გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6390-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - შპს ,,ან----–"
წარმომადგენელი - ნა-----------ე
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნი---------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - რე-----------–---ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 მაისის N1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება №4-------- საჩივართან დაკავშირებით და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 20 ნოემბრის N4---- ბრძანებით დაინიშნა შპს ,,ან----–ის" საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება თანდართული პროგრამის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2010 წლის 17 აგვისტოდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე. შემოწმების შედეგებზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 15 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი.
საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა იმპორტირებული ტანსაცმლით. საქონლის რეალიზაცია ხორციელდება საკონტროლო-სალარო აპარატით და საბანკო ტერმინალით. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოების ბუღალტრული აღრიცხვა და რამდენიმეჯერ დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის. შემოწმებამ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და საწარმოს ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით (ფასნამატით), რის შედეგადაც ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა სულ 1 485 843 ლარით, მათ შორის: 2012 წელს 337 064 ლარით, 2013 წელს 621 420 ლარით და 2014 წელს 527 359 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის N4---- ბრძანება (ს.ფ. 66);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი (ს.ფ. 18-65)
3.2. 2016 წლის 20 აპრილს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს ,,ან----–ს" სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი N2---------- შეტყობინებით გაუგზავნა ფოსტით იურიდიულ მისამართზე - თბ--–-------–-----------–-----------------------------3ა.
შპს ,,ან----–ის" წარმომადგენელმა 2016 წლის 08 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურში წარადგინა წერილობითი პოზიცია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტთან დაკავშირებით, რომელშიც საწარმოს იურიდიულ მისამართთან ერთად მიუთითა საკონტაქტო ნომერიც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 აპრილის N2---------- შეტყობინება (ს.ფ. 17)
- შპს ,,ან----–ის" წარმომადგენლის 2016 წლის 08 ივნისის განცხადება (ს.ფ. 210).
3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 08 ივლისის N1---- ბრძანების საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის N0------ საგადასახადო მოთხოვნა. 2016 წლის 25 აგვისტოს სსიპ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა 2016 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად N2--------- შეტყობინებით გაუგზავნა ფოსტით შპს ,,ან----–ს" იურიდიულ მისამართზე - თბ--–-------–-----------–-----------------------------3ა. საფოსტო გზავნილის (უკუგზავნილი) შესაბამისად, საწარმოს კორესპონდენცია ვერ ჩაბარდა 2016 წლის 26 აგვისტოს. ჩაუბარებლობის მიზეზად უკუგზავნილში ფიქსირდება: ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, მეზობლის განცხადებით აღნიშნულ მისამართზე შპს არ არსებობს.
შპს ,,ან----–ს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2016 წლის 08 ივლისის N1---- ბრძანება და 2016 წლის 11 ივლისის N0------ საგადასახადო მოთხოვნა 2016 წლის 30 აგვისტოს განმეორებით გაეგზავნა ფოსტით იურიდიულ მისამართზე - თბ--–-------–-----------–-----------------------------3ა. საფოსტო გზავნილის (უკუგზავნილი) შესაბამისად, საწარმოს კორესპონდენცია ვერ ჩაბარდა 2016 წლის 31 აგვისტოს. ჩაუბარებლობის მიზეზად უკუგზავნილში ფიქსირდება: ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, მეზობლის განცხადებით აღნიშნულ მისამართზე შპს არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 25 აგვისტოს N2---------- გზავნილი (ს.ფ. 128)
- საფოსტო გზავნილები (ს.ფ. 206-2017).
3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, გამოცემულ იქნა N2---- ბრძანება რიგი გადამხდელების, მათ შორის, შპს ,,ან----–ის" მიმართ ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების თაობაზე და დანართ N1-ში მითითებულ გადამხდელებზე გამოცემული ბრძანებებისა და საგადასახადო მოთხოვნების ჩაბარება განხორციელდა მათი საჯაროდ გავრცელებით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის N0------ საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 07 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 სექტემბრის N2---- ბრძანება (ს.ფ. 129)
- დანართი N1 (ს.ფ. 126)
- ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზიდან (ს.ფ. 116)
3.5. 2017 წლის 06 აპრილს შპს ,,ან----–მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის N0------ საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება მოითხოვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 მაისის №1---- ბრძანებით შპს ,,ან----–ის“ საჩივარი დარჩა განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 მაისის №1---- ბრძანება (ს.ფ. 82-83)
3.6. 2017 წლის 12 ივნისს შპს ,,ან----–მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 მაისის №1---- ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 11 ივლისის N0------ საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა გადამხდელს სსიპ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებ. გვერდზე ,,rs.ge"-ზე. გადახმხდელი გარკვეული დროის განმავლობაში არ შედიოდა ,,rs.ge"-ზე და არ გაეცნო საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის აგვისტოს თვეში საზოგადოებას იურიდიულ მისამართზე (ქ. თბილისი, უიარაღოს II გ------–------) ფოსტის საშუალებით ორჯერ გაიგზავნა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2016 წლის 8 ივლისის N1---- ბრძანება და 2016 წლის 11 ივლისის N0------ საგადასახადო მოთხოვა. ვინაიდან საფოსტო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა და დაბრუნდა უკან (29.08.2016 წელი და 02.09.2016 წელი) საფოსტო დაწესებულების საშუალებით, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" პუნქტების თანახმად, განხორციელდა აღნიშნული გადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2016 წლის 19 სექტემბერს და ჩაბარებულად ითვლება 2016 წლის 9 ოქტომბერს.
ასევე აღნიშნულია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2016 წლის 8 ივლისის N1---- ბრძანება და 2016 წლის 11 ივლისის N0------ საგადასახადო მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2016 წლის N2---------- წერილით გაეგზავნა გადამხდელს მისამართზე: ქ. თბილისი, უ------------- გ------–------. კონვერტზე დატანილი ბეჭდით დგინდება, რომ აღნიშნული საფოსტო გზავნილი გაგზავნილია ორჯერ: 2016 წლის 25 აგვისტოს, 30 აგვისტოს და დაბრუნდა 29 აგვისტოს და 2 სექტემბერს, ხოლო გზავნილის დაბრუნების მიზეზად მითითებულია, რომ ადრესატი არ იმყოფება აღნიშნულ მისამართზე. საგადასახადო მოთხოვნა სსიპ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნდა 2016 წლის 19 სექტემბერს. მომჩივანმა საჩივრით 2017 წლის 6 აპრილს მიმართა შემოსავლების სამსახურს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 89-93).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 მაისის N1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობას ამოწმებს სასამართლო განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ,,ან----–ის“ საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” პუნქტი, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს ,,ან----–ისათვის“ 2016 წლის 11 ივლისის N0------ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების თარიღად მიიჩნია 2016 წლის 9 ოქტომბერი, სსიპ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღე და შესაბამისად, სადავო ბრძანების გასაჩივრებისთვის დადგენილი 20 დღიანი ვადა აითვალა მითითებული თარიღიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
ამდენად, მითითებული ნორმის შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ამოწუროს გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების სხვა ალტერნატიული საშუალებები, დოკუმენტი ადრესატს უნდა გაუგზავნოს წერილობით სულ ცოტა 2-ჯერ, ასევე, გაუგზავნოს ელექტრონულად და იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება აღნიშნული საშუალებებით ადრესატისთვის დოკუმენტის ჩაბარება, დოკუმენტი გაავრცელოს საჯაროდ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს ,,ან----–ი“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის N0------ საგადასახადო მოთხოვნას ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge)-ს საშუალებით გაეცნო 2017 წლის 07 მარტს. ასევე, დგინდება, რომ შპს ,,ან----–ს“ 2016 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2016 წლის 08 ივლისის N1---- ბრძანება და 2016 წლის 11 ივლისის N0------ გაეგზავნა ფოსტით იურიდიულ მისამართზე ორჯერ 2016 წლის 25 აგვისტოს და 2016 წლის 30 აგვისტოს. ორივე შემთხვევაში, ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისთვის საქართველოს საგადასახდო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები (პირს 2-ჯერ გაეგზავნა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია), თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობის გამოყენებამდე დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ), ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისათვის დოკუმენტის ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებულ იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, ადრესატისთვის საჯაროდ გავრცელების გზით დოკუმენტის გაცნობამდე, საგადასახდო ორგანომ სრულყოფილად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და სხვა საშუალებების გამოყენებით გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურავს მათ, მიმართოს საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისათვის დოკუმენტის ჩაბარებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საგადასახდო ორგანომ საჯარო შეტყობინების გზით დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარებამდე მხოლოდ ფორმალურად დაიცვა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის ჩანაწერი, რაც ვერ იქნება მიჩნეული ქმედით ღონისძიებად, რომელიც მან განახორციელა გადასახადის გადამხდელისთვის დავალიანების დარიცხვის შესახებ აქტების ჩაბარებასთან დაკავშირებით. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საგადასახდო ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა როგორც სატელეფონო შეტყობინებების, ასევე ელექტრონული ფოსტის გზით ეცნობებინა გადასახადის გადამხდელისთვის სადავო საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის თაობაზე, მით უფრო, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის 2016 წლის 08 ივნისის წერილობით პოზიციაში მითითებულ იქნა საკონტაქტო ნომერი და ასევე, ამონაწერში მითითებულია შპს ,,ან----–ის" ელ-ფოსტა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა საჯარო შეტყობინების გზით დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარებამდე მის ხელთ არსებული ალტერნატიული საშუალებების სრულყოფილად გამოყენება, რაც არ იძლეოდა გასაჩივრების ვადის გაშვების მოტივით საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
სასამართლო დამატებით განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახდო ორგანო ადრესატის მიერ საგადასახდო მოთხოვნის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადას მიიჩნევდა დარღვეულად, საგადასახდო კანონმდებლობა მას ანიჭებდა შესაძლებლობას არსებითად განეხილა ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი. კერძოდ, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. ამდენად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განიხილოს გასაჩივრების ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი საპატიო მიზეზების არსებობისას. ამასთან, კანონმდებელი არ აკონკრეტებს საპატიოობის კრიტერიუმებს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურება, საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სარწმუნოს ხდიან საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევას მისგან დამოუკიდებელი მიზეზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეკვლია სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დარღვევა გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხომ არ იყო გამოწვეული და ხომ არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძვლები.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია, უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 მაისის N1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება №4-------- საჩივართან დაკავშირებით და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადასახადის გადამხდელის 2017 წლის 06 აპრილის საჩივართან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი, რომლის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,ან----–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 მაისის N1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება №4-------- საჩივართან დაკავშირებით და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადასახადის გადამხდელის 2017 წლის 06 აპრილის საჩივართან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე