გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.03.2019
საქმის ნომერი
050310018002332286
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
02.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310018002332286

N3/27-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28. 12.2018 წელი ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

 

მოსარჩელე: - ნ---------------რაძე

მოსარჩელის წარმომადგენელი - კახა ჩავლეშვილი

მოპასუხე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლა

მოპასუხის წარმომადგენელი: ზ---------------–-ილი, რ----------–-–--–-ძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნ---------------რაძის მიერ შრომის საჯარო სკოლის დირექტორის სახელზე დაწერილი ახსნა-განმარტება, დათარიღებული 2018 წლის 01 თებერვლით.

 

1.2. სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2018 წლის 08 თებერვლის სხდომის ოქმის N3.

 

1.3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის 2018 წლის 09 თებერვლის ბრძანება.

 

1.4. აღდგენილი იქნას ნ---------------რაძე სამუშაო ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში.

1.5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლას დაეკისროს ნ---------------რაძის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი სახელფასო განაცდური ყოველთვიურად ხელზე მისაღები 766 ლარი 2018 წლის 09 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რ----------–-–--–-ძის 2018 წლის 09 თებერვლის ბრძანებით N1-6 ოზურგეთის მუნიციაპლიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს ნ---------------რაძეს დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლება და შეწყდა მის მიმართ 2016 წლის 15 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულება N5.

 

3.2. 2018 წლის 08 თებერვლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის N3 სხდომის ოქმის მიხედვით საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა შემდეგი: 2018 წლის 01 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნ---------------რაძე სკოლის დერეფანში, კიბესთან შეხვდა მე-7 კლასის მოსწავლეს. ნ---------------რაძეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკლასო ოთახში მოსწავლემ ჩამოაგდო ფარდა, რის გამოც პასუხი მოსთხოვა მოსწავლეს და ამასთან მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახეში გაარტყვა ხელი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადგინეს დისციპლინური კომიტეტის წევრებმა მზია ხოშორაძემ, ინგა არობელიძემ, მარიამ კირკიტაძემ. დისციპლინური კომიტეტის სხდომას ესწრებოდა სკოლის დირექტორი რ----------–-–--–-ძე, რომელმაც გამოთქვა საკუთარი აზრი.

დისციპლინური წარმოების მასალები მოიცავს სკოლის მოსწავლის ახსნა-განმარტებას, მშობლის ახსნა-განმარტებას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მ. ნაკაიძის ახსნა-განმარტებას, სასწავლო ნაწილის რ. ბაქანიძის ახსნა-განმარტებას, თავად ნ---------------რაძის ახსნა-განმარტებას.

 

3.3. მოსარჩელე მხარის განმარტებით დისციპლინური წარმოება ჩატარდა დარღვევით. სხდომაზე არ იქნენ გამოკითხული პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლელობა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, რომელიც განსხვავდებოდა ახსნა-განმარტებაში მის მიერ დაფიქსირებული პოზიციისგან. არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი; ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე, 601-ე და 96-ე მუხლები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 33-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.3. ,,ზოგადი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის მეორე ნაწილის ჰ4) საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის − ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად.

 

6.4. ,,ზოგადი განათლების შესახებ'' საქართვეოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.''

 

6.5 ,,ზოგადი განათლების შესახებ'' საქართვეოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად ,,სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.''

ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,თანახმად სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.''

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ,,სკოლის შინაგანაწესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გარდა, შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები. მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.''

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ,,დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.''

ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ,,დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.''

ამავე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად ,,დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.''

 

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ 2010 წლის 14 ივლისის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N57/ნ ბრძანების მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში.'' მეორე ნაწილის თანახმად ,,მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.''

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.''

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.''

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მოისმინა მხარეების ახსნა-განმარტება, მოუსმინა სკოლის მოსწავლეს და მის მშობელს, ასევე სკოლის პედაგოგებს, რის შემდეგაც დადასტურებულად მიიჩნევს, მასწავლებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოქმედებას, რომლის შედეგადაც ბავშვმა განიცადა ემოციური ხასიათის ზეწოლა. ფიზიკურ შეხებას შეჩერების მიზნით არ უარყოფს თავად მასწავლებელიც. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ შემთხვევას (საყვედურის გამოთქმას) ადგილი ჰქონდა შესვენების დასრულებისას, დერეფანში, როდესაც სკოლის მოსწავლე უნდა შესულიყო სხვა გაკვეთილზე. შედეგად მოსწავლე სხვა მასწავლებელთან გაკვეთილზე შევიდა ატირებული. ამდენად უდაოდ დადგენილია, რომ დაირღვა მოსწავლის გაფრთხილების კანონით დადგენილი ფარგლები.

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ემოციური ფონი დისციპლინური საქმის განხილვისას იყო მაღალი, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სკოლის მოსწავლე არის პატარა ასაკის და შესაძლოა მისთვის რთულია თავიდან გამოხატული გარემოებების უარყოფა და თვლის, რომ მხარეთა მორიგება (სკოლის დირექცია, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, მოსწავლის მშობელი) შეიძლება გახდეს ის ახალი არსებითი გარემოება, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის დარეგულირებას და დამსახურებული პედაგოგირი საქმიანობის მრავალი წლის მხედველობაში მიღებას.

ამ ეტაპზე არსებული მოცემულობით საქმის დამატებითი განხილვისათვის დაბრუნების საფუძვლები არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე