გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2019
საქმის ნომერი
080210018002528215
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002528215

#2/2252-18საქმე

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.01.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ს-----------------ე;

წარმომადგენელი- დ-------------ე;

მოპასუხე - სს თ----------ი;

წარმომადგენელი - კ------------ე, თ---------------ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე სს თ----------ს - ს-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 8554 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას: ს-----------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–---------–-–---–თან. მეუღლემ ი-----–---------–-–---–მა 2015 წლის 08 იანვარს სს თ----------ის ქუთაისის ფილიალში ანაბრის სახით შეიტანა 120000 აშშ დოლარი. 2015 წლის 23 იანვარს ი-----–---------–-–---–ი გარდაიცვალა, რომელსაც დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა- ი-------------–-–--ლი და მეუღლე- ს-----------------ე, რომლებზეც გაიცა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2015 წლის 27 აპრილს განცხადებით მიმართა სს თ----------ის ქუთაისის ფილიალს და მოითხოვა მეუღლის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა. სს თ----------ის ქუთაისის ფილიალის 2015 წლის 28 აპრილის წერილით მას უარი ეთქვა თანხის გატანაზე იმ საფუძვლით, რომ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობის მიხედვით ის წარმოადგენდა მხოლოდ სამკვიდროს მმართველს და მამკვიდრებლის თანხის განკარგვის უფლებამოსილება შეზღუდული ჰქონდა აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრული პირობებითა მიზნობრიობით.

მოსარჩელმ აღნიშნა, რომ 2015 წლის 28 ივლისს მიიღო სამკვიდრო მოწმობა. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 2015 წლის 29 ივლისს მოითხოვა ანაბრიდან თანხის გატანა, თუმცა სს თ----------ის ქუთაისის ფილიალის 2015 წლის 31 ივლისის წერილით უარი ეთქვა თანხის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ 2015 წლის 7 თებერვალს ბანკს მიმართა ი-------------–-–--ლმა, რომელმაც წარადგინა მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარმოდგენის შესახებ. ი-------------–-–--ლმა მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯებისა და მამკვიდრებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულების (ადვოკატის მიმართ) დაფარვის საფუძვლით მოითხოვა თანხის გატანა. ი-------------–-–--ლის მიერ მამკვიდრებლის ქონება 11407,56 აშშ დოლარი გატანილი იქნა 2015 წლის 07 თებერვალს.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სს თ----------ის ქუთაისის ფილიალის ქმედება არის უკანონო, რადგან ზუსტად იგივე უფლებები ჰქონდა სამკვიდრო ქონებაზე ი-------------–-–--ლს, როგორც მოსარჩელეს, თუმცა ამის მიუხედავად სს თ----------მა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობით, სამკვიდროს მთლიანი თანხა გადასცა ი-------------–-–--ლს, ხოლო მოსარჩელეს აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ანაბრის ოდენობაც კი არ აცნობა. აღნიშნული ქმედებით მოპასუხემ მიაყენა მატერიალური ზიანი და საერთოდ ვერ მიიღო სამკვიდრო ქონება, კერძოდ, მეუღლის სახელზე არსებული ანაბარის ის ნაწილი რომელიც კანონით ეკუთვნოდა. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს თ----------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 03 თებერვლის სამკვიდროს მიღების განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობის თანახმად, ს-----------------ეს სრულად არ შეუძენია მამკვიდრებლის უფლებები, მათ შორის არც მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანის უფლება, იგი წარმოადგენდა მხოლოდ სამკვიდროს მმართველს და მამკვიდრებლის თანხის განკარგვის უფლებამოსილება შეზღუდული ჰქონდა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის მოწმობით განსაზღვრული პირობებითა და მიზნობრიობით. 2015 წლის 27 აპრილს ს-----------------ემ განცხადებით მიმართა ბანკს და მოითხოვა გარდაცვლილი ი-----–---------–-–---–ის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა, როგორც მემკვიდრემ ყოველგვარი დასაბუთებისა და სამკვიდროს მიღების განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობით განსაზღვრული უფლებების მითითების გარეშე. ბანკს არ ჰქონდა უფლებამოსილება თანხა გადაეცა ს-----------------ისათვის, რადგან მას მამკვიდრებლის თანხის განკარგვის უფლებამოსილება შეზღული ჰქონდა. 2015 წლის 07 თებერვალს ბანკს დასაბუთებული მოთხოვნა წარუდგინა გარდაცვლილის მემკვიდრემ- დედამ ი-------------–-–--ლმა მამკვიდრებლის ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის თაობაზე, განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა მას ესაჭიროებოდა გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებისა და ხელშეკრულებით შესრულებული ვალდებულების (ადვოკატის მიმართ) დასაფარავად, ბანკს არ ჰქონდა უფლებამოსილება უარი ეთქვა მასზე თანხის გაცემაზე. სამკვიდროს დაცვასა და მის განკარგვაზე ბანკი არ იყო პასუხისმგებელი, შესაბამისად ბანკი არ იყო ვალდებული გამოეკვლია მამკვიდრებლის ანგარიშზე არსებული თანხა თანასაკუთრება იყო, თუ სამკვიდრო მასა და ვერც გამოიკვლევდა აღნიშნულ საკითხს. სს თ----------ს მოსარჩელის მიმართ ზიანის მიყენებაში ბრალი არ მიუძღვის, რადგან ის მისთვის წინასწარ სავარაუდო არ იყო.

 

მოპასუხემ აღნიშნა, რომ ი-----–---------–-–---–ს და ს-----------------ეს კონფლიქტი ჰქონდათ თანაცხოვრების პერიოდში და აღნიშნული თანხა მას შემდეგ ჰქონდა შეტანილი, რაც ი-----–---------–-–---–ის სარჩელი ს-----------------ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სრულად, მათ შორის განქორწინების ნაწილშიც. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ს-----------------ე 2008 წლის 11 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–---------–-–---–თან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-ქორწინების მოწმობა;

 

3.2.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 25 დეკემბერის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეწყდა ი-----–---------–-–---–ს და ს-----------------ეს შორის 2008 წლის 11 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს-----------------ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-25.12.2014 წ გადაწყვეტილება, 20.02.2015 წ განჩინება.

 

3.2.3. 2015 წლის 08 იანვარს ი-----–---------–-–---–მა სს თ----------ში განათავსა 12 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-08/01/2015წ სალაროს შემოსავლის ორდერი;

 

3.2.4. 2015 წლის 23 იანვარს ი-----–---------–-–---–ი გარდაიცვალა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებით შეჩერდა სამოქალაქო საქმისწარმოება ს-----------------ის სააპელაციო საჩივრის გამო, ი-----–---------–-–---–ის გარდაცვალების გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინება ი-----–---------–-–---–სა და ს-----------------ეს შორის ქორწინების შეწყვეტის თაობაზე საქმისწარმოების შეჩერების ნაწილში და ამ ნაწილში საქმისწარმოება შეწყდა დავის არ არსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალებისმოწმობა.

- ქუთაისის საქალაოქ სასამართლოს 25.12.2014წ გადაწყვეტილება;

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.02.015 წ განჩინება;

-საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.04.2016 წ განჩინება;

 

3.2.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 03 თებერვალს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ ს-----------------ეზე გაცემული იქნა სანოტარო აქტი მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ. სანოტარო აქტის თანახმად, ს-----------------ის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენა სანოტარო ბიუროში ნიშნავს მის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღებას. სანოტარო აქტში აღნიშნულია, რომ წინამდებარე მოწმობა არ წარმოადგენს სამკვიდროს მოწმობას, რომელიც გაიცემა მომავალში, მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისის მოთხოვნის შემთხვევაში. სანოტარო აქტის თანახმად, ს-----------------ეს უფლება აქვს მართოს სამკვიდრო მასში შემავალი აქტივები/ქონებრივი და არაქონებრივი მატერიალური სიკეთე-ნივთები, მოთხოვნები და სხვა უფლებები/და პასივები, სამკვიდროს მართვის ფარგლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-03.02.2015 წ სანოტარო აქტი #1--------;.

 

3.2.6. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 03 თებერვალს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ ი-------------–-–--ლზე გაცემული იქნა მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ. სანოტარო აქტის თანახმად, ი-------------–-–--ლის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენა სანოტარო ბიუროში ნიშნავს მის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღებას. სანოტარო აქტში აღნიშნულია, რომ წინამდებარე მოწმობა არ წარმოადგენს სამკვიდროს მოწმობას, რომელიც გაიცემა მომავალში, მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისის მოთხოვნის შემთხვევაში. სანოტარო აქტის თანახმად, ი-------------–-–--ლს უფლება აქვს მართოს სამკვიდრო მასში შემავალი აქტივები/ქონებრივი და არაქონებრივი მატერიალური სიკეთე-ნივთები, მოთხოვნები და სხვა უფლებები/და პასივები, სამკვიდროს მართვის ფარგლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-03.02.2015 წ სანოტარო აქტი #150098704;.

 

3.2.7. 2015 წლის 27 აპრილის ს-----------------ემ, როგორც ი-----–---------–-–---–ის მემკვიდრემ განცხადებით მიმართა სს თ----------ს და მოითხოვა ი-----–---------–-–---–ის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა. სს თ----------ის 2015 წლის 28 აპრილის წერილით ს-----------------ეს უარი ეთქვა თანხის მიღებაზე, რადგან #1-------- „სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობით„ ს-----------------ე წარმოადგენდა მხოლოდ სამკვიდროს მმართველს და მამკვიდრებლის თანხის განკარგვის უფლებამოსილება შეზღული ჰქონდა მოწმობით განსაზღვრული პირობებითა და მიზნობრიობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

- სს თ----------ის 28.04.2015 წლის წერილი.

 

3.2.8. 2015 წლის 28 ივლისის #1-------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ს-----------------ემ, როგორც 2015 წლის 23 იანვარს გარდაცვლილი ი-----–---------–-–---–ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ საკუთრებაში მიიღო 1/2 წილი მამკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან, რომლებიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

- 28.07.2015 წ სამკვიდრო მოწმობა;

 

3.2.9. 2015 წლის 29 ივლისის #1-------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ს-----------------ემ, როგორც ი-----–---------–-–---–ის მემკვიდრემ კვლავ მიმართა სს თ----------ს და მოითხოვა ი-----–---------–-–---–ის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა. 2015 წლის 31 ივლისის წერილით ს-----------------ეს კვლავ უარი ეთქვა თანხის გატანაზე, იმ საფუძვლით, რომ სს თ----------ში ი-----–---------–-–---–ის ანგარიშზე თანხა არ იყო. სს თ----------მა აცნობა, რომ 2015 წლის 07 თებერვალს განცხადებით მიმართა ი-----–---------–-–---–ის მემკვიდრემ ი-------------–-–--ლმა, რომელმაც წარუდგინა მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ. ი-------------–-–--ლმა წარუდგინა ი-----–---------–-–---–ის დაკრძალვის ხარჯები, მამკვიდრებლის ხელშეკრულებით შესასრულებელი ვალდებულებების (ადვოკატის მიმართ) შესახებ ინფორმაცია და აღნიშნული ვალდებულების დაფარვის საფუძვლით მოითხოვა თანხის გატანა. 2015 წლის 07 თებერვალს ი-------------–-–--ლის მიერ იქნა გატანილი 11407,56 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

- სს თ----------ის 31.07.2015 წლის წერილი.

- ი-------------–-–--ლის 07.02.2015 წ განცხადება;

- 11.09.2014 წლის ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე.

 

სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

განსახილველ შემთხვევაში მამკვიდრებლის საბანკო ანგარიშიდან თანხის განკარგვის კანონიერების უფლებამოსილების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოპასუხეს. სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ ი-----–---------–-–---–ის საბანკო ანგარიშიდან ერთ-ერთ მემკვიდრეზე ი-------------–-–--ლზე თანხის გადაცემა განხორციელდა მართლზომიერად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. ვერ დაადასტურა, რომ სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე, ი-------------–-–--ლზე მამკვიდრებილის საბანკო ანგარიშიდან თანხის გადაცემა განხორციელდა კანონზომიერად.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ სამკვიდროს დაცვასა და მის განკარგვაზე ბანკი არ იყო პასუხისმგებელი. ამასთან ბანკი ვერ შეძლებდა ს-----------------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგან მას სამკვიდროს განკარგვის უფლებამოსილება შეზღუდული ქონდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 07 აპრილის #24/04 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ე„ ქვეპუნქტის თანახმად, ბანკში პირის ანგარიში დაიხურება ფიზიკური პირის მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე- 5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის მფლობელის გარდაცვალებისას, მემკვიდრის განცხადებით, სამკვიდრო მოწმობის, მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ხელმოწერის ნიმუშის წარდგენის შემთხვევაში, მემკვიდრის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია არ დახუროს ვადიანი სადეპოზიტო ანგარიში სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. ამ შემთხვევაში ხდება სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის გადაფორმება მემკვიდრის სახელზე. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე სს თ----------ი არ იყო უფლებამოსილი სამკვიდრო მოწმობის წარდგენამდე ერთ-ერთ მემკვიდრეზე გადაეცა მამკვიდრებლის ქონება.

 

სასამართლო არ იზიარებს ასევე მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ ი-----–---------–-–---–ს და ს-----------------ეს კონფლიქტი ჰქონდათ თანაცხოვრების პერიოდში და აღნიშნული თანხა მას შემდეგ ჰქონდა შეტანილი, რაც ი-----–---------–-–---–ის სარჩელი ს-----------------ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სრულად, მათ შორის განქორწინების ნაწილშიც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყდა ს------------------ს და ი-----–----------–-–---–-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ვინაიდან გასაჩივრებული იქნა ს-----------------ის მიერ სააპელაციო სასამართლოში. გასაჩივრებულიც რომ არ ყოფილიყო, 25.12.2014 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის საფუძველზე მიჩნეული იქნებოდა 2015 წლის 09 თებერვალი.

 

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის თანახმად, კი განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 08 იანვრის მდგომარეობით ს-----------------ე (მემკვიდრე) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–---------–-–---–თან (მამკვიდრებელთან).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს-----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1164-ე, 1328-ე, 1336-ე, 1319-ე, 1427-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158.1. მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

დადგენილია, რომ ი-----–---------–-–---–ის მიერ 2015 წლის 08 იანვარს სს თ----------ში განთავსებული თანხა 12000 აშშ დოლარი წარმოადგენდა მეუღლეთა (ს-----------------ის და ი-----–---------–-–---–ის) საერთო ქონებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.

 

სსკ 1336-ე მუხლი განსაზღვრავს კანონით მემკვიდრეთა წრეს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა ი-----–---------–-–---–ი. გარაცვალების შემდეგ მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე- ს-----------------ე და დედა- ი-------------–-–--ლი. დადგენილია, რომ ი-----–---------–-–---–ს გარდაცვალების მომენტისათვის სს თ----------ში საბანკო ანგარიშზე გააჩნდა 11407,56 აშშ დოლარი.

 

2015 წლის 03 თებერვალს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ ს-----------------ეზე და ი-------------–-–--ლზე გაცემული იქნა (სანოტარო აქტი) მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ. რომლის თანახმად, ს-----------------ის და ი-------------–-–--ლის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენა სანოტარო ბიუროში ნიშნავს მის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღებას. სანოტარო აქტში აღნიშნულია, რომ წინამდებარე მოწმობა არ წარმოადგენს სამკვიდროს მოწმობას, რომელიც გაიცემა მომავალში, მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისის მოთხოვნის შემთხვევაში. სანოტარო აქტის თანახმად, ს-----------------ეს და ივეტა გოგლაშვილს უფლება აქვთ მართოს სამკვიდრო მასში შემავალი აქტივები/ქონებრივი და არაქონებრივი მატერიალური სიკეთე-ნივთები, მოთხოვნები და სხვა უფლებები/და პასივები, სამკვიდროს მართვის ფარგლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. აღნიშნული ნორმის შესაბამისად ი-----–---------–-–---–ის გარდაცვალების შედეგად გაიხსნა სამკვიდრო, შესაბამისად წარმოიშვა მემკვიდრეობითი ურთიეთობა, მემკვიდრეებს წარმოეშვათ სამკვიდროს მიღების უფლება ექვსი თვის განმავლობაში და ამ ვადაში სამკვიდროს განკარგვა დაუშვებელია.

 

6.4. მოპასუხე მხარის მტკიცებით, ი-------------–-–--ლის მიერ მამკვიდრებლის ანგარიშიდან თანხის გატანას საფუძვლად დაედო მის მიერ წარმოდგენილი განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1427-ე მუხლის დანაწესი, რასაც სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1427-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეს, რომელიც სხვა მემკვიდრეების გამოცხადებას არ დაელოდება და სამკვიდროს ფლობას ან მართვას შეუდგება, უფლება არა აქვს განკარგოს სამკვიდრო, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე, გარდა ხარჯებისა მამკვიდრებლის მოვლისა და მკურნალობისათვის მისი ავადმყოფობის დროს და დაკრძალვისათვის, მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი პირების შენახვისათვის, ხელფასის გასტუმრებისათვის და სამკვიდროს დაცვისა და მართვისათვის.

 

აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე პირველი რიგის კანონით მემკვიდრეს წარმოადგენდნენ ს-----------------ე და ი-------------–-–--ლი, რომლებმაც სამკვიდროზე უფლება შეიძინეს სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. სწორედ ს-----------------ეს და ი-------------–-–--ლის ჰქონდათ უფლება კანონით დადგენილი დროის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე განეკარგათ სამკვიდრო ან გაეღოთ სამკვიდროდან ხარჯი, მხოლოდ მამკვიდრებლის მოვლისა და მკურნალობისათვის მისი ავადმყოფობის დროს და დაკრძალვისათვის, მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი პირების შენახვისათვის, ხელფასის გასტუმრებისათვის და სამკვიდროს დაცვისა და მართვისათვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს თ----------ის მიერ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1427-ე მუხლის საფუძველზე მამკვიდრებლის ქონების ერთ-ერთ მემკვიდრეზე გადაცემა სამკვიდროს განკარგვის მიზნით, კერძოდ, მამკვიდრებლის დაკრძალვის და იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მიზნით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ვიდრე მემკვიდრეები სამკვიდროზე უფლებას შეიძენდნენ მამკვიდრებლის ქონება ინახებოდა სს თ----------ში, ამ უკანასკნელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაეცვა პირის საბანკო ანგარიშები, სამკვიდრო ქონება და არ მოეხდინა მისი განკარგვა სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი სს თ----------მა 2015 წლის 07 თებერვალს ერთ-ერთ მემკვიდრეს ი-------------–-–--ლს, სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობის საფუძველზე გადასცა მამკვიდრებლის ი-----–---------–-–---–ის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი თანხა 11407,56 აშშ დოლარის ოდენობით.

 

საამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ 11407,56 აშშ დოლარიდან 5703 აშშ დოლარი წარმოდგენს მეუღლეთა ი-----–---------–-–---–ის და ს-----------------ის თანასაკუთრებას, ხოლო 5703 აშშ დოლარის ნახევარი 2851,5 აშშ დოლარი წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას.

 

ამდენად დადგენლი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-----------------ის სარჩელი არის დასაბუთებული, სამართლებრივი საფუძვლის მქონე და ის უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ს-----------------ეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 630 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს თ----------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება 630 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. ს-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე სს თ----------ს- მოსარჩელე ს-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 8554 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე სს თ----------ს- მოსარჩელე ს-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 630 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე