გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2019
საქმის ნომერი
330210118002697562
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/31431-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

12 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - დ------ ც----–-–---–ი

წარმომადგენელი - ხ------------ა, მ---–-----------–----

მოპასუხე - მ--- ჩ-----–ი

წარმომადგენელი - ნ----------–---–-

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს 2018 წლის 17 სექტემბრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი და-------------–---–ი) და სააღსრულებო ფურცლის მე-6 პუნქტით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის თანხა - 2715 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 102 ლარი და სააღსრულებო ხარჯები.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2016 წლის 13 ივნისს ნოტარიუს სო---------–--ის სანოტარო ბიუროში დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იპოთეკარებისაგან ისესხა ჯამში 19 550 აშშ დოლარი, საიდანაც 5000 აშშ დოლარი წარმოადგენდა მოპასუხის მიერ გასესხებულ ძირითად თანხას. სესხი გაიცა 6 თვის ვადით და უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის 13 დეკემბერს. სესხზე მხარეთა შეთანხმებით გადასახდელად განისაზღვრა სარგებელი თვეში 2.5%, რაც მოპასუხის თანხაზე 5000 აშშ დოლარზე თვეში შეადგენდა 125 აშშ დოლარს, ჯამში 6 თვის სარგებელი შეადგენდა 750 აშშ დოლარს.

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა დ------ ც----–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მ---------ას ქ. #22, საკადასტრო კოდი #0---------------.

 

მოსარჩელემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადაში სრულად გადაიხადა 2016 წლის 13 დეკემბრის ჩათვლის სარგებელი 750 აშშ დოლარი, თუმცა 2016 წლის 13 დეკემბერს ხელშეკრულების ვადის გასვლის დღეს მოსარჩელემ ვერ გადაიხადა სესხის ძირითადი თანხა. აღნიშნულის გამო მხარეებს შორის ზეპისიტყვიერად შედგა შეთანხმება, რომელსაც ესწრებოდა ნ-----–- ც----–-–---–ი, რომ მოსარჩელე მოპასუხეს ეტაპობრივად დაუფარავდა სესხის ძირ თანხას, რაზეც მოპასუხე შეუდგენდა წერილობით თანხის მიღების დამადასტურებელ ხელწერილებს. 2017 წლის 13 იანვრიდან 2018 წლის 17 მარტის ჩათვლით, მოსარჩელეს გადახდილი აქვს 1685 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხა. ამ ხელწერილის შედგენის დღეს მხარეებს შორის ასევე შედგა შეთანხმება სესხის ძირითადი თანხის ეტაპობრივად დაფარვის გაგრძელებაზე, რის შემდგომაც მოსარჩელემ მოპასუხეს 2018 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეების ჩათვლით გადაუხადა 610 აშშ დოლარი, რაც ემსახურებოდა სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. სულ ჯამში მოპასუხეს მიღებული აქვს 2 285 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გამოკლებოდა სესხის ძირითად თანხას.

 

2018 წლის სექტემბრის დასაწყისში მოსარჩელეს და იპოთეკარებს შორის შედგა შეხვედრა, სადაც მოპასუხე მ--- ჩ-----–მა დაადასტურა თანხების მიღება და ასევე დათანხმდა სესხის ძირითადი თანხის მიღებას იგივე ფორმით. ამ შეთანხმებას ესწრებოდა მეორე იპოთეკარი, რაზედაც მან წინამდებარე დავის დაწყებისთვის შეადგინა ახსნა-განმარტება და ასევე დაადასტურა მზადყოფნა სასამართლოში გამოცხადებაზე და ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოებების დადასტურებაზე. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ 2018 წლის 22 ოქტომბერს, მოპასუხეს მისავე საბანკო ანგარიშზე მოსარჩელემ ჩაურიცხა 1000 აშშ დოლარი, რომელიც ემსახურება სესხის ძირითადი თანხის დაფარვას, თუმცა არც ამ თანხას არ თვლის სესხის ძირითად თანხაში.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნული შეთანხმებებისა და გადახდებისა, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულება, სესხის ძირითადი თანხა შედგება 5000 აშშ დოლარისგან, რაც არასწორია. მოპასუხე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ გადახდილ თანხებს ითვლის სარგებლის მიღებაში იმ დროს, როდესაც მხარეებს შორის არ გაფორმებულა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ხელშეკრულება სარგებლის გადახდაზე იგივე ფორმით და არ დარეგისტრირებულა იგი საჯარო რეესტრში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ--- ჩ-----–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიცა 17.09.2018 წელს 5000 აშშ დოლარის გადახდაზე, ხოლო მოსარჩელე დ------ ც----–-–---–მა 1000 აშშ დოლარი გადაიხადა ერთი თვის შემდეგ, რის შემდეგაც მოპასუხემ ნოტარიუსს შეატანინა ცვლილება სააღსრულებო ფურცელში და მიათითებინა 4000 აშშ დოლარი. შესაბამისად, იგი მოსარჩელისგან ითხოვს კუთვნილ თანხას. რაც შეეხება თვეების გამავლობაში მიღებულ თანხებს, აღნიშნული წარმოადგენს სესხის სარგებელს და კრედიტორი იღებდა აღნიშნულს როგორც სარგებელს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მითითებული თანხის (ჯამში2285 აშშ დოლარი) ჩათვლა ძირითადი თანხის ანგარიშში გაუგებარი და დაუსაბუთებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 13 ივნისს, დიდი ც----–-–---–ს და მ--- ჩ-----–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ--- ჩ-----–მა დ------ ც----–-–---–ს ექვსი თვის ვადით ასესხა 5000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლის 2.5%-ს დარიცხვით. მთლიანობაშ სესხი და სარგებელი შეადგენდა 5750 აშშ დოლარს, რომელიც მსესხებელს უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 13 დეკემბერს.

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა დ------ ც----–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, მ---------ას ქ. #22, დაზუსტებული ფართობი: 402.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი 24, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 99.66 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 57.68 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 13.06.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-23);

- 03/04/2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 24-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 17 სექტემბერს, კრედიტორ მ--- ჩ-----–ის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა და-------------–---–მა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც, დ------ ც----–-–---–ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირი თანხა 5000 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 102 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგენილ იქნა იპოთეკით დატვირთული, დ------ ც----–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, მ---------ას ქ. #22, დაზუსტებული ფართობი: 402.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი 24, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 99.66 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 57.68 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.09.2018 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 28-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის #A1--------------- გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების თანახმად, მოვალე დ------ ც----–-–---–ს განესაზღვრა 7 დღის ვადა, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღმასრულებლის 20.09.2018 წლის #A1--------------- წინადადება (ს.ფ. 31-36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი 750 აშშ დოლარი (6 თვის განმავლობაში 125 აშშ დოლარი) სრულად აქვს მოვალეს ანაზღაურებული, ხოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მომენტისათვის მოვალის მიერ ვალდებულება შესრულებული ვერ იქნა. უდავოა, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მოვალის მხრიდან ჯამში კრედიტორისათვის გადაცემულია 2285 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.06.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-23);

- ხელწერილები (ს.ფ.26-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება -იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.1.5. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდგომ 2018 წლის 22 ოქტომბერს, მოვალე (მოსარჩელე) მხარის მიერ 2016 წლის 13 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დავალიანების გადახდის მიზნით გადახდილი იქნა 1000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.09.2018 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 28-29);

- აღმასრულებლის 20.09.2018 წლის #A1--------------- წინადადება (ს.ფ. 31-36);

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ.38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის (მოვალის) დ------ ც----–-–---–ის 2016 წლის 13 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის სახით 2018 წლის 17 სექტემბრის (სააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტი) შეადგენს 2715 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ დ------ ც----–-–---–ის მიერ 2016 წლის 13 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 2285 აშშ დოლარს. მხარეები სადავოდ ხდიან თანხის მიზნობრიობას. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა უნდა ჩაითვალოს სესხის ძირ თანხაში. შესაბამისად, დაკორექტირებას საჭიროებს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, ხოლო მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხით დაიფარა სესხის საპროცენტო სარგებელი და არა ძირი თანხა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულება აღნიშნული მომენტისათვის შეადგენს 5000 აშშ დოლარს.

 

სასამართლომ შეაჯერა მხარეთა პოზიციები, შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დ------ ც----–-–---–ის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულება 2285 აშშ დოლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს მსესხებლის მიერ სესხის ძირ თანხაში გადახდილად შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებიდან ჩანს, ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 13 დეკემბრამდე ვადით. აღნიშნული დროის ფარგლებში დ------ ც----–-–---–ის მიერ გადახდილ იქნა სესხის ექვსი თვის პროცენტი, ჯამში 750 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების ვადის დასრულებისას მსესხებელმა ვერ გადაიხადა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და თანხის გადაცემა გაგრძელდა მომდევნო პერიოდზე. საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 13 იანვრიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით გადაუხადა 2285 აშშ დოლარი. საგულისხმოა სწორედ ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული თანხების გადახდა მოხდა სესხის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მხარეებს შორის რაიმე შეთანხმებას ხელშეკრულების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონია (ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად). საგულისხმოა, რომ თავად მოპასუხე მხარის და მისი წარმომადგენლის მიერ დადასტურებული იქნა სასამართლო განხილვისას, რომ აღნიშნული თანხა არ წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს და არც შემდგომში დაყენებულა მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სააღსრულებო ფურცლით. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ივნისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით კი საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება განისაზღვრა მხოლოდ ხელშეკრულების ექვსთვიანი ვადის პერიოდზე, და არა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიღებული ფულადი თანხა ვერ იქნება მიჩნეული საპროცენტო სარგებლად და უნდა მოხდეს მისი ძირითადი ვალდებულების ანგარიშში ჩათვლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 13.06.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-23);

- 03/04/2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 24-25);

- 17.09.2018 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 28-29);

- აღმასრულებლის 20.09.2018 წლის #A1--------------- წინადადება (ს.ფ. 31-36);

- ხელწერილები (ს.ფ. 26-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე და 624-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, 2016 წლის 13 ივნისს, დიდი ც----–-–---–ს და მ--- ჩ-----–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ--- ჩ-----–მა დ------ ც----–-–---–ს ექვსი თვის ვადით ასესხა 5000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლის 2.5%-ს დარიცხვით. მთლიანობაში სესხი და სარგებელი შეადგენდა 5750 აშშ დოლარს, რომელიც მსესხებელს უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 13 დეკემბერს. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა დ------ ც----–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, მ---------ას ქ. #22, დაზუსტებული ფართობი: 402.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი 24, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 99.66 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 57.68 კვ.მ.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მოსარჩელე (მოვალე) დ------ ც----–-–---–ის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ მოხდა ვალდებულების სრულად შესრულება. დადგენილია, რომ მოვალე მხარის მიერ გადახდილი იქნა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სესხის სარგებელი სრულად, ხოლო მომდევნო პერიოდში მოპასუხე მ--- ჩ-----–ისთვის გადახდილი თანხა 2285 აშშ დოლარის ოდენობით სასამართლომ მიიჩნია სესხის ძირ თანხაში გადახდილად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, როგორც უკვე მითითებული იქნა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 5000 აშშ დოლარს. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, მოსარჩელე დ------ ც----–-–---–მა დაადასტურა მისი მტკიცების ფარგლებში არსებული გარემოების, მის მიერ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხიდან 2285 აშშ დოლარის ნაწილში, მის მიერ ვალდებულების შესრულება სააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტამდე. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან წარმოდგენილ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს სწორედ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტისათვის ვალდებულების მოცულობის მართებულება, მხედველობაში ვერ იქნება მიღებული მომდევნო პერიოდის - 2018 წლის 22 ოქტომბრის 1000 აშშ დოლარის გადახდის გარემოება და აღნიშნული სააღსრულებო წარმოების პროცესში ვალდებულების შესრულებაში ჩათვლის წინაპირობას წარმოადგენს და ვერ გახდება აღნიშნულ მოვლენამდე ადრე განხორციელებული სანოტარო აქტში ცვლილების განხორციელების საფუძველი.

აღნიშნულის შესაბამისად, არსებობს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელში შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის ცვლილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დ------ ც----–-–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და ამასთან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 85.02 ლარი, ხოლო 234.98 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს და-------------–---–ის 17.09.2018 წელს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დ------ ც----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ნაწილობრივ გაუქმდეს 2018 წლის 17 სექტემბრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი და-------------–---–ი) და სააღსრულებო ფურცლის მე-6 პუნქტით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის თანხა - 2715 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 102 ლარი და სააღსრულებო ხარჯები; 2018 წლის 17 სექტემბრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

3. მოპასუხე მ--- ჩ-----–ს მოსარჩელე დ------ ც----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 234.98 ლარის ანაზღაურება.

 

4. დ------ ც----–-–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 29/10/2018 წლის №4 საგადახდო დავალებით სს ,,საქართველოს ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 270 ლარის ნაწილი - 85.02 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე