გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2019
საქმის ნომერი
330210118002496658
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17704-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

05 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე: სს ''თ-----------'';

წარმომადგენელი: ს--–-------–----–---–ი;

მოპასუხეები: ლ------------ა, შ---------------ა;

დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს - ლ------------ას და შ---------------ას მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 1 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 8980.93 ლარის, პროცენტის - 1769.70 ლარის და პირგასამტეხლოს - 2500 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს - ლ------------ას და შ---------------ას მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 24 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 1 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 8980.93 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური - 17.12% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 128.12 ლარს.

1.3. მოპასუხეებს - ლ------------ას და შ---------------ას მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 24 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 1 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 8980.93 ლარზე, აღსრულებამდე პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 44.90 ლარს), მაგრამ არაუმეტეს - 2500 ლარისა.

 

1.4. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხებზე მოპასუხე შ---------------ას პასუხისმგებლობა განისაზღვროს არაუმეტეს - 15200 ლარით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, დავალიანების ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს პროცენტის დაკისრების ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოსთან მიმართებით მიუთითეს, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვეს მისი შემცირება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ სს ''ბ--------------–----'' და ლ------------ას შორის 2016 წლის 1 აპრილს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.12%-ით, კრედიტის ვადა - 48 თვე, 2020 წლის 1 აპრილამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 2 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, დავალიანების 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 1 აპრილის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ---------------ამ ძირითად მსესხებელთან ლ------------ასთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა 2016 წლის 1 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 15 200 ლარით.

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 21 მარტის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა. ასევე, მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით მოპასუხეებს 2016 წლის 1 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 15 598.62 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 8980.93 ლარი, პროცენტი - 1769.70 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 4 847.99 ლარი, რომელიც მოსარჩელის კეთილი ნების საფუძველზე შემცირებულ იქნა 2500 ლარამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 1 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 23-34);

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-40);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 60-11);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 66);

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. სდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''თ-----------ს'' სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე-412-ე, 417-ე-420-ე, 464-ე, 867-ე- 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ''თ----------ს'' ლ-------------ას და შ---------------ას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''თ-----------'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 8980.93 ლარის დაბრუნება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქმეში არსებული მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ ხელშეკრულება დადებულ იქნა 48 თვის ვადით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა პროცენტის თანხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს პროცენტის სახით უნდა დაეკისროს - 1769.70 ლარის გადახდა. ვინაიდან, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, მოპასუხეებს - ლ------------ას და შ---------------ას მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 24 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 1 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 8980.93 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური - 17.12 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 128.12 ლარს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (ლუცრუმ ცესსანს). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'' (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 8%-ს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხებზე წლიური 8%-ი სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხეებს - ლ------------ას და შ---------------ას მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2018 წლის 24 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 1 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 8980.93 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 8 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 59.87 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 3 (სამი) წლისა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. აღნიშნული ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს დარიცხული სესხის პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, ანგარიშიდან ამონაწერით) არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 1 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ---------------ამ ძირითად მსესხებელთან ლ------------ასთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა 2016 წლის 1 აპრილის კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 15200 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე თავდები პირი ვალდებულია ზღვრული თანხის ფარგლებში აიღოს პასუხისმგებლობა ძირითად მსესხებელთან ერთად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

6.5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 0.05%-მდე.

 

შესაბამისად, მოპასუხეებს - ლ------------ას და შ---------------ას მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ 2018 წლის 24 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 1 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 8980.93 ლარზე, აღსრულებამდე პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.49 ლარს), მაგრამ არაუმეტეს - 500 ლარისა. ასევე უნდა შემცირდეს 2016 წლის 1 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოც და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ - 484.79 ლარის გადახდა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელემ გამოიხმო სარჩელი ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ასევე ნაწილობრივ კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების ნაწილში. სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელემ აგრეთვე უარი თქვა სარჩელზე ნაწილობრივ პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეებს ლ------------ას და შ---------------ას მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 197.29 ლარის (147.29+50=197.29) გადახდა. სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის, აგრეთვე ნაწილობრივ ცნობის და ნაწილობრივ უარის თქმის გამო, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 506.40 ლარის ოდენობით, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის საფასურის სახით გადახდილი აქვს 20 ლარი, ხოლო იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვს - 500 ლარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - არაუმეტეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%-ს 500 ლარის ოდენობით გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ''თ-----------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხეებს - ლ-------------ას და შ---------------ას მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ 2016 წლის 1 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 8980.93 ლარის, პროცენტის - 1769.70 ლარის და პირგასამტეხლოს - 484.79 ლარის გადახდა.

 

2.1. მოპასუხეებს - ლ-------------ას და შ---------------ას მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 24 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 1 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 8980.93 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 8% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 59.87 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) წლისა.

2.2. მოპასუხეებს - ლ-------------ას და შ---------------ას მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 24 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 1 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 8980.93 ლარზე, აღსრულებამდე პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 4.49 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 500 ლარისა.

 

2.3. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხებზე თავდების - შ---------------ას პასუხისმგებლობა განისაზღვროს არაუმეტეს - 15 200 ლარით.

 

3. მოპასუხეებს - ლ-------------ას და შ---------------ას მოსარჩელე სს ''თ-----------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 197.29 ლარის, სასამართლოსგარეშე ხარჯის - 20 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ოდენობით გადახდა.

 

4. სს ''თ----------ს'' დაუბრუნდეს მის მიერ 01.06.2018 წელს (საგადასახადო დავალება N21) სს ''თ----------ში'' გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 847.86 ლარის ნაწილი - 506.40 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი - 300773150.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი