გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2019
საქმის ნომერი
330210018002569301
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22995-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

05 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - შპს ,,ჯ------–--------’’

წარმომადგენელი - ა------------–---–ი, დ--------------–--ე

მოპასუხე - სს ,,ს--------------------------–----ი’’

წარმომადგენელი - გ-----------------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1 635 ლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-15):

1.1.1. მხარეთა შორის 2014 წლის 31 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ;

1.1.2. ხელშეკრულების საფუძველზე მან სრულად გადაიხადა ერთი წლის სადაზღვევო პრემია 3 986.57 ლარის ოდენობით;

1.1.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოპასუხის მომსახურეობა გულისხმობდა მის კანონიერ სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების - მარკა/მოდელი -,,T------------------------’’, სახელმწიფო ნომერი - A-------- დაზღვევას;

1.1.4. 2015 წლის 22 აპრილს ავტოსატრანსპორტო საშუალებას - მარკა/მოდელი - T------------------------, სახელმწიფო ნომერი - A--------, დაუზიანდა საქარე მინა;

1.1.5. 2015 წლის 31 მაისს მხარეთა შორის შედგა სადაზღვევო შემთხვევის აქტი №0--------, რომლის მიხედვითაც ზარალის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 1 635 ლარი;

1.1.6. ხელშეკრულების 4.1.5 პუნქტის თანახმად, ანაზღაურების თანხა წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში გადაირიცხება დამზღვევის (მოსარგებლის) მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;

1.1.7. მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული დათქმისა, ასევე წერილობითი მიმართვისა და მოლაპარაკებებისა, მოპასუხის მიერ არ მომხდარა მის კუთვნილ ანგარიშზე სადაზღვევო შემთხვევით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი თანხის - 1 635 ლარის ჩარიცხვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 45-55)

2.1.1. 2014 წლის დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა ავტოსატრანსპორტო და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის M------------- პოლისი შემდეგი პირობებით: დამზღვევი - შპს ,,ჯ------–--------’’; დამზღვევი - სს ,,ვ-----------------------’’; მოსარგებლე - სს ,,ვ----------------------- (მსესხებლის საკრედიტო ვალდებულების ფარგლებში), შპს ,,ჯ------–--------’’; ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე - შპს ,,ჯ------–--------’’; ფრანშიზა - ზარალის 15%, მინიმუმ 100 აშშ დოლარი;

2.1.2. 2015 წლის 23 აპრილს მას განცხადებით მიმართა დ--------------–--ემ, რომელმაც დააფიქსირა 2015 წლის 22 აპრილს მომხდარი შემთხვევა, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებას - მარკა/მოდელი -T------------------------, სახელმწიფო ნომერი - A--------, დაუზიანდა საქარე მინა კენჭის ზემოქმედების შედეგად;

2.1.3. 2015 წლის 22 აპრილს მომხდარი შემთხვევის საფუძველზე მან მიმართა შპს ,,ტ---------–-------------–--ს’’, რომლის 2015 წლის 24 აპრილის №1---- ინვოისის თანახმად, დაზიანებული საქარე მინის შეცვლის სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 1 635 ლარი;

2.1.4. 2015 წლის 21 მაისს მხარეთა შორის ხელი მოეწერა C------------- სადაზღვევო შემთხვევის აქტს, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო ანაზღაურების მიმღებ პირად განისაზღვრა - ,,ტ---------–-------------–--ი’’; სადაზღვევო შემთხვევის თარიღი - 22.04.2015; ზარალის ჯამური ოდენობა - 1 635 ლარი; ფრანშიზა (არაანაზღაურებადი მინიმუმი): 245.25 ლარი; გადასახდელი (ანაზღაურებას დაქვემდებარებული) თანხა: 1 389.75 ლარი;

2.1.5. სადაზღვევო შემთხვევის აქტზე მოსარჩელემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნული ანაზღაურების გაცემით სს ,,ს--------------------------–----ი’’ სრულად და ჯეროვნად შეასრულებდა ზემოაღნიშნული პოლისით ნაკისრ ვალდებულებებს და ანაზღაურების გაცემის შემდეგ დამზღვევს/მოსარგებლეს ზემოაღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მის მიმართ აღარ ექნებოდა არავითარი პრეტენზია;

2.1.6. სადაზღვევო შემთხვევის აქტის საფუძველზე მან 2015 წლის 03 ივნისს შპს ,,ტ---------–-------------–--ს’’ გადაურიცხა სადაზღვევო ანაზღაურება - 1 389.75 ლარი, რითაც სრულად და ჯეროვნად შეასრულა 2015 წლის 22 აპრილს მომხდარი შემთხვევის გამო ხელშეკრულებით ნაკისრი მზღვეველის ვალდებულებები;

2.1.7. მის მიერ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება განხორციელდა ხელშეკრულებით დადგენილი ნორმების თანახმად, რის გამოც არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი;

2.1.8. C------------- სადაზღვევო შემთხვევის აქტზე მხარეთა მიერ ხელმოწერა განხორციელდა 2015 წლის 21 მაისს, ხოლო სადაზღვევო ანაზღაურება გაიცა 2015 წლის 03 ივნისს. სარჩელი წარმოდგენილი 2018 წლის 31 ივლისს. შესაბამისად, გასულია მოთხოვნის წარდგენისთვის განსაზღვრული ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 31 დეკემბერს სს ,,ს--------------------------–----ს’’, როგორც დამზღვევს, და შპს ,,ჯ------–--------ს’’, როგორც დაზღვეულს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ.

ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების საგანია დამზღვევის კანონიერ სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა მზღვეველის მიერ შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდის საფუძველზე, შემდეგი სადაზღვევო რისკებისაგან: ავტოტრანსპორტისათვის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება; ხანძარი, აფეთქება, დაზღვევის საგნის გატაცება, გატაცების მცდელობა (კერძოდ: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა), გარდა წინამდებარე ხელშეკრულებაში გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

ხელშეკრულების 3.1.1-3.1.4 პუნქტების თანახმად, მზღვეველი ვალდებულია: განხორციელებული დაზღვევის დასადასტურებლად გადასცეს დამზღვევს შესაბამისი დაზღვევის პოლისი, ამასთან, დაზღვევის განსახორციელებლად უზრუნველყოს დამზღვევი შესაბამისი განაცხადის ფორმით; მიიღოს დამზღვევის განცხადება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ განხილვისთვის; შეადგინოს სადაზღვევო აქტი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ და განსაზღვროს სადაზღვევო ანაზღაურების თანხა; მოახდინოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და წესით ანაზღაურებისათვის აუცილებელი ყველა საჭირო დოკუმენტის მიღების საფუძველზე შედგენილი სადაზღვევო შემთხვევის აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შესაბამისი ვადა კონკრეტული შემთხვევისათვის.

ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემით მზღვეველი თავისუფლდება დამზღვევის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულებისაგან გადახდილი თანხის ფარგლებში.

ამავე ხელშეკრულების 4.1.5 პუნქტის თანახმად, ზარალის შეფასების აქტის (ხარჯთაღრიცხვის) შედგენის შემდეგ დგება სადაზღვევო შემთხვევის აქტი, რომელიც არის მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველი და რომლითაც მხარეები თანხმდებიან სადაზღვევო ანაზღაურების საბოლოო მოცულობაზე, რის შემდეგაც ანაზღაურების თანხა, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში გადაირიცხება დამზღვევის (მოსარგებლის) მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. სადაზღვევო შემთხვევის აქტს ხელს აწერს როგორც მზღვეველი, ისე - დამზღვევი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-26)

 

3.1.2. მხარეთა შორის 2014 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე - მარკა/მოდელი -T------------------------, სახელმწიფო ნომრით - A--------, გაიცა ავტოტრანსპორტისა და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პოლისი №M-------------.

სადაზღვევო პოლისის თანახმად, ფრანშიზა ნაწილობრივი დაზიანებისას განისაზღვრა ზარალის 15%-ით (მინიმუმ 100 აშშ დოლარი).

აღნიშნული სადაზღვევო პოლისის თანახმად, დამზღვევის მიერ გადასახდელმა წლიური პრემიის ღირებულებამ შეადგინა 1 656.45 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 27; 56)

 

3.1.3. 2014 წლის 31 დეკემბერის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაცემული სადაზღვევო პოლისის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ 2015 წლის 30 დეკემბერს გადახდილია წლიური სადაზღვევო პრემია - 3 986.57 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 28)

 

3.1.4. 2015 წლის 22 აპრილს შედგენილი განაცხადის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებას- მარკა/მოდელი -T------------------------, სახელმწიფო ნომრით - A--------, დაუზიანდა საქარე მინა მოძრაობისას მოხვედრილი კენჭის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განაცხადი (ს.ფ. 57)

 

3.1.5. 2015 წლის 21 მაისს, მხარეთა მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემთხვევის აქტის C------------- თანახმად, 2015 წლის 22 აპრილს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევისას საქარე მინის დაზიანების გამო შპს ,,ტ---------–-------------–--ის’’ მიერ გაცემული ინვოისის თანახმად, ზარალის ჯამური ოდენობა (ევაკუაციის ჩათვლით) განისაზღვრა 1 635 ლარით, ხოლო გადასახდელი (ანაზღაურებას დაქვემდებარებული) თანხა განისაზღვრა 1 389.75 ლარით.

აღნიშნული სადაზღვევო შემთხვევის აქტით განისაზღვრა მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხა - 1 389.75 ლარი და მიმღები პირის შემდეგი საბანკო რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ს----------–--------ი; ბანკის კოდი - BAGAGE22; ანგარიშსწორების ანგარიში - G---------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სადაზღვევო შემთხვევის აქტი, ინვოისი (ს.ფ. 59; 30)

 

3.1.6. 2015 წლის 03 ივნისს მოპასუხის მიერ შპს ,,ტ---------–-------------–--ის’’ ანგარიშზე G--------------------- ჩარიცხულია 1 389.75 ლარი.

საგადახდო დავალების თანახმად, გადახდის დანიშნულებად მითითებულია შემდეგი : ,,ავტოზარალის გადარიცხვა Casco, აქტის ნომერი Casco - 0--------, პოლისი M---------------, მანქანის ნომერი - A--------, დამზღვევი: ,,ვ-----------------------’’, 1 389.75 GEL’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 60).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 1 635 ლარის გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი.

უდავოა, რომ 2014 წლის 31 დეკემბერს სს ,,ს--------------------------–----ს’’, როგორც დამზღვევს და შპს ,,ჯ------–--------ს’’, როგორც დაზღვეულს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე - მარკა/მოდელი - T------------------------, სახელმწიფო ნომრით - A--------, გაიცა ავტოტრანსპორტისა და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პოლისი №M-------------. სადაზღვევო პოლისის თანახმად, ფრანშიზა ნაწილობრივი დაზიანებისას განისაზღვრა ზარალის 15%-ით (მინიმუმ 100 აშშ დოლარი).

სადავოს არ წარმოადგენს როგორც ის გარემოება, რომ 2015 წლის 22 აპრილს შედგენილი განაცხადის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებას - მარკა/მოდელი - T------------------------, სახელმწიფო ნომრით - A--------, დაუზიანდა საქარე მინა მოძრაობისას მოხვედრილი კენჭის გამო, ასევე ის გარემოება, რომ აღნიშნული შემთხვევის გამო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ მის ანაზღაურებას მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

წარმოდგენილია 2015 წლის 21 მაისის მხარეთა მიერ ხელმოწერილი სადაზღვევო შემთხვევის აქტი C-------------, რომლის თანახმადაც შპს ,,ტ---------–-------------–--ის’’ მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე 2015 წლის 22 აპრილს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევისას მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის საქარე მინის დაზიანების გამო მიყენებული ზარალის ჯამური ოდენობა (ევაკუაციის ჩათვლით) განისაზღვრა 1 635 ლარით, ხოლო მოპასუხის მიერ გადასახდელი (ანაზღაურებას დაქვემდებარებული) თანხა განისაზღვრა 1 389.75 ლარით. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია შპს ,,ტ---------–-------------–--ის’’ მიერ 2015 წლის 08 იანვარს გაცემული ინვოისი (ს.ფ. 30).

პირველ რიგში, სასამართლო ზემოაღნიშნული შეჯიბრებითობის პრინციპისა და მოსარჩელეზე არსებული მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით ყურადღებას ამახვილებს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობაზე. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის 1 635 ლარის დაკისრებას, თუმცა ხელშეკრულებით დადგენილი ფრანშიზის - 15%-ის გათვალისწინებით, მოსარჩელეს არ განუხორციელებია მტკიცება იმის თაობაზე, თუ რის საფუძველზეა მოპასუხე ვალდებული აანაზღაუროს არა სადაზღვევო შემთხვევის აქტით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი თანხა - 1 389.75 ლარი, არამედ მის მიერ მოთხოვნილი თანხა - 1 635 ლარის ოდენობით.

უშუალოდ თანხის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებასთან მიმართებით კი სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიუთითებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.1.3 და 4.1.5 პუნქტებზე, რომელთა თანახმადაც, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემით მზღვეველი თავისუფლდება დამზღვევის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულებისაგან გადახდილი თანხის ფარგლებში. ზარალის შეფასების აქტის (ხარჯთაღრიცხვის) შედგენის შემდეგ დგება სადაზღვევო შემთხვევის აქტი, რომელიც არის მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველი და რომლითაც მხარეები თანხმდებიან სადაზღვევო ანაზღაურების საბოლოო მოცულობაზე, რის შემდეგაც ანაზღაურების თანხა, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში, გადაირიცხება დამზღვევის (მოსარგებლის) მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. სადაზღვევო შემთხვევის აქტს ხელს აწერს, როგორც მზღვეველი, ისე - დამზღვევი.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის აქტით (ს.ფ. 59) და საგადახდო დავალებით (ს.ფ. 60) დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს განხორციელებული აქვს თანხის ჩარიცხვა მოსარჩელის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რომელიც ეკუთვნის შპს ,,ტ---------–-------------–--ს’’. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვალდებულება შესრულებულია ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, რაც გამორიცხავს მისთვის მოთხოვნილი ოდენობით თანხის დაკისრებას.

ამასთან, ფაქტის დადგენის მიზნით სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომლის თანახმადაც საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით და მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საპირწონედ სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მხოლოდ ზეპირ მითითებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ მოთხოვნილ იქნა თანხის უშუალოდ მის პირად ანგარიშზე ჩარიცხვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 1 635 ლარის გადახდა.

 

3.2.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი მოთხოვნის ხანდაზმულობა. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილ შესაგებელშიც და სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციაშიც მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ადენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება კი დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევა მოხდა 2015 წლის 22 აპრილს, სადაზღვევო შემთხვევის აქტი კი მხარეთა მიერ შედგენილია 2015 წლის 21 მაისს, მოპასუხის მიერ თანხის გადარიცხვა კი განხორციელებულია 2015 წლის 03 ივნისს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს სწორედ სადაზღვევო აქტის შედგენის მომენტიდან დადგომიდან წარმოეშვა მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. აღნიშნული კი გულისხმობს იმ გარემოებას, რომ სარჩელი მოპასუხე სს ,,ს--------------------------–----ის’’ მიმართ წარმოდგენილია 2018 წლის 31 ივლისს - ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ.

სასარჩელო ხანდაზმულობაზე მსჯელობისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მოსარჩელის პოზიციაზე აღნიშნულთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო ხელშეკრულების ვადის მოქმედების ვადის დასრულებიდან - 2016 წლის 31 დეკემბრიდან. სასამართლო აღნიშნულთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. შესაბამისად, უსაფუძვლოა ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით მოსარჩელის პოზიცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან თანახმად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე, 361-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 144-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი.

დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში. რაც შეეხება, სადაზღვევო შემთხვევას იგი წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს - იგი უკვე დამდგარი ვითარებაა, რომლის დადგომის ალბათობაც გათვალისწინებულია კონკრეტული დაზღვევის ხელშეკრულებით.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2014 წლის 31 დეკემბრის გენერალური ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 1 635 ლარის გადახდა. შესაბამისად, უსაფუძვლოა წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაშიც კი, ვინაიდან მოპასუხემ სადავოდ გახადა ხანდაზმულობის საკითხი, არ იარსებებდა თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამოც.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ს.ფ. 38-39). სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სსსკ 53-ე მუხლის თანახმად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ჯ------–--------ის’’ სარჩელი სს ,,ს--------------------------–----ის’’ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი