გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.02.2019
საქმის ნომერი
330210017002005134
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/18450-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნათია შიოშვილი

სხდომის მდივანი - მონიკა ჯანელიძე

მოსარჩელე - შპს „ემ------------ი“

წარმომადგენელი - გი--------------–---–ი

მოპასუხე - და-----–-------–---–ი

წარმომადგენელი - ნა-----------–-ძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე და-----–-------–---–ს მოსარჩელე შპს „ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 201--–-–----------ს გაფორმებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 840 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 280 ლარი, პროცენტი - 84 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი, პირგასამტეხლო - 456 ლარი.

 

მოსარჩელის მითითებით, 201--–-–----------ს მოპასუხე და-----–-------–---–სა და შპს „ემ------------ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება #3----, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 280 ლარის ოდენობით 201--–-–--------–---მდე. მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი გადაეხადა 30 დღის ვადაში, თუმცა აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს დაეკისრა ასევე ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მსესხებლის მიერ არ შესრულებულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დღეისათვის მისი დავალიანება შეადგენს 840 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოპასუხის მიმართ არანაირ გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, მისთვის კრედიტორს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შესრულების ვადაც არ განუსაზღვრავს. ამასთან, მოპასუხე მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტავს, რომ შპს „ემ------------ს“ მოთხოვნის უფლება უნდა გამოეყენებინა 201--–-–-----------მდე, თუმცა მან სარჩელი აღნიშნული მოთხოვნით აღძრა 2017 წლის 11 ივლისს. ამდენად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 201--–-–----------ს შპს „ემ------------სა“ და და-----–-------–---–ს შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება #3----, რომლის საფუძველზეც და-----–-------–---–ის სახელზე გაიცა სესხი 280 ლარის ოდენობით 201--–-–--------–---მდე.

 

მხარეთა შორის ურთიერთობა წესრიგდება შპს „ემ------------ის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულებით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების 5.8 პუნქტის შესაბამისად, თითოეული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში სესხი ჩაითვლება ვადაგადაცილებულად და მას დაერიცხება ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ სასარგებლოდ დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 20 (ოცი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ელექტრონული ხელშეკრულება #3---- (ს.ფ. 13-21);

- თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 31).

 

3.1.2. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მას ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (29.01.2019 სხდომის ოქმი).

 

3.1.3. 2017 წლის 11 ივლისის მდგომარეობით ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 840 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 280 ლარი, პროცენტი - 84 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი და პირგასამტეხლო 456 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმულია.

 

მოპასუხე მხარემ სადავო გახადა მოთხოვნის ხანდაზმულობა როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლო სხდომაზეც.

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელი წარმოდგენილია 2017 წლის 11 ივლისს, მანამდე მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს. და-----–-------–---–ს თანხა არ გადაუხდია. მართალია, მოსარჩელის მიერ 2019 წლის 29 იანვარს გამართულ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა დოკუმენტი, რომლითაც სურდა დაედასტურებინა, რომ მხარის მიერ 2014 წლის 28 ნოემბერს იქნა გადახდილი 80 ლარი, თუმცა მითითებული მტკიცებულება აღნიშნულ გარემოებას ვერ ადასტურებს. უფრო მეტიც, წარმოდგენილი დოკუმენტით არ ირკვევა, თუ რასთან დაკავშირებით არის აღნიშნული თანხა გადახდილი და ვის მიერ.

 

მოსარჩელე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნა, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება გამორიცხავს სარჩელის ხანდაზმულობას, ვინაიდან ბოლო გადახდა განხორციელდა 2014 წლის 28 ნოემბერს, ხოლო სარჩელი კი წარმოდგენილია 2017 წლის 11 ივლისს, ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დაცვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან სესხის გაიცა 201--–-–----------ს 30 დღის ვადით ანუ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 201--–-–--------–---მდე, თუმცა მოპასუხის მიერ არ მომხდარა სესხის დაბრუნება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 10 ივლისიდან და ამოიწურა 2017 წლის 10 ივლისს. სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილია 2017 წლის 11 ივლისს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მოსარჩელის მიმართ არ იქნა შესრულებული, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, რისი გათვალისწინებითაც, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 131-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 623-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია სესხის ხელსეკრულებიდან გამომდინარე, კერძოდ - 201--–-–------------დან.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია 201--–-–----------ის ხელშეკრულებების პირობები, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

 

სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

 

„ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. ამასთან, თუ პირმა თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილისათვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ. როდესაც ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრული არაა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა გონივრული ვადის გასვლის შემდეგ იწყება, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე - მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გამომდინარეობს 201--–-–----------ს გაფორმებული ელექტრონული ხელშეკრულებიდან, რომლის თანახმადაც 280 ლარის ოდენობით გაცემული სესხი უნდა დაფარულიყო 201--–-–---------–---მდე, თუმცა მოპასუხის მიერ აღნიშნული ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს 201--–-–----------ს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა და-----–-------–---–ის მიერ შპს „ემ------------ის“ ანგარიშზე თანხების შეტანის და ამით #3---- სესხის ხელშეკრულებით ნაკისირი ვალდებულების შესრულების ფაქტი.

 

მოსარჩელე შპს „ემ------------ის“ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა წერილი მოპასუხის მიერ სადავო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განხორცილებული გადახდების თაობაზე. მისი მითითებით, მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2014 წლის 28 ნოემბერს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ ცნობაზე და აღნიშნავს, რომ ვერც ცნობით და ვერც მოსარჩელის წარმომადგენლის გამარტებით სარწმუნოდ ვერ იქნა დადგენილი, მოპასუხის მიერ როდის, რა წესით და რა დანიშნულებით იქნა გადახდილი ცნობაში მითითებული თანხები. მოვალის ქმედებიდან, რომელიც კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანების შესრულებას ეხება, ნათლად და არაორაზროვნად უნდა დგინდებოდეს მოვალის მხრიდან ვალდებულების აღიარება და მოვალის მზაობა, აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე. თუმცა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 50 ლარი (ს.ფ. 33).

 

შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის, ისევე როგორც სხვა ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ემ------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ საჩივრდება.

 

მოსამართლე: ნათია შიოშვილი