გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/1222-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
1- თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე: კლ--------–------–---ი
წარმომადგენელი: და--------–--ე
მოპასუხე: ქე--------------–---–ი
წარმომადგენელი: გი-------–-----–--ე, თა-----–-------–---–ი
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს კლ--------–------–---სა და ქე--------------–---–ს შორის 201- წლის 29 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონება, მდებარე, რაიონი მ------, სოფელი ნ-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 4-.1-.4-.0--, აღირიცხოს კლ--------–------–---ის სახელზე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოპასუხე ქე--------------–---–ი ხშირად ისვენებდა მ------ში სოფელ ნ-----ში და მან მოიპოვა მოსარჩელე კლ--------–------–---ის კეთილგანწყობა. რადგან მოსარჩელე ხანდაზმულია, მხარეთა მოლაპარაკების თანახმად, მოპასუხე სიცოცხლის ბოლომდე ყურადღებას მიაქცევდა კლ--------–------–---ს, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ზაფხულობით ყურადღებას მიაქცევდა მოსარჩელეს და მის მეუღლეს. მოსარჩელემ პატივისცემის ნიშნად 2014 წლის 29 იანვარს მ------- რაიონის სოფელ ნ-----ში მდებარე 9-- კვ.მ. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული N1-ლი შენობა ნაგებობა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ქე--------------–---–ს. მოსარჩელე განაგრძობდა უძრავი ქონების მოვლას და ყოველ ზაფხულს იქ ჩასულ მოპასუხეს მოვლილ სახლ-კარს ახვედრებდა. 20-- წლის აგვისტოში მოპასუხემ დაიწყო მოსარჩელის შევიწროვება და მოსთხოვა სახლის დატოვება, რადგან ის სახლის გაყიდვას აპირებდა. მოპასუხემ კლ--------–------–---ი მეუღლესთან ერთად ქუჩაში გამოაგდო და უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, ფაქტიურად თავის რჩენის საშუალება მოუსპო.
დასაჩუქრებულმა ქე--------------–---–მა მოსარჩელის მიმართ უმადურობა გამოავლინა და თან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური. რაც გამოიხატა იმით, რომ მისი აშენებული გაჩუქებული ქონებიდან გამოაგდო მოსარჩელე და ამითი საარსებო წყარო მოუსპო. აღნიშნული ფაქტი კი მოსარჩელისათვის დიდი სულიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაა, რის გამოც ითხოვს 2014 წლის 29 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას და საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქე--------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 201- წლის 29 იანვარს კ-–------ ც------–----- და ქე--------------–---–ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშკრულება, რომლის საფუძველზე კ-–------ ც------–----- ქე--------------–---–ს აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე რაიონი მ------, სოფელი ნ-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N4-.1-.4-.0--;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201- წლის 29 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 18-19);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ქე--------------–---–ის მხრიდან მოსარჩელე კლ--------–------–---ის მიმართ გამოვლენილ მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მოპასუხის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის გამომხატველი მტკიცებულება, არც შუამდგომლობა ყოფილა დაყენებული ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ქონების უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) დროს, დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა ხდება მისი მხრიდან საპასუხო შესრულების გარეშე. ზოგადად, ის ფაქტი, რომ მოპასუხე სათანადო მზრუნველობას არ იჩენს და ყურადღებას არ აქცევს მოსარჩელეს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დასკვნას იმის შესახებ, რომ დასაჩუქრებულმა გამჩუქებლის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა ან ამით აყენებს მას მძიმე შეურაცხყოფას.
სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა ქე--------------–---–ის მიერ მის მიმართ გამოხატული მძიმე შეურაცხყოფის ან დიდი უმადურობის ფაქტი, ისევე როგორც, სადავო გარიგების დადებით მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 1- თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო უძრავი ნივთის გაჩუქებით მოსარჩელეს საარსებო წყარო მოესპო - საცხოვრებელი ბინის გარეშე დარჩა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი:
- საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მ------- რაიონის, სოფელ ნ-----ში 8---.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღრიცხულია კლ--------–------–---ის სახელზე, სადაც განთავსებულია ორი შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდით N4-.1-.4-.0--);
კლ--------–------–---ის სახელზე ირიცხება აგრეთვე სამი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდებით N4-.1-.4-.0--, N4-.1-.4-.0-- და 4-.1-.4-.019;
- კლ--------–------–---ის მიერ ქე--------------–---–ისათვის გადაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი აშენდა ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ, რომლის აშენებაც უზრუნველყო მოპასუხე ქე--------------–---–მა, რაც დადასტურდა აგრეთვე მოწმეების ლ------- შ----------, ა---------– ქ--–------- და გ----- ც------–----- ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი მ------- რაიონული სამმართველოს ხაიშის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის მიერ ჩატარებული გამოკითხვის ოქმით. მოსარჩელე გამოკითხვის ოქმში თავად მიუთითებს, რომ ნაჩუქარ მიწის ნაკვეთზე ქე--------------–---–მა ააშენა სახლი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კლ--------–------–---ს მ------- რაიონის სოფელ ნ-----ში გააჩნია საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და ამასთან, 2-- კვ.მ. საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა, სადაც დღეის მდგომარეობით ცხოვრობს .
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მჩუქებელი, ჩუქების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ან/და საარსებო წყარო მოესპო, ვინაიდან მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეზე მოწმედ დაკითხულ პირთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილია, რომ მჩუქებელი სადავო უძრავ ქონებას არც საცხოვრებლად იყენებდა და მისგან არც შემოსავალს იღებდა.
ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ კლ--------–------–---ის მიერ ქე--------------–---–ისათვის გადაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი აშენდა ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ, რომლის აშენებაც უზრუნველყო მოპასუხე ქე--------------–---–მა. მოწმე ლ------- შ---------- თავის ჩვენებაში განმარტა, რომ ქე--------------–---–ის სახლი მან ააშენა.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კლ--------–------–---ს გააჩნია ქონება, რომელიც შეუძლია შესაბამისი მიზნებისათვის (საცხოვრებლად) გამოიყენოს. რაც გამორიცხავს იმის მტკიცებას, რომ უძრავი ნივთის გაჩუქებით მოსარჩელეს საარსებო წყარო მოესპო ან/და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 67-79);
- ფოტოსურათები (ს.ფ. 84-90);
- გამოკითხვის ოქმი (ს.ფ. 153-160);
- მოწმეთა ჩვენებები (მოისმინეთ 2019 წლის 28 იანვრის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი);
- საარქივო ცნობა (ს.ფ. 97);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 525-ე, 529-ე, 530-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება შედგა 2016 წლის 15 იანვარს და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს, ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა ყველაზე ნათლად ასახავს რა სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირს, მჩუქებელისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ზნეობრივ ფასეულობათა დაცვა მოცემულ შემთხვევაში ხდება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით, რასაც თან ახლავს სათანადო სამართლებრივი შედეგი – მჩუქებლისათვის გაჩუქებული ნივთის საკუთრებაში დაბრუნება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარმოადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლო ასკვნის, რომ დასაჩუქრებულს უმადურობა არ გამოუჩენია მოსარჩელის მიმართ. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ დასაჩუქრებულმა და მისმა ოჯახმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აღნიშნული გარემოება გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით.
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა „მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას, ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“ (იხ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი);
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი სიტყვიერი შეურაცხყოფა ვერ განიხილება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კანონმდებელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა ხაზგასმით მიუთითა ისეთ გარემოებებზე როგორიც არის მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა, რის გამოც დასაჩუქრებულსა და დამსაჩუქრებელს შორის ურთიერთობის შეცვლა, მსუბუქი ტიპის კონფლიქტი და არაკორექტული მიმართვის ფორმა ვერ მიიჩნევა ჩუქების გაუქმებისა და ნაჩუქარი ნივთის გამოთხოვის წინაპირობად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლის მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება არის გამჩუქებლის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების საარსებო წყარო, ანუ, ამ ქონების მეშვეობით გამჩუქებელი შემოსავალს უნდა იღებდეს და გაჩუქების შემდეგ აღარ უნდა რჩებოდეს შემოსავლის სხვა წყარო, რომელიც მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. სასამართლო განმარტავს, რომ, თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
სარჩელი არ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონებიდან, რომელიც არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9-- კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შემოსავალს იღებდა (მაგ. გაქირავებით ან. სხვ.) და შესაბამისად, მისი გასხვისებით შემოსავლის წყარო მოესპო. მოსარჩელე მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ სადავო უძრავი ქონების გასხვისების შედეგად, საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა. ასეთი ფაქტობრივი გარემოება კი, სასამართლოს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ მიაჩნია დადასტურებულად (ფაქტობრივი გარემოება 3.2.2.).
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, თუმცა მას ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კ-–------ ც------–----- და ქე--------------–---–ს შორის 2014 წლის 29 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე და 530-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კლ--------–------–---ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე ქე--------------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: რაიონი მ------, სოფელი ნ-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №4-.1-.4-.0-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან კლ--------–------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. კლ--------–------–---ის სარჩელი ქე--------------–---–ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ქე--------------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: რაიონი მ------, სოფელი ნ-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №4-.1-.4-.0-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილსის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი