გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.01.2019
საქმის ნომერი
140210017002105617
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017002105617

№2/1491-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - სს ”თ----ი ბ---ი”

წარმომადგენელი - შპს ”ტ----ა” წარმომადგენელი - ს------ო გ--------ა

მოპასუხე - გ--–ა ბ----–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს 2012 წლის 17 ივლისის საბ---ო კრედიტის #2143738-2-----6 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ი”-ს სასარგებლოდ შემცირებული ფულადი დავალიანების გადახდა 4 435.55 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2367.07 ლარი, პროცენტი-1028.93 ლარი, ჯარიმა-1000 ლარი და დაზღვევა - 39.55 ლარი.

1.2 მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს საბანკო კრედიტის №2143738-2-----6 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს ვალდებულების ძირი თანხაზე - 2367.07 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 20% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 39.45 ლარს.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 16 ივლისს სს ”თ----ი ბ---სა” და მოპასუხე გ--–ა ბ----–---–ს, როგორც მსესხებელს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0008.2143738.001 ხელშეკრულება , რომლის საფუძველზეც 2012 წლის 17 ივლისს გაფორმდა საბანკო კრედიტის №2143738-2-----6 ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 5000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი -20%, კრედიტის ვადა - 1088 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველ თვის 10 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებეული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ხელშეკრულბის დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით.

 

მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა საბ---ო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოპასუხეს სასამართლოს მიერ უნდა დაევალოს ამ ვალდებულებების შესრულება.

 

2017 წლის 08 სექტემბრის მდგომარეობით გ--–ა ბ----–---–ს 2012 წლის 17 ივლისის საბანკო კრედიტის №2143738-2-----6 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 15931.07 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2367.07 ლარი, პროცენტი - 1028.93 ლარი, ჯარიმა -12495.52 ლარი და დაზღვევა - 39.55 ლარი, მოსარჩელე კი სარჩელით ამცირებს ჯარიმის თანხებს 1000 ლარამდე და ჯამში მოითხოვს მოპასუხისათვის 4435.55 ლარის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე გ--–ა ბ----–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირის - 2367.07 ლარის, პროცენტის - 1028.93 ლარის და დაზღვევის 39.55 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2012 წლის 16 ივლისს სს ”თ----ი ბ---სა” და მოპასუხე გ--–ა ბ----–---–ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0008.2143738.001 ხელშეკრულება , რომლის საფუძველზეც 2012 წლის 17 ივლისს გაფორმდა საბ---ო კრედიტის №2143738-2-----6 ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 5000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი -20%, კრედიტის ვადა - 1088 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველ თვის 10 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებეული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2 უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გრემოებები

 

3.2.1 საქმეში წარმოდგენილი სს „თ----ი ბ---ის“ მიერ 09.11.2017 წ. გაცემული დავალიანების ცნობის საფუძველზე 2017 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით გ--–ა ბ----–---–ს 2012 წლის 17 ივლისის საბ---ო კრედიტის №2143738-2-----6 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 15931.07 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2367.07 ლარი, პროცენტი - 1028.93 ლარი, ჯარიმა -12495.52 ლარი და დაზღვევა - 39.55 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს შემცირებული ჯარიმის თანხას 1000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დასტურდება დავალიანების არსებობა, რასაც სესხის ძირის, მასზე დაკისრებული პროცენტისა და დაზღვევის ნაწილში დაეთანხმა მოპასუხე მხარე , ხოლო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის - ჯარიმის თანხებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის თანხების გადახდისაგან განთავისუფლების მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, 400-ე, 402-ე, 403-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 417-418-ე 623-ე 625-ე, 867-868-ე, მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა" პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის "ბ"პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

როგორც დადგენილია მოპასუხის მხრიდან დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867- 873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნო, კერძოდ: სესხის ძირის - 2367.07, ლარის, პროცენტის - 1028.93 ლარის და დაზღვევის 39.55 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებითა და მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით.

 

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2012 წლის 17 ივლისის №2143738-2-----6 ხელშეკრულებების საფუძველზე სარჩელით მოთხოვნილი სესხის ძირის - 2367.07, ლარის, პროცენტის - 1028.93 ლარის და დაზღვევის - 39.55 ლარის ნაწილში მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 2012 წლის 17 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1000 ლარის გადახდის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1000 ლარი, სესხის ძირი თანხის (2367.07 ლარის) და პროცენტის ( 1028.93 ლარი) ოდენობასთან, საქმის გარემოებებთან მიმართებით არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 200 ლარით, რომლის გადახდაც, ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.3 სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად, რომ შესრულებულიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების ნაწილში დასაბუთებელია, ვინაიდან საქმის მასალებით დასტუდება გ--–ა ბ----–---–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით გამოწვეული ზიანის არსებობის ფაქტი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, გამომდინარეობს და მეტად აკონკრეტებს ამავე კოდექსის 408-ე მუხლით განსაზღვრულ ზიანის ანაზღაურების პრინციპს. ხსენებული ნორმის შესაბამისად ვალდებულების არაჯეროვანი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოვალეს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე გ--–ა ბ----–---–ისთვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი, რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყოლოდა კრედიტორთან მიმართებით. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავალის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა 2017 წლის 08 სექტემბრიდან წლიური 20 % (რაც ყოველთვიურად შეადგენს 39.45 ლარს) ვალდებულების შესრულებამდე არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად მისი ოდენობა უნდა შემცირდეს წლიურ 17 % -მდე (რაც შეადგენს თვეში 33 ლარს) ვალდებულების შესრულებამდე , რომლის გადახდაც, ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო 3435.55 ლარის ნაწილში, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 175.67 ლარიდან ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს 103 ლარი, 24 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი თანხის 48.67 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამასთან მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საქმეზე გაწეული საპროცესო ხარჯი - საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 117 ლარი სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, ხოლო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში უნდა ეთქვას უარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ”თ----ი ბ---ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1 გ--–ა ბ----–---–ს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 17 ივლისის საბ---ო კრედიტის №2143738-2-----6 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3635.55 (სამიათას ექვსას ოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

1.2 გ--–ა ბ----–---–ს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ს” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 08 სექტემბრიდან საბანკო კრედიტის №2143738-2-----6 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2367.07 (ორიათას სამას სამოცდაშვიდი ლარი და შვიდი თეთრი) ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17 % სარგებლის გადახდა , რაც ყოველთვიურად შეადგენს 33 (ოცდაცამეტი) ლარს.

2. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.

 

3. მოპასუხე გ--–ა ბ----–---–ს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 48.67 (ორმოცდარვა ლარი და სამოცდაშვიდი) ლარისა და საპროცესო ხარჯის - 117 (ასჩვიდმეტი) ლარის, ჯამში - 165.67 (ასსამოცდახუთი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ს” (ს/ნ 204854595) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 21 სექტემბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 175.67 (ას სამოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარიდან 103 (ას სამი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე