გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002449656
№2/474 -2018წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი, ზურაბ ფოცხვერაშვილი
მოსარჩელე: ნ-------- გ--------;
წარმომადგენელი: ს-------- კ-------;
მოპასუხე: ქ------- ნ------–---–--
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ქ------- ნ------–---–- ნ-------- გ--------- სასარგებლოდ დაეკისროს 2 000 ლარისა და 200 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
2015 წელს ქ------- ნ------–---–- გადასცა სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთები (საბნები, თეთრეული ) 2500 ლარის ღირებულების და 200 აშშ დოლარის ღირებულების ქალის ჩექმები. ქ------- ნ------–---–- აღნიშნული ნივთები უნდა გაეყიდა და თანხა მისთვის მიეცა. მითითებული თანხიდან 2000 ლარი და 200 აშშ დოლარი უნდა გადაეცა მოსარჩელისათვის, ხოლო 500 ლარი თავად უნდა დაეტოვებინა. ქ------- ნ------–---–-- შეთანხმება არ შეასრულა, რის თაობაზეც არაერთხელ მიმართა პოლიციის ორგანოებს, თუმცა მოპასუხე დღემდე არ აძლევს თანხას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. განმარტა, რომ ნ-------- გ--------მ მას ნამდვილად გადასცა 250 ლარის ღირებულების საოჯახო ნივთები- 1. ცალი საზაფხულო საბანი და მეორადი საქონელი (ტანსაცმელი). აქედან გაყიდა მხოლოდ 150 ლარის ღირებულების საქონელი და ფული გადასცა მოსარჩელეს, დანარჩენი საქონელი დაობდა, გაფუჭდა და გადაყარა. რაც შეეხება ქალის ჩექმას, ის ნ-------- გ--------მ მას აჩუქა, რომელიც მის შვილს ეცვა. თუმცა იქნებოდა 50 ლარის ღირებულების და აღნიშნულ თანხას მოსარჩელეს აუნაზღაურებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2015 წელს ნ-------- გ--------მ ქ------- ნ------–---–- გადასცა საოჯახო ნივთები 3 ცალი საზაფხულო საბანი, 3 ცალი ადიელა და სხვადასხვა სახის მეორადი ტანსაცმელი, რომელიც უნდა გაეყიდა ქ------- ნ------–---–- და თანხა მიეცა მოსარჩელისათვის. საქონელი სულ 250 ლარის ღირებულების იყო. აღნიშნულ ნივთებთან ერთად ნ-------- გ--------მ ქ------- ნ------–---–- ასევე გადასცა 50 ლარის ღირებულების ქალის ერთი წყვილი შავი ფერის ჩექმა.
სასამართლო დაეყრდნო შესაგებელს, მოპასუხის ახსნა-განმარტებას, ნაწილობრივ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, მოწმე თ---------- ნ------–---–-- ჩვენებას, გამოძიებისას ქ------- ნ------–---–-- მიერ მიცემულ ჩვენებას.
3.2. ქ------- ნ------–---–-- გაყიდა მხოლოდ 150 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც 60 ლარი მ-----–- მ------–---–-- მეშვეობით გადასცა ნ-------- გ--------ს, ხოლო დარჩენილი საქონელი, რომელიც არ გაიყიდა, მოგვიანებით გადაყარა.
სასამართლო დაეყრდნო ნაწილობრივ მოპასუხის ახსნა-განმარტებას, მოწმე მ-----–- მ------–---–-- ჩვენებას.
3.3. ერთი წყვილი ქალის შავი ფერის ჩექმა ქ------- ნ------–---–-- აჩუქა თავის შვილს.
სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა-განმარტებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-------- გ--------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები (და სამართლის სხვა წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე,131-ე, 132-ე მუხლებით; სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 709-ე, 710-ე მუხლებით; ,,მეწარმეთა კანონის’’ მე-11 მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
_ ნ. გ--------- სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა სასამართლომ შეამოწმა, როგორც გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
ამავე კოდექსის 710-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
,,მეწარმეთა კანონის’’ მე-11 მუხლის თანახმად, საწარმოს ურთიერთობები სავაჭრო წარმომადგენელთან, დამოუკიდებელ მოვაჭრესთან და კომისიონერთან რეგულირდება მათთან დადებული ხელშეკრულებით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ურთიერთობა წარმოადგენს დავალების ხელშეკრულების ერთ-ერთ ნაირსახეს, რომელიც იურიდიულ ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკაში კომისიის ხელშეკრულების სახით მოიხსენიება და ძალიან გავრცელებულია ჩვენს სინამდვილეში. აღნიშნული ხელშეკრულებით, კომისიონერი იღებს ვალდებულებას შეასრულოს კომიტენტის დავალებით ხელშეკრულებით დათქმული მოქმედება - სავაჭრო ღონისძიება, გასამრჯელოს მიღების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დაიდო სწორედ აღნიშნული ტიპის ზეპირი ხელშეკრულება, რომლითაც ნ-------- გ--------მ ქ------- ნ------–---–- დაავალა გარკვეული სავაჭრო ღონისძიებების განხორციელება - ნივთების გაყიდვა, ანაზღაურების სანაცვლოდ. კერძოდ, ქ------- ნ------–---–- უნდა გაეყიდა მოსარჩელის კუთვნილი ნივთები, მიღებული თანხა უნდა გადაეცა მისთვის და ასევე გაწეული სამსახურისათვის თავისთვისაც უნდა დაეტოვებინა თანხა, ანუ მიეღო ანაზღაურება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასარჩელო მოთხოვნიდან მოპასუხემ ქალის ჩექმების ღირებულების - 50 ლარის ფარგლებში ცნო სარჩელი და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება, (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებსთავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას ამავე კოდექსის 132-ემუხლის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობა ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. ზეპირი აღიარება აღინიშნება სასამართლო სხდომის ოქმში.
ფაქტის აღიარება არის მხარეთა ახსნა-განმარტების ერთ-ერთი სახესხვაობა – მტკიცებულება, რომლითაც ხდება ისეთი ფაქტის დადასტურება, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს, ანუ ერთი მხარე ახსნა-განმარტების დროს აღიარებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც უნდა დაედასტურებინა მის მოწინააღმდეგე მხარეს. ასეთი აღიარება (ახსნა-განმარტება) მხარეს შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს შესაგებელში, წერილობით პასუხში, განცხადებაში ან სასამართლო სხდომაზე ზეპირი ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევისა და მოპასუხის მიერ გარკვეული ფაქტების აღიარების შედეგად, საქმეზე დადგინდა, რომ 2015 წელს ნ-------- გ--------მ ქ------- ნ------–---–- გადასცა საოჯახო ნივთები და სხვადასხვა სახის მეორადი ტანსაცმელი, რომელიც უნდა გაეყიდა ქ------- ნ------–---–- და თანხა მიეცა მოსარჩელისათვის. საქონელი სულ 250 ლარის ღირებულების იყო.
დადგენილია ასევე, რომ ქ------- ნ------–---–-- გაყიდა მხოლოდ 150 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც 60 ლარი მ-----–- მ------–---–-- მეშვეობით გადასცა ნ-------- გ--------ს, ხოლო დარჩენილი საქონელი, რომელიც არ გაიყიდა, მოგვიანებით გადაყარა.
დადგენილია ასევე, რომ ქ------- ნ------–---–- ნ-------- გ---------ათვის 250 ლარიდან არ აუნაზღაურებია 190 ლარი.
6.5. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
კონკრეტულად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ“ (იხ. სუსგ №ას-142-136-2012, 5 ნოემბერი, 2012 წელი).
აღსანიშნავია, ასევე, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, იმ პირობებში, როცა მას უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებულად ცნობისათვის საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რადგან ამავე კოდექსის მე-4-მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რადგან მას მოპასუხე არ დაეთანხმა. ასეთ პირობებში მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, სხვა მტკიცებულებების გარეშე, სადავო გარემოების დადგენილად ცნობისათვის ვერ გამოდგება და მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ვერ დაძლევს იმ ტვირთს, რაც მტკიცებას უკავშირდება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და სასამართლო განხილვის შედეგად, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რაზეც ამყარებს თავის სარჩელს, სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ ქ------- ნ------–---–- გასაყიდად გადასცა 2500 ლარის ღირებულების საქონელი და 200 აშშ დოლარის ღირებულების ჩექმა. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები კონკრეტულად რა რაოდენობის და რა სახის ნივთები გადასცა მოპასუხეს და რა ღირებულების იყო თითოეული მათგანი, ან ჯამში ისინი, ხოლო მოპასუხემ აღიარა, რომ გადაცემული ნივთები იყო სულ 250 ლარის ღირებულების, ხოლო ქალის ჩექმა- 50 ლარის. თავის მხრივ, ვერც ქ------- ნ------–---–-- მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ნ-------- გ---------ათვის 150 ლარის ანაზღაურების ფაქტი, მოწმე მ-----–- მ------–---–-- ჩვენებით კი დადგინდა, რომ ქ------- ნ------–---–-- ნ-------- გ--------ს გაყიდული საქონლის თანხიდან მ-----–- მ------–---–-- მეშვეობით გადასცა მხოლოდ 60 ლარი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი გარემოებებისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე ნ-------- გ--------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქ------- ნ------–---–- ნ-------- გ--------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 250 ლარიდან 190 ლარისა და ჩექმების ღირებულების 50 ლარის, სულ 240 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
აღნიშნული ნორმების საფუძველზე მოსარჩელე ნ-------- გ--------, როგორც სოციალურად დაუცველი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო ქ------- ნ------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 190 ლარის შესაბამისი ბაჟის 5 ლარისა და 60 თეთრის გადახდა (50 ლარის ნაწილში, მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე ცნო მოთხოვნა). ასევე, მასვე ნ-------- გ--------- სასარგებლოდ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ადვოკატის ხარჯის 9 ლარისა და 60 თეთრის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მოსარჩელე ნ-------- გ--------- (პ/ნ------------ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ქ------- ნ------–---–- (პ/ნ 3----------) ნ-------- გ--------- (პ/ნ------------ სასარგებლოდ დაეკისროს 240 (ორას ორმოცი) ლარის გადახდა.
3. ნ-------- გ--------ს (პ/ნ------------ უარი ეთქვას მოპასუხეზე 1760 (ათას შვიდას სამოცი) ლარის და 200 (ორასი) აშშ დოლარის დაკისრებაზე.
4. მოპასუხე ქ------- ნ------–---–- (პ/ნ 3----------) ნ-------- გ--------- (პ/ნ------------ სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის ხარჯის 9 (ცხრა) ლარისა და 60 (სამოცი) თეთრის ანაზღაურება.
5. ქ------- ნ------–---–- (პ/ნ 3----------) ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის 5 (ხუთი) ლარისა და 70 (სამოცდაათი) თეთრის გადახდა. (კოდი 3----------
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა ნიკურაძე