გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/504-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე, ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - რ----------––--ე
წარმომადგენელი - ნ-------------–------ე
მოპასუხეები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - ნ----------------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 19 მარტის №04-06/3298 გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის N04/36844 გადაწყვეტილება;
1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც რ----------––--ეს დაენიშნება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირთა შესაბამისი კომპენსაცია მოსამართლედ მუშაობის სტაჟის გათვალისწინებით.
1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება (რაც წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს) 2018 წლის 14 თებერვლიდან ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 13 მარტს განცხადებით მიმართა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა შემდეგი საფუძვლით: სავალდებულო სამხედრო სამსახური (სტაჟი შეადგენს 01 წელი, 11 თვე და 19 დღეს) შინაგან საქმეთა სამინისტროში (სტაჟი შეადგენს 11 წელი, 01 თვე და 28 დღე) საქართველოს პროკურატურაში (სტაჟი შეადგენს 03 წელს, 06 თვეს და 14 დღეს) მოსამართლის თანამდებობაზე (სტაჟი შეადგენს 7 წელს, 11 თვეს და 15 დღეს), სულ 24 წელი, 7 თვე და 16 დღე.
იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნა, არ ჩაეთვალა მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი, ხოლო დარჩენილი 16 წელი, 8 თვე და 1 დღე საკმარისი არ იყო კომპენსაციის დასანიშნად. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარემ გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით 2018 წლის 26 ივნისის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე სადავო გადაწყვეტილებებს უკანონოდ მიიჩნევს და მიაჩნია, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, ასევე ეწინააღმდეგება სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ ძირითად პრინციპებს და დებულებებს.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მართალია ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ასევე სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებაში არაა მითითებული სასამართლო ორგანოებში მუშაობის სტაჟზე, თუმცა შემდგომში ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლში შევიდა ცვლილება, სადაც მითითებულია ,,მოსამართლედ ან თანაშემწედ’’ მუშაობის შესახებ.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების’’ მე-8 მუხლის განმარტება დაადასტურებს, რომ წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს, გააჩნია შს ორგანოებში მუშაობის 20 წელზე მეტი სტაჟი, რომელშიც უნდა ჩაეთვალოს მოსამართლედ მუშაობის 7 წელი, 11 თვე და 15 დღე.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - N010310015001037342, ბს-671-664 (კ-16) და აღნიშნავს, რომ ის აკმაყოფილებდა კომპენსაციის მიღებისათვის ნორმატიული აქტებით დადგენილ ყველა მოთხოვნას და არსებობდა მისი განცხადების დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა. შესაბამისად, წარმოეშვა ლეგიტიმური მოლოდინი მიეღო კომპენსაცია, რომელიც მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან შეადგენდა თვეში არანაკლებ 300 ლარს. ამდენად მიაჩნია, რომ სახეზეა მიუღებელი შემოსავალი, რის გამოც ითხოვს მოპასუხეებს ზიანის სახით დაეკისროთ ყოველთვიურად გადასახდელი კომპენსაცია 2018 წლის 14 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მხარეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის 2018 წლის 14 თებერვლის N01/3187 ცნობით დადგენილია, რომ რევაზ გურამის ძე სულწაძე 1981 წლის 16 ნოემბრიდან 1983 წლის 5 ნოემბრამდე გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო ნაწილი N86627-ში და სამხედრო ნაწილ N68306-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 14 თებერვლის 01/3187 ცნობა (იხ ს.ფ. 22).
3.2. დადგენილია, რომ რ----------––--ე 19/09/1984-29/06/1987 წლებში იყო ქუთაისის შს სამმართველოს სახანძრო განყოფილების მეხანძრე (ნამსახურობის წლები: 02 წელი, 9 თვე და 10 დღე); რ----------––--ე მუშაობდა ქუთაისის შს სამმართველოს სახელმწიფო საკუთრების განყოფილება 29/06/1987 წლიდან - 20/12/1991 წლამდე (ნამსახურობის წლები: 4 წელი, 5 თვე და 21 დღე); ასევე, ქუთაისის შსს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი 20/12/1991 წლიდან - 17/11/1995 წლამდე (ნამსახურობის წელი: 03 წელი, 10 თვე და 27 დღე), დათხოვნილია - 17.11.1995 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურობის ანგარიში (იხ ს.ფ. 23).
3.3. დადგენილია, რომ რ----------––--ემ პროკურატურაში შრომითი საქმიანობა დაიწყო 1995 წელს. იგი 17.11.1995-28.05.1997 წლებში იყო ქ. ქუთაისის პროკურატურის უფროსი გამომძიებელი; 28.05.1997წ.-09.07.1998 წწ. ქ. ქუთაისის პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში მოკვლევაზე, გამოძიებაზე და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი; 09.07.1998-07.05.1999 წლებში ქ. ქუთაისის პროკურატურის თანაშემწე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნამსახურობის ანგარიში (იხ. ს.ფ. 24)
3.4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 12 თებერვლის N300-03 წერილით დადგენილია, რომ რ----------––--ე მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობდა 1999 წლის 15 მაისიდან - 2007 წლის 1 მაისამდე, კერძოდ:
1999 წლის 15 მაისიდან დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ.
2001 წლის 13 თებერვალს დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ.
2006 წლის 7 აპრილს გათავისუფლდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და ჩაირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლის რეზერვში;
2007 წლის 1 მაისს გამოყვანილ იქნა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვიდან ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის N465 ბრძანებულებით დამტკიცებული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების მე-4 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 12 თებერვლის N300-03 წერილი (იხ. ს.ფ. 25).
3.5. დადგენილია, რომ რ----------––--ემ 2018 წლის 13 მარტს, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 19 მარტის N04-06/3298 წერილით რ----------––--ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ვერ აგროვებდა წელთა ნამსახურობის საჭირო 20 წლის სტაჟს.
დადგენილია, რომ 2018 წლის 19 მარტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის N04-06/3298 წერილი რ----------––--ემ გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის N04/36844 გადაწყვეტილებით რ----------––--ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 19 მარტის N04-06/3298 წერილი (იხ. ს.ფ.24).
- 2018 წლის 26 ივნისის N04/36844 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 56-59).
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. (2018 წლის 23 მარტის რედაქციით) საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიუთითებს, რომ გასაჩივრებული აქტები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 19 მარტის N04-06/3298 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის №04/36844 გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოებს მიერ მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარეებისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძოდ, დაევალოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც რ----------––--ეს დაენიშნება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირთა შესაბამისი კომპენსაცია მოსამართლედ მუშაობის სტაჟის გათვალისწინებით.
6.2. (2018 წლის 23 მარტის რედაქციით) საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
ამრიგად, სასამართლო მსჯელობის საგანს წარმოადგენს შემდეგი საკითხი, ეფუძნება თუ არა მოსარჩელე რ----------––--ის მოთხოვნა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, ხოლო მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი გამომდინარებს თუ არა კანონმდებლობიდან.
6.3. სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №2, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
(სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება. დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრე, რა დროსაც კომპენსაციის მისაღებად პირი კანონით დადგენილ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა შემდეგი საფუძვლით: სავალდებულო სამხედრო სამსახური (სტაჟი შეადგენს 01 წელი, 11 თვე და 19 დღეს) შინაგან საქმეთა სამინისტროში (სტაჟი შეადგენს 11 წელი, 1 თვე და 28 დღე) საქართველოს პროკურატურაში (სტაჟი შეადგენს 03 წელს, 06 თვეს და 14 დღეს) მოსამართლის თანამდებობაზე (სტაჟი შეადგენს 7 წელს, 11 თვეს და 15 დღეს), სულ 24 წელი, 7 თვე და 16 დღე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების პირობები დადგენილია ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის (სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე) თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში; ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში; გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სახედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო- სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით; დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით); ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს; ვ) მეორე მსოფლიო ომში და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ) ან იქ მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების, კონტუზიისა და სხვა დაავადების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები; ზ) გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრები; თ) სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები საქართველოსა და ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების (შეთანხმების) საფუძველზე.
ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული.
,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ რ----------––--ის შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურები - აქვს 11 წელი, 1 თვე და 28 დღე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის სტაჟი - 01 წელი, 11 თვე და 19 დღე, პროკურატურაში - 3 წელი, 6 თვე და 14 დღე; მოსამართლის თანამდებობაზე - 7 წელი, 11 თვე და 15 დღე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მიუთითებს უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებებში და განჩინებებში (საქმეზე №ბს-942-938(კ-17) 12.04.2018წ.; №ბს-915-911(2კ-17) 29.03.2018წ. და სხვ.) გაკეთებულ განმარტებაზე, რომ - კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.
სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიების დადგენა მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო, აგრეთვე, ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო. ამავე კანონის მე-3 მუხლი ადგენს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ ამა თუ იმ პირისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განსაზღვრისას. ეს პრინციპებია: სამართლიანობა, კანონის წინაშე თანასწორობა, მუდმივობა, კომპენსაციის /სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია.
მოსარჩელე მხარე აპელირებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ბლანკეტური ნორმას, რომელიც თავის მხრივ მიუთითებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე. მოსარჩელე ასევე განმარტავს, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის ნორმებს და მიაჩნია, რომ მითითებული ნორმატიული აქტების შესაბამისი განმარტების შედეგად, ის წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსციის ოდენობის გაანგარიშების საკითები რეგულირდება „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, რომლის თანახმად, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა: ა) 65 წლის ან 65 წელზე მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული: ა.ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 2 ლარზე ნამრავლი; ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 5 ლარზე ნამრავლი; ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 10 ლარზე ნამრავლი; ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 15 ლარზე ნამრავლი; ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისათვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 წელი.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური. მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელსაც აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი, ნამსახურობაში ჩაეთვლება როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნამსახურობა, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის ორგანოებში სამსახური.
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის (პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელთა კომპენსაციის გაანგარიშება) მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა. მე-3 ნაწილის მიხედვით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში არჩევის ან დანიშვნის დროს) ან „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის თანამშრომელს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაციის 80%.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, რ----------––--ის მოთხოვნას წარმოადგენს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირთა შესაბამისი კომპენსაციის დანიშვნა მისი მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის სტაჟის გათვალისწინებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტებში და მე-9 მუხლში საუბარია აეა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირებზე, არამედ სხვა სამსახურიდან დათხოვნილ პირთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე და მათი სამართლებრივი შედეგი ვრცელდება მხოლოდ ამავე მუხლებში მითითებულ თანამდებობებზე, კერძოდ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, (თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი), საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ოფიცერსა და რიგითზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე და პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი თანამდებობის პირების მიმართ განსხვავებულად არის მოწესრიგებული პირთა წელთა ნამსახურობაში და მუშაობის სტაჟში ჩასათვლელი სამსახურების ჩამონათვალი.
ამასთან სასამართლო იზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი მოსამსახურეებისათვის წელთა ნამსახურობაში მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი არ ჩაითვლება.
ამრიგად, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ რ----------––--ეს არ გააჩნია შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის საკმარისი სტაჟი სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, შეესაბამება ზემოაღნიშნულ კანონით დადგენილ მოწესრიგებას.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ სრულად და ყოველმხრივ იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ხოლო, მოსარჩელეს არ წარუდგენია ადმინისტრაციული წარმოებისას რაიმე ისეთი მტკიცებულება, რაც მის მიმართ განსხვავებული შედეგის დადგომის საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 19 მარტის N04-06/3298, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 მარტის №04/36844 გადაწყვეტილება გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვითაა გამოცემული, არ არსებობს რ----------––--ისათვის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირთა შესაბამისი კომპენსაციის დანიშვნა მოსამართლედ მუშაობის სტაჟის გათვალისწინებით და ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-ე 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ----------––--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი