განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2019
საქმის ნომერი
170100119002812257
დავის ტიპი
126 1
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

12 მარტი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - პა-----------------------ე, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-----------, პირადი ნომერი - 2----------, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თეთრიწყაროს რაიონი სოფელი ჯ-----, ამჟამად პატიმარი.

 

ადვოკატი - მა-----------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორივე ეპიზოდში).

 

სხდომის სახე - ნაწილობრივ დახურული

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თეთრიწყაროში, ფა---------ს ქ. #5-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში, პა------------მ მარჯვენა ხელის სახის მარცხენა მხარეს ერთჯერადი დარტყმისა და ხელების ყელში მოჭერის გზით ფიზიკურად იძალადა ირ----–-----–--ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი (პირველი ეპიზოდი).

 

2. 2018 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 16:00-დან 19:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. თეთრიწყაროში, ფა---------ს ქ. #5-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოსა და სარდაფში, პა------------მ მარჯვენა ხელების სახის არეში მრავალჯერადი დარტყმისა და ხელების ყელში მოჭერის გზით ფიზიკურად იძალადა ირ----–-----–--ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი (მეორე ეპიზოდი).

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII .). განსახილველ საქმეში ბრალდებულ პა------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები წინასასამართლო და საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე მხარეებმა უდავოდ ცნეს. დაცვის მხარემ სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რასაც დაეთანხმა ბრალდებული. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე ორივე ეპიზოდთან მიმართებით წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ ირ----–-----–--ს განმარტებით, განქორწინებულია და ჰყავს ორი მცირეწლოვანი ვაჟი, მაღაზიაში მუშაობისას გაიცნო პა------------, რომელთანაც რამდენიმე თვეა აქვს ახლო ურთიერთობა, მათ ერთმანეთს ასევე გააცნეს მშობლები და დედმამიშვილები. 2018 წლის 7 დეკემბერს დაახლოებით 13:00 საათზე დაურეკა პა------------მ და სთხოვა შეხვედრა, რომელიც მალევე მივიდა და მის სანახავად ჩავიდა სადარბაზოში, სადაც გარკვეულ საკითხებზე შეკამათდნენ, რაც გამძაფრდა და პ------ ჯერ მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში, შემდეგ კი ორივე ხელი ყელში წაუჭირა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ ავიდა სახლში, ხოლო დაახლოებით 16:00 საათზე კვლავ ჩამოვიდა მის სანახავად და დასაწყნარებლად, რა დროსაც პ------ კონტაქტები წაუშალა ტელეფონში და ეჭვიანობის ნიადაგზე მოულოდნელად დაარტყა სახის მარჯვენა არეში, რაც ძალიან ეტკინა, ხოლო მეორე გარტყმის შემდეგ, ვინაიდან მოშორებით ვიღაცეები იყვნენ შევიდნენ კვლავ სადარბაზოში, სადაც კიდევ გაარტყა მარცხენა ხელი სახის მარჯვენა არეში, ხოლო შემდეგ ჩაიყვანა იქვე სარდაფში, სადაც ბნელოდა, პ------ გაანათა ფანრით და ორივე ხელით იმდენად ძლიერად წაუჭირა ყელში, რომ ხროტინი დაიწყო, თუმცა გააშვებინა და სთხოვა პატიება იმის გამო, რომ მის ძმაკაცს დაურეკა მის გადასამოწმებლად, რის შემდეგაც კიდევ სამ-სამჯერ დაარტყა სახის თითოეულ მხარეს, რა დროსაც განიცადა ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ ისინი შერიგდნენ და ბრალდებულმა მიაცილა სახლამდე. აღნიშნული დაზარალებულმა დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც. იგივე დაადასტურა ბრალდებულმა პა------------მ სასამართლოში დაკითხვისას, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. 2018 წლის 8 დეკემბრის ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმად, ირ----–-----–--ს აღენიშნება ცხვირისა და ტუჩის მარცხენა მხარეს ნაკაწრ-ნაფხაჭნი, ხოლო ყელის მარჯვენა მხარეს ორ ადგილზე მოწითალო ფერის ნაფხაჭნი სისხლჩაქცევა, რაც ასევე ფოტოსურათებითაც დასტურდება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია). როგორც „ცემა“, ისე “სხვაგვარი ძალადობა”, ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ამგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიუხედავად, აღნიშნული არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას, ამასთან მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობასა და ფიზიკურ ტკივილს შორის. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგ: ხელის ერთხელ დარტყმაში, თმებით თრევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის #397აპ-14).

 

7. სასამართლოს შეფასებით, პირველ ეპიზოდთან მიმართებით დასტურდება პა------------ს მიერ ირ----–-----–--ს მიმართ სხვაგვარი ძალადობის და არა ცემის ფაქტი, ხოლო მეორე ეპიზოდთან მიმართებით, ცემასთან ერთად ასევე სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია აღნიშნული, ვინაიდან თუნდაც უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, აშკარაა, რომ პირველ ეპიზოდში სახეზეა სხვაგვარი ძალადობა, ვინაიდან ადგილი ჰქონდა ხელით ერთხელ გარტყმასა და ყელში წაჭერას, რაც არ წარმოადგენს ცემას, ხოლო მეორე ეპიზოდში ადგილი ჰქონდა ასევე ყელში წაჭერას, რაც არ შეიძლება შეფასდეს ცემად და წარმოადგენს სწორედ სხვაგვარ ძალადობას. აღნიშნული, საბოლოო ჯამში, გავლენას არ ახდენს პა------------ს ქმედების კვალიფიკაციაზე, ვინაიდან როგორც, ცემა, ისე სხვაგვარი ძალადობა, ორივე ძალადობის ფორმაა, ორივე სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციითაა გათვალისწინებული და აღნიშნული არ ახდენს გავლენას ქმედების კვალიფიკაციაზე, მით უმეტეს არ ამძიმებს მის პასუხისმგებლობას.

 

8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა პა------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ირ----–-----–--ს მიმართ პირველ ეპიზოდში (2018 წლის 7 დეკემბრის დაახლოებით 13:00 საათის ფაქტი) ჩაიდინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ხოლო მეორე ეპიზოდში (2018 წლის 7 დეკემბრის 16:00-დან 19:00 საათამდე ფაქტები) ჩაიდინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა პა------------ს მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა მათი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც პა------------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

9. პა------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს მის ჩადენას, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც პრეტენზია არ აქვს მასთან. პა------------ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

11. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

12. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების ჩამორთმევით ან უამისოდ. ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. იმავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

13. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პა------------ უმუშევარია, ასევე მხედველობაში იღებს გამხორციელებული ქმედებების ინტენსივობას სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ ჯარიმის ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის განსაზღვრა, ასევე მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ხასიათიც. გარდა ამისა, მხოლოდ ამ სასჯელების გავლენა პა------------ზე სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე ხანმოკლე და იმავე დროს ნაკლებად ეფექტური იქნება. აღსრულების მექანიზმისა და მისი შინაარსის გათვალისწინებით ასევე საქმეში არსებული ფაქტების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ პა------------ს მიმართ სასჯელის სახით შინაპატიმრობის გამოყენება სრულიად არაადეკვატური და არაეფექტური ღონისძიებაა. ამიტომ, ჩადენილი ძალადობრივი ქმედების - თითოეულ შემთხვევაში, გათვალისწინებით, ამ ქმედებების აღსრულების ხერხისა და სახის მხედველობაში მიღებით, მის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

14. პა------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი ან ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული არ არის, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის ახალგაზრდა, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვთ მის მიმართ, ასევე საქმეზე არ არის ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებები სასამართლოს მიაჩნია, რომ მას პირველ ეპიზოდთან მიმართებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს სასჯელის მინიმუმი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მე-2 ეპიზოდთან მიმართებით - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, გასათვალისწინებელია რა, ამ ნაწილში განხორციელებული ძალადობის მასშტაბი, ასევე ის ფაქტორი, რომ როგორც ჩანს პირველი ქმედების შემდეგ, თითქოს მისთვის დაშვებული გახდა დაზარალებულზე ძალადობა და ამან მომდევნო პერიოდში უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა. სასამართლოს შეფასებით აღნიშნული პერიოდი სრულად საკმარისია სასჯელის მიზნების შესასრულებლად.

 

15. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ფორმალური საფუძველი - პა------------მ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, არ არის ნასამართლევი და, მეორე მხრივ, სახეზეა საკმარისი გარემოებები, რათა გამართლებულ იქნეს მისი თავისუფლებაში ყოფნა: პა------------მ გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, წუხს მომხდარის გამო, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ და სურს, რომ მალე გათავისუფლდეს, ასევე იმ გარემოებას, რომ ისინი 7 დეკემბერსვე შერიგდნენ და პატიმრობის მთელი პერიოდის განმავლობაშიც ჰქონდათ სატელეფონო კავშირი, სასამართლოს მიაჩნია, რომ პა------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

16. ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო პა------------ ნასამართლობის არმქონეა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და ყველაზე მკაცრმა უნდა შთანთქას დანარჩენი სასჯელები. ამასთან, სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე ([...] გამოსაცდელი ვადა [...] უნდა იყოს [...] დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა), რაც არ ვრცელდება შთანთქმის პრინციპით გამოსაცდელი ვადის განსაზღვრაზე და სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა სრულებით საკმარისია პა------------ს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პა------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 7 დეკემბრის დაახლოებით 13:00 საათის ფაქტი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

2. პა------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 7 დეკემბრის 16:00-დან 19:00 საათამდე ფაქტები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და პა------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1 წელი.

 

4. პა------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

5. პა------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 9 დეკემბრიდან 2019 წლის 12 მარტის ჩათვლით.

 

6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

7. ნივთმტკიცებები: ტანისამოსი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ირ----–-----–--ს, ხოლო ნაცხის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

8. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი