გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002786822
N 2/1108--2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელ: ს---–--- ქ------ე,წარმომადგენელი: ლ------ი ქ------ე,მოპასუხე: შპს ,,ჯ-------ან მ--------ი'' ,წარმომადგენელი: ს-------- ს-----–---ი,დავის საგანი: თანხის დაკისრება, ყოველთვიური სარჩოს სახით დაკისრებული თანხის გადიდება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე შპს ,,ჯ-------ან მ--------ს'' დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 01 იანვრამდე მიუღებელი სარჩოს 768 ლარის ერთჯერადად გადახდა.
1.2 მოპასუხე შპს ,,ჯ-------ან მ--------ს'' დაეკისროს 2019 წლის 01 იანვრიდან არსებული ყოველთვიური სარჩოს 756 ლარის გაზრდა 84 ლარით- 840 ლარამდე.
1.3. მოპასუხე შპს ,,ჯ-------ან მ--------ს'' დაეკისროს, შპს ,,ჯ-------ან მ--------ში'' მესამე თანრიგის მდნობელის ხელფასის სამომავლო ცვლილების შემთხვევაში, განახორციელოს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს ცვლილება.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელე დასაქმებული იყო შპს ,,ჯ-------ან მ--------ში“, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში მე-3 თანრიგის მდნობელის თანამდებობაზე. 2011 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საწარმოს 100%-იანი ბრალეულობით მიიღო საწარმოო ტრამვა, რის შედეგად მარჯვენა ქვედა კიდური მთლიანად ამპუტირებული აქვს. საწარმოო ტრამვის მიღების შემდეგ დაკარგა აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის უნარი, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ-------ან მ--------ს“ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ გადაეხადა ყოველთვიურად სარჩოს სახით მისი ყოველთვიური ხელფასი სრულად, 100%-ით, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 756 ლარს, რომელსაც დღემდე ღებულობს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების გადაწყეტილებებით.
2013 წლის შემდეგ შპს ,,ჯ-------ან მ--------ში'' მოხდა ხელფასების კორექტირება, კონკრეტულად 2017 წლის 01 იანვრიდან მესამე თანრიგის მდნობელის თანამდებობაზე ხელფასი შეადგენდა 772 ლარს, ექვი თვის შემდეგ 800 ლარს, ხოლო 10 თვის შემდეგ 2018 წლის 19 აპრილიდან 840 ლარს. მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით ხელფასებს შორის სხვაობამ შეადგინა 768 ლარი ( 168+280+320=768), რომელიც მას უნდა მიეღო და არ მიუღია. ასევე დღეის მდგომარეობით შპს ,,ჯ-------ან მ--------ში მე-3 თანრიგის მდნობელის თანამდებობის ხელფასი 756 ლარიდან გაზრდილია 84 ლარით და შეადგენს 840 ლარს, შესაბამისად მას რომ მისცემოდა მუშაობის საშუალება ჯანმრთლეობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი შრომის ანაზღაურება იქნებოდა 840 ლარი. ვინაიდან მოსარჩელე ღებულობს მხოლოდ 756 ლარს და ნამატ 84 ლარს ვერ იღებს, აღნიშნული მისთვის წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა შპს ,,ჯ-------ან მ--------ს'' ყოველთვიური სარჩოს გაზრდის თხოვნით, რომელიც უპასუხოდ დატოვა და იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის.
მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ: მიუღებელი სხვაობის 768 ლარის ერთჯერადად გადახდა. 2019 წლის 01 იანვრიდან არსებული ყოველთვიური სარჩოს 756 ლარის გაზრდა 84 ლარით- 840 ლარამდე. ასევე მოპასუხე შპს ,,ჯ-------ან მ--------ს'' დაეკისროს, შპს ,,ჯ-------ან მ--------ში'' მესამე თანრიგის მდნობელის ხელფასის სამომავლო ცვლილების შემთხვევაში, განახორციელოს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს ცვლილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,ჯ-------ან მ--------ის’’ წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს. თვლის, რომ მოსარჩელის სამივე სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მოპასუხის განმარტებით საწარმოში ხელფასების კორექტირება ნამდვილად განხორციელდა, თუმცა ს---–--- ქ------ის სასარგებლოდ შპს ,,ჯ-------ან მ--------მა უნდა გადაიხადოს მხოლოდ 756 ლარი, რაც არის დადგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებით. მითითებული გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ-------ან მ--------ი’’ არ დავალდებულებია ხელფასის შემცირების ან გაზრდის მიხედვით შეცვალოს ს---–--- ქ------ისათვის ასანაზღაურებელი თანხა. სასამართლოს გადაწყვეტილებას მოპასუხე პირნათლად ასრულებს. რაც შეეხება სამომავლოდ ცვლილების შემთხვევაში ხელფასის ავტომატურად გაზრდას, აღნიშნულზე სასამართლო ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს. თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ს---–--- ქ------ის სარჩოს ოდენობა დამოკიდებულია მესამე თანრიგის მდნობელის ხელფასის ცვლილებაზე, ასეთ შემთხვევაში ს---–--- ქ------ეს ექნება უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სარჩოს ოდენობის გაზრდა, ხოლო შპს ,,ჯრჯიან მ--------ი ‘’ მოიპოვებს უფლებას მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ს---–--- ქ------ისათვის გადასახდელი სარჩოს ოდენობის შემცირება, ხელფასის შემცირების შემთხვევაში. ამასთან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სარჩოს გადაანგარიშებას და სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ს---–--- ქ------ე დასაქმებული იყო შპს ,,ჯ-------ან მ--------ის’’ ზესტაფონის ფეროსშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 2011 წლის 9 მაისს მიიღო საწარმოო ტრამვა და დასახიჩრდა. დაკარგა მარჯვენა ფეხი მთლიანად. უვადოდ მიენიჭა მნიშვნელოვანი შეზღუდვის მქონე პირის სტატუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ზესტაფონის რაიონული სასმართლოს განაჩენი;
- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
3.1.2. 2013 წელს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ შპს ,,ჯ-------ან მ--------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა მესამე თანრიგის მდნობელის თანამდებობაზე განსაზვღვრული იმ დროინდელი ხელფასის 756 ლარის სარჩოს სახით ყოველთვიურად ანაზღაურება. რომელსაც მოპასუხე იხდის წლების განმავლობაში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
- მხარეთა განმარტება.
3.1.3. შპს ,,ჯ-------ან მ--------ში’’ ხელფასების კორექტირება განხორციელდა სამჯერ. 2017 წლის 01 იანვრიდან მესამე თანრიგის მდნობელის თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა 772 ლარი. 2017 წლის 01 ივლისიდან 800 ლარი, ხოლო 2018 წლის 19 აპრილიდან 840 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ,,ჯ-------ან მ--------ის“ 2018 წლის 09 ივლისის N109 ცნობა
- მხარეთა განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 . მოპასუხე შპს ,,ჯ-------ან მ--------მა“ არ მოახდინა ს---–--- ქ------ის მიერ მისაღები სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, 2017 წლის 01 იანვრიდან და შემდეგ პერიოდში გაზრდილი, მოქმედი მესამე თანრიგის მდნობელის თანამდებობრივი სარგოს, ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით. ნაცვლად გაზრდილი ხელფასისა სარჩოს სახით იღებდა ისევ 756 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ,,ჯ-------ან მ--------ის“ 2018 წლის 09 ივლისის N109 ცნობა
- მხარეთა განმარტება.
3.2.2. მოპასუხე შპს ,,ჯ-------ან მ--------ში 2017 წლის 01 იანვრიდან მესამე თანრიგის მდნობელის თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა 772 ლარი. მოსარჩელე ს---–--- ქ------ეს 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე სარჩოს სახით არ მიუღია ყოველთვიურად სარჩოს სხვაობა 16 ლარი, სულ 6 თვის განმავლობაში (772-756) * 6 =168 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ,,ჯ-------ან მ--------ის“ 2018 წლის 09 ივლისის N109 ცნობა
- მხარეთა განმარტება.
3.2.3. 2017 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 19 აპრილამდე მოსარჩელემ სარჩოს სახით ყოველთვიურად ნაცვლად 800 ლარისა, მიიღო ისევ 756 ლარი; მოსარჩელემ სარჩოს სახით ვერ მიიღო ყოველთვიურად 28 ლარი, სულ მიუღებელი აქვს (800 - 772 ლარი) * 10 =280 ლარი.;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ,,ჯ-------ან მ--------ის“ 2018 წლის 09 ივლისის N109 ცნობა
- მხარეთა განმარტება.
3.2.4. 2018 წლის 19 აპრილიდან მოსარჩელემ სარჩოს სახით ვერ მიიღო ყოველთვიურად 40 ლარი, სულ 2018 წლის 01 დეკემბრამდე მიუღებელი აქვს 40 * 8=320 ლარი.; მოსარჩელემ საბოლოო ჯამში ვერ მიიღო სარჩოს სახით 768 ლარი მოსარჩელე არასრულად იღებდა სარჩოს კუთვნილ ოდენობას, რითაც მას მიადგა ზიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ,,ჯ-------ან მ--------ის“ 2018 წლის 09 ივლისის N109 ცნობა
- მხარეთა განმარტება.
3.2.5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ-------ან მ--------ს’’ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 756 ლარის ანაზღაურება და არ დაკისრებია ხლფასის შემცირების ან გაზრდის მიხედვით შეეცვალა ს---–--- ქ------ისათვის ასანაზღაურებლი თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის რაიონული გადაწყვეტილება
- მოპასუხის განმარტება;
3.2.6. დღეს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება არ ითვალისწინებს სარჩოს გადაანგარიშების წესს, რაც შეეხება საქართველოს სსკ 408, 411 და 412 მუხლებს არც აღნიშნულ მუხლებშია მითითებული სარჩოს გადაანგარიშების აუცილებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის რაიონული გადაწყვეტილება
- მოპასუხის განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ს---–--- ქ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 411-ე, 992-ე მუხლები
საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლი.
საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
მოსარჩელე ს---–--- ქ------ეს მიიჩნია რა მისი უფლება დარღვეულად, მიმართა სასამართლოს. სადავო არ არის, რომ მხარეები იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში და მოსარჩელე მუშაობდა შპს ,,ჯ-------ან მ--------ის’’ ზესტაფონის ფეროსშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში მესამე თანრიგის მდნობელის თანამდებობაზე.
საქართველოს შრომის კოდექსის მეერვე თავი დამსაქმებელს ავალდებულებს დაიცვას შრომის პირობები. შრომის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად დასაქმებულს აქვს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად .დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.
მოსარჩელემ საწარმოო ტრავმის შედეგად დაკარგა შრომის უნარი. საწარმოში მიღებული დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
შრომის კოდექსის 35-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენებისას (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ბრალეული ქმედებით მიიღო საწარმოო ტრამვა, შრომის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად კი სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით.
სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის შედეგად, მიიღოს შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდა შრომის ანაზღაურების შესაბამისად საწარმოო ტრავმის არარსებობის შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
მოცემულ საქმეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ს---–--- ქ------ის მიერ საწარმოო ტრავმის მიღების ფაქტი და მის სასარგებლოდ სარჩოს დანიშვნა დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ხოლო აღნიშნულ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოპასუხეს აქვს ვალდებულება მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე, რასაც ასრულებს კიდეც. წინამდებარე სასარჩელო წარმოების გზით კი მოსარჩელე მოითხოვს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდის შემდგომ, 2017 წლის 01 იანვრიდან გადაანაგრიშებული ოდენობით სარჩოს ანაზღაურებას.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ საქმეში, სადავო არ არის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსარჩელის მიერ საწარმოო ტრავმის მიღების ფაქტი. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს---–--- ქ------ემ 2011 წლის 09 მაისს მიიღო საწარმოო ტრამვა, რის შედეგადაც მას წაერთვა შრომის უნარი და დაენიშნა სარჩო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით. მოსარჩელე მოპასუხისაგან იღებს ყოველთვიურ სარჩოს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს აღიარებული აქვს ვალდებულება მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე, რასაც ასრულებს კიდეც.
სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა გაზრდილ ხელფასს.
6.4. ზიანის (განცდილი ქონებრივი დანაკლისი) ანაზღაურების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა, ისე, როგორც ეს იყო ზიანის მიყენებამდე, განსახილველ შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშების მიზანია დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის-დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელე იმუშავებდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე. სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, მოქმედი შრომის კანონმდებლობა, საპენსიო ასაკის მიღწევას არ მიიჩნევს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირდაპირ საფუძვლად, თუმცა, აღნიშნული გარემოება არ ადასტურებს საწარმოს ვალდებულებას, უვადოდ გასცეს სარჩო მოქმედი მუშაკის ხელფასის ცვლილების შესაბამისად, გაზრდილი ოდენობით, იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ საწარმოო ტრავმის არარსებობის შემთხვევაში მოსარჩელე სადავო პერიოდშიც იმუშავებდა და მიიღებდა ხელფასს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საწარმოო ტრავმის არარსებობის შემთხვევაში, მოსარჩელე მაღალი ალბათობით, საპენსიო ასაკის, 65 წელს მიღწევამდე იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებს და უპირატესობებს, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკები.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ს---–--- ქ------ის ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა მოხდა მისი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით. დადგენილია, რომ მე-3 თანრიგის მდნობელის თანამდებობრივი სარგოს კორექტირება 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 ივნისამდე განხორციელდა სამჯერ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელე იმუშავებდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე, (მისი დაბადების თარიღია 18.01.1987) და მიიღებდა ხელფასს გაზრდილი ოდენობით. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე მოსარჩელემ ვერ მიიღო სარჩოს სხვაობა 768 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი მიუღებელი სარჩოს სხვაობის ნაწილში ანაზღაურების შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასა და განმარტებებს. (იხ. სუსგ №ას-789-746-2015, 22.01.2016წ. №ას-637-608-2016 23.09.2016წ.)
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით კი პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2019 წლის 01 იანვრიდან, ყოველთვიური სარჩოს გაზრდა 84 ლარით და სარჩოს სახით 840 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ, ასევე საფუძვლიანია და მოპასუხეს გაზრდილი ოდენობით სარჩო უნდა დაეკისროს. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გადაანგარიშებული ოდენობით სარჩოს გადახდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2019 წლის 01 იანვრიდან.
ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი , რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის დროს. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თვის მხრივ წარმოშობს საფუძვლიან და გონივრულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა გაზრდილ ხელფასს.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, მათი ანალიზისა და შეფასების, მითითებულ სამართლებრივ ნორმათა განმარტების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს---–--- ქ------ის სასარჩელო მოთხოვნა 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე მიუღებელი სარჩოს სხვაობის და 2019 წლის 01 იანვრიდან ყოველთვიურად სარჩოს სახით 840 ლარის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე მხარის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით რომ მოსარჩელე ს---–--- ქ------ეს არ უნდა მიეცეს სარჩოს სახით, მე-3 თანრიგის მდნობელის თანამდებობის გაზრდილი ხელფასის ოდენობით, არ უნდა იქნეს გაზიარებული , ვინაიდან სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ის გარემოებები, რაზეც ამყარებს თავის სარჩელს; ხოლო მოპასუხემ ვერ დაუსაბუთა სასამართლოს შესაგებელში მოცემული პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა სარჩელის დაკმაყოფილება ნაწილობრივ.
6.6 მოსარჩელის პოზიცია, რომ შპს ,,ჯ-------ან მ--------ს'' უნდა დაეკისროს, შპს ,,ჯ-------ან მ--------ში'' მესამე თანრიგის მდნობელის ხელფასის სამომავლო ცვლილების შემთხვევაში, მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს ცვლილების განხორციელება, სასმართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვა, ხოლო სასამართლო ვალდებულია დარღვეული უფლების ფარგლებში გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს უფლება, რის დასაცავადაც იგი მიმართავს სასამართლოს. თუ არ არსებობს უფლება, არც იმის საშიშროებაა, რომ იგი დაირღვა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მესამე თანრიგის მდნობელის ხელფასის სამომავლო ცვლილების შემთხვევაში, მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს ცვლილების განხორციელება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ამ მოთხოვნას არა აქვს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი. სარჩოს დანიშვნა და გადაანგარიშება სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩოს მიღების შესახებ პირის უფლების დარღვევის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს მოსარჩელის დარღვეული უფლება. მომავალში თუკი დაირღვევა მოსარჩელის უფლება სარჩოს მიღების შესახებ, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე. ამდენად მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს კანონით ,, სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მე-5 მუხლის 1 ნაწილის ,,ე’ ქვეპუნქტის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' ქვპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე.
მოსარჩელე ს---–--- ქ------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მას სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე მხარე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი ნაწილობრივ. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის საგნის ფასი განისაზღვრება გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა - იმ თანხით, რომლითაც მცირდება ან გადიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე შპს ,,ჯ-------ან მ--------ის’’ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 113.76 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1 მოსარჩელე ს---–--- ქ------ის სარჩელი ყოველთვიური სარჩოს სახით დაკისრებული თანხის გადიდების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. შპს ,,ჯ-------ან მ--------ს“ (ს/კ 2--------) დაეკისროს მოსარჩელე ს---–--- ქ------ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 27 დეკემბრამდე (სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე) დროის მონაკვეთში მიუღებელი სარჩოს სხვაობის ჯამში 768 (შვიდას სამოცდარვა) ლარის ანაზღაურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
3. შპს ,,ჯ-------ან მ--------ს“ (ს/კ 2--------) დაეკისროს მოსარჩელე ს---–--- ქ------ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაკისრებული სარჩოს გაზრდა 84 ლარით და 2019 წლის 01 იანვრიდან დაეკისროს სარჩოს ანაზღაურება ყოველთვიურად 840 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
4. მოსარჩელე ს---–--- ქ------ის სარჩელი მე-3 თანრიგის მდნობელის ხელფასის ცვლილების შესაბამისად დანიშნული სარჩოს ოდენობის რეგულირების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
5. შპს ,,ჯ-------ან მ--------ს“ (ს/კ 2--------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 113.76 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ელენე ოსაძე