გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3542-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - მ--–------------ია
წარმომადგენლები - გ--------------ე, ლ-–------–--–--ე
მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
წარმომადგენლები - რ-------------–-–---–---------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- ბრძანება, მ--–------------იას დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის №----- ბრძანება, კადრების განკარგულებაში მყოფი მ--–------------იას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ;
1.3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მ--–------------ია აღდგენილ იქნება გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის (საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ა--------------------------------------–---------------------------–----------------------------–-------------ი) ტოლფას თანამდებობაზე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში. იმ შემთხვევაში თუ მ--–------------იას სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იქნება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, დაევალოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაუყოვნებლივ მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით;
1.4. დაეკისროს მოპასუხეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მ--–------------იას სასარგებლოდ 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდისათვის შრომის ანაზღაურების დავალიანების გადახდა 1871 (2018 წლის აპრილის და მაისის წელთა ნამსახურობის დანამატი 1036 (538 X 2)) ლარის ოდენობით;
1.5. დაეკისროს მოპასუხეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მ--–------------იას სასარგებლოდ 2018 წლის 01 ივნისიდან ყოველთვიური განაცდურის 3--- (თანამდებობრივი სარგო 2---, წოდებრივი სარგო - 9- ლარი და წელთა ნამსახურობის დანამატი - 5--) ლარის გადახდა, თანამდებობაზე აღდგენამდე.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან დაინიშნა ამავე სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სა----------–----------------------------–---------------- თანამდებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მ--–------------ია ზედმიწევნით კარგად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, სამსახურის მაღალი თანამდებობის პირთა უკანონო ქმედების შედეგად, 2018 წლის 21 მარტიდან, ის ჩამოაშორეს სამსახურებრივ საქმიანობას. მისივე განმარტებით, 2018 წლის მაისის ბოლოს მისთვის ცნობილი გახდა დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის ბრძანებით, მ--–------------ია 22 ივლისიდან ჩაითვალა სამსახურიდან დათხოვნილად კადრების განკარგულებში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2018 წლის 21 მარტის პატაკი, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ჯერ 2018 წლის 26 მარტის ბრძანებას და შესაბამისად, შემდეგ 2018 წლის 23 ივლისის ბრძანებას არ გამოხატავდა მის ნებას. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, დაეთანხმნენ შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 10 სექტემბრის №----- ბრძანებით, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი მ--–-------------------------ია სამხედრო ძალების რეზერვიდან მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის სამსახურში და დაინიშნა ა--------------------------------------–---------------------------–----------------------------–-------------ად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 10 სექტემბრის №----- ბრძანება (ს.ფ. 62).
3.2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ა--------------------------------------–---------------------------–----------------------------–-------------მა, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკმა მ--–------------იამ 2018 წლის 21 მარტს მიმართა ამავე სამსახურის უფროსს და 2018 წლის 22 მარტიდან კადრების განკარგულებაში აყვანა მოითხოვა.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- ბრძანებით, 2018 წლის 21 მარტის №----- პირადი პატაკის საფუძველზე, ა--------------------------------------–---------------------------–----------------------------–-------------ი სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი მ--–------------ია ჩაითვალა გადაყენებულად დაკავებული თანამდებობიდან და კადრების განკარგულებაში აყვანილად, 2018 წლის 22 მარტიდან.
2018 წლის 27 მარტს, მ--–------------იას სატელეფონო შეტყობინების გზით განემარტა, რომ პირადი პატაკის საფუძველზე გადაყენებული იყო დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იყო კადრების განკარგულებაში; ასევე განემარტა, რომ ვალდებული იყო ჩაებარებინა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მან განაცხადა, რომ თვითონ ვერ მივიდოდა და ზემოხსენებულ მოწმობას გაატანდა მეუღლეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში ჩასაბარებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ--–------------იას 2018 წლის 21 მარტის პატაკი (ს.ფ. 21);
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- ბრძანება (ს.ფ. 17);
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- ბრძანების ასლზე გ-----–----ის ინფორმაცია (ს.ფ. 17).
3.3. მ--–------------იას 2018 წლის 21 მარტის №----- პატაკი (ელ. ვერსია) კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოში (დეპარტამენტი) მიღებულ იქნა 2018 წლის 26 მარტს, რის საფუძველზეც მომზადდა შესაბამისი ბრძანების პროექტის ელექტრონული ვერსია, რომელიც სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილია იმავე დღეს. მითითებული ბრძანება ელექტრონული საქმისწარმოების „eflow“ (დოკუმენტების ბრუნვა) მეშვეობით, ხელმოწერისთანავე ავტომატურად გადაეგზავნა სამსახურის შესაბამის დანაყოფებს, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა - რ---------–----ემ მ--–------------იას სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა კადრების მთავარ სამმართველოს (დეპარტამენტი) ჩააბარა 2018 წლის 28 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის 2018 წლის 15 ივნისის №------------------ წერილი (ს.ფ. 65);
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს (დეპარტამენტი) უფროსის 2018 წლის 18 ივნისის №------------------ წერილი (ს.ფ. 66-67).
3.4. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის №----- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი მ--–------------ია დათხოვნილად ჩაითვალა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან სამხედრო ძალების რეზერვში, 2018 წლის 22 ივლისიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო (სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- ბრძანება (2018 წლის 22 მარტიდან)).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის №----- ბრძანება (ს.ფ. 89).
3.5. მ--–------------იას შრომის ანაზღაურებამ (დარიცხული) შეადგინა 2018 წლის მარტის თვეში: თანამდებობრივი სარგო - 2--- ლარი, წოდებრივი სარგო - 9- ლარი, კვების კომპენსაცია - 7- ლარი, წელთა ნამსახურობა - 5-- ლარი, ფორმის კომპენსაცია - 125 ლარი; აპრილის თვეში - თანამდებობრივი სარგო - 2------ ლარი, წოდებრივი სარგო - 9- ლარი, ხოლო მაისის თვეში - თანამდებობრივი სარგო - 1------ ლარი და წოდებრივი სარგო - 60,97 ლარი.
მ--–------------იას პირად ანგარიშზე შრომის ანაზღაურება (ხელზე ასაღები) ჩაერიცხა 2018 წლის მარტის თვეში: თანამდებობრივი სარგო - 1------ ლარი, წოდებრივი სარგო - 7---- ლარი, კვების კომპენსაცია - 5---- ლარი, წელთა ნამსახურობა - 4----- ლარი, ფორმის კომპენსაცია - 100 ლარი; აპრილის თვეში - თანამდებობრივი სარგო - 1------ ლარი, წოდებრივი სარგო - 7---- ლარი, ხოლო მაისის თვეში - თანამდებობრივი სარგო - 1------ ლარი და წოდებრივი სარგო - 4---- ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მომზადებული ინფორმაცია 2017-2018 წლებში მ--–------------იას სასარგებლოდ დარიცხული შრომის ანაზღაურების შესახებ (ს.ფ. 23);
- ამონაწერი სს „თ---------კის“ ანგარიშიდან (ს.ფ. 24-27).
3.6. სახელმწიფო დავის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, 2018 წლის 20 მარტს ელექტრონული საშვის მეშვეობით მ--–------------იას შესვლის დროდ დაფიქსირდა 12:13 სთ, ხოლო გასვლის დროდ - 14:15 სთ. ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, 9-------–--------) გენერალური ინსპექციის თანამშრომელს გ. გ---–--------ას და მ--–------------იას შორის შედგა ზეპირსიტყვიერი საუბარი, თუმცა მ----------ას მიმართ სამსახურებრივი მოკვლევა/სამსახურებრივი შემოწმება არ დაწყებულა. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით არავითარი წერილობითი ახსნა-განმარტება და დოკუმენტაცია არ არსებობს.
ამასთან, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მიერ ამავე სამსახურის შიდა სატელეფონო ნომრებზე განხორციელებული ზარების ჩაწერა ან მონიტორინგი არ ხორციელდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალურ ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის 2018 წლის 16 ივნისის №------------------- წერილი (ს.ფ. 64);
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) იურიდიული სამმართველოს 2018 წლის 31 ივლისის №----- წერილი (ს.ფ. 138);
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2018 წლის 28 სექტემბრის №----- წერილი (ს.ფ. 172);
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 სექტემბრის №------------------- წერილი (ს.ფ. 173);
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №------------------- წერილი (ს.ფ. 174).
3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ვ--–--------უამ განმარტა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობს პირადი დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. მ--–------------ია გაიცნო მითითებულ სამსახურში გადასვლის დროს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვ--–--------უა სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა აპარატის მიერ დათმობილ ოთახში და ტელეფონს პირადად უპასუხა, როდესაც მ--–------------იას გენერალური ინსპექციიდან დაურეკეს. მისი ვარაუდით, გენერალური ინსპექციიდან დარეკა გ---–--------ამ.
ვ--–--------უას ინფორმაციით, მ--–------------ია გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა, თუმცა კონკრეტული გარემოებები მისთვის ცნობილი არ არის. ასევე, იცის, რომ მ--–------------ია სამსახურიდან წავიდა პირადი პატაკის საფუძველზე, მაგრამ მისთვის უცნობია, ჰქონდა თუ პრობლემები ხელმძღვანელობასთან. მ--–------------იას გენერალური ინსპექციიდან დაბრუნების შემდეგ, ხელმძღვანელობასთან ჩატარდა თათბირი მხოლოდ იმის შესახებ, თანამშრომლებს შორის თანხის შეგროვების დროს რაიმე იძულებას ხომ არ ჰქონია ადგილი (მისი განმარტებით, ხელმძღვანელი პირები დაბადების დღეებზე აგროვებდნენ თანხას, რომელსაც შემდეგ ერთმანეთს საჩუქრის სახით გადასცემდნენ). ამასთან, მოწმემ მიუთითა, რომ მ--–------------იას მანამდე არ გამოუთქვამს სამსახურიდან წასვლის სურვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 11.10.2018 სხდომის ოქმი).
3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ--–-------------იამ განმარტა, რომ 1992 წლიდან მუშაობს სამართალდამცავ ორგანოებში, ხოლო 2 ოქტომბრიდან იმყოფება კადრების განკარგულებაში. მ--–------------იას იცნობს მითითებული პერიოდიდან. მათ ერთმანეთთან ოჯახებით აკავშირებთ ახლო ურთიერთობა. მ--–-------------ია გარკვეული პერიოდი უმუშევარი იყო და 2015 წლის თებერვალში აღადგინეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. დაახლოებით 2 თვეში უფროსმა მ--–------------იასთან დაკავშირებით გამოჰკითხა ინფორმაცია და შემდეგ, ისიც მასთან გადაიყვანეს. რაც შეეხება მ--–------------იას სამსახურიდან გათავისუფლებას, მარტის თვეში იგი დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურში ფულადი თანხის შეგროვების თემასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, თანხას აგროვებდნენ მხოლოდ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირები და სურვილისამებრ, ხან საჩუქარს ყიდულობდნენ, ხან თანხას აძლევდნენ შესაბამის პირს. სავარაუდოდ, გენერალურ ინსპექციაში ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ფულის შეგროვება ხდებოდა ძალდატანებით, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მოწმის განმარტებით, მან ჩათვალა, რომ ეს იყო გაფრთხილება ამ ქმედების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, იანვრის თვიდან თანხა აღარც შეუგროვებიათ, თუმცა გენერალურ ინსპექციაში მას უთხრეს, რომ სამსახურში შეგროვებული თანხა კიდევ ინახებოდა, რაზეც იგი ინფორმაციას არ ფლობდა. იქიდან გამოსვლისთანავე მ--–-------------იამ ინფორმაცია გადაამოწმა მ--–------------იასთან. როგორც მ--–------------იასგან შეიტყო, დაახლოებით 10 დღის წინ რამდენიმე თანამშრომელს თანხა კიდევ მიუტანია და მ--–------------იას მისთვის თქმა დაავიწყდა. აღნიშნული თანხა ყველას დაუბრუნდა.
მ--–-------------იას ინფორმაციით, მეორე დღეს, 21-ში ან 22-ში მ--–------------ია დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში, მაგრამ დაწვრილებით არ იცის იქ რა მოხდა. როგორც მ--–------------იამ უთხრა, გენერალურ ინსპექციაში საუბარი იყო თანხის იძულებით შეგროვებაზე, რასაც არ დაეთანხმა იგი და ახსნა-განმარტებაზეც ხელი არ მოაწერა. ამის შემდეგ, გენერალური ინსპექციის უფროსმა მ--–-------------იას უთხრა, რომ მათთან შეხვედრისას მ--–------------ია იქცეოდა ძალიან აგრესიულად, რაც მათ ძალიან არ მოეწონათ და ამიტომ მას უნდა დაეწერა პატაკი კადრების განკარგულებაში გადაყვანაზე. მოწმის მითითებით, მან სცადა დაზუსტება, მ--–------------იას სამსახურიდან ხომ არ ათავისუფლებდნენ, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიიღო, მხოლოდ ის უთხრეს, რომ უნდა დაეწერა განცხადება კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაასკვნა, რომ კადრების გადაყვანის შემდეგ დაიწყებოდა საქმის მოკვლევა. მ--–-------------იამ მ--–------------იას დანაბარები გადასცა სამსახურის გარეთ და განუმარტა, რომ როგორც თვითონ სურდა ისე მოქცეულიყო. მ--–-------------იამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოთხოვნა იყო მხოლოდ პატაკის დაწერაზე, ამასთან, რა შედეგები მოჰყვებოდა, თუკი მ--–------------ია ამ პატაკს არ დაწერდა, მისთვის არ უთქვამთ. საუბრისას, მ--–------------იამ დაუდასტურა, რომ გენერალურ ინსპექციაში ცოტა აგრესიულად მოიქცა, ვინაიდან მისგან მოითხოვდნენ ახსნა-განმარტების შედგენას, თითქოს თანხა გროვდებოდა მ--–-------------იას იძულებით. აღნიშნულს კი მან ხელი არ მოაწერა.
მოწმემ განმარტა, რომ მ--–------------იასთან არასოდეს უსაუბრია მის წასვლაზე. ამავე დროს მისთვის უცნობია მ--–------------იას მიმართ ჩატარდა თუ არა მოკვლევა. შესაძლოა ამის შესახებ მას არც უთხრეს. პატაკის დაწერის შემდეგ, მ--–------------ია სამსახურში აღარ დადიოდა. მისი ინფორმაციით, მან სამსახურებრივი მოწმობაც ჩააბარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 11.10.2018 სხდომის ოქმი).
3.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ლ--–-----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთ-------------------–----------------------------–----------–--------------–---–------ თანამდებობაზე. მას და მ--–------------იას საერთო სამუშაო ოთახი ჰქონდათ და მ--–------------იას კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია. მ--–------------ია სამსახურიდან წავიდა პირადი პატაკით. პატაკის დაწერის წინა დღეს, მ--–------------იას გენერალური ინსპექციიდან დაურეკეს და ლ--–-----–---–ს შეტყობინება დაუტოვეს, რომ მ--–------------იას გენერალურ ინსპექციაში უნდა დაერეკა. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია, აპირებდა თუ არა მ--–------------ია სამსახურიდან წასვლას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 11.10.2018 სხდომის ოქმი).
3.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ი--------–------მა განმარტა, რომ მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი ს-----------–------------------–----------–--------------------------–---–----ის თანამდებობაზე. იგი მ--–------------იას იცნობს სამსახურიდან. მისი ინფორმაციით, გენერალური ინსპექციიდან გ---–--------ამ დარეკა და ლ--–-----–---–ს დაუტოვა შეტყობინება. ი--------–------ის განმარტებით, ზუსტად არ იცის, თუ რატომ დაწერა მოსარჩელემ პატაკი. მისი ინფორმაციით, მ--–------------ია რამდენიმე საათით იყო წასული გენერალურ ინსპექციაში და გამოიკითხა იმასთან დაკავშირებით, ფულს იძულებით აგროვებდნენ თუ არა სამსახურში. მოწმის განმარტებით, მ--–------------იას არასოდეს უთქვამს მისთვის სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 11.10.2018 სხდომის ოქმი).
3.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული ი-------------ას განმარტებით, იგი მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მ---------------------–----------–---------------------–--ის უფროსად. რეორგანიზაციამდე მისი განყოფილება შედიოდა მთავარი სამმართველოს აპარატში, მაგრამ რეორგანიზაციით გაუქმდა აპარატი და მისი განყოფილება დარჩა. მისივე განმარტებით, მ--–------------იამ, რომელიც გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა 20 მარტს, მეორე დღეს დაწერა პატაკი სამსახურიდან წასვლაზე, რაც ან უბრალოდ დამთხვევა იყო ან შესაძლოა ამ ფაქტებს შორის რაიმე კავშირი არსებობდა. გენერალური ინსპექციიდან დაბრუნებულმა მ--–------------იამ ოთახში თქვა, რომ საუბარი შეეხებოდა ფულის იძულებით შეგროვებას. ი-------------ამ განმარტა, რომ მ--–------------იას იცნობს 2000 წლიდან და 2015 წლიდან ერთ ოთახში მუშაობდნენ. მ--–------------იას მისთვის არასოდეს უთქვამს სამსახურიდან წასვლის თაობაზე. მოწმის განმარტებით, იმ დროს, როდესაც მ--–------------ია წერდა პატაკს, უფროსის მითითებით შევიდა მ--–-------------იას კაბინეტში. მის შეკითხვაზე, თუ რა იყო ამის მიზეზი, მ--–-------------იამ უპასუხა, რომ ცენტრალურიდან იყო დავალება პატაკის დაწერის თაობაზე. ხელნაწერი პატაკი დარჩა მათთან, რომელიც ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გადაიგზავნა ცენტრალურში. მ--–------------ია პატაკის დაწერისთანავე წავიდა და აღარ დაბრუნებულა სამსახურში. ამის შემდეგ, ი-------------ა დაბარებული იყო ერთხელ იმ ფაქტზე, თითქოს მ--–------------იამ თანამშრომელ ქალბატონს უთხრა კომპლიმენტი და კიდევ, ივლისის თვეში იმასთან დაკავშირებით, რომ კადრების სამსახურიდან მასთან ელექტრონულად მისული ბრძანება უფროსს - მ--–-------------იას არ გადაუგზავნა. ამ უკანასკნელ ფაქტთან დაკავშირებით, მან განმარტა, რომ ბრძანება მ--–-------------იას მაშინვე წააკითხა თავის კომპიუტერში, მაგრამ მისთვის უცნობი მიზეზით, რაც თავისი გაუფრთხილებლობითაც იყო გამოწვეული ოფიციალურად არ გადაუგზავნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 11.10.2018 სხდომის ოქმი).
3.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა გ---------–------ავამ განმარტა, რომ იგი მუშაობს სამსახურის გენერალური ინსპექციის პი-----–--------------–----------------------–---–-------------------–-----–----–-------------- ინსპექტორად. მ--–------------იას იცნობს სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მიიჩნევს ღვაწლმოსილ პიროვნებად და დიდ პატივს სცემს მას. მათ შორის არაერთხელ ყოფილა სამსახურებრივი შეხვედრა და საქმეზე საუბარი. ამასთან, მათ მიერ თანამშრომელთა ზეპირსიტყვიერი გამოკითხვა ატარებს ჩვეულებრივ ხასიათს. ასეთი გასაუბრება იყო მ--–------------იასთანაც. მან მ--–------------იას გენერალურ ინსპექციაში დაბარების მიზნით დარეკა სამსახურის შიდა ნომერზე. ტელეფონზე უპასუხა მისმა თანამშრომელმა, ვინაიდან მ--–------------ია ოთახიდან იყო გასული.
გ---------–------ავას განმარტებით, მ--–------------იას მიმართ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია მათთან არ შესულა და მისი გამოკითხვა განახორციელა ზოგადად, სამსახურში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით. ზოგჯერ თანამშრომელთა გამოკითხვას ახდენდნენ პრევენციის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, რაიმე გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, მოკვლევაც არ დაწყებულა და შესაბამისად, მ--–------------იას ახსნა-განმარტება არ დაუწერია. მ--–------------იას გ---------–------ავა ესაუბრა მარტო. ამასთან, მართალია დეტალურად არ ახსოვს ფაქტები, მაგრამ სხვა საკითხებთან ერთად მ--–------------იას შეკითხვები დაუსვა ფულადი თანხის შეგროვებაზეც. მათ შორის მოხდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი გასაუბრება.
მოწმემ განმარტა, რომ მ--–------------იასთან საუბრის დასრულების შემდეგ, იგი შევიდა სამმართველოს უფროსის (ნ------–---–ი) კაბინეტში, საუბრის შედეგებთან დაკავშირებით. სხვა პირთან გ---------–------ავა არ შესულა. ამასთან, გ---------–------ავამ არ დაადასტურა მ--–------------იას მიერ მითითებული ფაქტი, რომ მისი წერილობითი ახსნა-განმარტება სამმართველოს უფროსს შეუტანა, ვინაიდან ახსნა-განმარტება წერილობით არ ჩამოურთმევიათ. მოწმის განმარტებით, გარდა იმისა, რომ მ--–------------იას საქმე ერთი რიგითი საქმე იყო მისთვის, ამ ფაქტიდან დიდი დროა გასული და დეტალები ზუსტად არ ახსოვს.
გ---------–------ავას განმარტებით, სამსახურის გენერალურ ინსპექციას მარტო სადამსჯელო ფუნქცია არ გააჩნია, მათი მხრიდან ადგილი აქვს პრევენციული ღონისძიებების გატარებას. კერძოდ, პერიოდულად ხდება ხელმძღვანელი პირების გამოკითხვა მათ დანაყოფში არსებული ვითარების გამო და თუ რაიმე გადაცდომა გამოვლინდება, იწყებენ მოკვლევას, მათ შორის შესაძლოა ახსნა-განმარტების ჩამორთმევა. მისივე განმარტებით, მ--–------------იასთან დაძაბულ საუბარს ადგილი არ ჰქონია და მითუფრო სამსახურიდან წასვლის შესახებ არ უსაუბრიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 27.11.2018წ. სხდომის ოქმი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--–------------იას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულება“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- და 2018 წლის 23 ივლისის №----- ბრძანებები, რომლებიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი მ--–-------------------------ია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ა--------------------------------------–---------------------------–----------------------------–-------------ის თანამდებობაზე დაინიშნა 2015 წლის 10 სექტემბერს. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელზე ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელით სხვა რამ არ არის დადგენილი, მასზე უნდა გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ კანონით მინიჭებული უფლებებით და ამავე კანონით დაკისრებული მოვალეობებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირთა ფიზიკურ დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებით“.
მითითებული დებულების მე-11 მუხლის თანახმად, სამსახურში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან სამსახურის უფროსის მოადგილეები, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების უფროსები, მათი მოადგილეები, აღნიშნული დანაყოფების ქვედანაყოფების - სამმართველოს უფროსები და საშტატო ნუსხით მათთან გათანაბრებული პირები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. ამასთან, ამავე დებულების მე-15 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის ერთ-ერთ სტრუქტურული დანაყოფს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- ბრძანებით, 2018 წლის 21 მარტის №----- პირადი პატაკის საფუძველზე, ა--------------------------------------–---------------------------–----------------------------–-------------ი სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი მ--–------------ია ჩაითვალა გადაყენებულად დაკავებული თანამდებობიდან და კადრების განკარგულებაში აყვანილად, 2018 წლის 22 მარტიდან.
ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 23 ივლისის №----- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი მ--–------------ია დათხოვნილად ჩაითვალა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან სამხედრო ძალების რეზერვში, 2018 წლის 22 ივლისიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო (სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- ბრძანება (2018 წლის 22 მარტიდან)).
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურში შტატების შემცირების, რეორგანიზაციის, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმების, სამსახურებრივი მოკვლევის, პირადი პატაკის საფუძველზე ან მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ საპროცესო ღონისძიებათა გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შესაძლებლობას ან მიზანშეწონილობას, შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მ--–------------იამ 2018 წლის 21 მარტს პირადი განცხადებით (პატაკით) მიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს და თავად მოითხოვა კადრების განკარგულებაში გადაყვანა. ასევე, დადგენილია, რომ მითითებული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2018 წლის 26 მარტს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება, №----- ბრძანების სახით, რომლითაც ა--------------------------------------–---------------------------–----------------------------–-------------ი სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი მ--–------------ია ჩაითვალა გადაყენებულად დაკავებული თანამდებობიდან და კადრების განკარგულებაში აყვანილად, 2018 წლის 22 მარტიდან.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მისი 2018 წლის 21 მარტის განცხადება არ გამოხატავდა მის ნებას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალების, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების შედეგად მ--–------------იას მიმართ რაიმე ფორმით იძულების განხორციელების ფაქტი არ დგინდება. მ--–------------იამ შეადგინა პატაკი, რითაც გამოხატა ნება კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იძულების ფაქტს, აღნიშნულის დასადგენად სასამართლო სხდომაზე გამოიკითხნენ მოწმეები, პირები, რომლებსაც უშუალოდ შეიძლებოდა ჰქონოდათ ინფორმაცია სადავო ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლო მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ მართალია, მ--–------------ია 2018 წლის 20 მარტს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალურ ინსპექციაში გამოიკითხა მათ დანაყოფში არსებულ კონკრეტულ ფაქტთან (სამსახურში ფულადი თანხის შეგროვებისას, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალდატანებას) დაკავშირებით და ამავე დროს, მან კადრების განკარგულებაში გადასვლაზე პატაკი დაწერა გენერალური ინსპექციიდან დაბრუნებიდან მეორე დღეს, 2018 წლის 21 მარტს. მ--–------------იას მიერ პირადი პატაკის შედგენისას იძულების ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცეს მოწმედ გამოკითხული პირის - მ--–-------------იას განმარტებებს, კერძოდ, როგორც მ--–-------------იამ მიუთითა, მან მიიღო მითითება, რომ მ--–------------იას უნდა შეედგინა პატაკი კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ, აღნიშნული მხოლოდ ინფორმაციის სახით გადასცა მოსარჩელეს და ამასთან განუმარტა, რომ როგორც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ ისე მოქცეულიყო. მ--–-------------იამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელმძღვანელი პირი საუბრობდა მ--–------------იას კადრების განკარგულებაში გადაყვანაზე და ამასთან, არაფერი უთქვამს იმ შედეგზე, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა პატაკის არდაწერას. აქედან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ადგილი ჰქონდა ხელმძღვანელი პირის მხრიდან რაიმე მოწოდებას, მ--–------------იას შეეძლო თავად შეეფასებინა გარემოებები და მიეღო გადაწყვეტილება კადრების განკარგულებაში გადასვლისა და იმ შედეგის შესახებ, რაც მის კადრების განკარგულებაში გადასვლას მოჰყვებოდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ მისი ქმედება (პატაკის შედგენა) იყო იძულების შედეგი, არ არის დამაჯერებელი სასამართლოსათვის და შესაბამისად, იგი ვერ იქნება გაზიარებული. მოსარჩელემ სათანადო სახით გამოხატა ნება და ასევე ნებაყოფლობით ჩააბარა სამსახურებრივი მოწმობა. ამასთან, ის გარემოება, რომ რომ გენერალურ ინსპექციის თანამშრომელთან გასაუბრებამდე მ--–------------ია არ აპირებდა სამსახურიდან წასვლას, ან აღნიშნულთან დაკავშირებით თანამშრომლებთან ადრე არ უსაუბრია, ავტომატურად არ გულისხმობს მისი შემდგომი გადაწყვეტილების ზეწოლის ან იძულების შედეგად მიღებას. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა მ--–------------იამ გადაწყვეტილება მიიღო მესამე პირის რჩევით, მაგრამ მას ჰქონდა შესაძლებლობა ჯერ შეეფასებინა, გამოეკვლია მიწოდებული ინფორმაციის საფუძვლიანობა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მ--–------------იასათვის არ უთქვამთ, თუ რა უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა მითითების საწინააღმდეგო ქმედებას.
სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს იმ გარემოებაზე აპელირებას, თითქოს მ--–------------იასთვის უცნობი იყო მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე. გარდა იმისა, რომ მოსარჩელემ კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ პატაკი თვითონ შეადგინა, საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, პატაკის დაწერის დღიდან (2018 წლის 21 მარტი) იგი სამსახურში აღარ დადიოდა და უფრო მეტიც, სამსახურებრივი პირადობის მოწმობა ნებაყოფლობით დააბრუნა 2018 წლის 28 მარტს.
ამდენად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის N----- ბრძანება, მ--–------------იას დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვინაიდან მის საფუძველს წარმოადგენდა მოსამსახურის პირადი განცხადება -პატაკი, რომლის შედგენის დროსაც იძულებას ადგილი არ ჰქონია.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის მიხედვით, თანამშრომლის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. კადრების განკარგულებაში მყოფ თანამშრომელს პირველი ორი თვის განმავლობაში ეძლევა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე ან ამოირიცხოს სამსახურის პირადი შემადგენლობიდან.
ამასთან, მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას. მე-3 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. სამსახურის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში პირი ამოირიცხება სამსახურის პირადი შემადგენლობიდან.
ამდენად, ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ პირი კადრების განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ 4 თვის განმავლობაში არ დაინიშნება თანამდებობაზე, იგი უნდა ამოირიცხოს სამსახურის პირადი შემადგენლობიდან. დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ მ--–------------ია კადრების განკარგულებაში აყვანილი იქნა 2018 წლის 22 მარტიდან და 4 თვის განმავლობაში იგი არ დანიშნულა თანამდებობაზე. სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან მ--–------------იას კადრების განყოფილებაში გადაყვანილი იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით, 2018 წლის 23 ივლისიდან სახეზე იყო მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი, რაც განხორციელდა კიდეც.
განსახილველ შემთხვევაში, მ--–------------იამ განცხადების წარდგენით გამოხატა ნება კადრების განყოფილებაში გადაყვანის შესახებ, რაზეც საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული იქნა შესაბამისი ბრძანება 2018 წლის 26 მარტს. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტი კადრების განკარგულებაში ყოფნის დროდ განსაზღვრავს მხოლოდ ოთხ თვეს და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი კადრების განკარგულებაში მყოფი მისი თანამშრომელი ოთხთვიანი ვადის გასვლის შემდგომ სამართლებრივად დაუქვემდებაროს იგივე მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, უნდა გამოიცეს შესაბამისი ბრძანება მისი კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის - 2018 წლის 23 ივლისისათვის გასული იყო კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი ვადა. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი უფლებამოსილი არ იყო გამოეცა სხვაგვარი შინაარსის ბრძანება მ--–------------იას მიმართ, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა სხვაგვარი სამართლებრივი მოწესრიგების შესაძლებლობას.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს საქმეში დაფიქსირებული განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მოპასუხე მხარის - ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 26 მარტის №----- და 2018 წლის 23 ივლისის №----- ბრძანებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ასევე, განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
საქმის მასალების თანახმად, მ--–------------იას სარჩელზე გ--------------ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოსარჩელე მ--–------------იას უნდა დაუბრუნდეს გ--------------ის მიერ 2018 წლის 8 ივნისს ს---------------–-“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22.
7.2. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ 2018 წლის 1 ივნისის №-- ხელშეკრულება (ს.ფ. 144-147) და საბანკო ამონაწერები ((ს.ფ. 148-149), რომლითაც დგინდება, რომ მ--–------------იამ შპს ქ--------–----–ის (წარმოდგენილი მისი დირექტორის გ--------------ის სახით) ანგარიშზე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წინააღმდეგ შრომისსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავაში წარმომადგენლობისათვის ჩაურიცხა თანხა 1500 (ერთიათასხუთასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არის უსაფუძვლო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--–------------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. მოსარჩელე მ--–------------იას დაუბრუნდეს გ--------------ის მიერ 2018 წლის 8 ივნისს ს---------------–-“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე