გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.02.2019
საქმის ნომერი
820310018002530278
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310018002530278 (: 3-66/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 თებერვალი , 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

მოსარჩელე - ეს----------ძე

მოსარჩელის წარმომადგენელი - კო--------------ძე

მოპასუხე - შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

მოპასუხის წარმომადგენელი - ჯი-–-------–-ძე

დავის საგანი: ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული ოქმის ბათილად ცნობა. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმი ეს----------ძის ნაწილში და დავალდებულდეს კომისია აღძრა შუამდგომლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის თაობაზე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

2018 წლის 19 მარტს ეს----------ძემ მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც ითხოვდა ეკომიგრანტები ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. მერიის კომისიის მიერ დადგენილი იქნა, რომ ეს----------ძე სოფელ ჩა-----–--ში ცხოვრობდა მეწყერსაშიშ ზონაში, აგრეთვე ის, რომ აქვს მინიჭებული საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შესაბამისი ქულა. მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად კომისიამ გაუწია დადებითი რეკომენდაცია, თუმცა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ კი გაიზიარა სამთავრობო კომისიამ და გარემოებების დამატებით შესწავლის მიზნით მასალები დააბრუნა გამგეობაში.

დამატებითი გარემოებების შესწავლის შემდგომ კომისიამ 2018 წლის 17 აპრილს მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და ახალი გარემოებების არ არსებობის გამო N4 ოქმით უარი თქვა დადებითი რეკომენდაციის გაცემაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

ეს----------ძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველად დარეგისტრირდა 2016 წლის მაისის თვეში. საქმის მასალები შესასწავლად და შესაბამისი რეკომენდაციის წარსადგენად შუახევის მუნიციპალიტეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გადმოიგზავნა 2016 წლის 17 მაისს. ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში ეს----------ძეს შუახევში, თამარ მეფის ქ. N16-ში ფლობდა საცხოვრებელ ბინას და არ აკმაყოფილებდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა სამთავრობო კომისიის წესისა და ემიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N2-ის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპინქტით ბენეფიციარისთვის დადგენილ მოთხოვნებს, შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ მას უარი ეთქვა დადებითი რეკომენდაციის გაწევაზე. ეს----------ძემ ბინა გაასხვისა 2016 წლის ოქტომბრის თვეში საკუთარ შვილიშვილზე და დღესაც ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, რაც ადასტურებს, რომ ბინის გასხვისება მოხდა ფიქტიურად, პროგრამაში ჩართვის უფლების მოსაპოვებლად.

 

3. მესამე პირის პოზიცია

საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოსარჩელე ეს----------ძეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩა-----–--ში საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, ერთსართულიანი კაპიტალური ნაგებობა, რომელიც დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად,, კერძოდ ფერდზე ფიქსირდება მეწყრული პროცესებისათვის დამახასიათებელი ფორმები, რომლის ზემოქმედების შედეგად საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედლების ნაწილი ჩამონგრეულია, ხოლო შემკვრელი სარტყელი ძლიერ დეფორმირებულია. საცხოვრებელი სახლი საფრთხეს წარმოადგენს და აღარ ექვემდებარება აღდგენას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

-გეოლოგიური დასკვნა

 

4.1.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 17 მაისის N05/1056 წერილით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულების N2 დანართით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზემოთ მითითებული წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დადასტურების შემთხვევაში წარმოდგენილ ოჯახებზე, მათ შორის ეს----------ძის ოჯახზე, აღძრულიყო შუამდგომლობა, ან წარმოდგენილიყო არგუმენტირებული უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 31 მარტის N05/683 წერილი.

 

4.1.3. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმით ეს----------ძეს უარი ეთქვა დადებითი რეკომენდაციის გაწევაზე იმ საფუძვლით, რომ მან ბინა გაასხვისა 2016 წლის ოქტომბრის თვეში საკუთარ შვილიშვილზე და დღესაც ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმი.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს ეს----------ძეს ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის საკითხი.

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მას საკუთრებაში სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული სახლი წარმოადგენს მისი ოჯახის ერთადერთ საკუთრებას. მოსარჩელეებს ბინა რომლის შესახებაც მიუთითებს კომისია მეუღლის ავადმყოფობის გამო გაყიდა 2016 წელში და იმის გამო, რომ სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია იძულებულია იცხოვროს შვილიშვილთან.

 

მოპასუხის წარმომადგენელი საპირისპიროს განმარტავს და აცხადებს, რომ მოსარჩელე ეს----------ძემ ბინა გაასხვისა 2016 წლის ოქტომბრის თვეში საკუთარ შვილიშვილზე და დღესაც ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, რაც ადასტურებს, რომ ბინის გასხვისება მოხდა ფიქტიურად, პროგრამაში ჩართვის უფლების მოსაპოვებლად, შესაბამისად არ ექვემდებარება კომპენსაციას.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის პოზიციას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ეს----------ძის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად. რამდენად წარმოადგენს მის მიერ 2016 წელში გასხვისებული სახლის არსებობა, რომელშიც ამჟამად თვითონ ცხოვრობს, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს, არის სამართლებრივი შეფასების საკითხი, რაზეც მსჯელობა იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება.

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ.

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულება.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომის ოქმით ეს----------ძის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად იქითკენ არის მიმართული, ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალოდ სამართლებრივი შედეგი წარმოშვას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 საოქმო გადაწყვეტილებას ეს----------ძის მიმართ სამართლებრივი შედეგი მოჰყვა, მისთვის დახმარების გაცემაზე, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე უარის სახით.

 

ამდენად, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 საოქმო გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის დ პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად უნდა იქნას განხილული და მისი კანონიერების საკითხი უნდა შეფასდეს როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ისე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

7.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ

 

ამავე ბრძანების დანართი N1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."

 

7.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც,1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით:

ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას;

ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია.

2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.

 

აღნიშნული წესის მესამე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;

კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა);

ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოსარჩელე ეს----------ძეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩა-----–--ში საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, ერთსართულიანი კაპიტალური ნაგებობა, რომელიც დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად,, კერძოდ ფერდზე ფიქსირდება მეწყრული პროცესებისათვის დამახასიათებელი ფორმები, რომლის ზემოქმედების შედეგად საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედლების ნაწილი ჩამონგრეულია, ხოლო შემკვრელი სარტყელი ძლიერ დეფორმირებულია. საცხოვრებელი სახლი საფრთხეს წარმოადგენს და აღარ ექვემდებარება აღდგენას. საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი არის მეორე კატეგორიის.

 

დადგენილია, რომ ეს----------ძემ დახმარებისათვის განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ, 2016 წლის 17 მაისის N05/1056 წერილით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას აცნობა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულების N2 დანართით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზემოთ მითითებული წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დადასტურების შემთხვევაში წარმოდგენილ ოჯახებზე, მათ შორის ეს----------ძის ოჯახზე, აღძრულიყო შუამდგომლობა, ან წარმოდგენილიყო არგუმენტირებული უარი.

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმით ეს----------ძეს უარი ეთქვა დადებითი რეკომენდაციის გაწევაზე იმ საფუძვლით, რომ მან ბინა გაასხვისა 2016 წლის ოქტომბრის თვეში საკუთარ შვილიშვილზე და დღესაც ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულები თ განსაზღვრული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მეოთხე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც (,,ბ“ ქვეპუნქტი) 2017 წლის 1 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მტკიცებით, არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რადგანაც დაბა შუახევში მდებარე ბინა ეკონომიური მდგომარეობის გამო გაასხვისა 2016 წელს და იმის გამო, რომ სოფ. ჩა-----–--ში მდებარე მის კუთვნილ სახლში ცხოვრება შეუძლებელია, ცხოვრობს ამავე სახლში თავის შვილიშვილთან.

 

როგორც საქმის სასამართლო განხილვის შედეგად გამოირკვა, მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ეს----------ძის სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, ხოლო ალტერნატიული ფართის საკითხის გადაწყვეტისას კომისიამ უარის თქმას დაუდო ის საფუძველი, რომ ეს----------ძემ 2016 წელს გაასხვისა მის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლი, რაც მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით განხორციელდა ფიქტიურად იმ განზრახვით რომ მიეღო შესაბამისი კომპენსაცია.

 

კომისია გადაწყვეტილების მიღებისას შემოიფარგლა ნორმატიული აქტის რეგულაციით ზემო დასახელებული ფორმალური გარემოების მითითებით, რომ არსებობდა ალტერნატიული ფართი, რაც გამორიცხავდა ეს----------ძისათვის დახმარების გაცემას და შინაარსობრივად არ გამოიკვლია და არ შეისწავლა, რეალური მოცემულობების პირობებში, 2016 წელში გასხვისებული საცხოვრებელი ფართის არსებობა წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ნორმატიული აქტით მოცემული დათქმა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით არ უნდა იქნას გაგებული სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არ გულისხმობს ფართის მხოლოდ საჯარო რეესტრის მიხედვით საკუთრებაში რიცხულობას. ნორმა წაკითხულ უნდა იქნას სისტემურად, ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და განმარტებული უნდა იქნას ამ ნორმატიული აქტის მიზნებიდან გამომდინარე, რაშიც იგულისხმება იმ გარემოების გამოკვლევა და განსაზღვრა, დაზარალებულ ოჯახს გააჩნია თუ არა საცხოვრებლად სხვა, მისთვის განკუთვნილი ალტერნატიული ფართობი და დაზარალებული ოჯახი შეძლებს თუ არა, მასში ცხოვრებას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი ფართის განადგურების შემდეგ.

 

7.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმი ეს----------ძის მიმართ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ეს----------ძის განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

 

8. საპროცესო ხარჯები

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის საფუძველზე საფუძველზე.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ეს----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:

 

2. ბათილად იქნას ცნობილი შუახევის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 17 აპრილის N4 სხდომის ოქმი ეს----------ძის მიმართ.

 

3. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ეს----------ძის განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

 

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი /.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე