გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2019
საქმის ნომერი
330210018002688236
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/3-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,მ---------------------ი"

წარმომადგენელი - ნ---------------–--ე

 

მოპასუხეები - ა-----------ე, გ---------–---–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს ა-----------ესა და გ---------–---–---–ს შპს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 6400 ლარის გადახდა, სარგებელის 4501.33 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს 2133 ლარის გადახდა და 150 ლარის გადახდა გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის სანაცვლოდ;

 

1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2017 წლის 20 აგვისტოს შპს ,,მ---------------------ი"-სა და ა-----------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება Nდ-–---------, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 20 აგვისტოს ა-----------ეზე გაცემული იქნა სესხი 6400 ლარის ოდენობით, წლიური 60%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილერბულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირი თანხის 0,41%-ის დარიცხვით.

 

მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ 323 ი.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და გ---------–---–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, სადაც გ---------–---–---–ის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 19200 ლარით.

 

მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადი სარჩელის წარმოდგენის დრომდე გადახდილი არ არის. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით მსესხებელს გაუგზავნეს შეტყობინება და მოთხოვეს დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.

 

სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხეს შპს მ---------------------ის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება:

 

ა. სესხის ძირი - 6400 ლარი;

ბ. სარგებელი - 4501.33 ლარი;

გ. შემცირებული პირგასამტეხლო - 2133 ლარი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხეებმა ა-----------ემ და გ---------–---–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ ძირი თანხის 6400 ლარის მოთხოვნის ნაწილში. ამასთან დაეთანხმნენ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტს. მოპასუხეებმა ასევე მიუთითეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტისა და პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 20 აგვისტოს შპს ,,მ---------------------ი"-სა და ა-----------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება Nდ-–---------, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 20 აგვისტოს ა-----------ეზე გაცემული იქნა სესხი 6400 ლარის ოდენობით, წლიური 60%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილერბულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირი თანხის 0,41%-ის დარიცხვით.

 

მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ 323 ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 20.08.2017 წლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება;

- 20.08.2017 წლის საკრედიტო შეთანხმება.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და გ---------–---–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, სადაც გ---------–---–---–ის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 19200 ლარით.

 

თავდებობის ხელშეკრულებით ბანკს მიენიჭა უფლება, წაუყენოს სოლიდარულ თავდებს მოთხოვნა, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 20.08.2017 წლის თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.1.3. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადი სარჩელის წარმოდგენის დრომდე გადახდილი არ არის. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით მსესხებელს გაუგზავნეს შეტყობინება და მოთხოვეს დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2018 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხეებს შპს მ---------------------ის მიმართ ერიცხებათ შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა - 6400 ლარი, სარგებელი - 4501.33 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 2133 ლარი და გირავნობის მოწმობის გაცემისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯი 150 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა;

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მოპასუხეებმა ა-----------ემ და გ---------–---–---–მა სარჩელი ცნეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 6400 ლარის მოთხოვნის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შესაგებელი;

- მოპასუხეების ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინებით შპს ,,მ---------------------ი"-ს (ს/ნ 4--------) უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სს ,,მ---------------------ი"-ს (ს/ნ 4--------)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საოქმო განჩინება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 23.10.2018 წლის მდგომარეობით (სარჩელის აღძვრის თარიღი) 2017 წლის 20 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება არის სესხის ძირი თანხა 6400 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი - 4501.33 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 2133 ლარი და 150 ლარი სასამართლოს გარეშე ხარჯი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (გადახდების ისტორია, გაფრთხილების წერილები) საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც დავალიანების დაფარვის ფაქტს დაადასტურებდა, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- გადახდის გრაფიკი;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ სს ,,მ---------------------ი"-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ა-----------ემ და გ---------–---–---–მა სარჩელი ცნეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 6400 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

შპს მ---------------------სა და ა-----------ეს შორის 2017 წლის 20 აგვისტოს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 2133 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ ათმაგად შემცირებული ოდენობით - 213.3 ლარით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში თავდებობის ხელშეკრულებით გ---------–---–---–ის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 19200 ლარით, ხოლო სოლიდარული თავდების მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა არ აღემატება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამდენად, ვინაიდან 20.08.2017 წლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არც მსესხებელს და არც სოლიდარულ თავდებს არ შეუსრულებიათ, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი ანიჭებს კრედიტორს უფლებას ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს სოლიდარულ მოვალეებს, სს ,,მ---------------------ი"-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 395.52 ლარის ოდენობით. ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირითადი თანხის 6400 ლარის დაკისრების ნაწილში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ამ თანხის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 192 ლარი, ხოლო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 145.93 ლარის გადახდა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში (4501.33+213.3+150=4864.63) გადახდილი სახ. ბაჟის სანაცვლოდ. ამასთან სარჩელზე უარის თქმის - 1919.7 ლარის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 57.59 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

20.08.2017 წლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-16 პუნქტითა და 20.08.2017 წლის თავდებობის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-12 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

აღნიშნული შეთანხმებების საწინააღმდეგოდ მოპასუხეებს რაიმე სარწმუნო არგუმენტებზე არ მიუთითებიათ, ხოლო შეთანხმების არსებობა საკმარისი საფუძველია მოსარჩელის შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,მ---------------------ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს ა-----------ესა და გ---------–---–---–ს სს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ დავალიანების გადახდა 11114.63 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6400 ლარი, სარგებელი 4501.33 ლარი, პირგასამტეხლო 213.3 ლარი;

 

3. მოპასუხეებს ა-----------ესა და გ---------–---–---–ს სს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის სანაცვლოდ;

 

4. მოპასუხეებს ა-----------ესა და გ---------–---–---–ს სს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 145.93 ლარი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. სს ,,მ---------------------ი"-ს (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 22.10.2018წ. №---------- საგადახდო დავალებით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 395.52 ლარიდან (გადამხდელი - შპს ,,მ---------------------ი" (ს/ნ 4--------), გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) – 192 ლარი;

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-6 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე