გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310018002580454
№3-84/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
მოსარჩელე - ს-------- ა------ა
მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ------- დ-------ე
მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
მოპასუხის წარმომადგენელი - ლ---- ბ-----ე
დავის საგანი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა ს-------- ა------ას ნაწილში.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ემიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2018 წლის 29 მარტის სხდომის ოქმში ჩანაწერი სოფელ ჭარნალში მცხოვრებ ს-------- ა------ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დაკმაყოფილებულ იქნას მისი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2014 წელს განვითარებული მეწყრული მოვლენების შემდეგ დაზიანდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მდებარე ს-------- ა------ას კუთვნილი მიწის ნაკვეთი და საფრთხე დაემუქრა საცხოვრებელ სახლს. დახმარებისათვის მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ჩატარდა საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა. დადგინდა, რომ საჭირო იყო დაზიანებულ მონაკვეთზე ინერტული მასალის დაყრა და მთელ ფერდობზე წყლის ნაკადების შესაბამისი მილების ან არხების საშუალებით უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა. 2017 წ. ჩატარდა განმეორებითი კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ზემოთ მითითებული სამუშაოები არ ჩატარებულა. ეზოს ტერიტორიაზე აგებულმა ფერდდამცავმა კედელმა ვერ უზრუნველყო მეწყრული პროცესების შეჩერება, ნაპრალები საგრძნობლად გადიდებული და საფრთხის შემცველია. შპს „ტუსკი გეორგი გრუპის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მეწყრული პროცესების მთავარ მაპროვოცირებელ ძალას წარმოადგენს ფერდის ზემო ნაწილში არსებული წყალშემკრები მშრალი ხევიდან ძლიერი ატმოსფერული ნალექების დროს მოვარდნილი წყალი, რომელიც ჩაედინება გრუნტებში და იწვევს როგორც გრუნტების წყლით გაჯერებას, ასევე მის გარეცხვას. აუცილებელ პირობას კი წარმოადგენს წყალქცევითი სამუშაოების ჩატარება. აქვე აღნიშნულია, რომ ადგილის რელიეფიდან, ასევე შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, სადრენაჟო და წყალქცევითი კომუნიკაციების მოწყობა დაკავშირებული იქნება გარკვეულ სიძნელეებთან და თანხებთან. იმ შემთხვევაში, თუ ეს სამუშაოები რაიმე მიზეზის გამო ვერ შესრულდა, საჭირო გახდება საცხოვრებელი სახლის სხვა უსაფრთხო ადგილას გადატანა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ს-------- აკვაზმას ოჯახს მიანიჭა ეკომიგრანტის სტატუსი. გამგებლის 2016 წ. 4 აპრილის №312 ბრძანების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გაცემის მიზნით შექმნილმა კომისიამ ს-------- ა------ა 2017 წლის 7 ივლისს მიიწვია კომისიის სხდომაზე, რომელმაც განიხილა განსახლების კრიტერიუმის მიხედვით ქულების მინიჭების საკითხი. მას მიენიჭა II კატეგორია, ელოდებოდა ბინის მიღებასა და უსაფრთხო ადგილას დაბინავებას, მაგრამ მერიისგან წერილით მას უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე ალტერნატიული ფართის არსებობის გამო. უარის თქმის მიზეზი გახდა მოსარჩელის შვილის, გ------ ა------ას მიერ 2016 წლის ბათუმში ურეხის ტერიტორიაზე 63 კვ.მ ფართის შეძენის ფაქტი. გ------ ა------ა დაცოლშვილდა და საკუთარი ოჯახის მოსაწყობად შეიძინა 265 კვ.მ მიწის ფართობი და მასზე განთავსებული დამხმარე ნაგებობა, რომელიც გადააკეთა საცხოვრებლად. მოსარჩელის ოთხსულიანი ოჯახი ტვირთად ვერ დააწვება შვილის სამსულიან ოჯახს. მით უმეტეს, რომ არავის არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს ახალგაზრდა ოჯახს ცხოვრების მოწყობაში. საფრთხე შეექმნა მამა- პაპისეულ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ფართობს, რომლის კეთილმოწყობაზე ზრუნავდა ოჯახი წლების განმავლობაში, გ------ ა------ას გარდა მას დასაცოლშვილებელი ყავს ორი სრულწლოვანი ვაჟიშვილი. მას ხელისუფლებისაგან ეკუთვნის დახმარება და მისგან მოთხოვს საცხოვრებელი სახლის სხვა უსაფრთხო ადგილას გადატანას ან შესაბამისი ფართის გამოყოფას. მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ უკანონოდ უთხრა უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მერიის 2018 წლის საოქმო გადაწყვეტილება ს-------- ა------აზე სოციალური ფართის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მეწყრული მოვლენების შედეგად დაზიანდა მოსარჩელე ს-------- ა------ას საცხოვრებელი ტერიტორია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა -განმარტებები,4.1.2. ს-------- ა------ას მიენიჭა ეკომიგრანტის სტატუსი და II კატეგორია
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა -განმარტებები,4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მხარეთა შორის სადავო ს-------- ა------აის მიერ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის საკითხი.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მას საკუთრებაში სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული სახლი წარმოადგენს მის საკუთრებას. მართალია მის შვილს და რძალს გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი, მაგრამ წარმოადგენენ ცალკე ოჯახს და არ შეიძლება ჩაითვალოს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართად.
მოპასუხის წარმომადგენელი საპირისპიროს განმარტავს და აცხადებს, რომ ს-------- ა------აეს აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის პოზიციას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ს-------- ა------აის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად. რამდენად წარმოადგენს მისი შვილის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის არსებობა მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს, არის სამართლებრივი შეფასების საკითხი, რაზეც მსჯელობა იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება.
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ.
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულება.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომის ოქმებით ს-------- ა------აის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად იქითკენ არის მიმართული, ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალოდ სამართლებრივი შედეგი წარმოშვას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შეეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 29 მარტის №03 საოქმო გადაწყვეტილებას ს-------- ა------აის მიმართ სამართლებრივი შედეგი მოჰყვა, მისთვის დახმარების გაცემაზე, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე უარის სახით.
ამდენად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 22018 წლის 29 მარტის №03 საოქმო გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის დ პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად უნდა იქნას განხილული და მისი კანონიერების საკითხი უნდა შეფასდეს როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ისე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.
7.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ
ამავე ბრძანების დანართი №1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."
7.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც,1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით:
ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას;
ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია.
2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.
აღნიშნული წესის მესამე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;
კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა);
ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ს-------- ა------ას ოჯახს, საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამო მინიჭებული აქვს მეორე კატეგორიის ხარისხი.
დადგენილია, რომ ს-------- ა------აემ დახმარებისათვის განცხადებით მიმართა . ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიას, რომელმაც 2018 წლის 29 მარტის №03 საოქმო გადაწყვეტილებით უარი უთხრა ს-------- ა------აეს ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვაზე შუამდგომლობის გაწევის თაობაზე. უარის თქმის მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ ს-------- ა------აის შვილს ცალკ-ცალკე გააჩნია საცხოვრებელი ფართი, ანუ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულები თ განსაზღვრული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მეოთხე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც (,,ბ“ ქვეპუნქტი) 2017 წლის 1 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ს-------- ა------აის ოჯახს არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რადგანაც ქ. ბათუმში, მ---------–----ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა არის მისი შვილის გ------ ა------ას საკუთრება.
როგორც საქმის სასამართლო განხილვის შედეგად გამოირკვა, მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ს-------- ა------აის სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, საკითხის გადაწყვეტისას კომისია დაეყრდნო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეკომიგრანტი ოჯახის შესწავლის აქტს, რომლითაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში,მ---------–----ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა არის მისი შვილის გ------ ა------ას საკუთრება
კომისია გადაწყვეტილების მიღებისას შემოიფარგლა ნორმატიული აქტის რეგულაციით ზემო დასახელებული ფორმალური გარემოების მითითებით, რომ არსებობდა ალტერნატიული ფართი, რაც გამორიცხავდა ს-------- ა------აისათვის დახმარების გაცემას და შინაარსობრივად არ გამოიკვლია და არ შეისწავლა, რეალური მოცემულობების პირობებში, როცა მსგავს პირობებში საცხოვრებელი სახლის დაზიანების სტიქიური მოვლენებით დაზიანების გამო სხვა პირების მიმართ გავრცელდა შეღავათები, შვილის საკუთრებაში საცხოვრებელი ბინის არსებობა წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ნორმატიული აქტით მოცემული დათქმა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით არ უნდა იქნას გაგებული სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არ გულისხმობს ფართის მხოლოდ საჯარო რეესტრის მიხედვით საკუთრებაში რიცხულობას. ნორმა წაკითხულ უნდა იქნას სისტემურად, ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და განმარტებული უნდა იქნას ამ ნორმატიული აქტის მიზნებიდან გამომდინარე, რაშიც იგულისხმება იმ გარემოების გამოკვლევა და განსაზღვრა, დაზარალებულ ოჯახს გააჩნია თუ არა საცხოვრებლად სხვა, მისთვის განკუთვნილი ალტერნატიული ფართობი და დაზარალებული ოჯახი შეძლებს თუ არა, მასში ცხოვრებას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი ფართის განადგურების შემდეგ.
7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 29 მარტის №03 საოქმო გადაწყვეტილება, ს-------- ა------აის ნაწილში და დაევალოს კომისიას ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ს-------- ა------ას განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. ს-------- ა------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნას ცნობილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 29 მარტის №03 ოქმი ს-------- ა------ას ნაწილში.
3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივ კომისიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ს-------- ა------ას განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
4. მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ს-------- ა------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 50 ლარის გადახდა.
5 ს-------- ა------ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი).
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი