გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2019
საქმის ნომერი
270210018002514684
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270210018002514684 (2/118-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

მოსარჩელე - შპს ,,პრო--–-------------------------ო’’ (შპს ,,მ----ო’’-ს უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - ეკა--------------–--ლი

 

მოპასუხე - თე--------ვა

წარმომადგენელი - ან–--–----------ვა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე თე--------ვასათვის მოსარჩელე შპს ,,პრო--–-------------------------ოს’’ სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 544,77 ლარის და პირგასამტეხლოს - 261,33 ლარის დაკისრება (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 24.01.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, რადგან თვლის, რომ მას დავალიანება გადახდილი აქვს (იხ. შესაგებელი, 21.02.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.1. 06.03.2017 წელს შპს ,,მ----ოსა’’ (უფლებამონაცვლე - შპს ,,პრო--–-------------------------ო’’) და მოპასუხე თე--------ვას შორის დაიდო ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო სესხი 550 ლარის ოდენობით, რაც სრულად იქნა ათვისებული მოპასუხის მიერ. კრედიტის გადახდის ვადად განისაზღვრა 30 დღე. სესხის ძირი თანხა - 400 ლარი უნდა გადახდილიყო სესხის ვადის ბოლო დღეს.

 

ხელშეკრულების 1.12 მუხლის მიხედვით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სესხის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო ძირი თანხის 1,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 14);

-ელექტრონული განაცხადი და ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 26-27);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 21.02.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.2.სადავო ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 465 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 21.02.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი 465 ლარი არის მხოლოდ პირგასამტეხლო და მიიჩნევს, რომ მითითებული თანხიდან 309,77 ლარი წარმოადგენს ძირ თანხას, ხოლო 155,23 ლარი არის პირგასამტეხლო. გამომდინარე აქედან, დარჩენილია ძირითადი დავალიანება 235 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი და შესაგებელი;

-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 14);

-ელექტრონული განაცხადი და ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 26-27);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 21.02.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სწორედ აღნიშნულ, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა, რომლითაც მათ შორის განისაზღვრა ხელშეკრულების პირობები, უფლება-მოვალეობანი.

 

6.2.სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო იმავე კოდექსის მე-400 მუხლით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სახელშეკრულებო ურთიერთობა ანუ ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და რომ დადგა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს საწინააღმდეგო ფაქტების დადასტურება, კერძოდ, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობს ან არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. აქვე სადავო სამართალურთიერთობის გათვალისწინებით, სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლს, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ისე საგადახდო დავალებით, ელექტრონული განაცხადით დადგენილია, რომ 2017 წლის 06 მარტს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე თე--------ვამ მოსარჩელისაგან მიიღო სესხი - 550 ლარი, რაც უნდა დაებრუნებინა 30 დღეში - 2017 წლის 05 აპრილის ჩათვლით.

 

მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხის გადახდის პირობაზე.

 

ამრიგად, ხელშეკრულებაზე ელექტრონული თანხმობით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, გადაიხადოს ძირი თანხა, რაც მოპასუხის მხრიდან ნაწილობრივ შესრულებულია. კერძოდ, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო თანხა 465 ლარის ოდენობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 45,62 %-ს, ხოლო წელიწადში 547,5 %-ს, რის გამოც იგი ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს, სასამართლო თვლის, რომ 465 ლარიდან ძირი თანხის ოდენობის მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობა იქნება 155,23 ლარი, შესაბამისად, დარჩენილი თანხა - 309,77 ლარი მიჩნეულ უნდა იქნეს ძირ თანხად. ამრიგად, მოპასუხეს გადასახდელი რჩება მხოლოდ ძირი თანხა 235 ლარი (544,77-309,77=235).

 

6.3.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 03 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო დავის საგნის ღირებულება შეადგენს 900 ლარს, თუმცა ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს მაგისტრატის მოსამართლის განსჯადს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის მინიმალურ ოდენობად უნდა განისაზღვროს 50 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.2.რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული მომსახურებისათვის გათვალისწინებული საფასურის - 100 ლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ, რის შესახებაც სარჩელს ერთვის გადახდის ქვითარი, ამ კუთხით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაასაბუთებს, რომ ეს ხარჯები ფაქტობრივად და უდავოდ გასწია და რომ ეს თანხა გონივრული იყო (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Nilsen and Johnsen v. Norway [GC], no. 23118/93, §62, ECHR 1999-VIII, შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 53-ე მუხლის მე-3 წინადადების მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. გამომდინარე აქედან, კანონმდებლის მიერ ქონებრივ დავაზე დადგენილია იურიდიული მომსახურების ხარჯის გონივრული ოდენობა პროცენტული მაჩვენებლით. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხისაგან უნდა აუნაზღაურდეს მითითებული ხარჯი დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე - 24,20 ლარის ოდენობით.

 

8.გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი

 

8.1.წინამდებარე გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება.

 

აღნიშნული კოდექსის 365-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ნორმას შინაარსობრივად ავსებს მითითებული ნორმატიული აქტის 2571 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ იმ საქმეებზე, რომლებზედაც სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება, მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ამასთანავე, განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს, რაც ცვლის გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებს. მოსამართლის განმარტება აისახება სასამართლო სხდომის ოქმში. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული არ არის, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

აღნიშნული ნორმები ცხადყოფენ, რომ რამდენადაც შპს ,,ემას კრედიტი’’-ს სარჩელზე ქონებრივ-სამართლებრივი დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, წინამდებარე გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შევიდა ძალაში და იგი არ საჩივრდება. ამის მიუხედავად, 2571 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გამოეტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.მოპასუხე თე--------ვას მოსარჩელე შპს ,,პრო--–-------------------------ო’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 235 ლარის გადახდა;

 

3.მოპასუხე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 24,20 ლარის ანაზღაურება;

 

4.გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა