გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7385-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - ლ-–----------ე
წარმომადგენელი - შ--–---------–---–ი
მოპასუხე - შ--–------–----ე
წარმომადგენელი - პ------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 4 950 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-15):
1.1.1. 2014 წელს მოპასუხემ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ჯ--------ის ქუჩა №--, ბინა №6 (ს/კ 0---------------) განახორციელა უკანონო მშენებლობა, კერძოდ, მეორე სართულზე მოაწყო ტერასა, რითაც მას მიადგა ზიანი;
1.1.2. მოპასუხის მიერ აშენებული ტერასა მეორე სართულზე ისეა მოწყობილი, რომ მას არ ეძლევა საშუალება აღკვეთოს გრუნტის წყლების შემოდინება პირველ სართულზე განთავსებულ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში;
1.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საჭიროა ნეგატიური შედეგების გამორიცხვის მიზნით, მომიჯნავე კედლის მხრიდან ზედაპირული წყლების ორგანიზებული გადაყვანა და კონსტრუქციების ჰიდროიზოლაციის სრული აღდგენა;
1.1.4. ვერანდის მოსაწყობად მოპასუხემ ჩამოშალა კლდე;
1.1.5. ჩამოშლილი კლდის ნაშალი მიწა მოპასუხემ ჩაყარა მესერის უკან, შენობის მარცხენა მხარეს;
1.1.6. ძლიერი წვიმის დროს მოპასუხის მიერ მიწით ამოვსებული სანიაღვრე არხი ვეღარ ატარებდა წყალს, რის გამოც ზიანდება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 0---------------------);
1.1.7. მან არაერთხელ სთხოვა მოპასუხეს შეესრულებინა დაპირება და გაეტანა ნაშალი კლდის მიწა, მაგრამ იგი რეაგირების გარეშე ტოვებდა როგორც ზეპირ, ასევე წერილობით გაფრთხილებებს;
1.1.8. ვინაიდან მიწის გაუტანლობით მის უძრავ ქონებას ადგებოდა ზიანი, მან საკუთარი სახსრებით გაიტანა მოპასუხის მიერ უკანონოდ დაყრილი კლდის ნაშალი მიწა;
1.1.9. მიწის გატანის სამუშაოებისთვის მის მიერ გაღებულია ხარჯი 4 950 ლარის ოდენობით;
1.1.10. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მან გაიტანა მოპასუხის მიერ კლდის ჩამოშლის შედეგად დაგროვილი მიწა, მოპასუხე უარს აცხადებს მოთხოვნილი თანხის გადახდაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 52-59)
2.1.1. სიმართლეს არ შეესაბამება მოსარჩელის მითითება მშენებლობის უკანონოდ წარმოების შესახებ;
2.1.2. ასევე მცდარია მოსარჩელის მითითება გრუნტის წყლების შედინების ფაქტთან და მოსარჩელის ქონებრივ უფლებებსა და ინტერესებზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით;
2.1.3. წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მონაცემები, რომლებიც მხოლოდ ვიზუალური დაკვირვების შედეგად არის დაფიქსირებული, ეფუძნება აბსტრაქტულ მსჯელობას და არ მიუთითებენ ამავე დასკვნაში მითითებულ გარემოებებთან მის შემხებლობას, რის გამოც წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ვერ განაპირობებს მის პასუხისმგებლობას, მათ შორის ზიანის ანაზღაურების ასპექტში;
2.1.4. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება მშენებლობის შედეგად კლდის ჩამოშლისა და სანიაღვრე არხის ამოვსების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს;
2.1.5. წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ იგი ვალდებულია აანაზღაუროს მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯი;
2.1.6. ვერანდის მოსაწყობად მის მიერ 2013 წელს მართლაც იქნა მოჭრილი კლდის ნაწილი, თუმცა მან თავადვე უზრუნველყო მის მიერ მოჭრილი მიწის (კლდოვანი ნაშალის) გატანა;
2.1.7. მართალია მოსარჩელემ ნამდვილად შეასრულა მიწის გატანის სამუშაოები, თუმცა მან გაიტანა არა მის მიერ კლდიდან მოჭრილი მიწა, არამედ ის მიწა, რომელიც მის მიერ უძრავი ქონების შეძენამდეც არსებობდა აღნიშნულ მისამართზე. შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა თანხის ანაზღაურების თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე და მოპასუხე წარმოადგენენ ქ. თბილისი, რ----- ჯ--------ის ქუჩა №---ში მდებარე საერთო საცხოვრებელ კორპუსში (ს/კ 0---------------) მცხოვრებ პირებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები (ს.ფ. 16-26)
3.1.2. მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, რ----- ჯ--------ის ქუჩა №--, სართული №1, საცხოვრებელი ფართი 47.33 კვ.მ (ს/კ 0---------------.0--------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები (ს.ფ. 16-26)
3.1.3. მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, რ----- ჯ--------ის ქუჩა №--, სართული №2, ბინა №6 ფართით 200.92 კვ.მ, ტერასა ფართით 19.70 კვ.მ და ტერასა - ფართით 15.70 კვ.მ (ს/კ 0----------------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი (ს.ფ. 16-24)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წელს მოპასუხემ უზრუნველყო მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, რ----- ჯ--------ის ქუჩა №--, სართული №2, ბინა №6, ტერასის (ვერანდის) მოწყობა. ამ მიზნით მან ჩამოჭრა (მოასწორა) მისამართზე არსებული კლდოვანი მასის ნაწილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- მოწმეთა ჩვენება
3.2.2. მოსარჩელემ 2018 წლის თებერვლის თვეში მისამართიდან - ქ. თბილისი, რ----- ჯ--------ის ქუჩა №-- უზრუნველყო მიწის გატანის სამუშაოების წარმოება. ამ მიზნით მოსარჩელის მიერ გაღებულია ხარჯი - 3 950 ლარის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის თებერვალში მოსარჩელემ უზრუნველყო მისამართიდან: ქ. თბილისი, რ----- ჯ--------ის ქუჩა №-- მიწის გატანის სამუშაოების წარმოება. აღნიშნული დასტურდება საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებითაც.
მიუხედავად იმისა, რომ დავის განხილვისას სადავო არ გამხდარა მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის ოდენობა, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს რამდენად დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება გაღებული ხარჯის ოდენობასთან მიმართებით. მოსარჩელე დავის ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითებს, რომ მის მიერ მიწის გატანის სამუშაოებისთვის გაღებულია ხარჯი 4 950 ლარის ოდენობით. აღნიშნულის დასტურად საქმის მასალებში წარმოდგენილია საგადახდო დავალებები, რომლის თანახმადაც მოსარჩელის მიერ ი-----–---------–---–ისთვის 2018 წლის 07 თებერვალს საბანკო ანგარიშსწორების გზით ჩარიცხულია 1 500 ლარი (გადახდის დანიშნულება - ,,მიწის სამუშაოები და მიწის გატანა’’) (ს.ფ. 37), ამავე თარიღში მოსარჩელის მიერ ი-----–---------–---–ისთვის ასევე ჩარიცხულია 900 ლარი (გადახდის დანიშნულება - ,,მიწის სამუშაოები და მიწის გატანა’’) (ს.ფ. 38), 2018 წლის 09 თებერვალს მოწმედ დაკითხული პირის - ხ--–--–---------ისთვის, რომელმაც დაადასტურა მისამართიდან მიწის გატანის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება, ასევე საბანკო ანგარიშსწორების გზით ჩარიცხული აქვს 1 550 ლარი (ს.ფ. 39). შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება მოსარჩელის მიერ სამუშაოების შესასრულებლად ჯამში 3 950 ლარის ხარჯის გაღების ფაქტი. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მითითებით მოწმედ დასაკითხი პირი - ი-----–---------–---–ი დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მას დამატებით 1 000 ლარი მიღებული ჰქონდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით მოსარჩელისთვის, თუმცა მოსარჩელემ არ უზრუნველყო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოწმის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დაადგინოს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება გაღებული ხარჯის ოდენობასთან მიმართებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ 2018 წლის თებერვლის თვეში მისამართიდან - ქ. თბილისი, რ----- ჯ--------ის ქუჩა №-- უზრუნველყო მიწის გატანის სამუშაოების წარმოება. ამ მიზნით მოსარჩელის მიერ გაღებულია ხარჯი - 3 950 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- მოწმეთა ჩვენება
- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 37-39)
3.2.3. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2018 წლის თებერვლის თვეში მისამართიდან: ქ. თბილისი, რ----- ჯ--------ის ქუჩა №-- მიწის გატანის სამუშაოების წარმოებისას უზრუნველყო აღნიშნულ მისამართზე მოპასუხის მიერ 2013 წელს ტერასის (ვერანდის) მოსაშენებლად კლდის მასის მოსწორების შედეგად ჩამოჭრილი და დაგროვილი მიწის გატანა.
სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ 2018 წლის თებერვლის თვეში მისამართზე თბილისი, რ----- ჯ--------ის ქუჩა №---დან უზრუნველყო მიწის გატანის სამუშაოების წარმოება. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის მიერ მიწის გატანის სამუშაოების წარმოებას არ უარყოფს არც მოპასუხე მხარე. მის მიერ სადავოდაა გამხდარი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ გატანილი მიწა არ წარმოადგენს მის მიერ კლდის გასწორების სამუშაოების შედეგად დარჩენილ მიწას. მოპასუხის განმარტებით, მან თავადვე უზრუნველყო მის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად დაგროვილი მიწის მასის გატანა შესაბამისი მისამართიდან. მოსარჩელის მიერ გატანილი მიწა კი წარმოადგენს იქ ჯერ კიდევ მის გადასვლამდე (საცხოვრებელი სახლის შეძენამდე) არსებულ მასას. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, მიწის მუდმივი დაგროვება ხდება წვიმის დროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოწმეთა ჩვენება წარმოადგენს მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს. 140-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩვენება, ისევე, როგორც სხვა მტკიცებულებები, სასამართლოს მიერ ფასდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, რომლის თანახმადაც სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სწორედ მოწმეთა ჩვენებებს აფუძნებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შესაბამისი მისამართიდან მის მიერ გატანილია სწორედ მოპასუხის მიერ კლდის მოჭრის შედეგად დაყრილი მიწა. შესაბამისად, სასამართლო ფაქტის დადგენის მიზნით აფასებს წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ხ--–--–---------ის განმარტებით, იგი მონაწილეობას იღებდა მიწის გატანის სამუშაოებში, როგორც სატვირთო ავტომობილის მძღოლი, თუმცა მას უშუალოდ არ გამოჰქონდა მისამართიდან მიწა, ვინაიდან მიწის გამოტანა და სატვირთოს დატვირთვა ხდებოდა უშუალოდ სხვა მუშების მიერ. აღნიშნული მოწმის ჩვენების ერთიანობაში შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მას არ დაუდასტურებია ის გარემოება, რომ მისამართიდან ლ-–----------ის მიერ ხდებოდა მოპასუხის მიერ დატოვებული მიწის გატანა, ვინაიდან მან მიუთითა იმ გარემოებაზე რომელიც მისთვის სხვა პირებისგან გახდა ცნობილი და არა იმ გარემოებაზე, რომლის მხილველიც თავად იყო. თავად მოსარჩელის მიერ მიწის გატანის და ხარჯის გაღების ფაქტი კი, როგორც აღინიშნა, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ---------------–---–ის ჩვენების ზემოაღნიშნული სტანდარტით შეფასების შედეგად კი სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია მოწმემ დაადასტურა ის გარემოება, რომ ლ-–----------ემ გაიტანა მოპასუხის მიერ დაყრილი მიწა, თუმცა ჩვენების არათანმიმდევრული და ზოგადი ხასიათი გამორიცხავს სასამართლოს მიერ მის გაზიარებას და მისთვის არსებითი მტკიცებულების ძალის მინიჭებას. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის შეფასებას აღნიშნული მოწმის ჩვენებასთან მიმართებით და მიუთითებს, რომ მოწმის მიერ ფაქტის მხოლოდ ზოგადი დადასტურება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მისი ჩვენების გაზიარებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ მან ვერ მიუთითა ვერც უშუალოდ მის მიერ ფაქტის ხილვის, ვერც მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედების (მიწის დაყრის) სავარაუდო თარიღიც კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი, ისევე როგორც მხარეები, მისივე განმარტებით, წარმოადგენს ზემოაღნიშნულ მისამართზე მუდმივად მცხოვრებ პირს.
მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების საპირისპიროდ წარმოდგენილია მოპასუხის მოწმეების - ხ------------–-----ის და კ----------------ის ჩვენებები, რომლებიც ცხადად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ გატანილი მიწა არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ ტერასის მოსაშენებლად მოჭრილი კლდის ნაშალს და მოპასუხის მიერ დატოვებულ მიწას. მოწმეთა განმარტებით, მოპასუხემ თავადვე უზრუნველყო სამუშაოების შესრულებისას მის მიერ დაყრილი მიწის გატანა. მოსარჩელის მიერ გატანილი მიწა კი მისამართზე არსებობდა მოპასუხის აქ საცხოვრებლად გადასვლამდეც. შესაბამისად, მოპასუხის მოწმეთა ჩვენებები აბსოლუტურად გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მოწმეთა ჩვენებები სიცხადის, თანმიმდევრულობის და ერთმნიშვნელობის გამო გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენას.
ამასთან, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას მოპასუხის მოწმეების დავის მოპასუხის სასარგებლოდ გადაწყვეტის ინტერესთან მიმართებით. მართალია, წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები (ს.ფ. 130-173) რომელიც ადასტურებს მხარეთა შორის სხვა სამართლებრივი დავის დაწყების მცდელობებს, თუმცა სასამართლო ვერ მიიჩნევს მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ მოწმეებს ორ ფიზიკურ პირს შორის თანხის დაკისრების თაობაზე დავისას დაინტერესებულ პირებად მხოლოდ ამ გარემოების გამო. შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები ვერ აქარწყლებს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს.
გარდა ყოველივე აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ დაკითხული მოწმის ჩვენების კონკრეტულობის და სასამართლოს მიერ მისი გაზიარების შემთხვევაშიც კი მოპასუხის მოწმეების ჩვენებების არსებობის პირობებში, ვერ დადასტურდებოდა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაკითხული მოწმის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი, მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის და მოსარჩელეზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სასამართლო ფაქტის დადგენის მიზნით მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას ფაქტის დადგენის მიზნით დაყრდნობოდა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2018 წლის თებერვლის თვეში მისამართიდან: ქ. თბილისი, რ----- ჯ--------ის ქუჩა №-- მიწის გატანის სამუშაოების წარმოებისას უზრუნველყო აღნიშნულ მისამართზე მოპასუხის მიერ 2013 წელს ტერასის (ვერანდის) მოსაშენებლად კლდის მასის მოსწორების შედეგად ჩამოჭრილი და დაგროვილი მიწის გატანა.
3.2.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 4 950 ლარის გადახდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას (სსკ-ის 361-ე მუხლი), თუ არ დგინდება მხარეთა შორის ვალდებულების არსებობა (სსკ-ის 317-ე მუხლი) და აღნიშნული არც სახელშეკრულებო ურთიერთობის არსიდან გამომდინარეობს, მაშინ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის კვლევისათვის რელევანტურია უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლების ძიება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს საკითხი სარჩელის წარმატებულობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.
ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015).
გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია სხვა პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი განსაზღვრულია, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამონგრევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე უთითებს სწორედ უსაფუძვლო გამდიდრების შემადგენლობაზე, მის მიერ ხარჯის გაღებაზე და ამის ხარჯზე მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებაზე რაც გამოიხატა თანხის დაზოგვაში, ვინაიდან მოსარჩელის მოსაზრებით მის მიერ შესრულდა ის ქმედება რომელიც უნდა შეესრულებინა და ხარჯი გაეწია მოპასუხეს.
უპირველესად აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტი. სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მიწის გატანის სამუშაოებისათვის ლ-–----------ის მიერ გაღებულია ხარჯი 3 950 ლარი. აღნიშნული ოდენობით მოპასუხისთვის თანხის დაკისრებას კი გამორიცხავს ის ფაქტი, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2018 წლის თებერვლის თვეში მისამართიდან თბილისი, რ----- ჯ--------ის ქუჩა №-- მიწის გატანის სამუშაოების წარმოებისას უზრუნველყო აღნიშნულ მისამართზე მოპასუხის მიერ 2013 წელს ტერასის (ვერანდის) მოსაშენებლად კლდის მასის მოსწორების შედეგად ჩამოჭრილი და დარჩენილი მიწის გატანა.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ დგინდება უსაფუძვლო გამდიდრების უმთავრესი ელემენტის - მოპასუხის გამდიდრების (ქონების დაზოგვა) ფაქტის არსებობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 4 950 ლარის გადახდა.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 976-ე, 979-ე, 987-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი). ამასთან, დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს და იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო უპირველესად აფასებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს უსაფუძვლო გამდიდრების ჭრილში.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-74-71-2016, 25.05.2016წ; №ას-1193-1122-2015, 31.05.2016წ.).
უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს სხვა პირის გამდიდრება. პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითიც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების - მის მიერ ქონების დაზოგვის ფაქტი, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 4 950 ლარის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი დავის ფარგლებში მოსარჩელეს არ განუხორცილებია იმის მტკიცება თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ეკისრება მოპასუხეს მის სასარგებლოდ თანხის გადახდა. სასამართლომ იმსჯელა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების რელევანტურ - უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტთან შესაბამისობაში. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წარმოდგენილი სარჩელის თუნდაც სხვა სამართლებრივი საფუძვლით (მაგ. ზიანის ანაზღაურება) შეფასებისას მხოლოდ სამართლებრივი შეფასება არ იქნება დავის გადასაწყვეტად განსხვავებული შედეგობრივი თვალსაზრისით, ვინაიდან, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის უმთავრესი გარემოება, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო უშუალოდ მოპასუხის მიერ დაყრილი მიწის გატანა და ამ მიზნით ხარჯის გაწევა. აღნიშნული ფაქტის დაუდასტურებლობა კი იმთავითვე გამორიცხავს თანხის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 149 ლარის ოდენობით (ს.ფ. 44-45). სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სსსკ 53-ე მუხლის თანახმად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ-–----------ის სარჩელი შ--–------–----ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი