“ (ს/ნ 202950226) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გ-------------–----ს (პ/ნ 31001051540) შპს ,,მიკროპსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +“ (ს/ნ 202950226) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების გადახდა 631,02 ლარის ოდენობით;
3. გ-------------–----ს (პ/ნ 31001051540) შპს ,,მიკროპსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +“ (ს/ნ 202950226) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე #2/712-18, მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
5. გადაწყვეტილება არ საჩივრდება;
6. გადაწყვეტილება, დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
მოსამართლე: სოფიო ლეჟავა