გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210118002721467 (2-705/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 თებერვალი. 2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
მოსარჩელე: სს ”ლი------------ი”
მოსარჩელის წარმომადგენელი: ან-----------ი
მოპასუხე: გი------ ფუ-------ძე, რ----- ფუ-------ძე, მა-–---- ფუ-------ძე (არ გამოცხადდა)
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ რ----- ფუ-------ძეს, გი------ ფუ-------ძეს და მა-–---- ფუ-------ძეს სოლიდარულად დაეკისროთ 9587.05 ლარის გადახა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5341.23 ლარი, სარგებელი 2464.82 ლარი და პირგასამტეხლო 1781 ლარი.
1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2013 წლის 15 ოქტომბერს სს „ლი------------ს“ და რ----- ფუ-------ძეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით,48 თვის ვადით, წლიური 16.25 %-იანი საპროცენტო განაკვეთით. სესხზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს გი------ ფუ-------ძემ და მა-–---- ფუ-------ძემ. მოპასუხეთა მხრიდან არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ერიცხებათ დავალიანება 9587.05 ლარის ოდენობით. მათ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ უზრუნველყვეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულება და დარიცხული დავალიანების დაფარვა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ ცნეს. რ----- ფუ-------ძის განმარტებით ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, იგი იმყოფებოდა პატიმრობაში და ვერ შეძლებდა თანხის გადახდას, აღნიშნულის შესახებ აცნობა მოსარჩელეს, რომელსაც უნდა შეეჩერებინა სარგებელისა და ჯარიმის დარიცხვა. მოპასუხეები სარჩელს ცნობენ სესხის ძირი თანხის ანაზღაურების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 15 ოქტომბერს სს „ლი------------ს“ და რ----- ფუ-------ძეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიური 16.25 %-იანი საპროცენტო განაკვეთით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რაც განისაზღვრა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება
- სესხის დაფარვის გრაფიკი
3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 15 ოქტომბერს გი------ ფუ-------ძეს, მა-–---- ფუ-------ძესა და სს „ლი------------ს“ შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებელ რ----- ფუ-------ძის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- თავდებობობის ხელშეკრულებები.
3.1.3. სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხეები პირადად იყვნენ ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სესხის დაფარვის გრაფიკი
- შეტყობინებები დავალიანების დაფარვის თაობაზე
3.1.4. სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებს დაერიცხათ დავალიანება 9587.05 ლარის ოდენობით, საიდანაც 5341.23 ლარი სესხის ძირი თანხაა, 2464.82 ლარი - სარგებელი, 1781 ლარი - პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან -
- ცნობა დავალიანების შესახებ -
3.1.5. მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოპასუხე რ----- ფუ-------ძეზე საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1805.38 ლარის და ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1152 ლარის დაკისრებას. მოსარჩელემ ამ ნაწილში უარი თქვა მოთხოვნაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დავალიანება უზრუნველყოფილი იქნა სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
- სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა მოთხოვნილი სარგებელისა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ემუხლისპირველინაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეადგენს 9587.05 ლარს. მოპასუხე მხარეს, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 417-418-ე, 115-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-892-ე, 896-ე მუხლები;
- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ანუ საფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხისა და საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2013 წლის 15 ოქტომბერს სს „ლი------------ს“ და რ----- ფუ-------ძეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიური 16.25 %-იანი საპროცენტო განაკვეთით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რაც განისაზღვრა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ რ----- ფუ-------ძემ კრედიტის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელემ მასთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და მოითხოვა კრედიტის სახით გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები მოცემულია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლში. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობს თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველო სსკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც ხელშეკრულება წყდება თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშვნაც.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ რ----- ფუ-------ძემ მოსარჩელისაგან აიღო კრედიტი, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით გადახდის ვალდებულებით, თუმცა კრედიტის დაფარვა ვერ უზრუნველყო, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. დადგენილია, რომ მოპასუხემ გარკვეული პერიოდის შემდეგ საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და მოსარჩელის მხრიდან, არაერთი გაფრთხილებისა თუ თანხის დროული დაფარვის შესახებ მოწოდების მიუხედავად, არ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაერთხელ დარღვევის ფაქტი, მიუხედავად მისი მიზეზისა, მოსარჩელეს ანიჭებდა ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
6.2. საქართველოს 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებული ქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. სკ-ის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 896-ე მუხლის თანახმად კი, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 15 ოქტომბერს გი------ ფუ-------ძეს, მა-–---- ფუ-------ძესა და სს „ლი------------ს“ შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებელ რ----- ფუ-------ძის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. იმავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაცილებული იქნა კრედიტის დაფარვის ვადები. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა თანხის ერთიანად დაბრუნება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის ძირი თანხის - 5341.23 ლარისა და სარგებლის - 2464.82 ლარის დაკისრების ნაწილში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ემუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დავალიანების 0.5%-ის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავისუფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.
სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, დარღვევის მიზეზს, (რომ ძირითადი მსესხებელი იმყოფებოდა პატიმრობაში) აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსურ ზარალზე არ აპელირებს და მოპასუხეს მთლიანად ეკისრება დარიცხული სარგებელი. ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მისი გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 150 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნისათვის მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 287.62 ლარი, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 50 ლარი, ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 50 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის 50 ლარი.
მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე ნაწილობრივ სცნეს სარჩელის მოთხოვნა სესხის ძირი თანხის 5341.23 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის თანხიდან უნდა დაუბრუნდეს 160.23 ლარი.
მოსარჩელემ უარი თქვა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მოთხოვნაზე, შესაბამისად უნდა დაუბრუნდეს ამ მოთხოვნებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხებიც.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის მოპასუხის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად 78.55 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. სხვა თანხა კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ძირითად ნაწილში დაკმაყოფილდა, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხების გი------ ფუ-------ძის , მა-–---- ფუ-------ძის და რ----- ფუ-------ძის საბანკო ანგარიშებს, საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, გარდა სს ,,ლი------------ისა’’, საარსებო მინიმუმის 175.00 ლარს ზემოთ ჩარიცხულ თანხებზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ლი------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს: რ----- ფუ-------ძეს, მა-–---- ფუ-------ძესა და გი------ ფუ-------ძეს სს ლი------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7959.05 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 5341.23 ლარს, პროცენტი შეადგენს - 2464.82 ლარს, პირგასამტეხლო (ჯარიმა) შეადგენს - 150 ლარს;
3. რ----- ფუ-------ძეს, მა-–---- ფუ-------ძესა და გი------ ფუ-------ძეს სს ლი------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის თანხა 78.55 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
4. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ლი------------ს'' გადახდილი ბაჟის ნაწილი, რა ნაწილშიც მოსარჩელემ ცნო სარჩელი (5341.23 ლარის 3%) 160.23 ლარი, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 3--------. (სს,,ლ---------------“, საგადასახადო დავალება N1. 6/11/2018.)
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ლი------------ს'' საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი ბაჟი 50 ლარი რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 3--------. (სს,,ლ---------------“, საგადასახადო დავალება N5---------. გადახდის თარიღი 6/11/2018.) და ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი ბაჟი 50 ლარი რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 3--------. (სს,,ლ---------------“, საგადასახადო დავალება N5---------. გადახდის თარიღი 6/11/2018.)
6. უცვლელად დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხოლო მოპასუხისათვის სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე