გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2019
საქმის ნომერი
330310018002728515
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7235-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

მოსარჩელე - ხ----------------–---–ი

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რ---------------–-----ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 1 ნოემბრის №M---------------- გადაწყვეტილება მ------------–---–--------–-----------------–-------–----------------იის მიერ ხ----------------–---–ის სახელზე გაცემული №---------- დიპლომის მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ------------–---–--------–-----------------–-------–----------------იის მიერ ხ----------------–---–ის სახელზე გაცემული №---------- დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იხ. 15.01.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 12:38:38).

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) ს----–-–-----------------–-----------------------–----ის თანახმად, მ------------–---–--------–-----------------–-------–----------------იამ გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია ვაკის რაიონის გამგეობაში - 1----–-–---------–--ს. აკადემიის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მ-------–------------------------------ის მომზადება. აკადემიის წესდების II თავით განსაზღვრული იყო ხ--–----------------იის საქმიანობა. აღნიშნული თავის მე-3 პუნქტის თანახმად, აკადემიაში ჩარიცხვის უფლება ჰქონდათ სამუშაო სტაჟის მქონე პირებს (განურჩევლად ასაკისა) და ასევე მაღალმთიანი რაიონების წარმომადგენლებს, ხოლო მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველას, ვისაც ჰქონდა საშუალო სპეციალური განათლება. ამავე თავის მე-12 პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ 3 წლიანი სწავლების შემდეგ მსმენელებს უნდა ჩაებარებინათ სახელმწიფო გამოცდები და დაეცვათ დიპლომები (ს---–---------–------------------------------------–-----–---–ი). წესდების თანახმად, ხ--–----------------იის აღმოცენების მიზეზი და მისი არსებობის მთავარი ამოცანა იყო აღზრდილიყო მაღალკვალიფიციური ხელოვნების მუშაკები, რომელთაც ექნებოდათ სრული თეორიული და აუცილებელი პრაქტიკული ცოდნა, რაც ხელს შეუწყობდა პროფესიონალიზმის ამაღლებას მთელი რესპუბლიკის მასშტაბით. ამავე წესდების დასკვნითი ნაწილის თანახმად, მსმენელი, რომელიც ჩააბარებდა სახელმწიფო გამოცდებს და დაიცავდა დიპლომს, მიენიჭებოდა უმაღლეს-დამთავრებული ხელოვნების მაგისტრის მაღალი კვალიფიკაცია, ხოლო რომლებიც მიიღებდნენ წარჩინებულ დიპლომს, ეძლეოდათ უფლება ჩაებარებინათ ასპირანტურაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) ს----–-–-----------------–-----------------–----------- (ს.ფ. 38);

- მ------------–---–--------–-----------------–-------–----------------იის წესდება (ს.ფ. 24-37).

 

3.1.2. დადგენილია, რომ ს------------------------–---–----–ის მიერ ხ----------------–---–ის სახელზე გაიცა E----------- დიპლომი, რომლის თანახმადაც, ხ----------------–---–ი 1984 წელს შევიდა ს------------------------–---–----–ში, 1988 წელს დაამთავრა სასწავლებლის სრული კურსი ფ------------------–---–---ით და სახელწიფო საკვალიფილაციო კომისიის 1988 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ხ----------------–---–ს მიენიჭა ს---------------–-–----------------------------------------–--------------ის კვალიფიკაცია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-დიპლომი E----------- (ს.ფ. 21).

 

3.1.3. დადგენილია, რომ მ------------–---–--------–-----------------–-------–----------------იის მიერ, 1994 წლის 6 ოქტომბერს ხ----------------–---–ის სახელზე გაიცა №---------- (ს------------–--------) დიპლომი, რომლის თანახმადაც, ხ----------------–---–ი 1991 წელს შევიდა მ------------–---–--------–-----------------–-------–----------------იაში და 1994 წელს დაამთავრა ხ--–----------------იის სრული კურსი, ფ------------------–---–---ით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1994 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა პედაგოგის, კონცერტმეისტერის და ანსამბლისტის კვალიფიკაცია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 1994 წლის 6 ოქტომბრის №---------- (ს------------–--------) დიპლომი (ს.ფ. 85).

 

3.1.4. 2018 წლის 3 ოქტომბერს ხ----------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მ------------–---–--------–-----------------–-------–----------------იის მიერ, ხ----------------–---–ის სახელზე გაცემული №---------- (ს------------–--------) დიპლომის მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 3 ოქტომბრის განცხადება თანდართული მასალით (ს.ფ. 78-83).

 

3.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2018 წლის 1 ნოემბერს მიღებული იქნა №M---------------- გადაწყვეტილება, რომლითაც ცენტრმა დაადასტურა უმაღლესი განათლების №---------- დიპლომის ნამდვილობა. ამასთან, ცენტრმა მიუთითა, რომ ხ----------------–---–ის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდებოდა მხოლოდ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 1 ნოემბრის №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 110-111).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ხ----------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 1 ნოემბრის №M---------------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას - უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ უნდა იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

 

ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით განმტკიცებულია განათლების მიღების უფლება და შესაბამისად, აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოთა მხრიდან. მოცემული დებულებები უთითებს პირის მიერ მიღებული განათლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, რეალიზების და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

 

6.3. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის 1 ნოემბრის №M---------------- გადაწყვეტილებით დაადასტურა უმაღლესი განათლების №---------- დიპლომის ნამდვილობა. ამასთან, ცენტრმა მიუთითა, რომ ხ----------------–---–ის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდებოდა მხოლოდ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ 2004 წლის საქართველოს კანონით განისაზღვრა უმაღლესი განათლების საფეხურთა განსხვავებული კლასიფიკაცია, განსხვავებით მანამდე მოქმედი სისტემისა, რამაც დღის წესრიგში დააყენა აღნიშნულ სისტემაზე გადასვლამდე მიღებული განათლების გათანაბრების საკითხის დადგენა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ 2004 წლის საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სწავლების საფეხურებია: ა) ბაკალავრიატი – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს სამ წელიწადზე ნაკლები და ოთხ წელიწადზე მეტი; ბ) მაგისტრატურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს ორ წელიწადზე ნაკლები; გ) დოქტორანტურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს სამ წელიწადზე ნაკლები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სახელზე დიპლომის გაცემით დადასტურებულია სასწავლო გეგმის, პროგრამის შესაბამისობა იმ პერიოდში სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ გაიარა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.

ამასთან, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლზეც, რომლის მე-8 პუნქტის თანახმად, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან (კანონში ცვლილება შესულია 2005 წლის 13 მაისს).

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული სამართლებრივი ნორმის განსახილველ ურთიერთობაზე გავრცელებით, მოხდება დასრულებულ ურთიერთობაზე ამჟამად მოქმედი კანონის გავრცელება, რაც დამდგარი სამართლებრივი შედეგის შეცვლას და მოსარჩელის საუარესოდ მის შემობრუნებას გამოიწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონს არ აქვს უკუძალა. ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ კანონში. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. კანონის უკუძალის აკრძალვა, კანონთა დროში მოქმედების ერთ-ერთი განმსაზღვრელი გარემოებაა და ამით მოქალაქე დაცულია სამართლის ნეგატიური ზემოქმედებისგან. კანონის დროში ასეთი წესით მოქმედების პრინციპის მთავარი მიზანი, დანიშნულება არის კანონის განსაზღვრულობის უზრუნველყოფა, რაც გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან, პირს კანონის მიხედვით უნდა შეეძლოს მისი განჭვრეტა, იმისათვის რომ შეძლოს თავიდან აიცილოს უარყოფითი სამართლებრივი შედეგი. უკუძალის აკრძალვის პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმა, რომელიც აშკარად აუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას, ვერ გავრცელდება მოსარჩელის მიმართ 1994 წელს გაცემულ დიპლომზე, რომლის მიმართაც მას გააჩნდა კანონიერი ნდობა.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მ------------–---–--------–-----------------–-------–----------------იის წესდების II თავის მე-12 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრული იყო, რომ 3 წლიანი სწავლების შემდეგ მსმენელებს უნდა ჩაებარებინათ სახელმწიფო გამოცდები და დაეცვათ დიპლომები (ს---–---------–------------------------------------–-----–---–ი). ამავე წესდების დასკვნითი ნაწილის თანახმად, მსმენელი, რომელიც ჩააბარებდა სახელმწიფო გამოცდებს და დაიცავდა დიპლომს, მიენიჭებოდა უმაღლეს-დამთავრებული ხელოვნების მაგისტრის მაღალი კვალიფიკაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ----------------–---–მა დაამთავრა ხ--–----------------იის სრული კურსი ფ------------------–---–---ით, მას მიენიჭა პედაგოგის, კონცერტმეისტერის და ანსამბლისტის კვალიფიკაცია, რის შემდეგაც მ------------–---–--------–-----------------–-------–----------------იის მიერ მასზე გაიცა №---------- დიპლომი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „გ“ პუნქტი ადგენს, რომ უმაღლესი განათლების ერთ-ერთ ძირათად მიზანს წარმოადგენს პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის. ამდენად, უმაღლესი განათლების მიზანი - კვალიფიკაცია - მოსარჩელესთან მიმართებაში დადასტურებულია, მის მიერ წარმატებითაა დაძლეული შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მიღებისათვის დადგენილი პროგრამა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 1 ნოემბრის №M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ხ----------------–---–ის სახელზე გაცემული №---------- დიპლომის მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებაზე უარის თქმის ნაწილში და დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ------------–---–--------–-----------------–-------–----------------იის მიერ 1994 წელს ხ----------------–---–ის სახელზე გაცემული დიპლომის №---------- (ს------------–--------) მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხ----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 1 ნოემბრის №M---------------- გადატყვეტილება ხ----------------–---–ის სახელზე გაცემული №---------- დიპლომის მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

3. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ------------–---–--------–-----------------–-------–----------------იის მიერ ხ----------------–---–ის სახელზე გაცემული №---------- დიპლომის (ს------------–--------) მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ;

 

4. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს, ხ----------------–---–ის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე