გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080--0018002396384
#2/1235-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.01.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ჯ---------------ე;
წარმომადგენელი - ნ----------------–ია;
მოპასუხე - ც----------–----ე, თ-------------ე;
ადვოკატი - მ----------------ე;
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ც----------–----ეს და თ-------------ეს აეკრძალოთ ქ. ქუთაისში, გ------–---–------------–---–----------ის გამოყოფილი ნაწილი 60,27 კვმ, შენობა #1-ში საერთო სარგებლობაში არსებული დამხმარე ფართი 11.93 კვმ საერთო სარგებლობაში არსებული დამახმარე ფართი 5,22 კვმ საერთო სარგებლობაში არსებული სანკვანძი 5.91 კვმ-დან 4/2- ნაწილის და საცხოვრებელი სახლის მეორე გამოყოფილი ნაწილი საცხოვრებელი ფართი 20,70 კვმ-დან 1/3 ნაწილის ს/კ 0-.0-.0--.0--. ფლობის ხელშეშლა. მოპასუხეებს დაევალოთ გადასცენ მოსარჩელეს აღნიშნული უძრავი ქონების შესასვლელი კარის გასაღები. (მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა სასამართლო სხდომაზე, იხ.სხდომის ოქმი 29.11.2018წ, ჯ---------------ის განცხადება).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხეები ცხოვრობენ მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ქ.ქუთაისში, გ------–---–---------ში, შენობა #1-ის ერთი გამოყოფილი ნაწილი 60,27 კვ.მ. შენობა # 1-ში საერთო სარგებლობაში არსებული დამხმარე ფართი 11,93 კვ.მ, საერთო სარგებლობაში არსებული დამხმარე ფართი 5,22 კვ.მ, საერთო სარგებლობაში არსებული სანკვანძი 5,91 კვ.მ.-დან 4/2- ნაწილი და საცხოვრებელი სახლის მეორე გამოყოფილი ნაწილი საცხოვრებელი ფართი 20,70 კვ.მ.-დან 1/3 ნაწილი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. მოსარჩელის საკუთრებაშია შენობა # 1-ის მესამე გამოყოფილი ნაწილი 236,27 კვ.მ. -1000/3000 ნაწილი და შენობა # 1-ის მეოთხე გამოყოფილი ნაწილი 76,15 კვ.მ. რომელიც დატვირთული აქვს იპოთეკით სს ვითიბი ბანკში და ყოველთვიურად იხდის სესხის სახით 730 ლარს. მოსარჩელე წარმოადგენს აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს, მაგრამ ვერ სარგებლობს საკუთრებით მოპასუხეთა მიერ ხელშეშლის გამო. (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ც----------–----ემ და თ-------------ემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მართალია ჯ---------------ე არის საჯარო რეესტრის მიხედვით სადავო ქონების 3/7 ნაწილის მესაკუთრე, მაგრამ 4/7 ნაწილის მესაკუთრეა თ---------------–---–ი, სამკვიდრო მოწმობის ჩანაწერიდან დგინდება რომ პირველი გამოყოფილი ნაწილი და მეორე გამოყოფილი ნაწილის 4/7 ნაწილის მესაკუთრე არის თ---------------–---–ი, რომელზედაც მემკვიდრეობა არ გახსნილა იმის გამო, რომ ეს წილი ქონება თ---------------–---–ის მიერ იქნა გასხვისებული 1990 წელს. ამის შემდეგ ამ ქონებას ფლობდნენ და განაგებდნენ გ-------------. თ---------------–---–მა მთელი ქონება გაასხვისა. მოპასუხეები ამ ფართში ვ-----–----------------–--------------მა შეუშვა, როგორც მდგმურები გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ და ფაქტობრივად ამ ბინის მფლობელები არიან ისინი.
მოსარჩელემ არ იცის რომელი გამოყოფილი ნაწილია მისი საკუთრება. ფართი არის საერთო სარგებლობის თ---------------–---–სა და ჯ---------------ეს შორის. როგორ უნდა მოხდეს განსაზღვრა, რომელი წილია მოსარჩელის არ არის დადგენილი. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ვ-----–------------ნისაგან გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ დაიგირავა ბინა. მხარეთა შორის არსებობს ზეპირი გარიგება უკვე 12 წელია. მოპასუხეები ცხოვრობენ სახლის იმ ნაწილში, რომელზედაც პრეტენზია არავის არ გამოუთქვამს. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. ქუთაისში, გ------–---–------------ში (ს/კ 0-.0-.2-.0--) მდებარე, 1). შენობა #1-ის მესამე გამოყოფილი ნაწილი 236,27 კვმ (1000/3000 ნაწილი), 2). შენობა #1-ის მე-4 გამოყოფილი ნაწილი 76,15 კვმ, 3). შენობა #1-ის გამოყოფილი ნაწილი 60,27 კვმ, შენობა #1-ში საერთო სარგებლობაში არსებული დამხმარე ფართი 11.93 კვმ საერთო სარგებლობაში არსებული დამახმარე ფართი 5,22 კვმ, საერთო სარგებლობაში არსებული სანკვანძი 5.91 კვმ-დან 4/2- ნაწილის და 4). საცხოვრებელი სახლის მეორე გამოყოფილი ნაწილი საცხოვრებელი ფართი 20,70 კვმ-დან 1/3 ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე ჯ---------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.2. ქ. ქუთაისში, გ------–---–------------ში მდებარე უძრავ ქონებას, შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე 12 წელია ფლობს მოპასუხე ც----------–----ე და თამაზ ჩირაძე, უძრავი ქონების თანამესაკუთრესთან ვ-----–------------ნთან დადებული ზეპირი გარიგების საფუძველზე, თანხის გადახდის სანაცვლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.2. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მესაკუთრე ვერ სარგებლობს მისი საკუთრებით მოპასუხეთა მიერ ხელშეშლის გამო. თანამესაკუთრეთა შორის საზიარო უფლება გაუქმებული არ არის. უძრავი ქონება წარმოადგენს მესაკუთრეთა (ვ-----–------------ნის, ფრიდონ დვალიშვილის და ჯ---------------ის) საერთო სარგებლობის ნივთს;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ჯ---------------ემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოსარჩელის წილის სარგებლობაში მოპასუხეთა მიერ ხელშეშლა.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს ვ-----–------------ნის, ფრიდონ დვალიშვილის და ჯ---------------ის თანასაკუთრებას და თითოეულ მესაკუთრეს გააჩნია თავისი იდეალური წილი უძრავ ქონებაში, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ასევე უდავოა, რომ უძრავი ქონება არ არის გამიჯნული რეალური წილების შესაბამისად საჯარო რეესტრში,ამდენად დადგენილია, რომ მხარეების წილები არ წამოადგენენ რეალურ წილებს, არამედ წარმოადგენენ იდეალურ წილებს.
მოცემულ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული და მოსარჩელემაც ვერ მიუთითა, თუ მოპასუხეების მიერ რეალურად დაკავებულ ფართში სად მდებარეობს (კონკრეტულად რომელი მოპასუხის მფლობელობაშია და რამდენი კვმ) ქ. ქუთაისში, გ------–---–------------ში, 1). შენობა #1-ის მესამე გამოყოფილი ნაწილი 236,27 კვმ (1000/3000 ნაწილი), 2). შენობა #1-ის მე-4 გამოყოფილი ნაწილი 76,15 კვმ, 3). შენობა #1-ის გამოყოფილი ნაწილი 60,27 კვმ, შენობა #1-ში საერთო სარგებლობაში არსებული დამხმარე ფართი 11.93 კვმ საერთო სარგებლობაში არსებული დამახმარე ფართი 5,22 კვმ, საერთო სარგებლობაში არსებული სანკვანძი 5.91 კვმ-დან 4/2- ნაწილი და 4). საცხოვრებელი სახლის მეორე გამოყოფილი ნაწილი საცხოვრებელი ფართი 20,70 კვმ-დან 1/3 ნაწილი, რომელიც მოსარჩელე ჯ---------------ის საკუთრებას წარმოადგენს და რომლის ფლობის ხელშეშლასაც მოსარჩელე მოპასუხეებისაგან ითხოვს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს ანუ დადასტურებადია პოზიტიური და არა ნეგატიური მოქმედება.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც, ამ უკანასკნელს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ხელშემშლელს რაიმე საფუძველი არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი, დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეშლის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, მისი საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტი, რაში გამოიხატება მოპასუხეთა მხრიდან ხელშეშლა მოსარჩელე არ მიუთითებს, ასევე დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების შესასვლელი კარების გასაღების გადაცემის თაობაზე;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჯ---------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 173-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია;
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულარგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/0-; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
უდავოა, რომ სახეზე გვაქვს საზიარო საგანი, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობებისა (საზიარო უფლებები) და საკუთრების უფლების მარეგულირებელი ნორმები.
სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. თანასაკუთრების წარმოშობის მსგავს დანაწესს შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლიც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ამავე მუხლით მოწესრიგებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა საერთო საკუთრების დაცვა, მისი უფლებრივი დატვირთვა, მოვლა და შენახვა, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვა.
სასამართლო განმარტავს, რომ საერთო საკუთრების რეჟიმზე ვრცელდება მესაკუთრის ისეთივე გარანტიები, როგორც ეს დამახასიათებელია ინდივიდუალური საკუთრებისათვის, მათ შორის ძირითადი განსხვავება არის ის, რომ საერთო საკუთრების შემთხვევაში, მესაკუთრე უფრო მეტად არის შეზღუდული კანონით, ვიდრე ინდივიდუალური საკუთრების შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ხოლო ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ჯ---------------ე წარმოადგენს უძრავი ქონების თანამესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
ქ. ქუთაისში, გ------–---–------------ში მდებარე უძრავ ქონებას, შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე ფლობს მოპასუხე ც----------–----ე და თ-------------ე, უძრავი ქონების თანამესაკუთრესთან ვ-----–------------ნთან დადებული ზეპირი გარიგების საფუძველზე. აღნიშნული გარემოება მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეშლის აღკვეთა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის მიმართ და სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების რეალიზაციის წესის სწორ განსაზღვრას. დასახელებული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც იარსებებს ნივთის მესაკუთრე, რომელსაც სხვისი უკანონო მოქმედების გამო ხელი შეეშლება თავისი საკუთრების გამოყენებაში. საკუთრების ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო. მესაკუთრეს შეუძლია ხელისშემშლელს მოსხთოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. აღკვეთის შედეგი უნდა იყოს მესაკუთრის სამართლებრივი ინტერესების აღდგენა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ამ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის კანონით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობის არარსებობა, კერძოდ, საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა უნდა აღიკვეთოს მაშინ, თუ ეს ქმედება არსებობს და იგი მართლსაწინააღმდეგოა.
მოსარჩელის მტკიცების საგანს განეკუთვნებოდა მოპასუხეთა მხრიდან მის საკუთრებაში არსებული ქონებით (წილის) ფლობის ხელშეშლის ფაქტის დადგენა, ასეთი ფაქტის დასამტკიცებლად შესაბამის გარემოებებზე მითითება და მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოსათვის. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება მოსარჩელის კუთვნილი წილით ფლობის ხელშეშლის შემთხვევები, რის გამოც შეუძლებელია მსგავსი მოქმედების აკრძალვის დავალდებულება მოპასუხისათვის.
მხარეებს/თანამესაკუთრეებს შორის უძრავი ქონებით სარგებლობის/ფლობის წესზე რაიმე შეთანხმების არსებობა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი იდეალური წილიდან რეალური წილის დადგენამდე მოპასუხეთა მხრიდან ადგილი არ აქვს ხელშეშლას.
ხელშეშლის აღკვეთა მესაკუთრემ შეიძლება მოითხოვოს იმ პირისაგან, ვინც მას საკუთრებით სარგებლობაში ხელს უშლის. მოპასუხის მხრიდან თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოპასუხეთა მხრიდან საკუთრების უფლებით სარგებლობის/ფლობის ხელშეშლის ფაქტობრივი გარემოება, ვერ დაადასტურა თუ სად მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი წილი, რომლით ფლობასა და სარგებლობაშიც მოსარჩელეს მოპასუხეთა მხრიდან ეშლება ხელი. დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია კონკრეტულად რაში გამოიხატება მოპასუხეთა მხრიდან მისი საკუთრებით ხელშეშლა, მოსარჩელემ ასევე ვერ დაასაბუთა მოთხოვნა უძრავი ქონების შესასვლელი კარის გასაღების გადაცემის დავალდებულების თაობაზე, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა,განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, შესაბამისად, დავის საგნის ფასი შეადგენს 4000 ლარს, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 60 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. 60 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 90 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ჯ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. ჯ---------------ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს 2018 წლის 27 მარტს მის მიერ სს „ს----------–--------–ი“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 90 ლარი (საგადახდო დავალება №3), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300183150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე