გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001978444
საქმე №2-2318/17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - სს „უ-------------------------------------------------------------–----–--------------–----“.
წარმომადგენელი - ა-----------–-----ე, მ-----–---------ე
მოპასუხე - შპს „უ---------–ი“
წარმომადგენელი - ბ-------------ე, გ-------------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „უ---------–ს“ დაეკისროს სს „უ-------------------------------------------------------------–----–--------------–----ს“ სასარგებლოდ ფასნამატის სახით ზედმეტად ჩარიცხული 6222,17 აშშ დოლარის და რეალურად მიწოდებულ საქონელსა და ჩარიცხვას შორის სხვაობის 1345,80 ლარის ოდენობით გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, ასევე ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2009 წლის 30 ივლისს სს „უ--------------------------------ს“ და შპს „უ---------–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე შპს “უ---------–ს“, როგორც „შემსრულებელს“, „დამკვეთის“, ანუ სს „უ--------------------------------ის“ მოთხოვნით უნდა დაემზადებინა და დაემონტაჟებინა მინაპაკეტები ქ. ბათუმში, რუსთაველის ქN63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. დამკვეთს კი გაწეულ მომსახურებაში უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური.
ხელშეკრულების თანახმად მთლიანი სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 135000 აშშ დოლარის შესაბამის ლარს. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე შპს „უ---------–ი“ სამუშაოებს შეასრულებდა სამ ეტაპად, თითოეული ღირებული 45 000 აშშ დოლარად. ამასთან შემსრულებელი დაუმზადებდა და დაუმონტაჟებდა შემდეგი სახის მინაპაკეტებს შემდეგ ფასებში: 1) მინაპაკეტი №1 (4+12+6 მმ მწვანე ფერის), 1 კვ/მ. - 28 აშშ დოლარად; 2) მინაპაკეტი №2 (4+12+6 მმ სარკისებრი მწვანე ფერის) 1კვ/მ. - 36 აშშ დოლარი; 3) მინაპაკეტი №3 (4+12+6 მმ მწვანე ფერის), 1 კვ/მ. - 25 აშშ დოლარად.
ამავე ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდენენ, რომ ყველა ეტაპის დამთავრების შემდეგ მხარეები შეადგენდნენ მიღება-ჩაბარების აქტებს. ხელშეკრულების 1.5. პუნქტის თანახმად ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლა მოხდებოდა ურთიერთშეთანხმების პირობების, ვადების და ფასების კორექტირებით ან კორექტირების გარეშე. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა ორ თვეს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-2009 წლის 30 ივლისის ხელშეკრულება.
3.2.2. დადგენილია, რომ მიხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება დაუდო 2009 წლის 30 ივლისს ორი თვის ვადით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება დაიწყო ვადის გასვლის შემდეგ 2009 წლის 7 ნოემბრიდან. საქონლის მიწოდება ხორციელდებოდა საგადასახდო ანგარიშფაქტურების შესაბამისად, რომელიც მოსარჩელის მიერ არის დადასტურებული კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს „უ---------–ის“ მიერ მოსარჩელეზე სულ მიწოდებული იქნა 214 519,69 ლარის ღირებულების საქონელი. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხეზე ჩარიცხული აქვს 204 820,30 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
- ანგარიშის ბარათი.
3.2.4. დადგენილია, რომ მხარეებს შორის არ შემდგარა სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე დადგენილია, რომ განსხვავებულია მიწოდებული მინაპაკეტების ღირებულება მხარეებს შორის 2009 წლის 30 ივლისს შედგენილ ხელშეკრულებაში მითითებული ღირებულებისაგან, თუმცა სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მიღებული იქნა საქონელი იმ ღირებულებით, რაც დაფიქსირებული იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურაში და მის მიერ კანონით დადგენილი წესით დადასტურებული იქნა ანგარიშფაქტურები. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ბოლო საქონლის მიწოდება განხორციელდა 2013 წლის 23 მარტს, მოსარჩელის მიერ პერიოდულად ხდებოდა 2009-2013 წლებში თანხების გადახდაც და მას მიწოდებული საქონლის ღირებულება 2017 წლამდე სადაოდ არ გაუხდია. 2014 წლის 21 ივლისს კი მოსარჩელის მიერ სალაროდან დამატებით მოპასუხეზე ხელზე გაცემული იქნა 3500 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
- ანგარიშის ბარათი.
- სალაროს გასავლის ორდერი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 477-ე, 483-ე, 629-ე მუხლებით; ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად მხოლოდ ვალდებულების ძალით არის კრედიტორი უფლებამოსილი მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებითად დადებული იქნა სწორედ ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემსრულებელ შპს „უ---------–ს“, „დამკვეთის“, ანუ სს „უ--------------------------------ის“ მოთხოვნით უნდა დაემზადებინა და დაემონტაჟებინა მინაპაკეტები ქ. ბათუმში, რუსთაველის ქN63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. დამკვეთს კი გაწეულ მომსახურებაში უნდა გადაეხადა საზღაური. დადგენილია, რომ მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 30 ივლისს ორი თვის ვადით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება დაიწყო ვადის გასვლის შემდეგ 2009 წლის 7 ნოემბრიდან. საქონლის მიწოდება ხორციელდებოდა საგადასახდო ანგარიშფაქტურების შესაბამისად, რომელიც მოსარჩლის მიერ არის დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. სულ მოპასუხე შპს „უ---------–ის“ მიერ მოსარჩელეზე მიწოდებული იქნა 214 519,69 ლარის ღირებულების საქონელი, მის მიერ ბოლო მიწოდება კი განხორციელდა 2013 წლის 23 მარტს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხეზე ჩარიცხული აქვს 204 820,30 ლარი. ასევე 2014 წლის 21 ივლისს მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე სალაროს გასავლის ორდერის თანახმად გადაცემულია ხელზე 3500 ლარი.
6.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოპასუხემ მიწოდებული საქონლის ღირებულება თვითნებურად გაზარდა, ამიტომ მის მიერ 6222,17 აშშ დოლარის გადახდა განხორციელდა ზედმეტად.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება დაიწყო მას შემდეგ, რაც ვადა გაუვიდა მხარეებს შორის გაფორმებულ წერილობით ხელშეკრულებას, ასევე დადგენილია, რომ მხარეები წერილობითი ფორმით ხელშეკრულების ახალ პირობებზე არ შეთანხმებულან. თუმცა სადაო არ არის ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ 2009 წლის 7 ნოემბრიდან 2013 წლის 23 მარტის ჩათვლით ხორციელდებოდა მოპასუხის მიერ დამზადებული მინაპაკეტების მიღება, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი დადასტურებული ანგარიშფაქტურებით. ასევე დადგენილია, რომ მართალია განსხვავებულია მიწოდებული მინაპაკეტების ღირებულება მხარეებს შორის 2009 წლის 30 ივლისს წერილობითი სახით შედგენილ ხელშეკრულებაში მითითებული ღირებულებისაგან, თუმცა დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მიღებული იქნა საქონელი იმ ღირებულებით, რაც დაფიქსირებული იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურაში და მის მიერ კანონით დადგენილი წესით დადასტურებული იქნა ანგარიშფაქტურები, ასევე მის მიერ პერიოდულად გადახდილი იქნა მიწოდებული მინაპაკეტების ღირებულება და მას მინაპაკეტების გაზრდილი ღირებულება სადაოდ 2017 წლამდე არ გაუხდია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე აკეთობის დამზადებას და შემკვეთი მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო საქონელი საგადასახადო ანგარიშფაქტურებში დაფიქსირებული ოდენობით და მასში მითითებული ფასით, შესაბამისად იგი ვალდებული იყო გადაეხადა აღნიშნულ ანგარიშფაქტურებში დაფიქსირებული ღირებულებაც.
დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „უ---------–ის“ მიერ მოსარჩელეზე სულ მიწოდებული იქნა 214 519,69 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე ჩარიცხული იქნა 204 820,30 ლარი. შესაბამისად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მტკიცება, რომ მის მიერ ზედმეტად გამხორციელდა რაიმე თანხის გადარიცხვა. ასევე უსაფუძვლოა მისი მტკიცება იმის თაობაზეც, რომ სხვაობა არის რეალურად მიწოდებულ საქონელსა და ჩარიცხვას შორის 1345,80 ლარის ოდენობით და ამიტომ ზ/აღნიშნული თანხები მას უკან უნდა დაუბრუნდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ სს „უ--------------------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნები არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37 მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს კი წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები და სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სს „უ-------------------------------------------------------------–----–--------------–----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 500 ლარის ოდენობით უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან სს „უ-------------------------------------------------------------–----–--------------–----ს“ სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, ამიტომ ზ/აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებიც, კერძოდ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის N212 უზრ/17 განჩინება, რომლითაც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „უ---------–ის“ (ს/ნ 245 419 033) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა N42/ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა N42, ბინა N1-ს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.27.19.048.01.01.001).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „უ--------------------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის N212 უზრ/17 განჩინება, რომლითაც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „უ---------–ის“ (ს/ნ 245 419 033) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა N42/ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა N42, ბინა N1-ს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.27.19.048.01.01.001).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე