გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210118002591657
#2/2739-218
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.02.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე -დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე- ი--------------ე;
წარმომადგენელი -რ---------------–--–--ა;
მოპასუხე- მ--------------–---–ი;
წარმომადგენელი- მ--–-------------------ე;
დავის საგანი: ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2014 წლის 15 აპრილის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 1.1. მუხლი საურავთან დაკავშირებით და 0,1%-ის ნაცვლად შემცირდეს 0.01%-მდე, შესაბამისად ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ 2016 წლის 15 აპრილს გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში და საურავის ოდენობა განისაზღვროს 497 აშშ დოლარამდე, ძირი თანხა 7764,8 აშშ დოლარით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 15 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელს ი--------------ეს გადაეცა 23 000 აშშ დოლარი, თვეში 3,68%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 6 თვე და ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 846,4 აშშ დოლარი, რაც 6 თვეში სარგებლის სახით შეადგენდა 5078,4 აშშ დოლარს. იპოთეკით დაიტვირთა ი--------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საურავი ყოველვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხე მხარისათვის ხელშეკრულების დადებიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე გადახდილი აქვს 20313,6 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხე მხარემ სრულად პროცენტში ჩათვალა, მაშინ როცა აღნიშნული თანხიდან პროცენტი იყო მხოლოდ 5078,4 აშშ დოლარი, რადგან ხელშეკრულება 6 თვიანი იყო, ხოლო დანარჩენი თანხა 20313,6-5078,4=15235,2 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს ძირ თანხას, შესაბამისად დავალიანება სააღსრულებო ფურცლის ამოწერისას რჩებოდა ძირი თანხა 7764,8 აშშ დოლარი, ხოლო რაც შეეხება საურავს იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 0,1%-ის ოდენობით, საურავი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა მომხდარიყო მისი შემცირება 0,01%-მდე. (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია;
მოპასუხე მ--------------–---–მა, როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ პირგასამტეხლოს 0.07%-მდე შემცირების ნაწილში ცნო და განმარტა, მოსარჩელის მითითება, რომ მას გადახდილი აქვს 20313 აშშ დოლარი სიმართლეს არ შეესაბამება. ხელშეკრულებაში მითითებული პროცენტიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 0,1% ბევრად ნაკლებია ყოველთვიურ პროცენტზე. მიუხედავად აღნიშნულისა მოსარჩელე მხარეს არაერთხელ შესთავაზა მორიგება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე 0,07%-მდე. სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 2016 წლის 15 აპრილს, ამ პერიოდში მოსარჩელე სხვადასხვა ხერხებით ცდილობს სააღსრულებო წარმოების გაჭიანურებას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 15 აპრილს მ--------------–---–ს და ი--------------ეს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული #1-------- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მ--------------–---–მა ი--------------ეს გადასცა 23 000 აშშ დოლარი, თვეში 3.68%-ის სარგებლის დარიცხვით, მსესხებელს სარგებელი უნდა გადაეხადა ყოველი თვის 15 რიცხვში. მსესხებელს ყოველი თვის სარგებლის თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
სესხი გაიცა 2014 წლის 15 აპრილს 6 თვის ვადით- 2014 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
15.04.2014 წლის სესხის და იპოთეკის #1-------- ხელშეკრულება.
3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროული შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი---------------ის საკუთრებაში არსებული უძრვი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ჭ------------------------. აღნიშნული ქონება ამჟამად წარმოადგენს ნ------------ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-15.04.2014 წლის სესხის და იპოთეკის #1-------- ხელშეკრულება.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.3. კერძო აღმასრულებლის რ-------------ის წარმოებაშია ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული საღსრულებო წარმოება #A 1--------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14.08.2018 წ კერძო აღმასრულებლის წერილი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის და სარგებელის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო 2016 წლის 15 აპრილს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ი--------------ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 23000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 23 000 აშშ დოლარის (0.1%) 23 აშშ დოლარი ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 15 ოქტომბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულები ფურცლის გაცემის ხარჯი 125.54 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 15 აპრილის ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი;
3.2.2. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მოპასუხისათვის შუამავლის თ--------------ის მეშვეობით გადახდილი აქვს სულ 20313,6 აშშ დოლარი, აღნიშნულ თანხას კრედიტორი სრულად თვლის პროცენტად. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმებული იყო 6 თვის ვადით, შესაბამისად სესხის პროცენტს შეადგენდა მხოლოდ 5078,4 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი მის მიერ გადახდილი 15235,2 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს ძირ თანხას.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომ მხარეთა შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 6 თვის ვადით და საპრცენტო სარგებელი შეადგენდა 5078,4 აშშ დოლარს. 2014 წლის 15 აპრილს 6 თვის ვადით დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა საპროცენტო სარგებლის გადახდას, ანუ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა ხელშეკრულებით დადგენილი 3,68% სარგებელი, რაც 6 თვეზე 5078,4 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ მსესხბელს წარმოეშვა სესხის ძირი თანხის დაბრუნების და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ კრედიტორის მიმართ სულ გადახდილი აქვს 20313,6 აშშ დოლარი, რაც უნდა გამოკლდეს ძირ თანხას. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა სალაროს შემოსავლის ორდერები, სს ს----------–--------ის მიერ 2016 წლის 10 ივნისს გაცემული ცნობა, exspress pay-ის საშუალებით განხორციელებული თანხის გადახდის ქვითრები, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე გვერდზე შესრულებული ჩანაწერები და მიუთითა, რომ ი--------------ე სესხის თანხას უხდიდა შუამავალს თ--------------ეს და თ--------------ე უხდიდა აღნიშნულ თანხას მ--------------–---–ს.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სულ 6100 აშშ დოლარი. 20313 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი სადავოდ გადახდა, ასევე უარყო თ--------------ისათვის, როგორც შუამავლისათვის თანხის გადახდის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სამოქალაქო საპროცესო სამართლაში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელეს ეკისრება. მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება სურს სხვადასხვა პირების მიერ მ--------------–---–ის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. ასევე სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე გვერდზე არსებული ჩანაწერებით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს კრედიტორისათვის თანხის გადარიცხვის თაობაზე, ვინაიდან იგი არ შეიცავს მონაცემებს რომელი ვალდებულების შესასრულებლად ირიცხებოდა მ--------------–---–ის საბანკო ანგარიშზე თანხები მესამე პირის მიერ. ასევე ვისი სასესხო ვალდებულების შესრულებას ემსახურებოდა ხელშეკრულების მეორე გვერდზე არსებული ჩანაწერები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1. მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხდევით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნის გაკეთების უფლებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ი--------------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 427-ე, 302-ე, 429-ე, 361-ე, 400, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე მუხლებით.
ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონით.
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი--------------ის მიერ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტი საქმეში განთავსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშვა 2014 წლის 15 აპრილის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც განსაზღვრულ იქნა მოსარჩელისა და მოპასუხის, როგორც მსესხებლისა და გამსესხებლის კონკრეტული უფლება-მოვალეობები.
6.2. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულების თაობაზე, ვინაიდან იგი არ შეიცავს მონაცემებს რომელი ვალდებულების შესასრულებლად ირიცხებოდა მ--------------–---–ის საბანკო ანგარიშზე თანხები მესამე პირების მიერ. ასევე ვისი სასესხო ვალდებულების შესრულებას ემსახურებოდა ხელშეკრულბის მეორე გვერდზე არსებული ჩანაწერები.
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება- იგი ვალდებულია მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებელის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომაროებით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ფულადი ვალდებულების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. (იხ.სუსგ 27/04/2018, №ას-343-343-2018)„6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
უდავო გარემოებაა, რომ მოვალის მიერ დარღვეულ იქნა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს დავალიანების გადახდის დამადასტურებელი სათანადო და დასაშვები მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. სესხის გადახდის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს საქმეში არსებული ქვითრები და სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე გვერდზე შესრულებული ჩანაწერები, რადგან აღნიშნული დოკუმენტები არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას მოპასუხისათვის კონკრეტული თანხების გადახდის თაობაზე. ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელეს ეკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის საფუძველზე, 2016 წლის 15 აპრილს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაცემულ იქნა #1-------- სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ი--------------ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 23000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 23 000 აშშ დოლარის (0.1%) 23 აშშ დოლარი ყოველვადაგადაცილებუბლ დღეზე 2015 წლის 15 ოქტომბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულები ფურცლის გაცემის ხარჯი 125.54 ლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
დადგენილია, რომ სანოტარო წესით დადებული ხელშეკრულების 6 თვიანი ვადა ამოიწურა 2014 წლის 15 ოქტომბერს, როგორც ეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა. სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებელს გამსესხებლისათვის გადახდილი აქვს 6100 აშშ დოლარი. ამდენად 6100 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს საპროცენტო სარგებელი 5078,4 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი 1021,6 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირი თანხის 23000 აშშ დოლარის ანგარიშში და სააღსრულებო ფურცელში აღასასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირი თანხის ნაწილში უნდა განისაზღვროს 21978,4 აშშ დოლარით.
6.3. რაც შეეხება პირგასამტეხლოს სააღსრულებო ფურცელში მისი მოცულობა განსაზღვრული ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 23 აშშ დოლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ვადაგადაცილებული დავალიანების სესხის ძირი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, თუმცა აქვე განმარტავს: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, დავის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს კი წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ შეესაბამება მოცემული ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების დარღვევაში მხარის ბრალეულობის ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, იგი უნდა განისაზღვროს 0,03%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება უნდა აისახოს სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 0,1% უნდა განისაზღვროს 0.03%-ით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 2212 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 117,78 ლარის ოდენობით, მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 655,45 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 242,62 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს 15.08.2018წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ, 2016 წლის 15 აპრილს გაცემული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (#A--------).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ -უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ კმაყოფილდება არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ი--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ 2016 წლის 15 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------). მოვალე ი--------------ის სესხის ძირი თანხის და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და სესხის ძირი თანხის სახით ი--------------ის ვალდებულება კრედიტორ მ--------------–---–ის წინაშე განისაზღვროს 21978,4 აშშ დოლარით. პირგასამტეხლოს სახით ი--------------ის ვალდებულება კრედიტორ მ--------------–---–ის წინაშე განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,03%-ით;
3. მ--------------–---–ს- ი--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 292,62 ლარის ანაზღაურება. (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 242,62 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).
4. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. ი--------------ეს- პ/ნ 6----------, დაუბრუნდეს 2018 წლის 15 აგვისტოს მის მიერ სს „ს----------–--------ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 773 ლარი და 23 თეთრი (საგადახდო დავალება №1), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300183150;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე