გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2906-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ბორენა იობიძე
მოსარჩელე - ვ-–-------- გ--------
წარმომადგენლები - ა-–---------- გ--------, ფ-------- ბ----–---
მოპასუხეები - 1. სსიპ ქ. ქუთაისის N-- საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - მ------ თ-----------
2. საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ--- გ---–---
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მოსარჩელე ვ-–-------- გ--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი ხელფასი 380 ლარი თვეში, 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის 27 დეკემბრამდე 24 თვე, ჯამში 9120 ლარი.
1.2. მოპასუხეებს მოსარჩელე ვ-–-------- გ--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 27 დეკემბრიდან ხელფასის სახით თვეში 380 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება დირექტორის მოვალეობის შესრულების პერიოდის განმავლობაში.
1.3. მოპასუხეებს მოსარჩელე ვ-–-------- გ--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 27.12.16წ-27.12.18წ. პერიოდში გაუცემელი ხელფასის სხვაობის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ი.
1.4. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურების ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
1.5. 3 თვის ხელფასის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2014 წლის 10 ოქტომბრის N1.2/2329 და 2016 წლის 27 დეკემბრის N1.2/870 ბრძანებების საფუძველზე 2016 წლის 27 დეკემბრიდან დღემდე ასრულებს ქ. ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას.
სსიპ ქუთაისის N-- საჯარო სკოლაში შტატით გათვალისწინებული დირექტორის ხელფასი შეადგენს 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარს, ხოლო დირექტორის მოადგილის ხელფასი შეადგენს 470 (ოთხას სამოცდაათ) ლარს.
მიუხედავად იმისა, რომ ასრულებს მასზე ოფიციალურად დაკისრებულ სკოლის დირექტორის მოვალეობას, ღებულობს მხოლოდ დირექტორის მოადგილის ხელფასს.
იმერეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი არაერთხელ სიტყვიერად დაჰპირდა რომ სიტუაცია გამოსწორდებოდა და დაერიცხებოდა დირექტორის საშტატო ხელფასი 850 ლარის ოდენობით, მაგრამ აღნიშნული მხოლოდ დაპირებად დარჩა.
2. მოპასუხის პოზიცია
1. მოპასუხე სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვ-–-------- გ--------სთან დადებული შრომითი ხელშეკრულების მეორე მხარეს - დამსაქმებელს წარმოადგენს სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლა და ამავე სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით არის ის დანიშნული დასახელებულ თანამდებობაზე. სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლას მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში არ წარმოშობია რაიმე ტიპის ვალდებულების შესრულებაში მონაწილეობის მიღების ვალდებულება, რაც სამართლებრივი ნორმების მოთხოვნიდან გამომდინარე სრულიად გამორიცხავს სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლებს.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის, მოადგილეებისა და ბუღალტერიისაგან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების იურდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების“ მე-17 მუხლის შესაბამისად, სკოლის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. სკოლის საშტატო განრიგი, რომლის სხვა საშტატო ერთეულთან ერთად შედის დირექტორისა და დირექტორის მოადგილე განისაზღვრება სკოლის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით. ამავე წესდების მე-18 მუხლის შესაბამისად სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით. რომლის ფარგლებში ხორციელდება სკოლის მიერ ადმინისტრაციის დაფინანსება.
დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეულზე სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის გადაწყვეტილებით დანიშნულია მოსარჩელე ვ-–-------- გ--------, დადებულია შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება და განსაზღვრულია შრომის ანაზღაურების ოდენობა. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში - სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს 41-ე მუხლის მესამე პუნქტით დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პირი.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-- ს----------------- 2016 წლის 27 დეკემბრიდან უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად, მინისტრის მიერ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს დირექტორის მოადგილე, რომლის ფუნქციურ დატვირთვაში „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მესამე პინქტის და შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად შედის დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულება.
არსებული სამართლებრივი რეგულაციებით დირექტორის ფუნქციების შემსრულებელი დირექტორის მოადგილის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეულით. მოქმედი კანონმდებლობით დირექტორის მოადგილეს იმთავითვე ეკისრება დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულება. აღნიშნულის საფუძველზე, საშტატო განრიგის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება მისი შრომის ანაზღაურება. საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ოდენობა და ფორმა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოცემულ შემთხვევაში ვ-–-------- გ--------სთან დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობებში მის ერთ-ერთ მოვალეობად განსაზღვრულია დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულება. ამავე ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში განსაზღვრულია შრომის ანაზღაურების ოდენობა და ფორმა. ამდენად შრომითი ხელშეკრულება კონკრეტულად აკეთებს დათქმას სამუშაოს მოცულობასა და მის ანაზღაურების ოდენობისა და ფორმის შესახებ.
მოპასუხის მითითებით, მოსარჩელესთან არსებული შრომითი ხელშეკრულებით სკოლის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია სრულად, მის ფარგლებს ზემოთ რაიმე ქმედების განხორციელების შესახებ მათ შორის დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის.
მოპასუხეთათვის დირექტორის ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% დაკისრების ნაწილში მოპასუხე განმარტავს შემდეგს, მოსარჩელე ვ-–-------- გ--------- შრომითი ურთიერთობა რეგულირებულია სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლასთან, დადებული შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც განსაზღვრავს სკოლის მიერ შრომის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის თანხის 0.07%-ის გადახდის ვალდებულებას. ვინაიდან მითითებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად, რომელიც მოიცავს ვ-–-------- გ--------- მიერ დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულებას, მოსარჩელეს სრულად ანაზღაურებული აქვს შრომითი გასამრჯელო, სახეზე არ გვაქვს შრომის ანაზღაურების დაყოვნება და დაყოვნების ყოველი დღისათვის თანხის დაკისრების ვალდებულება.
საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ინდ. მეწარმე ა-–---------- გ--------ს შესახებ, რომელსაც მოცემულ საქმეზე მინდობილი აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და რომლის სახელზე არის გადარიცხული თანხა 500 ლარის ოდენობით, არ არის წარმოდგენილი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც არ დასტურდება საადვოკატო მოსახურებისათვის ადვოკატისათვის თანხის გადახდა.
2. მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლასა და მოსარჩელე ვ-–-------- გ--------ს შორის გაფორმებული 2016 წლის 6 სექტემბრის N5-03 ხელშეკრულება, სადაც დამსაქმებელი არის სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლა, ხოლო დასაქმებული - ვ-–-------- გ--------. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის N1/კ-87 ბრძანება სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ 2014 წლის 15 სექტემბრიდან ვ-–-------- გ--------- დანიშვნის შესახებ და აგრეთვე, სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორისა და ბუღალტერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2018 წლის 02 აპრილს შეთანხმებული საშტატო განრიგი, რომლის თანახმად, დირექტორის მოადგილის ხელფასი განსაზღვრულია 470 ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად ბუნდოვანია მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის საშტატო ხელფასებს შორის სხვაობის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან თავად მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი საშტატო განრიგი განსაზღვრავს დირექტორის მოადგილის ანაზღაურებას 470 ლარის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელეს დირექტორის ფუნქციების განხორციელება ეკისრება როგორც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მესამე პუნქტით, ასევე სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლასა და ვ-–-------- გ--------ს შორის 2016 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული N5-03 ხელშეკრულების 3.3.6. ქვეპუნქტითაც. გარდა ამისა მოსარჩელე ვ-–-------- გ--------ს სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის N1/კ - 87 ბრძანებით, რომლითაც დაინიშნა სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ, ამავე ბრძანების მეორე პუნქტით განესაზღვრა, რომ ვალდებულია შეასრულოს დირექტორის მოვალეობა დირექტორის სკოლაში არყოფნის ან დირექტორობის მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ერთი მხრივ უსაფუძვლო, ხოლო საფუძვლიანობის შემთხვევაშიც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ წარმოადგენს მოსარჩელის დამსაქმებელს, რამდენადაც მხარეთა შორის 2016 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული N5-03 ხელშეკრულებით ცალსახად განსაზღვრულია, რომ დამსაქმებელი არის სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლა, ხოლო დასაქმებული ვ-–-------- გ--------. მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასის სხვაობის დაყოვნების ყოველი დაყოვნებული დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის დაკისრებასთან დაკავშირებით მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობის შემთხვევაშიც აღნიშნული მოთხოვნის ადრესატი ვერ იქნება სამინისტრო, რამდენადაც სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლასა და ვ-–-------- გ--------ს შორის 2016 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული N5-03 ხელშეკრულების თანახმად, დამსაქმებელი არის სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლა და არა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მოპასუხე არ დაეთანხმა ასევე საადვოკატო ხარჯების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნას.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვ-–-------- გ-------- შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლასთან. სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის 2014 წლის 15 სექტემბრის N1/კ-87 ბრძანებით, ვ-–-------- გ-------- დაინიშნა სკოლის დირექტორის მოადგილედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის 2014 წლის 15 სექტემბრის N1/კ-87 (ს.ფ. 40)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. 2016 წლის 06 სექტემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლასა (დირექტორი ნ-----–-- ს----------) და ვ-–-------- გ--------ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება N5-03. ხელშეკრულების 3.3.6. ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ვ-–-------- გ--------ს დაეკისრა ვალდებულება შეასრულოს დირექტორის მოვალეობები. დადგენილია, რომ დასაქმებულის შრომის ანაზღაურება ხელშეკრულებით არ იქნა განსაზღვრული (6.1. მუხლი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 06 სექტემბრის N5-03 შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 41-44);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა 2014 წლის 10 ოქტომბერს მიიღო ბრძანება N1.2/2329, სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად - დირექტორის მოადგილის - ვ-–-------- გ--------- რეგისტრაციაში გატარების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2014 წლის 10 ოქტომბრის N1.2/2329 ბრძანება (ს.ფ. 13-14);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 დეკემბრის N1/კ-462 ბრძანებით სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------------- შეწყდა შრომითი ურთიერთობა. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2016 წლის 27 დეკემბრის N1.2/870 ბრძანებით რეგისტრაციაში გატარდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის - ნ-----–-- ს----------- უფლებამოსილების შეწყვეტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 დეკემბრის N1/კ-462 ბრძანება (ს.ფ. 15-16);
- სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2016 წლის 27 დეკემბრის N1.2/870 ბრძანება (ს.ფ. 17-18).
3.1.5. სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის საშტატო განრიგების თანახმად, დირექტორის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 470 ლარით, ხოლო სკოლის დირექტორისა - 850 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საშტატო განრიგები (ს.ფ. 45; 48).
3.1.6. 27.12.2016 წლიდან სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვ-–-------- გ--------ს დირექტორის ხელფასი 850 ლარი არ მიუღია. ის ღებულობდა მხოლოდ დირექტორის მოადგილის ხელფასს, რაც განსაზღვრულია 470 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის ვ-–-------- გ--------- მიერ 2018 წლის 20 ივლისს გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ. 12);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეა, ვინაიდან მოსარჩელე შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლასთან, ხოლო სკოლა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურდიულ პირს, რომელსაც აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა, იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.2. მოპასუხე სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლამ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რაც გამოიხატა იმაში რომ მოსარჩელე ვ-–-------- გ-------- 2016 წლის დეკემბრის თვიდან ასრულებს სკოლის დირექტორის მოვალეობას, ხოლო მისი შრომის ანაზღაურება შემოიფარგლება მხოლოდ დირექტორის მოადგილის ხელფასით.
3.2.2. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ, კერძოდ, მიუღებელი ხელფასის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23.2 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამავე დეკლარაციის 23.3. მუხლის თანახმად, ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლებები დარღვეულად, აღნიშნული უფლებების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
6.3 საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
ამავე კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
6.4. საქართველოს შრომის კოდექსის 31.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
საქართველოს შრომის კოდექსის 6.3. მუხლის თანახმად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის 2014 წლის 15 სექტემბრის N1/კ-87 ბრძანებით ვ-–-------- გ-------- დაინიშნა სკოლის დირექტორის მოადგილედ.
2016 წლის 06 სექტემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლასა (დირექტორი ნ-----–-- ს----------) და ვ-–-------- გ--------ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება N5-03. ხელშეკრულების 3.3.6. ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ვ-–-------- გ--------ს დაეკისრა ვალდებულება შეასრულოს დირექტორის მოვალეობები.
დადგენილია, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა 2014 წლის 10 ოქტომბერს მიიღო ბრძანება N1.2/2329, სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად - დირექტორის მოადგილის - ვ-–-------- გ--------- რეგისტრაციაში გატარების თაობაზე.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 დეკემბრის N1/კ-462 ბრძანებით სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------------- შეწყდა შრომითი ურთიერთობა. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2016 წლის 27 დეკემბრის N1.2/870 ბრძანებით რეგისტრაციაში გატარდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის - ნ-----–-- ს----------- უფლებამოსილების შეწყვეტა.
საშტატო განრიგებით დადგენილია, რომ დირექტორის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 470 ლარით, ხოლო სკოლის დირექტორისა - 850 ლარით.
უდავოდაა დადგენილია, რომ 27.12.2016 წლიდან სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვ-–-------- გ--------ს დირექტორის ხელფასი 850 ლარი არ მიუღია. ის ღებულობდა მხოლოდ დირექტორის მოადგილის ხელფასს, რაც განსაზღვრულია 470 ლარით.
6.5. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში - სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს 41-ე მუხლის მესამე პუნქტით დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პირი.
ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე პირს, რომელიც ინიშნება დირექტორის მოადგილედ, აქვს მოლოდინი იმისა, რომ მას მოუწევს დირექტორის მოვალეობის შესრულება, მაგრამ სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის დისპოზიცია განსაზღვრავს დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციების განხორციელებას დირექტორის მოადგილის მიერ. შესაბამისად მოსარჩელე ვ-–-------- გ--------- მიერ სკოლის დირექტორის მოვალეობის (ფუნქციების) შესრულება 2016 წლის 27 დეკემბრიდან დღემდე დირექტორისათვის განკუთვნილი შრომის ანაზღაურების გარეშე არაგონივრულია და არღვევს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მოთხოვნებს, რომლის 23.3. მუხლის თანახმად, ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს. შესაბამისად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის დაკისრების ნაწილში, ნაწილობრივ საფუძვლიანია, კერძოდ, მოთხოვნილი 24 თვიდან 22-თვის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ვინაიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, პირს აქვს მოლოდინი 60 სასწავლო დღით დირექტორის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის ფუნქციები განახორციელოს დირექტორის მოადგილემ.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლის თანახმად თუ რამდენიმე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულს შეუძლია მთლიანი შესრულების მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულია მხოლოდ ერთჯერადად შეასრულოს, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულად უფლებამოსილ პირებს – სოლიდარულ კრედიტორებს. ამავე კოდექსის 456-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული უფლებამოსილება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სკოლის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი შეიმუშავებს საშტატო განრიგს. ამავე წესდების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს თანხმობას საჭიროებს სკოლის მიერ საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლასა და მოსარჩელე ვ-–-------- გ--------ს შორის გაფორმებული 2016 წლის 6 სექტემბრის N5-03 ხელშეკრულება, სადაც დამსაქმებელი არის სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლა, ხოლო დასაქმებული - ვ-–-------- გ--------. ამასთან საქმეში წარმოდგენილია სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის N1/კ-87 ბრძანება სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ 2014 წლის 15 სექტემბრიდან ვ-–-------- გ--------- დანიშვნის შესახებ და აგრეთვე, სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული საშტატო განრიგი, რომლის თანახმად, დირექტორის მოადგილის ხელფასი განსაზღვრულია 470 ლარით, ხოლო დირექტორის ხელფასი - 850 ლარით. სასამართლო სრულად იზიარებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებას მასზედ, რომ სამინისტრო არ წარმოადგენს მოსარჩელე ვ-–-------- გ--------- დამსაქმებელს, შესაბამისად, სამინისტროსათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა. სახეზე არაა სოლიდარული პასუხისმგებლობა მოპასუხეთა მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის საშტატო განრიგები წარდგენილ და დამტკიცებულია სამინისტროს მიერ, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამინისტრო ამ დავაში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. შესაბამისად, მოთხოვნა მის მიმართ მიუღებელი ხელფასის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად; უნდა დადგინდეს დაცულია თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი; გამოიწვია თუ არა ამ მოქმედებამ რაიმე ზიანი და რამდენად არსებითია იგი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია ან არ დადგინდა დავის წარმოშობის მიზეზი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, შრომის ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ, მოპასუხე იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება (გასათვალისწინებელია, რომ დასაქმებულის შრომის ანაზღაურება ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა. იხ. შრომითი ხელშეკრულების 6.1. მუხლი).
დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ-–-------- გ-------- დირექტორის მოადგილის მოვალეობებთან ერთად ასრულებდა სკოლის დირექტორის მოვალეობებს (ფუნქციებს) ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დირექტორის განთავისუფლებიდან დღემდე, ანუ ორ წელიწადზე მეტი, მაშინ როცა სკოლის საშტატო განრიგებში გათვალისწინებული იყო დირექტორის ხელფასიც, რომელიც უნდა მიეღო დირექტორის მოვალეობის (ფუნქციების) შემსრულებელს. აღნიშნულით კი დაირღვა დასაქმებულის - ვ-–-------- გ--------- შრომითი უფლებები, რადგან მან, მის მიერ სამუშაოს შესრულებით ვერ მიიღო სამართლიანი და დამაკმაყოფილებელი გასამრჯელო, რომელსაც ღებულობენ სხვა პირები, დირექტორის მოვალეობის შესრულებისას და ეს მდგომარეობა გრძელდება ორ წელიწადზე მეტია.
სასამართლომ ზემოთ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23.2 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამავე დეკლარაციის 23.3. მუხლის თანახმად, ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
სასამართლო ასევე მოიხმობს „ევროპის სოციალურ ქარტიას“, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით), შრომის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ეფექტურად დაიცვან მუშაკის ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლამ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელე ვ-–-------- გ-------- 2016 წლის დეკემბრის თვიდან ასრულებს სკოლის დირექტორის მოვალეობას (ფუნქციებს), ხოლო მისი შრომის ანაზღაურება შემოიფარგლება მხოლოდ დირექტორის მოადგილის ხელფასით, რაც არასამართლიანი და არამართლზომიერია.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლამ თავისი ქმედებებით უგულებელყო დასაქმებული პირის - ვ-–-------- გ--------- უფლებები და ქონებრივი ინტერესები.
შესაბამისად, მოპასუხე ქუთაისის N-- საჯარო სკოლას მოსარჩელე ვ-–-------- გ--------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი ხელფასი - თვეში 380 ლარის (დარიცხული) ოდენობით, 22 თვის განმავლობაში. ასევე მოპასუხეს მოსარჩელე ვ-–-------- გ--------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2018 წლის 27 დეკემბრიდან ხელფასის სახით თვეში 380 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება დირექტორის მოვალეობის (ფუნქციების) შესრულების მთელი პერიოდის განმავლობაში.
6.8. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 27.12.16წ. - 27.12.18წ. პერიოდში გაუცემელი ხელფასის სხვაობის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07% გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ როცა სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.
ყოველთვიური ანაზღაურების დაყოვნებისთვის დაყოვნებული თანხის 0,07% - ის დაკისრების მოთხოვნათა ნაწილში სარჩელის უარყოფის შესახებ დადგენილია მყარი სასამართლო პრაქტიკა (იხ., სუსგ №ას-285-271-2016, 27 აპრილი, 2015 წელი), რომელშიც საკასაციო პალატამ იმსჯელა იძულებითი განაცდურის სახით დაკისრებული თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07 პროცენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობაზე და განმარტა: „პირგასამტეხლოს სახით იძულებითი განაცდური თანხის დაყოვნების ყოველი დღისთვის, ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია, რადგან სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ხოლო თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს. (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №ას-699-653-2017).
განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების დაყოვნება, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის დაყოვნებული ხელფასის ყოველი დღისთვის 0.07 %-ის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვ-–-------- გ--------მ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა. ხოლო თავის მხრივ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებითა და არგუმენტებით ვერ დაასაბუთა, რომ სამართლიანი და მართლზომიერია მოსარჩელე ვ-–-------- გ--------- მიერ ორი წლის განმავლობაში სკოლის დირექტორის მოვალეობის (ფუნქციების) შესრულებისას მისი შრომის ანაზღაურება მოხდეს მხოლოდ დირექტორის მოადგილის ხელფასით, შესაბამისად, ვერ შეძლო დაესაბუთებინა და დაემტკიცებინა სარჩელის უსაფუძვლობა და დაუსაბუთებლობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.10. გადაწყვეტილების აღსრულების წესი:
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა 3 თვის ხელფასის (თვეში 380 ლარის (დარიცხული)) დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არაუმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014).
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არიან სახ. ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ-–-------- გ--------- მიერ გაწეულია საადვოკატო მომსახურების ხარჯები 500 ლარის ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ქუთაისის N-- საჯარო სკოლას უნდა დაეკისროს აღნიშნული ხარჯების ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, რაც შეადგენს 200 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 46-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364 -ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ვ-–-------- გ--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ქუთაისის N-- საჯარო სკოლას მოსარჩელე ვ-–-------- გ--------- სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასი - თვეში 380 ლარის (დარიცხული) ოდენობით, 22 თვის განმავლობაში, რაც შეადგენს - 8360 ლარს (დარიცხული).
3. მოპასუხე ქუთაისის N-- საჯარო სკოლას მოსარჩელე ვ-–-------- გ--------- სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 დეკემბრიდან ხელფასის სახით თვეში 380 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება დირექტორის მოვალეობის (ფუნქციების) შესრულების პერიოდის განმავლობაში.
4. 3 თვის ხელფასის (თვეში 380 ლარის (დარიცხული)) დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. მოსარჩელე ვ-–-------- გ--------ს უარი ეთქვას საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.
6. მოსარჩელეს უარი ეთქვას 27.12.16წ. - 27.12.18წ. პერიოდში გაუცემელი ხელფასის სხვაობის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრებაზე, უსაფუძვლობის გამო.
7. მოპასუხე ქუთაისის N-- საჯარო სკოლას მოსარჩელე ვ-–-------- გ--------- სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯები 200 ლარის ოდენობით.
8. მხარეები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10-11 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე