გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2019
საქმის ნომერი
330210019002817274
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210019002817274

№2/948-19

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი, 2019წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი - ილია ვაშაკიძე

 

მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი''

 

წარმომადგენელი - ლი-----------ე

 

მოპასუხეები - არ---–-----------–-–---–ი, ზუ--------------–-–---–ი, ნი------------–-–---–ი, სუ-–--------------–-–---–ი

 

წარმომადგენელი - რო-----------ე

 

დავის საგანი - საზიარო საგნის რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს ,,კრ----------ის'', არ---–-----------–-–---–ის, ზუ--------------–-–---–ის, ნი------------–-–---–ისა და სუ-–--------------–-–---–ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მდებარე - ქ. თბ--–------------–----------ი (ს/კ 0--------------0) საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით და ამონაგები თანხის განაწილება თანაბარწილად.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2015 წლის 16 სექტემბერს სა---------–-----------–----------------------------–---------------–-----------------–----------------–-------------ს მიერ გამართულ იძულებით აუქციონზე სს ,,მი----------------------------–---------ომ” (ყოფილი შპს ,,მი----------------------------–---------ო'') შეიძინა სარეალიზაციოდ გატანილი უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბ--–------------–----------ი; საკადასტრო კოდი: 0--------------0) 1/5 წილი (1173.00 კვ.მ. სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ კარკასულ მდგომარეობაში მყოფი ერთსართულიანი ნაგებობებისა და სათბურის 1/5 წილი). ქონების შეძენის შესახებ განკარგულება თბ--–----------------–-------------ს მიერ გაიცა 2015 წლის 18 სექტემბერს, რომელიც შემძენის მიერ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შესაბამისად, 2015 წლის 24 სექტემბერს სს ”მი----------------------------–---------ო” საჯარო რეესტრის ამონაწერში დარეგისტრირდა აუქციონზე შეძენილი ზემოაღნიშნული ქონების თანამესაკუთრედ.

 

მოსარჩელემ თავისი 1/5 წილის გამოყოფის შესაძლებლობის დასადგენად მიმართა შპს ,,სა–---------–-----------ა A--”-ს და სთხოვა უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 0--------------0) მესაკუთრეებს შორის გაყოფისა და გამიჯვნის შესახებ დასკვნის მომზადება იმგვარად, რომ არ დაზარალებულიყო არცერთი მესაკუთრე. დასკვნის მომზადების ღირებულებამ შეადგინა 500 ლარი, რაც მოსარჩელეს მიერ გადახდილ იქნა დასკვნის მიღებისთანავე. ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნაში განხილულია გამიჯვნის სხვადასხვა ვერსია, თუმცა არცერთი მათგანი არ გულისხმობს ქონების იმგვარ გამიჯვნას, რომ არ დაზარალდეს არცერთი თანამესაკუთრე. კერძოდ, მთლიან ქონებას მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრება საავტომობილო გზა, ყველა სხვა დანარჩენ მხარეს მოსაზღვრე ნაკვეთები წარმოადგენს კერძო საკუთრებას. შესაბამისად, ქონების იმგვარად გაყოფა, რომ ხუთივე ნაწილს ჰქონდეს მისასვლელი გზა შეუძლებელია, რადგან სწორედ საავტომობილო გზის მხრიდან არის აშენებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები. რაც შეეხება მეორე ვერსიას - იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეები არ მოითხოვენ საავტომობილო გზის არსებობას მათ წილ ქონებაზე და მიწის ნაკვეთი გაიყოფა 5 ტოლ ნაწილად, 1 მიწის ნაკვეთზე მთლიანად მოექცევა საცხოვრებელი სახლი, შესაბამისად ის მიწის ნაკვეთი (1/5 ნაწილი), სადაც დარჩება საცხოვრებელი სახლი ბევრად უფრო მაღალი ღირებულების იქნება, ვიდრე დანარჩენი მესაკუთრეების წილი ქონებები. ამიტომ, არც ასეთი გამიჯვნა იქნება სამართლიანი. უძრავი ქონების თანამესაკუთრეთა იდეალური წილის შესაბამისი რეალური წილის გამოყოფა წილის ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. არ---–---------------ა და სუ-–--------------–-–---–ებმა სარჩელი არ ცნეს, იმაზე მითითებით, რომ საზიარო უფლების გაუქმება შესაძლებელია ქონების ნატურით გაყოფის გზით.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბ--–------------–----------ი (ს/კ 0--------------0) აღრიცხულია სს ,,მი----------------------------–-----------ს’’, არ---–-----------–-–---–ის, ზუ--------------–-–---–ის, ნი------------–-–---–ის და სუ-–--------------–-–---–ის სახელზე.

 

3.1.2. სს ,,მი----------------------------–-----------მ’’ შეიცვალა სახელწოდება და რეგისტრირებულია, როგორც სს ,,კრ----------ი''.

 

3.1.3. მხარეები შეთანხმებული არ არიან იმაზე, რომ მათ შორის საზიარო უფლება არ გაუქმდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. უძრავი ნივთის (ს/კ 0--------------0), ნატურით გაყოფა შეუძლებელია. ანუ, საზიარო უფლების სადავო საგანი ნატურით გაყოფადი არ არის.

 

[ამგვარი დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს, როგორც მოსარჩელის ახსნა-განმარტება, ასევე საქმეში წარმოდგენილი 06.09.2016წ. შპს ,,სა–---------–-----------ა A--’’-ის მიერ შედგენილი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, უძრავი ნივთის (1173 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობა) გამიჯვნა იმგვარად, რომ გამიჯვნის შედეგად არ დაზარალდეს არცერთი მესაკუთრე (ანუ ღირებულებით ერთგვარი იყოს ხუთივე გამიჯნული ნაწილი) შეუძლებელია. სასამართლომ დასკვნის შინაარსობრივად კვლევისას გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებითაც რეგლამენტირებულია უძრავი ნივთებთან და საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული დასკვნა წარმოადგენს სადავო გარემოების ცალსახად ამსახველი და კვალიფიციური წყაროდან გამომდინარე დასაბუთებული ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

 

საექსპერტო კვლევა და მასში მოყვანილი დასკვნები არ წარმოშობს ეჭვს და იგი დამაჯერებელია, რაზე დაყრდნობითაც სასამართლო განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმებით საზიარო ნივთის გაყოფა იმას ნიშნავს, რომ დაყოფის შედეგად, თანამესაკუთრეებისთვის მიკუთვნებულმა ნივთის ნაწილებმა უნდა შეინარჩუნონ თავისი დანიშნულება, იყვნენ მათთვის აუცილებელი ერთგვაროვანი სამეურნეო დანიშნულების მატარებელნი. ამასთან, საზიარო საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ნივთის ცალკეული ნაწილების დანიშნულება და მნიშვნელობა საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, მხარეთა ინტერესები მისი თითოეული ნაწილის მიმართ, მისი მდებარეობა, განლაგება და ა.შ. რაც შეეხება ნივთის ღირებულებას, აქ იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება (ნივთი უნდა იყოფოდეს ისე, რომ გაყოფის შედეგად წარმოქმნილმა ნივთებმა საყოფაცხოვრებო დანიშნულება არ დაკარგონ). ერთგვაროვნებასთან ერთად გაყოფამ საზიარო საგანს არ უნდა დაუკარგოს ის ღირებულება, იგულისხმება სამომხმარებლო ღირებულება, რაც მას გაყოფამდე გააჩნდა. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას და ყურადღებას ამახვილებს ექსპერტის მიერ განხილულ ვერსიებზე, რამაც გამორიცხა ნატურით გაყოფის შესაძლებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,სა–---------–-----------ა A--’’-ის დასკვნა;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სადავო საზიარო საგანზე, საზიარო უფლების ნატურით გაყოფით გაუქმება გამორიცხულია, რის გამოც საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს საზიარო საგნის გაყიდვით, ხოლო ამონაგები უნდა განაწილდეს მხარეთა შორის მათი წილების შესაბამისად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს კონსტიტუცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სსკ-ის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. 954-ე მუხლით, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. ამდენად, საზიარო უფლება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. საზიარო უფლება არსებობს მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის სამართლის ერთი ობიექტი.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში უძრავი ნივთი ერთობლივად ეკუთვნით მოდავე მხარეებს (ნივთი წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს) და მხარეები ერთმანეთთან იმყოფებიან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში.

 

6.3. სსკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. აღნიშნული დებულება ნიშნავს იმას, რომ საზიარო უფლების გაუქმებისათვის საკმარისია ერთ-ერთი მოწილის მოთხოვნაც. ამასთან, მხარეები შეთანხმებული არ არიან იმაზე, რომ მათ შორის საზიარო უფლება არ გაუქმდეს (სსკ-ის 961.2 მუხლი). იმავე კოდექსის 963-ე მუხლით, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ დაყოფის შედეგად, თანამესაკუთრეებისთვის მიკუთვნებულმა ნივთის ნაწილებმა უნდა შეინარჩუნონ თავისი დანიშნულება, იყვნენ მათთვის აუცილებელი ერთგვაროვანი სამეურნეო დანიშნულების მატარებელნი. (ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა - იხ. სუსგ №ას-67-65-2014, 31 ივლისი, 2014; სუსგ №ას-1653-1550-2012, 15 აპრილი, 2013; სუსგ №ას-1089-1020-2012, 8 ოქტომბერი, 2012; სუსგ №ას-932-875-2012, 17 სექტემბერი, 2012 წელი; სუსგ №ას-1665-1562-2012, 4 თებერვალი, 2013, სუსგ 19.0-.2015წ. №ას-1148-1094-2014).

 

6.4. სსკ-ის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. დასახელებული ნორმების შესაბამისად, საზიარო უფლებიდან გამომდინარე მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამ უფლების მფლობელ პირთა მდგომარეობასა და ინტერესებზე. საზიარო უფლების გაუქმება ნიშნავს საზიარო უფლების ყოველი მფლობელისათვის წილის გამოყოფას. ამდენად, საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა ხორციელდება საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის განსაზღვრის საფუძველზე. იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა გზით არის შესაძლებელი საზიარო უფლების გაუქმება, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს მის მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობა.

 

6.5. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბ--–------------–----------ი, აღრიცხულია სს ,,მი----------------------------–-----------ს’’, არ---–-----------–-–---–ის, ზუ--------------–-–---–ის, ნი------------–-–---–ის და სუ-–--------------–-–---–ის სახელზე მათი წილობრივი მონაწილეობის მითითების გარეშე, შესაბამისად, მათ შორის აღნიშნულ უძრავ ქონებაზე წილობრივი მონაწილება განსაზღვრულია თითოეულზე 1/5-ით.

 

6.6. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საზიარო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელია, ვინაიდან, როგორც ზემოთ ითქვა, საზიარო უფლების სადავო საგანი ნატურით გაყოფადი არ არის. ამიტომ, მასზე საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს მისი გაყიდვით.

 

6.7. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტრესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

 

6.8. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილი. აღნიშნული დებულების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამასთან, საკუთრება წარმოადგენს პირთა აბსოლუტურ უფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქონების ამა თუ იმ პირზე კუთვნილებას უნდა აცნობიერებდეს არა მარტო ამ ნივთის მფლობელი, არამედ ყველა დანარჩენი მესამე პირი. ეს წინაპირობები აუცილებელია იმისათვის, რათა მესაკუთრემ შეძლოს ქონებასთან თავისუფალი ურთიერთობების განხორციელება.

 

6.9. სასამართლო განმარტავს, რომ ნივთზე საერთო საკუთრების არსებობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების შეზღუდვას და დაკნინებას. თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა - სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით. საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. თუმცა, ნატურით გაყოფასთან მიმართებაში, როგორც უკვე აღინიშნა, ერთი შეზღუდვა მაინც მოქმედებს - საზიარო საგნის დაყოფა შესაძლებელი უნდა იყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. საქმეში არსებული მასალებით დადგინდა, რომ საზიარო საგანი ნატურით გაყოფადი არ არის, რის გამოც უნდა გაუქმდეს სსს ,,მი----------------------------–-----------ს’’, არ---–-----------–-–---–ის, ზუ--------------–-–---–ის, ნი------------–-–---–ის და სუ-–--------------–-–---–ის საზიარო უფლება უძრავ ნივთზე - საზიარო საგნის გაყიდვით და ამონაგები თანხა უნდა განაწილდეს თანაბარწილად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა.

 

7.2. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

7.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ნივთზე უფლებრივი მდგომარეობა გარკვეულია, ამ ნივთის მესაკუთრე ცნობილია და მას მხოლოდ ხელი ეშლება თავისი საკუთრებით სარგებლობასა და განკარგვაში, ასევე მესაკუთრე მოითხოვს თავისი საკუთრების თანამესაკუთრისაგან გამოყოფას, დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ’’ ქვეპუნქტით ანუ 4000 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ არასწორად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 38 221 ლარს, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დავის საგნის ღირებულებას განსაზღვრავს კანონი, რის გამოც გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს - 120 ლარით. ამიტომ, მოსარჩელის მიერ 1147 ლარიდან ზედმეტად არის გადახდილი 1027 ლარი, რაც დაბრუნებას ექვემდებარება, ხოლო 120 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ მოპასუხეებს.

 

7.4. სსსკ-ის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად საჯარო რეესტრიდან ამონაწერის განახლებისთვის გაწეული ხარჯის 11 ლარის და ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ანაზღაურებას და მის მიერ წარმოდგენილია აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები (13.09.2016 წლის №1----- საგადახდო დავალება და ვებ.გვერდიდან ამონაწერი), რის გამოც მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს გადასახდელად უნდა დაეკისროთ მხოლოდ 500 ლარი, რაც წარმოადგენს დასკვნის მომზადების საფასურს. რაც შეეხება 11 ლარს ეს ხარჯი, მოსარჩელეს ისედაც უნდა გაეწია იმ მტკიცებულების მომზადებისათვის, რაც მისი, როგორც თანამესაკუთრის უფლებას დაადასტურებდა. ამიტომ, მოპასუხეეთათვის მისი დაკისრების წინაპირობა სახეზე არ გვაქვს.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „კრ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს (სს „მი-----------------------------–-----------ს“, არ---–---------------ა და სუ-–--------------–-–---–ების სახელზე რეგისტრირებული) საზიარო უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბ--–------------–----------ი (ს/კ 0--------------0) საზიარო საგნის გაყიდვით და ამონაგები თანხა მხარეებს შორის განაწილდეს წილების შესაბამისად.

 

3. არ---–----------–-–---–ს, ზუ--------------–-–---–ს, ნი------------–-–---–ს და სუ-–--------------–-–---–ს სს „კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადახდეთ 120 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. სს „კრ----------ს“ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 26.10.2016წ. №9-- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1 027 ლარი (გადახდილია 1 147 ლარი) (გადამხდელი - სს „მი----------------------------–---------ო“, გადამხდელის ბანკი - სს „სა---------–--------ი“; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).

 

5. არ---–----------–-–---–ს, ზუ--------------–-–---–ს, ნი------------–-–---–ს და სუ-–--------------–-–---–ს სს „კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადახდეთ 500 ლარი დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე