გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/31667-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------ი“
წარმომადგენელი: ნ--------------–---–ი
მოპასუხე: რ---------------–---–ი
წარმომადგენელი: ტ------–--–-------–---–ი
დავის საგანი: უფლებამონაცვლედ ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ---------------–---–ი ცნობილ იქნეს გარდაცვლილი თ----------------–--ლის უფლებამონაცვლედ; უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ბ-----------------, 1/3 ნაწილიდან 72/100 ნაწილი, ს/კ 0---------------- აღირიცხოს რ---------------–---–ის სახელზე და მოხდეს აღნიშნული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 12 აგვისტოს სს „ჯ------------–------------სა“ და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს - თ----------------–--ლს შორის, წარმომადგენლების მეშვეობით, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება №1--------, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა გამსესხებელს - სს „ჯ------------–------------სა“ და მსესხებელს -რ---------------–---–ს შორის დასადები სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. №-- სესხის ხელშეკრულება დაიდო და თანხა მსესხებელმა მიიღო 18.08.2011წელს. თუმცა, მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კრედიტორის მოთხოვნით, 2012 წლის 19 მარტს ნოტარიუს ნ-----------------ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, რომლის თანახმადაც, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, 2012 წლის 19 მარტის მდგომარეობით, განისაზღვრა 27 225,80 აშშ დოლარით. ამასთან, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო თ----------------–--ლის კუთვნილი იპოთეკის საგნის - ქ.------–--ში, ბ------------------ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილიდან 72/100 ნაწილის რეალიზაციით. 2012 წლის 05 აპრილს ნოტარიუს ნ-----------------ს მიერ შედგენილი №1-------- სანოტარო აქტით შევიდა შესწორება 2012 წლის 19 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და მას დაემატა ერთი პუნქტი შემდეგი რედაქციით: ვალდებულების შესრულების დროა 2012 წლის 18 იანვარი, „კრედიტორის“ წერილობითი განცხადების თანახმად, „მოვალის“ რ----------------–---–ის მიერ მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------თან“ 18.08.2011წ. დადებული №-- საკრედიტო (სესხის) ხელშეკრულების გადახდის გრაფიკის დარღვევის გამო.
მსესხებელი და იპოთეკის საგნის მესაკუთრე არიან მამა-შვილი. სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე გარდაიცვალა იპოთეკის საგნის მესაკუთრე - თ----------------–--ლი. მემკვიდრე რ---------------–---–ი, მამკვიდრებელის სიცოცხლეში ცხოვრობდა და აგრძელებს ცხოვრებას თ----------------–--ლის სახელზე რიცხულ სახლში, მდებარე: ქ. თბილისი, ბ----------------, რომელიც წარმოადგენს იპოთეკის საგანს. შესაბამისად, მას ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს სამკვიდრო, თუმცა სამკვიდრო მოწმობის მიღებისათვის განზრახ არ მიმართავს ნოტარიუსს, რათა თავი აარიდოს მის მიერ ნასესხები თანხის გადახდევინების მიზნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რ---------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა მას არ მიუთითებია იმ ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე რის საფუძველზეც იგი არ ცნობს სარჩელს. ამასთან, მისი განმარტებით, იგი წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 12 აგვისტოს მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------ს“ (იპოთეკარი; გამსესხებელი), თ----------------–--ლს (მესაკუთრე), წარმოდგენილი რ---------------–---–ის მიერ და რ---------------–---–ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №1--------, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თ----------------–--ლის კუთვნილი - ქ.------–--ში, ბ------------------ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილიდან - 72/100 ნაწილი, ს/კ 0---------------.
აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო გამსესხებელს - მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------სა“ და მსესხებელს - რ---------------–---–ს შორის 2011 წლის აგვისტოს თვეში გასაფორმებელი №-- სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად (სესხის თანხა - 22 700 აშშ დოლარი; სესხის ვადა - 36 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 30%-60%).
3.1.2. რ---------------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------ს“ შორის 18.08.2011წ. დადებული №-- სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც, გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე, 2012 წლის 19 მარტს ნოტარიუს ნ-----------------ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, 19.03.2012წ. მდგომარეობით, განისაზღვრა - 27 225.80 აშშ დოლარით (აქედან 21 590 აშშ დოლარი - სესხის თანხა; 3001.81 აშშ დოლარი - პროცენტი; 2633.98 აშშ დოლარი - ჯარიმა), ასევე დადგინდა თ----------------–--ლის კუთვნილი იპოთეკის საგნის - ქ.------–--ში, ბ------------------ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილიდან - 72/100 ნაწილის რეალიზაცია.
3.1.3. თ----------------–--ლი გარდაიცვალა 2011 წლის 19 დეკემბერს.
3.1.4. იპოთეკის საგანი - ქ.------–--ში, ბ------------------ში მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილიდან - 72/100 ნაწილი, ს/კ 0---------------- დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრში კვლავ ირიცხება გარდაცვლილი თ----------------–--ლის სახელზე.
3.1.5. მხარეთა განმარტებით, რ---------------–---–ი არის გარდაცვლილი თ----------------–--ლის შვილი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველი დავის ფარგლებში, იმისათვის, რომ შემოწმდეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები.
აღნიშნული საკითხის სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის, თავდაპირველად, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ზემოთ მითითებული ნორმით განსაზღვრული საპრეტენზიო მოთხოვნის წარდგენის ვალდებულება, სასარჩელო ხანდაზმულობის სამართლებრივი ინსტიტუტისაგან - ზოგადად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.
ზემოთ დასახელებულ მუხლთან დაკავშირებით, საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე“ (იხ. სუსგ. საქმე №ას-143-136-2010, 07.10.2010წ.; საქმე №ას-968-1269-2007, 22.02.2008წ.)
ზემოთ მითითებულ ნორმის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადება, "მოთხოვნის დადგომის მიუხედავად" იმთავითვე გამორიცხავს მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის გაიგივებას სასარჩელო ხანდაზმულობასთან, ვინაიდან თუ მოთხოვნა ჯერ კიდევ არ არის ვადამოსული, ხანდაზმულობის საკითხი ვერ გახდება აქტუალური. თუმცა, მოვალის გარდაცვალება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდშიც ბოჭავს კრედიტორს მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის ვალდებულებით. (მაგ. თუ ხელშეკრულების შესრულების ვადა განსაზღვრულია 5 წლით, ხოლო მოვალე გარდაიცვალა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელიწადში, კრედიტორი ვალდებულია წარადგინოს პრეტენზია, მაშინ როდესაც, სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი აქტუალური არ არის). ამდენად, სასამართლო მიუთითებს ამ ორი სამართლებრივი ინსტიტუტის განსხვავებულ ბუნებაზე, რომელიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობს სამოქალაქო-სამართლებრივ სივრცეში და განსხვავებული სამართლებრივი დატვირთულობა გააჩნია. სასამართლოს ამგვარი მოსაზრება განპირობებულია, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1489-ე და 1490-ე მუხლების სამართლებრივი ანალიზით, რომლების ასევე პირდაპირ განასხვავებენ კრედიტორის მოთხოვნას სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადისაგან.
პრაქტიკული მნიშვნელობისაა, ასევე იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არაა, მამკვიდრებლის კრედიტორებმა უნდა იცოდნენ, ასევე, იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. (იხ. სუსგ. საქმე №ას-303-285-2014; 30.10.2015წ.)
სამოქალაქო კოდექსი საპრეტენზიო ვადების ორ განსხვავებულ შესაძლებლობას განსაზღვრავს, რომელიც დამოკიდებულია მოვალის მემკვიდრეების აქტივობაზე. ამავე კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებული არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. ამდენად, გამოირიცხება ამ ფაქტების მიმართ მემკვიდრეების პასიური დამოკიდებულება და საკითხის განსაზღვრა უნდა მოხდეს გონივრული ანალიზით. მემკვიდრეების ინტერესშია ასევე სამკვიდროს შეფასებისას იყვნენ ინფორმირებულნი როგორც აქტივის, ისე პასივის მოცულობის შესახებ. ამიტომ, თუ მემკვიდრეებისათვის ცნობილია მამკვიდრებლის კრედიტორების არსებობა, მათ უნდა აცნობონ მოვალის გარდაცვალების თაობაზე და ამით უზრუნველყოს საკუთარი სამართლებრივი მდგომარეობა. თუ, მემკვიდრეები არ ასრულებენ ამ მოქმედებას, კრედიტორის ცოდნის კომპონენტი მისი მტკიცების სფეროში შემავალი გარემოებაა. სხვა ყველა შემთხვევაში გამოიყენება შეცილების 1 წლიანა ვადა, მიუხედავად იმისა, თუ რა პირობებში მოხდა კრედიტორის ინფორმირება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2011 წლის 12 აგვისტოს მი----------------------------–-- „სს ჯ------------–------------ს“, თ----------------–--ლსა და რ---------------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №1--------, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თ----------------–--ლის კუთვნილი - ქ.------–--ში, ბ----------------- მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილიდან - 72/100 ნაწილი, ს/კ 0---------------. აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა მი----------------------------–-- „სს ჯ------------–------------სა“ და რ---------------–---–სა შორის 2011 წლის 18 აგვისტოს დადებული №-- სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. დადგენილია, ასევე, რომ იპოთეკის საგნის მესაკუთრე თ----------------–--ლი გარდაიცვალა 2011 წლის 19 დეკემბერს, ხოლო სამკვიდრო ქონება დღეის მდგომარეობით, კვლავ მის სახელზე ირიცხება. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მისმა მემკვიდრემ რ---------------–---–მა (შვილი) ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მაგრამ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, არ იღებს სამკვიდრო მოწმობას. თუმცა, მოსარჩელეს არ მიუთითებია იმ ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, თუ როდის და როგორ გახდა მისთვის ცნობილი იპოთეკის საგნის მესაკუთრის გარდაცვალების თაობაზე და როგორც კრედიტორმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილ ვადაში წარუდგინა თუ არა იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა გარდაცვლილის მემკვიდრეებს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებულ გარემოებებს, სასამართლო მათზე ვერ იმსჯელებს და ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
ფაქტების მითითების, როგორც მხარეთა პროცესუალური ვალდებულების არსი განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სადაც აღნიშნულია, რომ „......ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.....“ (იხ. საქმე №ას-664-635-2016 საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება)
საპროცესო წესრიგი უზრუნველყოფს მხარეთა ავტონომიას და შესაძლებლობას ანიჭებს მათ, თვითონ გადაწყვიტონ, თუ რომელი ფაქტები დაურთონ მოთხოვნას საფუძვლად. თუმცა, მისი შინაარსი იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სრულყოფილად განსაზღვროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნორმატიული შინაარსი. “...მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობანი, ანუ ნორმის შემადგენელი ელემენტები...“ (იხ. ტომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი)
ამ პირობას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია, რადგან განსაზღვრავს მოსამართლის მიერ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაციის წინაპირობებს. სასამართლოს კვლევა ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილში მიმდინარეობს იმ ნორმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. თუ, მოსარჩელის მიერ ნორმის დისპოზიციის შესატყვისი წინაპირობები არ არის ანდა არასრულყოფილად არის წარმოდგენილი, იმთავითვე გამოირიცხება უფლების რეალიზაცია მოთხოვნის ამ კონკრეტული ნორმატიული შინაარსის ჭრილში. (მოსარჩელის სტადია)
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი უზრუნველყოფს ფაქტებზე მხარის საპროცესო ბატონობას, ამავდროულად ზღუდავს მას ვალდებულებით, დაიცვას ამავე კოდექსით გათვალისწინებული პირობები, რაც წარმოადგენს სამართალწარმოების წესის მნიშვნელოვან ელემენტს.
სასამართლოს მიერ ფაქტების მითითების, როგორც საპროცესო ვალდებულების მცირე განმარტება დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპების ჭრილში, განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------ის“ სარჩელი არ შეიცავს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განმსაზღვრელ სავალდებულო ფაქტობრივ წინაპირობებს. შესაბამისად, მის მიერ ვერ იქნა სრულყოფილად რეალიზებული მოსარჩელის პროცესუალური სტადია.
ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელეს საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე არ მიუთითებია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე მიმართა თუ არა მოთხოვნით მოვალის მემკვიდრეებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოებები წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე არ მიუთითებია, რის გამოც ვერ მოხდება მათი გაზიარება.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების მითითებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც აღნიშნული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს მოვალის მემკვიდრის მიმართ კრედიტორის მოთხოვნის უფლების არსებობის აუცილებელ წინაპირობებს. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, მანამდე უნდა დადგინდეს, მიმართა თუ არა კრედიტორმა მოთხოვნით მოვალის მემკვიდრეებს კანონით დადგენილ ვადაში. ამდენად, მხარე სულ მცირე უნდა უთითებდეს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის შემადგენელი ელემენტის შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კი მოვალის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის არსებობა დამოკიდებულია იმაზე, სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში მამკვიდრებლის კრედიტორები წარუდგენენ თუ არა მოთხოვნას მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ზემოთ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები და არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის თაობაზე, თუ როდის შეიტყო იპოთეკის საგნის მესაკუთრის გარდაცვალების შესახებ და მიმართა თუ არა მის მემკვიდრეებს მოთხოვნით და თუ მიმართა რა ვადაში.
შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, არ იქნა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული კრედიტორის მოთხოვნის უფლების წინაპირობებისა და აქედან გამომდინარე მოთხოვნის უფლების არსებობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლიდან გამომდინარე სახეზე არ არის მოსარჩელის იურიდიული ინტერესი წარმოდგენილი სარჩელის მიმართ, რადგან თუკი მამკვიდრებლის კრედიტორმა მემკვიდრეების მიმართ დაკარგა მოთხოვნის უფლება, თუნდაც მოპასუხის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შემთხვევაში, მას ვეღარ ექნება იმისი იურიდიული ინტერესი, რომ აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხოს მოპასუხის სახელზე, ვინაიდან კრედიტორის მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვის შემთხვევაში, მსესხებლის ვალდებულებებისათვის იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევა ვერ განხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების, ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
იურიდიული ინტერესის ცნებაში იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელის არსებობის პირობებში არსებობს დავა მხარეებს შორის. თუმცა, აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას მხოლოდ დარღვეული უფლების ან შელახული ინტერესის არსებობის ფაქტი არ წარმოადგენს. შესაძლებელია, რომ უფლება არც იყოს დარღვეული და არც ინტერესი იყოს შელახული, თუმცა, აუცილებელია, რომ უფლება სადავო იყოს. შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის აღძვრის ერთ-ერთ წინაპირობას უფლებისა, თუ სამართლებრივი ინტერესის სადავოობა წარმოადგენს.
აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. (იხ. სუსგ. №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; №ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.)
განსახილველი სარჩელის მიმართ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს განაპირობებს კრედიტორის მიერ სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში გარდაცვლილი თ----------------–--ლის მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენა, შესაბამისად ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება არ იქნა დადასტურებული, ასევე არ დასტურდება სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------ის“ სარჩელი რ---------------–---–ის მიმართ უფლებამონაცვლედ ცნობის, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ვინაიდან ვერ იქნა დადგენილი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა, სასამართლო ვერ იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მატერიალურ-სამართლებრივ ჭრილში.
6.2. სასამართლო, ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული და მასზე სასამართლო ვერ იმსჯელებს ისევ და ისევ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლის თანახმად მხარეები შეზღუდულნი არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ ფაქტების მითითების ვალდებულება უზრუნველყოფს მხარეთა პროცესუალური შესაძლებლობების თანასწორობას. შეჯიბრებითობის პრინციპის მნიშვნელოვანის კომპონენტია საქმის წარმოების განჭვრეტადობა, რადგან გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მხარისათვის მოულოდნელობის ეფექტის გამომწვევი. მოთხოვნის ადრესატმა უნდა იცოდეს მის მიმართ არსებული პრეტენზიის, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი შინაარსი. მოპასუხე ასევე სარგებლობს პროცესუალური უფლებით, დაეთანხმოს ან სადავოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები და აღნიშნული წესრიგის დარღვევა ზღუდავს მეორე მხარის შესაძლებლობას, განჭვრიტოს და შეაფასოს საპროცესო ოპონირების სამართლებრივი პერსპექტივა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------ის“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ამასთან, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 100 ლარს, თუმცა მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 150 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - 50 ლარის ოდენობით;
მოსარჩელე, ასევე ითხოვს სასამართლო და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას, თუმცა მას არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, სახელმწიფო ბაჟის გარდა, რა სასამართლო ან/და სასამართლოსგარეშე ხარჯი იქნა მის მიერ გაწეული. შესაბამისად, მისი მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------ის“ სარჩელი რ---------------–---–ის მიმართ უფლებამონაცვლედ ცნობის, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ნ--------------–---–ის მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარიდან - 100 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №--
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/31667-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
18 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------ი“
წარმომადგენელი: ნ--------------–---–ი
მოპასუხე: რ---------------–---–ი
წარმომადგენელი: ტ------–--–-------–---–ი
დავის საგანი: უფლებამონაცვლედ ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------ის“ სარჩელი რ---------------–---–ის მიმართ უფლებამონაცვლედ ცნობის, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. მი----------------------------–-- სს „ჯ------------–------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ნ--------------–---–ის მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარიდან - 100 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №--
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი