გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
010210117001873937
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117001873937

№2-1088/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე მ-------------------ი

წარმომადგენელი კ----------------------–---–-

მოსარჩელე ვ-–---------–---------ი

წარმომადგენელი კ----------------------–---–-

მოპასუხე მ-------------–--ე

წარმომადგენელი თ----------

დავის საგანი მოქმედების დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 დავალდებულდეს მოპასუხე მ-------------–--ე მხარეებს შორის დადებული შეთანხმების და ბეს გადახდის საფუძველზე ბინის ღირებულების სრულად გადახდის სანაცვლოდ მიყიდოს მოსარჩელეებს მ-------------------ს და ვ-–---------–---------ს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქობულეთი, მ. ა--–---- ქN6, ბინა N16-ში (ს/კ N 20.12.03.129.01.0---.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მოითხოვს მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. ქობულეთი, მ. ა--–---- ქN6, ბინა N16-ში (ს/კ N 20.12.03.129.01.0--- მდებარე უძრავი ქონება 2014 წლის 25 დეკემბრიდან ირიცხება მოპასუხე მ-------------–--ის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ქობულეთი, მ. ა--–---- ქN6, ბინა N16-ში მდებარე უძრავი ქონება თავდაპირველად წარმოადგენდა მოსარჩელეთა საკუთრებას. აღნიშნული უძრავი ქონება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 12 დეკემბრის განკარგულებით აუქციონის წესით შეიძინა მოპასუხე მ-------------–--ემ და აღნიშნულის შემდეგ სადაო უძრავი ქონება ირიცხება მ-------------–--ის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სადაო ფართი საჯარო რეესტრის მონაცემებით 2014 წლის 25 დეკემბრიდან ირიცხებოდა მ-------------–--ის საკუთრებაში, ბინაში ცხოვრებას აგრძელებდნენ მოსარჩელეები და ნებაყოფილობით არ ათავისუფლებდნენ მას, რის გამოც მ-------------–--ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქ. ქობულეთი, მ. ა--–---- ქN6, ბინა N16-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ვ-–---------–---------ის და მ-------------------ის გამოსახლება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-------------–--ის სასარჩელო მოთხოვნა, მ-------------------ი და ვ-–---------–---------ი გამოსახლებული იქნენ ქ. ქობულეთი, მ. ა--–---- ქ№6, ბინა №16-დან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №20.12.03.129.01.0--- და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელე მ-------------–--ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის N2-1735/15 გადაწყვეტილება.

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის არსებოდა შეთანხმება სადაო უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებით და ამისათვის მათ მიერ გადახდილი იქნა „ბე“ მოპასუხე მ-------------–--ისათვის.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანაწესზე,რომლის თანახმადაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი არ დასტურდება, რომ მხარეებს შორის არსებობდა რაიმე შეთანხმება და მოსარჩელეების მიერ გადახდილი იყო „ბე“ უძრავი ქონების ნასყიდობისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------------------ის და ვ-–---------–---------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 170-ე, 327-ე, 477-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მხარეებს შორის არსებოდა შეთანხმება სადაო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე, მოპასუხე კი გამარტავს, რომ მსგავსი შეთანხმება მხარეებს შორის არ არსებობდა და მას არანაირი პირობა არ დაურღვევია.

 

ამდენად დადგენილია, რომ მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს იძლევიან. სასამართლო გაიზიარებს მხოლოდ იმ პირის არგუმენტებს, რომელიც მტკიცებულებების ფონზე დაატკიცებს ფაქტის არსებობას. სასამართლო განმარტავს, რომ გარკვეული ფაქტების არსებობა უნდა დგინდებოდეს მტკიცებულებათა ანალიზით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სათანადო შეფასება და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიენიჭოს დადგენილი ფაქტების სტატუსი. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, საკუთარ პოზიციას აგებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა შეფასებამდე სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რომელი მხარის მტკიცების საგანში შედის სარჩელში და შესაგებელში აღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომელი მხარის ვალდებულებაა დაამტკიცოს სადავო ფაქტები ანუ ვისკენაა მტკიცების ტვირთი. აღნიშნული საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ სადავო სამართალურთიერთობას არეგულირებენ. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი არ დასტურდება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე შეთანხმების ფაქტი.

6.2. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელეების მოთხოვნას მოპასუხის დავალდებულების თაობაზე ღირებულების სრულად გადახდის სანაცვლოდ მიყიდოს მათ უძრავი ქონება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის დანაწესზე და განმარტავს, რომ გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის დავალდებულებას დადოს მასთან გარიგება, რომლის დადების თაობაზეც მოპასუხეს არანაირი ნება არ გამოუხატავს და უფრო მეტიც, წინააღმდეგია. დადგენილია, რომ მხარეებს შორის არანაირი შეთანხმება სადაო უძრავი ქონების მიყიდვის თაობაზე არ არსებობს, მოპასუხე მ-------------–--ე კი არის სადაო უძრავი ქონების მესაკუთრე, საკუთრების უფლება კი ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მესაკუთრე არ არის თანახმა გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული ქონება, შესაბამისად არავის არა აქვს უფლება მისი ნების გარეშე განკარგოს მისი საკუთრება.

 

6.3. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მათ მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება, ამიტომ არ არსებობს მათი სარჩელის დაკმაყოფილების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მ-------------------ს და ვ-–---------–---------ს უარი უნდა ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელეთა მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელეებს მ-------------------ს და ვ-–---------–---------ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ ზ/აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებიც, კერძოდ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის N88 უზრ-17 განჩინება, რომლითაც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მ-------------–--ეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქობულეთი, მ. ა--–---- ქუჩა N6, ბინა N16-ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №20.12.03.129.01.0--- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს მ-------------------ის და ვლადიმერ შინაროვის სასარჩელო მოთხოვნა.

 

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის N88 უზრ-17 განჩინება, რომლითაც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მ-------------–--ეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქობულეთი, მ. ა--–---- ქუჩა N6, ბინა N16-ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №20.12.03.129.01.0--- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე