გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.02.2019
საქმის ნომერი
330310118002669891
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/6343-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

1 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი

მოსარჩელე - ს----------------–---–ი

წარმომადგენელი - კ--------------–---–ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო

წარმომადგენელი - ლ---------–---ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 11 სექტემბრის განკარგულება №2-------

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 4 ივლისის №3----- ბრძანების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ს----------------–---–ის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა ს----------------–---–ის მიერ 2018 წლის 1------- წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 4 ივლისის №3----- ბრძანება (ს.ფ. 75);

 

3.2. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წლის 6 ივლისის Nგ61-- წერილით ს----------------–---–ს აცნობა 2018 წლის 1------- წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შესახებ. ამავე წერილით ს----------------–---–ს ეთხოვა, 10 სამუშაო დღის ვადაში, მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცის შემცველი დოკუმენტაციის, კერძოდ, 1) ინფორმაცია საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში მისი და მისი ოჯახის წევრების არსებული ყველა ანგარიშის ან/და შენატანის შესახებ (კომერციულ ბანკებში ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული მისი და მისი ოჯახის წევრების პირადი ანგარიშების ამონაწერები და ინფორმაცია საკრედიტო ვალდებულებების შესახებ საანგარიშო პერიოდში - 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1------ის შესახებ); 2) მისი და მისი ოჯახის წევრების მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1------ამდე დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულებები, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3000 ლარს. მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებები შესაბამის დანართებთან ერთად (გადახდის გრაფიკი); 3) ცნობა საჯარო დაწესებულებიდან მისი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 6 ივლისის №გ61-- წერილი (ს.ფ. 76-77);

 

3.3. 2018 წლის 10 ივლისის განცხადებით, ს----------------–---–მა აცნობა სსიპ საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს უფროსს, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ს----------–-----------–-----------–----------- წევრის საქმიანობის შესრულებისათვის მიღებული ჰქონდა შემოსავალი 8--- ლარი, რომელიც არ იყო ასახული დეკლარაციაში. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ეთხოვა აღნიშნული გარემოება მიეღოთ ცნობის სახით და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ს.ფ. 83);

 

3.4. საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 6 ივლისის წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ს----------------–---–ის მიერ ბიუროსათვის დადგენილ ვადაში იქნა წარდგენილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჭირო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია (ს.ფ. 103-208);

 

3.5. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წლის 8 აგვისტოს N----- წერილით ს----------------–---–ს აცნობა, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა დეკლარაციაში შეტანილ და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებულ მონაცემებს შორის შემდეგი შეუსაბამობები: 1) საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული შეუსაბამობები: ს----------------–---–ი - სახელფასო - სს „თ-------------“ G--------------------- - ნაშთი 3--,20 ლარი (+). ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ ანგარიშზე, ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით - 2---,80 ლარს (-) შეადგენდა; ს----------------–---–ი - საკრედიტო - სს „თ-------------“ G--------------------- - ნაშთი 4--- ლარი (+). ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ ანგარიშზე, ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით - 2---- ლარს (-) შეადგენდა; თ---------–-–---–ი - სახელფასო - სს „ტ---------“ G--------------------- - ნაშთი 3--- ლარი (+). ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ ანგარიშზე, ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით - 2---,79 ლარს (-) შეადგენდა; 2) შემოსავალ/გასავალთან დაკავშირებული შეუსაბამობები: ქონებრივ დეკლარაციაში დაფიქსირებულია 2017 წელს მიღებული შემდეგი შემოსავლები: თ---------–-–---–ი - სსიპ - შემოსავლების სამსახური - 1-----,09 ლარი. სსიპ - შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მიხედვით, შემოსავალმა აღნიშნული ორგანიზაციიდან - 1-----,09 ლარი შეადგინა; ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ ჰქონდა, თუმცა სსიპ - შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდებოდა შემდეგი შემოსავალი: ს----------------–---–ი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო - 8--- ლარი. ამავე წერილით ს----------------–---–ს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა ზემოაღნიშნულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით წერილობითი განმარტებების/დოკუმენტაციის წარდგენისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს №----- წერილი (ს.ფ. 209-210);

 

3.6. ს----------------–---–მა 2018 წლის 2------------ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და განუმარტა, რომ გამოვლენილი უზუსტობები არცერთი იყო მიზანმიმართული დარღვევა და მის მიერ დეკლარაციაში ასახული იყო შევსების დღის მდგომარეობით არსებული მონაცემები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 2------------ განცხადება (ს.ფ. 211-212);

 

3.7. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის დეპარტამენტმა 2018 წლის 10 სექტემბერს შეადგინა N--- დასკვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ს----------------–---–ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის შესაბამისად, უარყოფითად იქნა შეფასებული შევსებული დეკლარაციის რამდენიმე გრაფა. დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების შეტანა. განიმარტა, რომ შესაძლო იყო მიღებულიყო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ 2018 წლის 1------- წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არსებითი ხასიათის დარღვევის არსებობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 10 სექტემბრის დასკვნა N--- (ს.ფ. 215-217);

 

3.8. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 11 სექტემბრის N2------- განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ს----------------–---–ის მიერ 2018 წლის 1------- წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ს----------------–---–ის 8-- ლარით დაჯარიმების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 11 სექტემბრის განკარგულება №2------- (ს.ფ. 218).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნას

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 11 სექტემბრის განკარგულება №2------- განკარგულება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. კანონის მე-15 მუხლში მოცემულია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მისათითებელი ინფორმაცია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლი განსაზღვრავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის წესს.

 

მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთი საფუძველია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით. მე-11 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, ხოლო ის პირი, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, − თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბოლოს მიღებული თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას უზრუნველყოფს დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან. ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებით, ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან შედარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის გზით.

 

ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად: დეკლარაციის მონიტორინგის მიზნებისთვის ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ბ) დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბიუროს ელექტრონულად მიეწოდება ინფორმაცია ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების შესახებ და რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგისათვის დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას; გ) შემთხვევითი შერჩევა – შერჩევის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შერჩევის თანაბარი ალბათობის პრინციპის საფუძველზე გამოვლინდება კონკრეტული რაოდენობის დეკლარაციები; ამავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა;

 

ამავე ინსტრუქციის მე-13 მუხლის თანახმად: 1. დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას უზრუნველყოფს დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, ბიუროს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით, რის შესახებაც შედგება ოქმი; 2. ყოველი წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა ბიურო, დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს შესამოწმებელ დეკლარაციებს; 3. თუ 15 თებერვალი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, შერჩევა განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს; 4. დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის შედეგად მომზადებული ელექტრონული ფაილი, შერჩეული მონაცემებისა და მისი მომზადების თარიღის მითითებით, თან ერთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ოქმს; 5. დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის შედეგად იმ დეკლარაციის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც უკვე შერჩეულია კომისიის მიერ, დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში, შესამოწმებლად შეირჩევა სხვა დეკლარაცია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ოქმში; 6. ამ მუხლით დადგენილი წესით შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს.

ამავე ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, 1. დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებით, ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან შედარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის გზით; 2. შემოწმებას ექვემდებარება თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ბოლო დეკლარაცია, ხოლო დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაცული წინა დეკლარაციები გამოიყენება მასში ასახული მონაცემების ბოლო დეკლარირებულ მონაცემებთან შედარების მიზნით. ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წარმოების დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში, ბიურო აცნობებს დაინტერესებულ მხარეს – იმ თანამდებობის პირს, რომლის დეკლარაციაც ექვემდებარება შემოწმებას.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 9 თებერვალს შეირჩა და მონიტორინგს დაექვემდებარა ს----------------–---–ის მიერ 2018 წლის 1------- წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას აღნიშნული შერჩევის პროცედურის კანონშესაბამისად მიჩნევის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცედურულად ერთმნიშვნელოვნად დადგენილია შერჩევის მომენტისათვის უკვე შევსებული და წარდგენილი დეკლარაციების კრებულიდან მათი გამოვლენის აუცილებლობა. სხვაგვარად შეუძლებელია ელექტრონულმა პროგრამამ შეარჩიოს და გამოავლინოს ჯერ შეუქმნელი დოკუმენტი. გარდა ამისა, ამგვარი შერჩევა ეწინააღმდეგება თანასწორობისა და მონიტორინგის პრინციპებს, ვინაიდან თანამდებობის პირი, რომელიც წლის ბოლოს წარადგენს დეკლარაციას და ეს უკანასკნელი შესაძლოა შეირჩეს არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 თებერვლისა, არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება განსხვავებით იმ თანამდებობის პირისაგან, რომელისთვისაც 15 თებერვლის შერჩევის პროცედურის შემდეგ უკვე ცნობილია მონიტორინგის განხორციელების გარდაუვალობა, რაც ალბათობის მაღალი ხარისხით ცვლის პროცედურისადმი პირის დამოკიდებულებას.

 

სწორედ ამიტომ ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ დეკლარაციის მონიტორინგის პერიოდი (გრაფიკი) განისაზღვრება ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე. ამავე ინსტრუქციის მე-18 მუხლის თანახმად, მონიტორინგის პროცესში დეკლარაციების შემოწმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმართ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადები.

 

ამდენად, უდავოა, რომ მონიტორინგისათვის დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის შედეგად უნდა გამოვლინდეს თანამდებობის პირთა მიერ უკვე წარდგენილი ბოლო დეკლარაციები. ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს მათი შემოწმების გრაფიკი, ხოლო თითოეული დეკლარაციის შემოწმების პროცედურის ვადები უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებს. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული წესი დარღვეულ იქნა, ვინაიდან ფაქტობრივად დეკლარაციების შერჩევის მომენტში განისაზღვრა არა უკვე შევსებული დეკლარაციის შემოწმება, არამედ შეირჩა შესამოწმებელი თანამდებობის პირი. სწორედ ამ თანამდებობის პირის მიერ 2018 წლის 1-------ს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია დაექვემდებარა მონიტორინგს. სასამართლო განმარტავს, რომ სახეზეა პროცედურული დარღვევა, რომელმაც მონიტორინგს დაქვემდებარებული დეკლარაციის არასწორად შერჩევა გამოიწვია. სწორედ ამ შინაარსის დარღვევა ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ ს----------------–---–ის მიმართ განხორციელებული მონიტორინგის პროცედურა კანონშეუსაბამოა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ისეთი დარღვევა იწვევს სადავო აქტის ბათილად გამოცხადებას, რომელიც საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას განაპირობებს (ზაკ-ის მე-601 მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 11 სექტემბრის N2------- განკარგულება ს----------------–---–ის მიერ 2018 წლის 1------- წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ს----------------–---–ის 8-- ლარით დაჯარიმების შესახებ გამოცემულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ დარღვევით. ამასთან, სახეზეა ისეთი პროცედურული დარღვევა, რაც მის ბათილად ცნობას იწვევს, ვინაიდან სამართალდარღვევისათვის სახდელის შეფარდების კანონიერება ნიშნავს მის სრულ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 1----------------------- განკარგულება;

 

3. მოპასუხეს - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დაეკისროს ს----------------–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე