გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2019
საქმის ნომერი
080210018002568192
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002568192

#2/2502-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.01.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - სს ს----------–--------ი

წარმომადგენელი - გ--------–-----ა;

მოპასუხე - მ----------------ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ----------------ეს- სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს #3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე 1698,46 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1114,27 აშშ დოლარს, სარგებელი 278,23 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 305,96 აშშ დოლარს.

 

1.2. მ----------------ეს- სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს #3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად სარგებლის სახით 1,10 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.3. მ----------------ეს- სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს #3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 11,14 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.4. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია 10.01.2019წ სასამართლო სხდომაზე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 19 სექტემბერს სს პ------------ და მ----------------ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენს 8000 ლარს/5000 აშშ დოლარს. საკრედიტო ხაზის ტიპი- უვადო. წლიური საპროცენტო სარგებლის 36%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ათვისებული თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის ვადაგადაცილების შემთხვევაში განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 1%, რომელიც ირიცხება ყოველდღიურად ვადაგადაცილებულ თანხაზე. ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეადგენს ათვისებული თანხის არანაკლებ 7%, საიდანაც 3% მიემართება ყოველთვიური სარგებლის დასაფარად, ხოლო 4% რჩება ანგარიშზე და მცირდება ათვისებული თანხა. 2018 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მ----------------ის დავალიანება სს ს----------–--------ის მიმართ შეადგენს 1689 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1114,27 აშშ დოლარს, სარაგებელი 278,23 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 305,96 აშშ დოლარს.

 

2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს ს----------–--------ის და სს პრივატბანკის შერწყმა, შესაბამისად სს ს----------–--------ი წარმოადგენს სს პრივატბანკის უფლებამონაცვლეს.

 

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბანკის მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად. მ----------------ეზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. მ----------------ემ შეწყვიტა სესხზე ძირი თანხის და სარგებლის დაფარვა. მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად მიეცა ორი კვირი ვადა, მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხის მიერ ვალდებულებები დღემდე არ შესრულებულა. (იხ. სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ----------------ემ სარჩელი ნაწილობრივ 1120 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო. მოპასუხემ განმარტა, რომ საპროცენტო განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია. ასევე მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმულია. (იხ. შესაგებელი. 10.01.2019წ სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 19 სექტემბერს სს ს----------–--------ს და მ----------------ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენს 8000 ლარს/5000 აშშ დოლარს.

 

ხელშეკრულების მოქმედება განისაზღვა უვადოდ. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 36%. მხარეთა შორის შეთანხმებით პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა ათვისებული თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის ვადაგადაცილების შემთხვევაში ვადაგადაცილებული თანხის 1%, რომელიც ირიცხება ყოველდღიურად ვადაგადაცილებულ თანხაზე. ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეადგენს ათვისებული თანხის არანაკლებ 7%, საიდანაც 3% მიემართება ყოველთვიური სარგებლის დასაფარად, ხოლო 4% რჩება ანგარიშზე და მცირდება ათვისებული თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 19.09.2013 წლის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე მ----------------ის განმარტებით სარჩელი ხანდაზმულია. სამართლო არ იზიარებს მოპასუხის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ მსესხებელმა სს პრივატბანკიდან გადასულ სესხზე ბოლო გადახდა სს ს----------–--------ში გადაიხადა 2015 წლის 14 სექტემბერს. მ----------------ის ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად მსესხებლის მიერ 2015 წლის 28 მაისიდან 2015 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით სხვადასხვა დროს განხორციელდა ანგარიშზე თანხის შეტანა. სს ს----------–--------მა სარჩელი სასამართლოში აღძრა 2018 წლის 30 ივლისს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ან/და შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ან/და აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.

 

წარმოდგენილი მტკიცებულელების საფუძველზე სსამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ----------------ის მიმართ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 19 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ----------------ის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს ძირი თანხა 1114,27 აშშ დოლარს, დარიცხული პროცენტის ოდენობა 278,23 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 305,96 აშშ დოლარს.

 

მოპასუხე მ----------------ის განმარტებით, საკრედიტო ბარათიდან ათვისებული თანხის ოდენობა შეადგენს 1000 აშშ დოლარს. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის სესხის პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მოითხოვ სამართლებრივ შეფასებას.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მოსაქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 873-ე, 867-ე, 868-ე, 400-403-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 115-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მ----------------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ 1120 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა საკრედიტო ბარათით გათვალისწინებული თანხის დაფარვის ვადები. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მსესხებლებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები და განუსაზღვრა ვადა არსებული დავალიანების დასაფარად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2013 წლის 19 სექტემბერს სს ს----------–--------ს და მ----------------ეს შორის დადებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენს 8000 ლარს/5000 აშშ დოლარს. 2018 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მ----------------ის დავალიანება სს ს----------–--------ის მიმართ შეადგენს 1689 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1114,27 აშშ დოლარს, სარაგებელი 278,23 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 305,96 აშშ დოლარს.

 

ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2013 წლის 19 სექტემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მ----------------ე სარგებლობდა საკრედიტო ბართით. მსესხებლის მიერ სხვადასხვა დროს ხორციელდებოდა ანგარიშზე თანხის გადახდა. ბოლო გადახდა ბანკში განხორციელდა 2015 წლის 14 სექტემბერს. 2018 წლის 29 ივნისს სს ს----------–--------მა მსესხებელს გაუგზავნა შეტყობინება არსებული დავალიანების არსებობის და ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

ამდენად, როგორც პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოპასუხე, მ----------------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

 

6.4. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო ბარათი, რითაც სარგებლობდა მოპასუხე მ----------------ე, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - მ----------------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.5. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხისთვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1. მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარცელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს 2013 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ მოითხოვა სარგებლის 278,23 აშშ დოლარის დაკისრება 2018 წლის 20 ივლისის მდგომარეობით. დადგენილია, რომ სს ს----------–--------მა 29.06.2018 წ შეწყვიტა მ----------------ესთან ხელშეკრულება. სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ამდენად სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. სასამართლოს ამგვარი შეფასებები და დასკვნები შესაბამისობაშია მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2013 წლის 19 სექტემბერს სს პ------------ და მ----------------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

დარიცხულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს 0,05%-მდე, ასევე უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლო 305,96 აშშ დოლარი 50 აშშ დოლარამდე. მ----------------ეს სს ს----------–--------ის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს #3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 0,05 %-ის შესაბამისად 0,56 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 82,29 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 68,74 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს და სარგებლის მოთხოვნის ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ს----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. (#3----- სესხზე) მ----------------ეს - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1442,5 აშშ დოლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1114,27 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 278,23 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 50 აშშ დოლარს.

 

3. მოპასუხე მ----------------ეს - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ 2013 წლის 19 სექტემბრის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 1114,27 აშშ დოლარის 0,05%-ის- 0,56 აშშ დოლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 31 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

4. მოთხოვნის სხვა ნაწილში სს ს----------–--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. მ----------------ეს - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 68,74 ლარის ოდენობით.

 

6. სს ს----------–--------ს დაუბრუნდეს 2018 წლის 23 ივლისს სარჩელის აღძვრის გამო სს ს----------–--------ში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 82,29 ლარი (საგადახდო დავალება №753), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

7. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე