გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2441-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - ლ---–-------–---–ი
წარმომადგენელი - ვ----–----------ე
მოპასუხე - შპს ,,ყ--------------------–--ი’’
წარმომადგენელი - თ----------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 31 510 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 1-15):
1.1.1. მან 2011 წლის 09 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო მშობლების კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–-------–---–ის (ყოფ. თ--–--) შესახვევი №-- (ს/კ 0------------------) და დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში საკუთრებად;
1.1.2. 2013 წლის 21 ოქტომბერს მის კუთვნილ უძრავ ქონებაში აალდა ბუნებრივი აირი, რასაც მოჰყვა აფეთქება. აფეთქების შედეგად დაინგრა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;
1.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 04 დეკემბრის დასკვნის თანახმად, სააბაზანო ოთახში სინათლის ანთებამ გამოიწვია საცხოვრებელ სახლში საკანალიზაციო მილით შემოჟონილი და გარკვეულ პერიოდში დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქება;
1.1.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 04 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ტექნიკური დარღვევების ნორმების შედეგად არ იყო გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: მიწისქვეშა გაზსადენსა და საკანალიზაციო ქსელებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ ერთი მეტრისა. მოცემულ შემთხვევაში კი ფაქტობრივად საყრდენიც და საყოფაცხოვრებო საკანალიზაციო მილიც ერთ მეტრზე გაცილებით ნაკლებ მანძილზე იყო დაცილებული. შესაბამისად, დარღვეულ იქნა აღნიშნული მოთხოვნები;
1.1.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 10 ოქტომბრის №5--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების მიზეზია მეთანჰაერის ნარევის დაგროვება კონცენტრაციით 5-15% დიაპაზონი და აფეთქების ინიცირება ელექტროჩამრთველის კონტაქტებს შორის წარმოქმნილი ნაპერწკლით კონტაქტებს შორის წარმოქმნილი ნაპერწკლებით. გამოკვლევაზე წარდგენილი ბუნებრივი აირის ლითონის მილზე დამცავი საიზოლაციო შემოცლის ადგილზე აღმოჩენილი იქნა კოროზიისა და კოროზირებული ნიჟარების (ამონაჭამის) კვლები, რაც დამახასიათებელია ნიადაგში არსებული ელექტროქიუმიური კოროზიული ზემოქმედებისათვის;
1.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ 2013 წლის 13 ნოემბერს დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თბილისში, კ--–-------–---–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ღირებულება სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს 30 000 ლარს;
1.1.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ 2013 წლის 08 ნოემბერს დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზის თანახმად, მისი კუთვნილი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით (აფეთქების შედეგად) მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 1 510 ლარს;
1.1.8. აღნიშნული აფეთქების შედეგად იგი ცნობილ იქნა დაზარალებულად და დადგინდა, რომ მას მიადგა დიდი ოდენობის - 31 510 ლარის მატერიალური ზიანი, ასევე სხეულის თერმული დაზიანება;
1.1.9. მიყენებული ზიანზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოპასუხე, რომელიც ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.
შესაგებლის საფუძვლები (შესაგებელი ტომი 1, ს.ფ.46-53; დაზუსტებული შესაგებელი ტომი 1, ს.ფ. 62-73; განცხადება ტომი 2, ს.ფ. 290-298):
2.1.1.მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებით არ დასტურდება უშუალოდ მისი ბრალეულობა ზიანის მიყენებაში;
2.1.2. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მისამართზე არსებული გაზსადენის მშენებლობა განხორციელდა 1963-1964 წლებში სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის ,,თ---–---------ის’’ მიერ შემუშავებული პროექტის შესაბამისად სს ,,თ---–----ის’’ მიერ, რა დროსაც სრულად იქნა დაცული საქართველოში მოქმედი ტექნიკური ნორმების მოთხოვნები;
2.1.3. 2015 წლის 08 იანვრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მას არ დაურღვევია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით დადგენილია, რომ მისგან დამოუკიდებლად სხვა კომუნიკაციების კომპანიებმა განახორციელეს სამუშაოები;
2.1.4. იგი უზრუნველყოფდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ბუნებრივი აირის მილის მოვლა-პატრონობას და შემოწმებას. გაზსადენი დაზიანდა მისგან დამოუკიდებლად, რამაც გამოიწვია ბუნებრივი აირის გაჟონვა;
2.1.5. გამოძიების ეტაპზე და სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით არ არის დადგენილი მისი ბრალეულობა და მართლწინააღმდეგობა;
2.1.6. მისამართზე მისგან დამოუკიდებლად ჩატარებულია მიწის გათხრითი სამუშაოები, რის საფუძველზეც დაზიანდა მისი კუთვნილი გაზსადენი მილი;
2.1.7. წარმოდგენილი საგამოძიებო მასალებში არსებული დათვალიერების ოქმის მიხედვით, ჩატარდა დაზიანებული მილის დათვალიერება, რომელიც იყო დეფორმირებული და ალაგ-ალაგ გაცლილი ჰქონდა საიზოლაციო გარსი. აღნიშნულით დასტურდება, რომ დაცული იყო გაზსადენი კოროზიისგან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ასევე გაზსადენ მილს აღენიშნებოდა ბლაგვი საგნისგან მიყენებული დაზიანება;
2.1.8. 2013 წლის 04 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევების მიხედვით, დასტურდება, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის ეპიცენტრს წარმოადგენდა ხ----------ის ქუჩის და კ--–-------–---–ის შესახვევის მარცხენა კუთხეში სინათლის სადენების დამჭერი ლითონის ანძის საძირკველში. ამასთან, მილზე კოროზიის კვალი განთავსებული იყო სინათლის ანძის საძირკველში. გახვრეტილი მილიდან მარჯვენა მხარეს 500 მმ-ში არის საკანალიზაციო ჭა, რომელშიც შეჟონა დაზიანებული მილიდან გაჟონილმა ბუნებრივმა აირმა, ხოლო ამ ჭიდან კანალიზაციის მილი პირდაპირ უერთდება დაზიანებული სახლის სააბაზანოს. შესაბამისად, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც დაწესებულია სწორედ ესეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, არ ყოფილა დაცული სხვა სუბიქტების მიერ;
2.1.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 10 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, გაზსადენ მილს აღენიშნებოდა მექანიკური წარმოშობის გარეშე საგნისგან ზემოქმედების კვლები, ასევე მილზე აღმოჩენილი კოროზიის ნიჟარები დამახასიათებელია ნიადაგში არსებული ელექტროქიმიური კოროზიის ზემოქმედების შედეგად, რომელიც გამოიწვია გარეშე დენმა. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ მილი დაცული იყო საიზოლაციო გარსით;
2.1.10. საგამოძიებო ორგანოებს მის მიერ გადაეცათ შესაბამისი პასუხი, რომლის თანახმადაც ზემოაღნიშნულ მისამართზე საკანალიზაციო ქსელის და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის შესახებ ინფორმაცია მას არ გააჩნდა;
2.1.11. საგამოძიებო მასალებში წარმოდგენილი მოწმის დაკითხვის ოქმის თანახმად, მაცხოვრებლებმა 2013 წლის ოქტომბრის დასაწყისში სახლში მდებარე საკანალიზაციო ჭიდან შეამჩნიეს უსიამოვნო სუნი, მაგრამ ამის შესახებ რეაგირება არ მოუხდენიათ. შესაბამისად, მათ არ გამოიჩინეს წინდახედულობის ნორმები და არ შეასრულეს დაკისრებული მოქალაქეობრივი ვალი, რათა აღნიშნულის თაობაზე ეცნობებინათ შესაბამისი სამსახურებისათვის;
2.1.12. მის მიერ 2013 წლის 24 სექტემბერს ჩატარდა გაზსადენის გეგმიური შემოწმება კანონმდებლობით განსაზღვრული წესის დაცვით. შესაბამისად, უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ გაზის გაჟონვა განხორციელდა გეგმიური სამუშაოების ჩატარების შემდეგ - დაახლოებით ოქტომბრის თვეში;
2.1.13. შპს ,,ჯ---------------------------------ს’’ კ--–-------–---–ის №---ის მიმდებარედ რაიმე სახის სამუშაოების შეთანხმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მიუმართია მისთვის. საკანალიზაციო ჭა დაფარული იყო ასფალტის საფარით, რაც გამორიცხავდა მისი შემჩნევის/დანახვისა და განიავების შესაძლებლობას, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობის მიხედვით და რაც არ იქნა გათვალისწინებული შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ მიერ;
2.1.14. მისთვის ასევე ვერ იქნებოდა ცნობილი მისამართზე 2004 წელს სს ,,თ--–--ის’’ მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ, ვინაიდან იგი მხოლოდ 2006 წლიდან წარმოადგენს გაზის განაწილების ლიცენზიანტს;
2.1.15. მან სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა კითხვით: შესაძლებელი იყო თუ არა ექსპერტიზის №0-------- დასკვნაში ნახსენები ბლაგვი საგნისგან მიყენებული დაზიანება გამოეწვია მიწისქვეშა მილთან ერთ მეტრზე ნაკლები მანძილით განხორციელებულ ელექტრო გადამცემი ხაზის საკანალიზაციო ქსელის განთავსებასა და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, რადგანაც საყრდენი ბოძის და საკანალიზაციო ქსელის განთავსებას სჭირდება მიწის ამოღება, ნიადაგის შესაბამისად დამუშავება (ფენების შექმნა) და რკინა ბეტონის ჩასმა. ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, აღნიშნული შეკითხვა არ საჭიროებს სპეციალური ცოდნის გამოყენებას და გამომდინარეობს, რომ კითხვაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დააზიანებდნენ გაზსადენ მილს;
2.1.16. 2018 წლის 18 ნოემბრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ვინაიდან ზუსტი გავრცელების მანძილი ნიადაგში დენის გადინების არ არის ნორმირებული და კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს უახლოეს მანძილს, თუ სად უნდა მდებარეობდეს ელექტრო გადამცემი საყრდენის ბოძი, აღნიშნული ნორმის დაცვის შემთხვევაში თავიდან იქნება აცილებული მიწისქვეშა მილის ელექტროქიმიური კოროზია;
2.1.17. 2018 წლის 03 დეკემბრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, აღნიშნული გაზსადენის დაზიანების შემთხვევაში განხორციელდებოდა ბუნებრივი აირის შეჟონვა საცხოვრებელ სახლში. სწორედ აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად კანონმდებელი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ უნდა განხორციელდეს ჭების სახურავების წმენდა, რომელიც საქმის მასალების მიხედვით დაფარული იყო ასფალტის საფარით;
2.1.18. შეუძლებელია დადგინდეს თუ რა ინტენსივობით მიედინებოდა შემდგომში დაზიანებული მილიდან ბუნებრივი აირი იმის გათვალისწინებით, რომ კოროზირებული მილი იყო გაუქმებული, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდაოა, რომ მისი თანამშრომლების მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ განხორციელდა გაზსადენის ელექტროქიმიური კოროზიისგან ბოლომდე დაზიანება, რამაც გამოიწვია მილზე ხვრელების გაჩენა;
2.1.19. დაუსაბუთებელია თანხის გამოანგარიშების პრინციპი, რომელიც მოცემულ რეალობასთან შეუსაბამოა;
2.1.20. ყოველივე ზემოაღნიშნული გამორიცხავს ზიანის დადგომაში მის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობას, რაც აუცილებელი კომპონენტებია მოსარჩელისთვის ზიანის ასანაზღაურებლად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–-------–---–ის ქუჩა №-- (ს/კ 0---------------) წარმოადგენს მოსარჩელე ლ---–-------–---–ის და რ----- ჩ-----–---–ის თანასაკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი (ს.ფ. 16-17)
3.1.2. 2013 წლის 21 ოქტომბერს მოხდა აფეთქება მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–-------–---–---–------------. აფეთქება გამოიწვია საცხოვრებელ სახლში საკანალიზაციო მილით შემოჟონილი და გარკვეულ პერიოდში დაგროვილი ბუნებრივი აირის აალება/ინიცირებამ- სააბაზანო ოთახში სინათლის ანთებამ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 36-39)
3.1.3. 2013 წლის 21 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებას შედეგად მოჰყვა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–-------–---–ის ქუჩა №-- (ს/კ 0---------------) ნგრევა. აფეთქებისას მოსარჩელემ ასევე მიიღო სხეულის თერმული დაზიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ექსპერტის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 36-39)
- სისხლის სამართლის საქმის მასალები (ტომი 2, ს.ფ. 1-285)
3.1.4. 2013 წლის 21 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად ქ. თბილისში, კ--–-------–---–---–-------------ში მდებარე ლ---–-------–---–ის საცხოვრებელი სახლის ნგრევის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე 2015 წლის 13 ნოემბრის №0--------- დადგენილებით დაზარალებულად ცნობილ იქნა ლ---–-------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება (ტომი 1, ს.ფ. 40)
- სისხლის სამართლის საქმის მასალები (ტომი 2, ს.ფ. 1-285)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის 21 ოქტომბერს ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 31 510 ლარს.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აფეთქების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 31 510 ლარს. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2013 წლის 13 ნოემბრის №ი----- ექსპერტის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 31-32), რომლის თანახმადაც, თბილისში, კ--–-------–---–---–-------------ში მდებარე მოქ. ლ---–-------–---–ის საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ღირებულებამ (პირდაპირი დანახარჯებით) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით, შეადგინა - 30 000 ლარი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2013 წლის 08 ნოემბრის №1----- ექსპერტის დასკვნის (ტომი 1, ს.ფ. 31-32) თანახმად კი, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლეილა ჩ-----–---–ის კუთვნილი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით (აფეთქების შედეგად) მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 1 510 ლარს.
სწორედ აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით მიიჩნევს მოსარჩელე, რომ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 31 510 ლარს.
გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხეს არ განუხორციელებია არსებითი შედავება ზიანის ოდენობასთან მიმართებით. მან მხოლოდ მიუთითა, რომ დაუსაბუთებელია თანხის გამოანგარიშების პრინციპი, რომელიც მოცემულ რეალობასთან შეუსაბამოა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული შედავება არ წარმოადგენს წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საპირისპიროდ კვალიფიციურ შედავებას. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე სხვა წერილობითი მტკიცებულება ზიანის ოდენობასთან მიმართებით მოცემული ექსპერტიზის დასკვნების საპირისპიროდ, მხოლოდ მოპასუხე მხარის შედავება კი არ წარმოადგენს მისი პოზიციის უპირობოდ გაზიარების საფუძველს. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2013 წლის 21 ოქტომბერს ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 31 510 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტის დასკვნები (ტომი 1, ს.ფ. 31-35)
3.2.2. მოპასუხეს ეკისრება 2013 წლის 21 ოქტომბერს ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის - 31 510 ლარის ანაზღაურება.
მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს და შესაბამისად დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 21 ოქტომბერს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შედეგად მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–-------–---–ის ქუჩა №-- (ს/კ 0---------------). აფეთქებას შედეგად მოჰყვა მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ნგრევა და სხეულის თერმული დაზიანება. დადგენილია, ასევე გარემოება, რომლის თანახმადაც მოსარჩელის მიერ აფეთქების შედეგად მიღებული ზიანი განისაზღვრა 31 510 ლარით.
მხარეთა შორის სადავოა გარემოება, წარმოადგენს თუ არა მოპასუხე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს. მოპასუხე მიუთითებს სხვა კომპანიების პასუხისმგებლობაზე და აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მისამართზე არსებული გაზსადენის მშენებლობა განხორციელდა 1963-1964 წლებში სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის ,,თ---–---------ის’’ მიერ შემუშავებული პროექტის შესაბამისად სს ,,თ---–----ის’’ მიერ, რა დროსაც სრულად იქნა დაცული საქართველოში მოქმედი ტექნიკური ნორმების მოთხოვნები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ , საქმე №ას-1206-1166-2016).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე აუცილებელია სახეზე გვქონდეს ნორმის დამფუძნებელი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების ერთობლიობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე №ას-191-183-2016).
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა, თუმცა საბოლოოდ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 10 ოქტომბრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 18-25), რომლის თანახმადაც ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვებია: 1. იყო თუ არა აფეთქება და რამ გამოიწვია იგი? 2. რა არის აფეთქების მიზეზი? 3. გაზსადენი მილიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა გამოიწვია მილზე განვითარებულმა კოროზიამ (შეძლებისდაგვარად აღიწეროს კოროზიის განვითარების მექანიზმი) თუ მილზე ბლაგვი საგნის მოდებისგან მიყენებულმა დეფორმაციამ?
წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში დასკვნის სახით მითითებულია შემდეგი:
,,-1.2 სს საქმის მასალებისა და ჩატარებული გამოკვლევების ანალიზით დგინდება, რომ მოქ. ლ. ჩ----–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების მიზეზია მეთანჰაერის ნარევის დაგროვება კონცენტრაციით 5-15% დიაპაზონში და აფეთქების ინიცირება ელექტროჩამრთველის კონტაქტებს შორის წარმოქმნილი ნაპერწკლებით;
-ვინაიდან 2013 წლის 21 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შემთხვევიდან გასულია დაახლოებით ერთი წელი, ხოლო ექსპერტს დროულად არ მიეცა შემთხვევის ადგილის დათვალიერების საშუალება, დასმული კითხვის პირველ ნაწილზე პასუხის გაცემა შეუძლებელია;
-გამოკვლევაზე წარმოდგენილ ბუნებრივი აირის ლითონის მილზე, დამცავი საიზოლაციო გარსის შემოცლის ადგილზე აღმოჩენილ იქნა კოროზიისა და კოროზიული ნიჟარების (ამონაჭამის) კვლები, რაც დამახასიათებელია ნიადაგში არსებული ელექტროქიმიური კოროზიული ზემოქმედებისათვის’’.
მოსარჩელის მიერა ასევე წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 08 იანვრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 26-30), რომლის თანახმადაც ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვებია: 1.ობიექტი (გაზის სადენი) იყო თუ არა გამართულ მდგომარეობაში, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში რით იყო გამოწვეული მისი გაუმართაობა? 2. იყო თუ არა ობიექტი (გაზის სადენი) ავარიულ მდგომარეობაში, დადებით შემთხვევაში რით იყო გამოწვეული გაზსადენის ავარიული მდგომარეობა? 3. მოცემული ობიექტის (გაზსადენის) მდგომარეობა აკმაყოფილებდა (შეესაბამებოდა) თუ არა ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს? 4. მოცემულ სიტუაციაში უსაფრთხოების რომელი ზომების მიღება შეიძლებოდა? 5. მოცემულ ობიექტზე (გაზის სადენი) ჩატარებული იყო თუ არა მიმდინარე ღონისძიებები, რომელიც გათვალისწინებულია ტექნიკური უსაფრთხოების წესებით? 6. იყო თუ არა შესაძლებელი მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილება, დადებით შემთხვევაში როგორი სახით? 7. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია თუ არა ტექნიკური უსაფრთხოების წესები, დადებით შემთხვევაში რომელი წესია დარღვეული?
წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში დასკვნის სახით მითითებულია შემდეგი:
,,2013 წლის 21 ოქტომბერს ქ. თბილისში, კ--–-------–---–ის ქუჩა №---ში მდებარე ერთსართულიან სახლში მოხდა ბუნებრივი აირის აფეთქება, რის შედეგადაც შენობის დიდი ნაწილი ჩამოინგრა, დაზიანდა საოჯახო ნივთები და ოჯახის დიასახლისმა მიიღო სხეულის დაზიანება. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებიდან დგინდება, რომ აფეთქების დროს გაზსადენის მილი იყო გაუმართავ და ავარიულ მდგომარეობაში. იგი ვერ აკმაყოფილებდა ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს. 2010 წლის 10 აპრილის №1-525 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების’’ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, ,,გაზმომარაგების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს გაზით უწყვეტ და უსაფრთხო მომარაგებას’’. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული მოთხოვნა. ამავე ნორმატივის მე-14 მუხლის თანახმად, ,,მოქმედი მიწისქვეშა გაზსადენების" ტექნიკური გამოკვლევა ხელსაწყოებით უნდა ჩატარდეს ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც’’, ხოლო ამავე ნორმატივის მე-13 მუხლის მოთხოვნის თანახმად, გაზსადენის დაზიანების ან გაზის გაჟონვის გამოსავლენად უნდა ჩატარდეს შემოვლები, რომლის პერიოდულობას ადგენს და მასზედ პასუხისმგებელია გაზის მიმწოდებელი საწარმო. ეს პერიოდულობა ექსპერტისთვის უცნობია. საქმის დამატებით მასალებში წარმოდგენილია გაზგამანაწილებელი ქსელის დიაგნოსტიკის 2013 წლის 24 სექტემბრის №433/13 აქტი, სადაც მითითებულია გაზსადენი შემოწმდა ხ----------ის ქუჩაზე, მაგრამ გაჟონვის კერა არ აღმოჩნდა, ხოლო 2013 წლის 21 ოქტომბერს მოხდა ზემოაღნიშნული უბედური შემთხვევა, რომელიც გამოიწვია ხ----------ის ქუჩაზე არსებულ ჭაში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა, რაც ეჭვს ბადებს იმაზე, რომ შემოწმება არ ჩატარდა სათანადო დონეზე. ზემოაღნიშნული გაზსადენიდან გაზის გაჟონვა დროულად რომ გამოვლენილიყო, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა თავიდან აცილებულიყო დამდგარი უბედური შემთხვევა. ზემოაღნიშნული ნორმატივის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად გაზის სისტემაზე (გაზის სისტემის გამართულობაზე) პასუხისმგებელი პირი არის საწარმოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ან მისი ბრძანებით დანიშნული, სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც პასუხისმგებელია გაზის მეურნეობის უსაფრთხო ექსპლოატაციაზე. როცა საწარმოს უფროსს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბრძანებით არ ჰყავს დანიშნული გაზის მეურნეობის უსაფრთხო ექსპლოატაციაზე პასუხისმგებელი პირი, მაშინ თვით საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელია პასუხისმგებელი გაზის მეურნეობის უსაფრთხო ექპლოატაციაზე. ზემოთ მითითებული ნორმატივის მე-3 დანართის მოთხოვნით გეგმაში უმცირესი მანძილი მიწისქვეშა გაზსადენსა და საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზის საყრდენს შორის უნდა იყოს არანაკლებ ერთი მეტრისა, ასევე ამავე ნორმატივის მე-5 დანართის თანახმად გეგმაში მიწისქვეშა გაზსადენსა და საკანალიზაციო ქსელებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ ერთი მეტრისა. ფაქტიურად, კი საყრდენიც და საყოფაცხოვრებო საკანალიზაციო მილი, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ერთ მეტრზე გაცილებით ნაკლებ მანძილზე იყო დაცილებული. ეს მოთხოვნები დარღვეული ექნება გაზმომარაგების ორგანიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკანალიზაციო ქსელის და ელექტროსაყრდენი ბოძის მოწყობის შემდეგ პერიოდში მის მახლობლად მოხდა გაზსადენის გაყვანა’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017).ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებათან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).
ზოგადად ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს კატეგორიული - როცა ექსპერტი, ერთმნიშვნელოვნად (ცალსახად) პასუხობს მის წინაშე დასმულ საკითხებზე, სავარაუდო - როცა ექსპერტი არ გამორიცხავს საკითხის სხვანაირად გადაწყვეტის შესაძლებლობას და ბოლოს - საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის შესახებ. წარმოდგენილი 2015 წლის 08 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი, სასამართლოს შეფასებით, კატეგორიული და ერთმნიშვნელოვანია, ვინაიდან პირდაპირ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ აფეთქების დროს გაზსადენის მილი იყო გაუმართავ და ავარიულ მდგომარეობაში და იგი ვერ აკმაყოფილებდა ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამასთან, აღნიშნული დასკვნა შეიცავს პირდაპირ მითითებას იმის თაობაზე, რომ შენობაში ბუნებრივი აირის მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები გაზის უსაფრთხო მიწოდების თაობაზე. შესაბამისად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის დასკვნითი ნაწილი ერთმნიშვნელოვანი და კატეგორიულია. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას არ იკვეთება მისი ე.წ. კვლევითი ნაწილის ნაკლოვანება, ასევე საეჭვო არაა დასკვნის შემდგენთა კვალიფიკაცია, რასაც შეიძლებოდა საეჭვო გაეხადა წარმოდგენილი შეფასება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის საწინააღმდეგოდ უსაფუძვლოა მოპასუხის მითითებები სხვა კომპანიების პასუხისმგებლობაზე მის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით. მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები (ტომი 2, ს.ფ. 300-305) ექსპერტიზის წინაშე დასმული შეკითხვებიდან და მასში ასახული დასკვნითი ნაწილიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნისთვის დამაჯერებლობის შემამცირებელ მტკიცებულებას.
შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, საფუძვლიანად მიიჩნევს მომხდარზე პასუხისმგებელ პირად მოპასუხეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს ეკისრება 2013 წლის 21 ოქტომბერს ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის - 31 510 ლარის ანაზღაურება.
საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაშიც, რომ სხვა პირთა ქმედება იყო მილის დაზიანების გამომწვევი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მოცემულობაშიც კი ვერ იქნება მოპასუხის პასუხისმგებლობა გამორიცხული, რამდენადაც სწორედ ის არის პასუხისმგებელი გაზმომარაგების სისტემის მეშვეობით გაზით უწყვეტ და უსაფრთხო მომარაგებაზე და სწორედ ის იყო პასუხისმგებელი არსებობის შემთხვევაში აღმოეჩინა ის დაზიანებები და დარღვევები, რაც შეიძლებოდა გამოწვეული ყოფილიყო მესამე პირთა მხრიდანაც კი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნები (ტომი 1, ს.ფ. 18-30).
3.2.3. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ არის ხანდაზმული.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლიდან გამომდინარე, რაც, მისი განმარტებით, გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება კი დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია იმ მომენტის ზუსტად განსაზღვრას, საიდანაც იწყება მისი ათვლა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 21 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად ქ. თბილისში, კ--–-------–---–---–-------------ში მდებარე ლ---–-------–---–ის საცხოვრებელი სახლის ნგრევის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე 2015 წლის 13 ნოემბრის №0--------- დადგენილებით დაზარალებულად ცნობილ იქნა ლ---–-------–---–ი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ვადის ათვლა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლიდან გამომდინარე უნდა დაიწყოს არა უშუალოდ მომხდარი შემთხვევის თარიღიდან, არამედ იგი უნდა დაუკავშირდეს სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელის დაზარალებულად ცნობის ფაქტს, რა დროიდანაც მისთვის ობიექტურად ცნობილი გახდა თავისი უფლების დარღვევის და ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ. სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის 26 იანვარს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ არის ხანდაზმული.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, მე-1000 მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
საქმეებზე - ,,დევიერი ბელგიის წინააღმდეგ’’ და ,,დელკური ბელგიის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ "ადამიანის უფლებათა" ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს "დასაბუთებული" (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), მართლწინააღმდეგობა იმთავითვე ვლინდება (იხ. სუსგ საქმე №ას-1295-1215-2017).
ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა ბრალი კი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ჩვეულებრივ და უხეშ გაუფრთხილებლობად. ბრალის ფორმას, ზოგადი წესის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული. ამასთან, ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის.
როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე №ას-191-183-2016).
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებსა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით.
ამდენად, პასუხისმგებლობა ნივთიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვის დგება ბრალის მიუხედავად. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ზიანის მიყენების წყაროა მომეტებული საფრთხის შემცველი მოწყობილობა ან საგანი, რომლის მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ამგვარ ობიექტსა თუ მოქმედებასთან დაკავშირებული ზიანი. მომეტებულ საფრთხეში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელება შეიცავს ზიანის მიყენების აშკარა შესაძლებლობას და რომლის კონტროლირებაც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს (სუსგ, №ას-1287-1208-2015, 26.02.2016). სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი ნაგებობა, რომელშიც ხდება ბუნებრივი აირის მიწოდება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, ვინაიდან ასეთი ობიექტების გამოყენება სრულად არ ექვემდებარება ადამიანის კონტროლს მათი მახასიათებელი თვისებებიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, მოსარჩელეთათვის ზიანის მიყენების ფაქტი და ოდენობა. ამასთან, უდავოა, რომ აფეთქება გამოიწვია უძრავ ქონებაში შეჟონილი და დაგროვებული ბუნებრივი აირის აალებამ. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის პარალელურად, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა გაზის გადამცემი მილის დაზიანებასა და მის ავარიულ მდგომარეობაზე, რის შეკეთებასა და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირი, ცხადია მოპასუხეა. სასამართლომ არ გაიზიარა მისი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მის მიერ არ იქნა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის ვალდებულებაა ბრალის მიუხედავად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა კი დასტურდება სასამართლოს მიერ გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნაშივე მოხმობილი ნორმატიული აქტით.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოპასუხის მიმართ დგინდება დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობლიობა, ამასთან დადგენილია, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ არის ხანდაზმული, რაც განაპირობებს მის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 945.30 ლარი (ტომი 1, ს.ფ.42). სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 945.30 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ლ---–-------–---–ის სარჩელი შპს ,,ყ--------------------–--ის’’ მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--ს’’ მოსარჩელე ლ---–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 31 510 ლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--ს’’ მოსარჩელე ლ---–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 945.30 ლარის ოდენობით;
4. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--ს’’ მოსარჩელე ლ---–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი