გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2908-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი - ბორენა იობიძე
მოსარჩელე - ს------ გ-----–---
წარმომადგენელი - მ------ ი-----–----
მოპასუხეები - 1. თ------ დ-----–---–-
2. ბ----- მ-–---–----
დავის საგანი - ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დადგენილი იქნას ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის ფაქტი, კერძოდ, ის რომ გ------- დ-----–---–- - დაბადებული 2----–-–-----------, პ/ნ 6----------, არის თ------ დ-----–---–-ს და ს------ გ-----–---- ბიოლოგიური შვილი.
1.2. შეტანილ იქნეს შესწორება გ------- დ-----–---–-ს დაბადების მოწმობაში, კერძოდ, გ-------ს გვარი დ-----–---–- შესწორდეს გ-----–---თ და მამის გრაფაში ჩაიწეროს მამა - ს------ გ-----–---, პირადი ნომერი 0----------, მოქალაქეობა/საქართველო. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის ზაფხულში მოსარჩელე მუშაობდა ქ. თბილისში ლამინატის საამქროში, სადაც ყოველდღიურად შედიოდა თ------ დ-----–---–- და გასაყიდად შეჰქონდა ხაჭაპური და ლობიანი. მოხდა მათი გაცნობა და დაახლოება. 2017 წლის აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბრის თვეში ჰქონდათ ცოლ-ქმრული ურთიერთობა. დაახლოებით ოქტომბრის თვის ბოლოს თ------- მოსარჩელეს უთხრა, რომ მიდიოდა თურქეთის რესპუბლიკაში. ამის შემდეგ ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ სოციალური ქსელის - მესენჯერის საშუალებით. სწორედ მაშინ აცნობა თ------ დ-----–---–-- მოსარჩელეს, რომ მისგან იყო ფეხმძიმედ. ვინაიდან თავის დროზე ვერ გაიგო ფეხმძიმობის შესახებ, ექიმებმა აბორტის გაკეთებაზე უთხრეს უარი. იყო ანერვიულებული, ვინაიდან თ----- დ-----–---–- იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავს ორი შვილი. პრობლემები შეექმნებოდა ოჯახში თუ გაიგებდნენ რომ ბავშვი გააჩინა ქმრისგან ფარულად, ვინაიდან მისი მეუღლე ბ----- მ-–---–---- არის ძებნილი და არ იმყოფება საქართველოში. მოსარჩელეც არის რეგისტრირებულ ქორწინებაში ლ--–- ს--------–----თან, არ ჰყავთ შვილი. რა თქმა უნდა შვილის არსებობამ ძალიან გაახარა მოსარჩელე და გადაწყვიტა მეუღლისთვის ეთქვა სიმართლე. ამასთან მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ შვილის აყვანა და რეგისტრირებული იყვნენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. საბოლოოდ ლ--–- ს--------–--- დათანხმდა, რომ მიიღებდა მის შვილს და შემდგომში იშვილებდნენ კანონის დაცვით.
2----–-–----------- დაიბადა გ------- დ-----–---–- ქუთაისის N2 სამშობიარო სახლში. მოსარჩელემ იქვე განაცხადა, რომ იყო ბავშვის მამა და ვინაიდან თ------ დ-----–---–- თანახმა იყო, რომ ბავშვი გ------- დ-----–---–- გაეზარდა მოსარჩელესა და მის მეუღლეს, ბავშვი დროებით წაიყვანეს ჩოხატაურის რაიონის სოფ. გ------–-- უ---ში, ლ--–- ს--------–---- მშობლების სახლში. ვინაიდან თ------ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ვერ მოხერხდა ბავშვის მოსარჩელის გვარზე გადმოყვანა. ამიტომ დაბადების მოწმობაში ჩაიწერა დედის გვარი, ხოლო მამის გრაფაში თ------ს მეუღლე ბ----- მ-–---–----, რაც მოსარჩელის განმარტებით არასწორია, ვინაიდან ბ----- მ-–---–---- არ არის ბავშვის ბიოლოგიური მამა.
ქუთაისის და ჩოხატაურის რაიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობეს აღნიშნულის შესახებ. სოციალური მუშაკის თანდასწრებით თ------ დ-----–---–-- ორჯერ ინახულა ბავშვი და დარწმუნდა, რომ ბავშვი იზრდება კარგ და მოსიყვარულე გარემოში და წერილობით დააფიქსირა თანხმობა, რომ ნამდვილად მოსარჩელეა გ------- დ-----–---–-ს ბიოლოგიური მამა და სურს სასამართლოს გზით დადგინდეს მამობა. თ------ დ-----–---–- ასევე გამოკითხული იქნა ჩოხატაურის რაიონის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ, სადაც ასევე დაადასტურა რომ ბავშვის ბიოლოგიური მამა არის ს------ გ-----–---.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თ------ დ-----–---–-- სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სრულად ცნო სარჩელი და დაეთანხმა ყველა ფაქტობრივ გარემოებას.
მოპასუხე ბ----- მ-–---–---- შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა, შესაბამისად მისი პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის ზაფხულში მოსარჩელე მუშაობდა ქ. თბილისში ლამინატის საამქროში, რა დროსაც გაიცნო და დაუახლოვდა თ------ დ-----–---–ს, რომელსაც გასაყიდად შემოჰქონდა ხაჭაპური და ლობიანი. 2017 წლის აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბრის თვეში ჰქონდათ ცოლ-ქმრული ურთიერთობა. დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს თ------ გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ სოციალური ქსელის საშუალებით, რა დროსაც თ------ დ-----–---–-- მოსარჩელეს აცნობა, რომ მისგან იყო ფეხმძიმედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. 2----–-–------------ დაიბადა გ------- დ-----–---–-. დაბადების მოწმობაში მითითებულია მშობლების მონაცემები, კერძოდ: მამა - ბ----- მ-–---–----, დედა თ------ დ-----–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. 2015 წლის 3 დეკემბრიდან თ------ დ-----–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბ----- მ-–---–---თან, რომელთანაც განქორწინდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2018 წლის 05 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობის ასლი ( იხ. ს.ფ. 17);
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2018 წლის 05 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 82-84);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ბ----- მ-–---–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით. განაჩენში ასევე მითითებულია, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენი (იხ. ს.ფ. 20-23);
3.1.5. ბ----- მ-–---–---მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა ქ. თბილისის აეროპორტის გავლით 2016 წლის 23 დეკემბერს და საქართველოში შემოსვლა არ დაფიქსირებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი გამომძიებლის წერილი (იხ. ს.ფ. 53);
- შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილების უფროსის წერილი დანართით (იხ. ს.ფ. 54);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.6. შსს ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში მიმდინარეობდა მოკვლევა თ----- დ-----–---–-ს შვილის გ------- დ-----–---–-ს წარმოშობის დადგენასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული საქმის მოკვლევის დაწყების მიზეზი გახდა 2018 წლის 09 ივლისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში გაგზავნილი წერილი N04-06/7627, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების მიერ გაგზავნილი წერილი N04-08-03/833, მიმართვების წერილებში მითითებულია, რომ სააგენტოები თხოვნით მიმართავენ პოლიციის შესაბამის ორგანოს, რათა დადგინდეს თ----- დ-----–---–სა და ს------ გ-----–---ს შორის ურთიერთობაში არსებობდა თუ არა უკანონო გარიგების ნიშნები. საქმის ირგვლივ ჩოხატაურის რაიონის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ, გამოკითხული იქნა თავად თ----- დ-----–---–-, სადაც მან ასევე დაადასტურა რომ ბავშვის ბიოლოგიური მამა არის ს------ გ-----–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წერილი N04-06/7627 (იხ. ს.ფ. 102);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების წერილი N04-08-03/833 (იხ. ს.ფ. 103);
- ოქმები გასაუბრების შესახებ (იხ. ს.ფ. 105-114);
3.1.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა რ--------- გ----------, რომელმაც დაადასტურა, რომ თ----- დ-----–---–-- მას გაუმხილა, რომ ფეხმძიმედ იყო ს------ გ-----–----აგან და აღნიშნულს ვერსად ამხელდა, ვინაიდან ჰყავდა ქმარი. მოწმის განმარტებით, ბავშვის დაბადების მომენტში იმყოფებოდა სამშობიარო სახლში. ბავშვი დედის გვარზე გავიდა სამშობიაროდან. მართალია, ს------ გ-----–---ს ბავშვის დაბადების მომენტიდანვე სურვილი ჰქონდა ბავშვს მისი გვარი ჰქონოდა, მაგრამ ვინაიდან თ------ დ-----–---–- იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, აღნიშნული ვერ მოახერხეს. თ-----ს შიში ჰქონდა იმისი, რომ ბ---- მ-–---–---- არ გაეგო მისი მდგომარეობის შესახებ. მოწმის განმარტებით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, სადავო პერიოდში თ-----ს ურთიერთობა არ ჰქონია ბ---- მ-–---–---თან.
3.1.8. მოწმე ლ--–- ს--------–---მ განმარტა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ს------ გ-----–---სთან. წლების განმავლობაში მათ არ ჰყოლიათ შვილი. როდესაც მეუღლისაგან შეიტყო ბავშვის შესახებ თავიდან წინააღმდეგი წავიდა, მაგრამ შემდეგ დათანხმდა, რომ მათ გაეზარდათ ბავშვი. დაბადების მომენტში სამშობიაროში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ახალშობილი წაიყვანა მისი მშობლების სახლში, სადაც მოინახულა თ-------. ლ--–- ს--------–---- განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ს------ გ-----–---ს ცნობს ბავშვის ბიოლოგიურ მამად, აპირებს ოფიციალურად იშვილოს ბავშვი.
3.1.9. მოწმე ა---------– წ---------- განმარტებით, მას და ს------ გ-----–---ს აქვთ ახლო ურთიერთობა. 2017 წლის ზაფხულში ს------ გ-----–--- მუშაობდა თბილისში ლამინატის საამქროში, როდესაც ს------ს აკითხავდა სამსახურში. იქ ხშირად ნახულობდა თ----- დ-----–---–ს, რომელსაც ს------ გ-----–---სთან ჰქონდა ახლობლური ურთიერთობა. მოწმისათვის მათი ცოლ-ქმრული ურთიერთობის შესახებ ცნობილი გახდა თ----- დ-----–---–-ს ფეხმძიმობის პერიოდში, როდესაც ს------მ უთხრა, რომ თ------ მისგან იყო ფეხმძიმედ. როგორც მეგობარს ისე გაუმხილა მას ს------ გ-----–---მ ეს ყველაფერი და განიცდიდა იმ ფაქტს, თუ მეუღლისთვის როგორ ეთქვა ეს ამბავი.
3.1.10. მოწმე ი----- ჩ-------- განმარტებით, ის და ს------ გ-----–--- მუშაობენ ერთად ქ. თბილისში „ცეხში“. თ----- დ-----–---–- დადიოდა მათთან და ჰყიდდა ხაჭაპურსა და ლობიანს. მოწმის ინფორმაციით, ს------ გ-----–---სა და თ----- დ-----–---–ს ჰქონდათ ურთიერთობა. რამდენჯერმე ს------ს უთქვამს, რომ თ-----თან რჩებოდა. შემდგომ ს------ გ-----–----აგან შეიტყო, რომ ამ ურთიერთობის შემდეგ თ----- დ-----–---–- დარჩა ფეხმძიმედ და როგორ მოვიქცეო, მოწმეს ეკითხებოდა რჩევას. ამჟამად ბავშვი იზრდება ს------ გ-----–---- ოჯახში. ძალიან ჰგავს მამას.
3.1.11. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს------ გ-----–--- და თ----- დ-----–---–- მართალია არ იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაგრამ გარკვეული პერიოდი ისინი ერთად ცხოვრობდნენ და ჰქონდათ ცოლ-ქმრული ურთიერთობა.
3.1.12. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს------ გ-----–--- დაბადების მომენტიდან მზრუნველობას იჩენს გ------- დ-----–---–ზე, რომელიც იზრდება ს------ გ-----–---- ოჯახში, ზრდის და მშობლიურ მზრუნველობას იჩენს მასზე როგორც მოსარჩელე ისე მისი კანონიერი მეუღლე ლ--–- ს--------–---. დ----- დ-----–---–ს იცნობენ როგორც ს------ გ-----–---- ბიოლოგიურ შვილად. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თავად მოპასუხე თ----- დ-----–---–-ც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
- ფოტოსურათები (იხ. 30-32; 89-92).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მოპასუხე თ----- დ-----–---–- ცნობს სარჩელს და ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მოპასუხე ბ---- მ-–---–---- სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა, შესაბამისად მისი პოზიცია აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს------ გ-----–---- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და დადგენილი იქნას ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის ფაქტი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1189-ე, 1190-ე, 1191-ე, მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. ამავე კონცენციის მე-8 მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.
ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ ევროპული კონვენციის თანახმად, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2002 წლის 31 ივლისიდან, ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით. ამავე კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ ”მამობის დადგენასთან დაკავშირებულ მოქმედებაში მეცნიერული მტკიცებულებანი, რომლებსაც ძალუძთ ხელი შეუწყონ მამობის დადგენას ან უარყოფას იქნება დაშვებული”
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 1189-ე მუხლის თანახმად შვილების წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს, ხოლო ამავე მუხლის მეოთხე ნაწილი მიუთითებს, რომ თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილი კი ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც დაქორწინებულ პირთაგან დაბადებულ ბავშვებს.
ამრიგად, მამად ცნობისათვის აუცილებელია დადგინდეს ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ მშობელთა ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოების, ბავშვის ერთად აღზრდის ან რჩენის ფაქტს.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალების, მოწმეთა ჩვენებების და მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე ს------ გ-----–--- და მოპასუხე თ------ დ-----–---–- მართალია არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაგრამ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდათ ცოლ-ქმრული ურთიერთობა, რის შედეგადაც 2----–-–----------- დაიბადა გ------- დ-----–---–-.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- დ-----–---–-ს დაბადებამდე და დაბადების შემდგომაც ს------ გ-----–--- მშობლიურ მზრუნველობას ავლენდა ბავშვის მიმართ, აღიარებდა მას როგორც შვილს და დაბადების შემდგომაც გ------- დ-----–---–- იზრდება ს------ გ-----–---- ოჯახში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი და ისე სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხე თ----- დ-----–---–-- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სრულად. შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364 -ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ს------ გ-----–---- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დადგინდეს ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის ფაქტი, კერძოდ: გ------- დ-----–---–- (დაბადებული 2----–-–-----------, პ/ნ 6----------) არის თ------ დ-----–---–-ს (პ/ნ 5----------) და ს------ გ-----–---- (პ/ნ 0----------) ბიოლოგიური შვილი;
3. ცვლილება შევიდეს გ------- დ-----–---–-ს დაბადების მოწმობაში, კერძოდ: გვარი დ-----–---–- შეიცვალოს გ-----–---თ; მამის გრაფაში შეიცვალოს მონაცემები და ჩაიწეროს მამა - ს------ გ-----–--- (პ/ნ 0----------); მოქალაქეობა - საქართველო.
4. მოსარჩელე ს------ გ-----–---ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღები: ბიუჯეტის შემოსავლების ერთიანი ანგარიში; ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (100.00 ლარი, გადახდის თარიღი: 10/08/2018წ, საგადახდო დავალება №2, (გადამხდელი: მ------ ი-----–---- (პ/ნ 6----------), გადამხდელის ბანკი: სს ,,ს----------–---------“).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე