გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/3-------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - ს----------–----–-----------------------------
წარმომადგენელი - გ--------------–-–---–ი
მოპასუხე - შპს „ს--------------ი“
წარმომადგენელი - თ--------------–---–ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს „ს--------------ს“ ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 12 144.80 ლარის ოდენობით.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2--- წლის 0- ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა N7-- ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდე-ბელმა აიღო ვალდებულება შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მიეწოდებინა ციმციმა - ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობები შესაბამისი მონტაჟით. ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში არაუგვიანეს 2--- წლის 2- დეკემბრისა. შეთანხმებით დამტკიცებული N1 დანართის თანახმად განისაზღვრა მიწოდების გრაფიკი და ადგილი კერძოდ: ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში შემსყიდველისთვის შპს „ს--------------ს“ უნდა მიეწოდებინა 64 600 ლარის ღირებულების ციმციმა - ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობები შესაბამისი მონტაჟით, ქ. თბილისში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
მხარეებს შორის 2--- წლის 0- ნოემბრის N7-- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2--- წლის 2------------- N1 შეთანხმების თანახმად მოპასუხეს დაუწესდა დამატებითი ვადა 2----–-–----- თებერვლამდე, თუმცა შპს „ს--------------მა“ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაცვლად 2--- წლის 2- დეკემბრისა 2--- წლის 2- მარტს.
მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით.
ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 64 600 ლარის 0.2%-ის ოდენობით (64 600 *0.2% *94), რაც თანხობრივად შეადგენს 12 144.80 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაგებელში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობები წინასწარ არის შედგენილი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ და მასში ცვლილებები მიმწოდებლის პოზიციების გათვალისწინებით არ ხორციელდება. ძირითად შემთხვევებში მიწოდებისთვის არაგონივრულად მოკლე ვადებია დაწესებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ და მათ პრაქტიკულად წინასწარ იციან რომ გარკვეული დაგვიანებით მიიღებენ შესრულებას და პირგასამტეხლოს თანხასაც. განსახილველ შემთხვევაშიც, მიწოდებისთვის არასაკმარისი ვადა 45 დღე იქნა დადგენილი, ვინაიდან პროდუქტის წარმოება ჩინეთში ხორციელდება და ჩინეთიდან მისი ტრანსპორტირება საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ასევე გასათვალისწინებელია რომ პროდუქტის მიწოდებისთვის განსაზღვრულ ვადაში მოექცა ე.ი ჩინური ახალი წელი, რომელიც ჩინეთში საკმაოდ ხანგრძლივ უქმე პერიოდთანაა დაკავშირებული. ასევე, გასათვალისწინებელია პროდუქციის რაოდენობა (85 ერთეული), ბუნებრივია ამ რაოდენობის პროდუქციის წარმოებას დიდი პერიოდი ჭირდება, ამდენად, ნათელია, რომ თავიდანვე არაგონივრულად მოკლე ვადა განესაზღვრა მიმწოდებელს შესრულების განსახორციელებლად.
შესაგებელში აღნიშნულია, რომ N2 შეთანხმება N7-- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ასევე ცხადყოფს, რომ შემსყიდველს არ გააჩნდა ავტომობილები, რომელზეც უნდა დამონტაჟებულიყო შესყიდული პროდუქტი და ამიტომ მონტაჟის ვადა განისაზღვრა შემდეგნაირად - „2--- წლის 2------------- ჩათვლით შემსყიდ-ველის მოთხოვნის შესაბამისად“. ასეთი მოთხოვნა შემსყიდველს ამ დრომდე არ განუხორციელებია და შესაბამისად არ გადაუხდა მონტაჟისთვის გათვალისწინებული ანაზღაუება 2 680 ლარის ოდენობით. ის 18 ავტომობილი, რომელზეც მონტაჟი უკვე განხორციელებული იყო ასევე გადაეცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელსაც მისი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით ასეთი აღჭურვილობის მქონე ავტომობილები არ ესაჭიროებოდა და მათთვის ცნობილია, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით ამ 18 ავტომობილზეც განხორციელდა ციმციმა - ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობების დემონტაჟი. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს რომ შემსყიდველი ამ დრომდე არ იყენებს მიწოდებულ პროდუქციას და შესაბამისად არ იკვეთება მისი ინტერესი ამ პროდუქციის უფრო ადრე მიღებასთან დაკავშირებით.
სინამდვილეს არ შეესაბამება გარემოება, თითქოს მიმწოდებელმა ვალდებულება შეასრულა 2--- წლის 2- მარტს და მანამდე არანაირი აქტივობები არ ყოფილა, რეალურად კი მიწოდება განხორციელდა სამ ეტაპად. პროდუქციის ნაწილის მიწოდება განხორციელდა 2--- წლის 1- თებერვალს, მეორე ნაწილის მიწოდება განხორციელდა 2--- წლის 1- მარტს და მესამე ნაწილის 2--- წლის 2- მარტს. აღნიშნული ეტაპობრივი მიწოდებები კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მთლიანი პროდუქციის ერთდროულად წარმოება და ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო და მიმწოდებელი იძულებული იყო წარმოების ეტაპების შესაბამისად ეტაპობრივად განეხორციელებინა პროდუქციის ჩინეთიდან ტრანსპორტირება და შემსყიდვე-ლისთვის მიწოდებაც. აღნიშნულს ადასტურებს შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტები და შს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის 2----–-–----- მაისის სამსახურეობრივი ბარათიც.
შპს „ს--------------ი“-ს მიერ 2--- წლის 0- ნოემბრის ხელშეკრულება N7-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაგვიანებით შესრულდა, რის გამოც ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო, მაგრამ დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. გასათვალისწი-ნებელია ასევე შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია, რომელიც ეყრდნობა სასამართლო პრაქტიკისა და შესაბამის კვლევებს და მიუთითებს შემსყიდველ ორგანიზაციებს არ განსაზღვრონ შესრულების ვადის გადაცილებისთვის 0.02%-ზე მაღალი პირგასამტეხლო, რამდენადაც შესყიდვების სფეროში არსებული გამოცდი-ლებით სწორედ 0.02% არის პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა.
ამდენად, მოპასუხე შესაგებელში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასმატეხლოს ოდენობა დათვლილია შეუსაბამოდ მაღალი პირგასმატეხლოს პროცენტის გათვალისწინებით და უნდა შემცირდეს გონივრულ ოენობამდე ანუ ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრუ-ლების ღირებულების 0.02%-მდე, რაც შეადგენს 1214.48 ლარს 94 დღიანი ვადაგადაცილებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელს ცნობს 1214.48 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 0- ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო N7-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლითაც შპს „ს--------------მა“ აიღო ვალდებუ-ლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს მიეწოდებინა ციმციმა - ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობები შესაბამისი მონტაჟით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2--- წლის 2- დეკემბრისა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 64 600 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 7-- ხელშეკრულება. (ს.ფ. 18-21);
- დანართი N 1 (ს.ფ. 22)
3.1.2. 2--- წლის 2- დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება N1 2--- წლის 0- ნოემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და განისაზღვრა დამა-ტებითი ვადა კერძოდ, შპს „ს--------------ს“ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქტის მიწოდების ვადად განესაზღვრა 2----–-–----- თებერვალი, ასევე დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 10.4 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 2- დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება N 1 (ს.ფ. 23)
3.1.3. 2--- წლის 1- ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება N3 ხელშეკრულება N7---ში ცვლილების შეტანის თაობაზე. კერძოდ, პირველი პუნქტით გათვალის-წინებული ცვლილებიდან გამომდინარე N7--; 0-.11.2--- წლის ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 2 680 ლარით და შეადგინა 61 920 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება N 3
- დანართი N1
3.1.4. 2--- წლის 30 მარტს მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება N2 2--- წლის 0- ნოემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, შეთანხმება N2-ით დამტკიცებული დანართი N1-ით განისაზღვრა საქონლის ერთეულის ფასი, მიწოდების ვადა და მონტაჟის ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 30 მარტის შეთანხმება N2 (ს.ფ. 24);
- დანართი N 1 (ს.ფ. 25)
3.1.5. 2--- წლის 1- თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტით შპს „ს--------------ი“-ს მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 7 600 ლარი.
2--- წლის 1- მარტის მიღება-ჩაბარების აქტით შპს „ს--------------ი“-ს მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 6080 ლარი.
2--- წლის 2- მარტის მიღება-ჩაბარების აქტით შპს „ს--------------ი“-ს მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 48 2-0 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 28);
- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 44);
- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 45)
3.1.6. შპს „ს--------------მა“ 2--- წლის 0- ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალის-წინებული ციმციმა - ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობების მიწოდება განახორციელა ვადის დარღვევით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 28);
- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 44);
- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 45)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად შპს „ს--------------ი“-ს მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზ-ღვროს 5 000 ლარით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 477-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებ-ლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო 1214.48 ლარის ნაწილში. აქედან გამომდინარე, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყი-დობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებ--რივი ურთიერთობა. კერძოდ, მხარეებს შორის 2--- წლის 0- ნოემბერს დადებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ იკისრა ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული ციმციმა - ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობების მიწოდების ვალდებულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 64 600 ლარით. 2--- წლის 1- ნოემბრის შეთანხმებით ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 61 920 ლარით.
მოსარჩელე მხარის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტს, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის არსებითია შეფასდეს შესრულდა თუ არა მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც შემსყიდველს გააჩნდა შესრულების მიმართ. მხარეთა მიერ სადაოდ არ არის გამხდარი ვალდებულების დაგვიანებით შესრულების ფაქტი, თუმცა, მოპასუხე მხარე აღნიშნულს აფუძნებს შესაძენი პროდუქციის მისაღებად საჭირო ხანგრძლივ პერიოდზე და ამასთან, მიუთითებს ჩინური ახალი წელის დამთხვევის პერიოდს, რამაც ხელი შეუშალა ვალდებულების დროულად შესრულებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ მეწარმე სუბიექტს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას ეკისრება გულმოდგინედ მოქმედების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ მან უნდა გამოიჩინოს სათანადო გულისხმიერება და განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება ნაკისრი ვალდებულების შესასრუ-ლებლად. ამასთან, წინასწარ განჭვრიტოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკები და მიიღოს სათანადო ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები შეიძლება ცდებოდეს მისი კონტროლის სფეროს, თუმცა ეს ისეთი გარემოებებია რაც არის წინასწარ განჭვრეტადი და მეწარმის მიერ წინდახედულობის ნორმების სათანადოდ დაცვის პირობებში, ექვემდებარება გათვალისწინებას და მისი მიზეზით ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილებას. შესაბამისად, გონივრულად ივარაუდება, რომ სავარაუდო რისკები და პრობლემები მოპასუხის მიერ ჩვეულებრივ წინდახედულობის ნორმების დაცვით, თავიდანვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ბრალის გამომრიცხველი გარემოებები უსაფუძვლო და დუსაბუთებელია. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე და განისაზღვრა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ით რაც შეადგენს სასარჩელო მოთხოვნის თანხას - 12 144.80 ლარს.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
დადგენილია ფაქტი მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულების შესახებ, ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული განპირობებული არ იყო საპატიო მიზეზით. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან რაც შეადგენს 12144.80 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმებით თავად მოსარჩელემ თქვა უარი 2 680 ლარის ნაწილში მომსახურების მიღებაზე და ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 61 920 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდი-სიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკი-დებელ საფუძველს წარმოადგენს. სასამართლო მიუთითებს რომ სამართალურთი-ერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთი-ერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. შესაბამისად, ყველა იმ სამართალ-ურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდი-სიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია, უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალ-ურთიერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაგენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს.
ამდენად, მხარეთა მოსაზრებების, კეთილსინდისიერების პრინციპისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეჯერების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ამ მოცულობით არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „ს--------------ს“ მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საერთო ჯამში პირგასამტეხლოს სახით 5 000 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო 1214.48 ლარის ნაწილში, შესაბამისად, იგი გათავისუფლდა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის - 114 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
შპს „ს--------------ს“ ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 5 000 ლარის გადახდა;
2. შპს „ს--------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 114 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე