გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/35760-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით - სს „თ----------ი’’
წარმომადგენელი - თ-------------–---–ი, მ------------–----ე
მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით - მ----------
წარმომადგენელი - ს--–---------------ე, ლ-------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
დავის საგანი შეგებებული სარჩელით - ხელშეკრულების პუნქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხე მ----------ს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2018 წლის 25 იანვრის #17------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 49 266.92 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 44 274.65 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 449.57 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 420.87 აშშ დოლარი და დაზღვევის პრემია - 121.83 აშშ დოლარი;
1.2. დაეკისროს მოპასუხე მ----------ს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2018 წლის 30 ნოემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) 2018 წლის 25 იანვრის #17------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 44 274.65 აშშ დოლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 655.02 აშშ დოლარს;
1.3. დაეკისროს მოპასუხე მ----------ს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2018 წლის 30 ნოემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) 50 დღის განმავლობაში 2018 წლის 25 იანვრის #17------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 44 274.65 აშშ დოლარზე და დარიცხულ პროცენტზე 3 449.57 აშშ დოლარზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1% - ყოველდღიურად 47.72 აშშ დოლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.4. 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #17------------7 გამომდინარე დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,თ----------ი’’-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მ----------ს კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბ--–--ი, ბ-----, კო---------, სა-------------, სა-------–---, ბინა 3-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------;
1.5. იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ დაფარავს სს ,,თ----------ი’’-ს წინაშე არსებულ დავალიანებას, აღსრულება მიექცეს მ----------ს სხვა უძრავ/მოძრავ ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
2. შეგებებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა:
ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,თ----------ი’’-სა და მ----------ს შორის 2018 წლის 25 იანვარს დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #01--.17----9.0-1 ხელშეკრულების 13.12 პუნქტი და სს ,,თ----------ი’’-სა და მ----------ს შორის 2018 წლის 25 იანვარს დადებული #12----------7 იპოთეკის ხელშეკრულების 8.8 პუნქტი, რომლებიც ითვალისწინებს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2018 წლის 25 იანვარს სს ,,თ----------ი’’-სა და მ----------ს შორის დაიდო #01--.17----9.0-1 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ბანკმა მოპასუხეს გაუხსნა საკრედიტო ხაზი. მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევის მომენტიდან სესხის ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე დაერიცხებოდა ყოველთვიურად პირგასამტეხლო 10 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, გადაცილებული 1 დღის შემდეგ დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ამავე თარიღში მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #12----------7 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,თ----------ი’’-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბ--–--ი, ბ-----, კო---------, სა-------------, სა-------–---, ბინა 3- (ს/კ 0----------------------).
2018 წლის 25 იანვარს სს ,,თ----------ი’’-სა და მ----------ს შორის გაფორმდა სანაკო კრედიტის ხელშეკრულება #17------------7, რომლის თანახმადაც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 45 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 18%-ის სარგებლის დარიცხვის პირობით.
მოპასუხე არ ასრულებს სს ,,თ----------ი’’-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას, რაც გამოიხატება გადახდის გრაფიკის დარღვევაში, ძირი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტებისა და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობაში, რის შესახებაც მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება. ვინაიდან მოპასუხე არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ჯეროვნად, ხელშეკრულების 12.1.2 პუნქტის საფუძველზე, სს ,,თ----------ი’’-ს მიერ #17------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 30 ნოემბერს შეწყდა ცალმხრივად.
მოსარჩელის განმარტებით, მ----------ს #17------------7 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 49 266.92 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 49 274.65 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 449.57 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1 420.87 აშშ დოლარი, ხოლო სადაზღვევო პრემია - 121.83 აშშ დოლარი.
მხარეთა შორის გაფორმებული #01--.17----9.0-1 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 6.7 მუხლის და #17------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.10 პუნქტების საფუძველზე მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულების ბანკის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევისათვის კრედიტორის უფლება მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის არსებულ დავალიანებულ ძირსა და პროცენტის ჯამზე პირგასამტეხლოს დარიცხვა 0.1%-ის ოდენობით ვალდებულების შესრულების ვადისთვის გადაცილებული ყოველი დღისათვის. შესაბამისად, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისგან პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2018 წლის 30 ნოემბრიდან 50 დღის განმავლობაში.
ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელი უფლებამოსილია ვადაზე ადრე შეწყვიტოს სესხის ხელშეკრულება და მოითხოვოს სესხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაუყოვნებლივ დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ მსესხებელი ორჯერ ან სისტემატიურად არღვევს სესხის დაფარვის გრაფიკს. შესაბამისად, იგი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისგან მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2018 წლის 25 იანვარს სს ,,თ----------ი’’-სა და მ----------ს შორის გაფორმდა საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #01--.17----9.0-1. ამასთანავე, სს ,,თ----------ი’’-სა და მ----------ს შორის 2018 წლის 25 იანვარს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #17------------7, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 45 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ამავე თარიღში მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #12----------7, რომლის საფუძველზეც სს ,,თ----------ი’’-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბ--–--ი, ბ-----, კო---------, სა-------------, სა-------–---, ბინა 3- (ს/კ 0----------------------).
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 13.12 პუნქტში მითითებულია, რომ თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება ნაკლებია 7 000 ლარზე ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში, მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. იმავე შინაარსის ნორმაა მითითებული იპოთეკის ხელშეკრულების 8.8 პუნქტში.
მითითებული რეგულირება წარმოადგენს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტორს მ----------სთვის არ განუმარტია აღნიშნული რეგულირების ხელშეკრულებაში არსებობის შესახებ, რაც ინფორმირებული დეფიციტის პირობებში გამორიცხავდა მსესხებლის მიერ გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას რისკების ეფექტური მართვის ჭრილში. დათქმა, რომლის თანახმადაც განსაზღვრულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, წარმოადგენს გამონაკლის რეგულირებას. ასეთი რეგულირების არსებობა, როგორც წესი, არ არის მოსალოდნელი და იგი მხოლოდ საგამონაკლისო წესით უნდა შეთანხმდეს მხარეთა შორის. შესაბამისად, აღნიშნული უნდა იქნეს მკაფიოდ გააზრებული მსესხებლის მიერ. ამგვარი გააზრების საშუალება კი მას ექნებოდა მხოლოდ საკრედიტო დაწესებულების მხრიდან ხელშეკრულებაში ამგვარი ვალდებულების განმსაზღვრელი დათქმის არსებობის შესახებ ინფორმირების დროს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა სს ,,თ----------ი’’-ს მიერ. ამასთან, ამგვარი ინფორმაცია არ ყოფილა ხელმისაწვდომი მ----------სთვის მისაღები ფორმით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მითითებული ნორმები, როგორც სტანდარტული პუნქტები, წარმოადგენს ბათილ დათქმებს.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1.მოპასუხე მ----------ს პოზიცია სს ,,თ----------ი’’-ს სარჩელთან მიმართებით.
წარმოდგენილი შესაგებლით მ----------მ მიუთითა, რომ არ ეთანხმება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელში მითითებული დავალიანების ოდენობას - ძირი თანხის, დარიცხული პროცენტის, ჯარიმისა და სადაზღვევო პრემიის ნაწილში. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.9 და 2.10 პუნქტებით განისაზღვრა ვადაგადაცილებისათის ფიქსირებული და ყოველდღიური პირგასამტეხლო, რაც წარმოადგენს კაბალურ პირობას და უხეშად ლახავს მსესხებლის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სს ,,თ----------ი’’-ს მისი ქმედებით არ მისდგომია არანაირი სახის ზიანი. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება მიუღებელი შემოსავლის თაობაზე, გაუგებარია, როგორ მოახდინა მოსარჩელემ მითითებული ოდენობით მიუღებელი შემოსავლის კალკულაცია.
2.2.მოპასუხე სს ,,თ----------ი’’-ს პოზიცია მ----------ს შეგებებულ სარჩელთან მიმართებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის დებულება იმპერატიულია და ადგენს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წესს, თუ ამ საკითხზე არსებობს მხარეთა შეთანხმება. ასეთი შეთანხმების არსებობაზე კი მიუთითებს სწორედ სს ,,თ----------ი’’-სა და მ----------ს შორის 2018 წლის 25 იანვარს გაფორმებული #01--.17----9.0-1 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 13.12 პუნქტი და 2018 წლის 25 იანვარს გაფორმებული #12----------7 იპოთეკის ხელშეკრულების 8.8 პუნქტი. მ----------მ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოხატა თავისუფალი ნება და თანხმობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების დროს, არ მომხდარა რაიმე სახის იძულება ან მოტყუება სს ,,თ----------ი’’-ს მხრიდან. მსესხებელი უპირობოდ დათანხმდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ამ კონკრეტულ ჩანაწერს მიუხედავად იმისა, რომ იგი გაეცნო სადავოდ გამხდარ ხელშეკრულების პუნქტებს. მ----------ს ხელშეკრულების დადების მომენტში ჰქონდა შესაძლებლობა გამოეხატა პრეტენზია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, შესაბამისად, გამოხატა ნება და თანხმობა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ პირობებთან მიმართებაში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის დამატებითი შეთანხმების არსებობის საჭიროებას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხთან მიმართებით.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 25 იანვარს სს ,,თ----------ი’’-სა და მ----------ს შორის დაიდო #01--.17----9.0-1 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სს ,,თ----------ი’’-მა მ----------ს გაუხსნა საკრედიტო ხაზი.
ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულებები უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილ ყველა ვალდებულებას.
ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილების/კლიენტის ვალდებულებების შესრულების მიზნით ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, მათ შორის ქონებაზე, რომელსაც მოვალე შეიძენს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ) მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით). ამასთან, ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, გადახდა/აღსრულება პირველ რიგში მიაქციოს კლიენტის იმ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, რომელიც არ წარმოადგენს კლიენტის ვალდებულებების უზრუნველყოფის საგანს.
ხელშეკრულების 12.1.2 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა ბანკის უფლება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა თუ კლიენტი დაარღვევს ამ ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ან ბანკთან გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას.
ხელშეკრულების 13.12 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს, თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება ნაკლებია 7 000 ლარზე ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). მხარეები თანხმებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.155-164);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. #01--.17----9.0-1 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იმავე თარიღში - 2018 წლის 25 ინვარს, მხარეებს შორის გაფორმდა #12----------7 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,თ----------ი’’-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბ--–--ი, ბ-----, კო---------, სა-------------, სა-------–---, ბინა 3- (ს/კ 0----------------------).
ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი რომელიმე ვალდებულების ჯეროვნად და დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება ექნება, სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა ამ ხელშეკრულების შესაბამისად იპოთეკის საგნის რეალიზაციით ან საკუთრებაში გადაცემით (მიღებით).
ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება ექნება სხვა კრედიტორებთან შეადრებით უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობისა და ამ ხელშეკრულების შესაბამისად, მათ შორის, უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით.
ხელშეკრულების 7.5 პუნქტის თანახმად, იპოთეკარს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე (მოვალის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე) მათ შორის, ქონებაზე, რომელსაც მოვალე შეიძენს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ) მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა მოვალის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით).
ხელშეკრულების 8.8 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს, თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება ნაკლებია 7 000 ლარზე ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). მხარეები თანხმებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.165-170);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 171-172);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. #01--.17----9.0-1 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 25 იანვარს სს ,,თ----------ი’’-სა და მ----------ს შორის გაფორმდა სანაკო კრედიტის ხელშეკრულება #17------------7, რომლის თანახმადაც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 45 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 18%-ის სარგებლის დარიცხვის პირობით.
ხელშეკრულების თანახმად ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენს 10 აშშ დოლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - დავალიანების 0% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, ვადაგადაცილებული 1 დღის შემდეგ, დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
ხელშეკრულების დამატებითი პირობად განისაზღვრა სს ,,თ----------ი’’-ს მიერ დამტკიცებული #17------------7-ის ფარგლებში, უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ქონების დაზღვევა სადაზღვევო კომპანია ,,თი------–------ი’’-ს მიერ სესხის გაცემის დღიდან სესხის ვადის ბოლომდე. ამავე ვადით ხელშეკრულების დამატებით პირობად ასევე განისაზღვრა მ----------ს სიცოცხლის დაზღვევა სადაზღვევო კომპანია ,,თი------–------ი’’-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ.173-176);
- ხელშეკრულების თავსართი (ს.ფ.177-183);
- ხელშეკრულების დანართები (ს.ფ.184-186);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.187-190).
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მ----------ს მიერ დარღვეულია 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით #17------------7 ნაკისრი ვალდებულება თანხის ყოველთვიური გრაფიკით გადახდის თაობაზე. 2018 წლის 18 ოქტომბერს მ----------ს სს ,,თ----------ი’’-ს მიერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, რომლითაც განესაზღვრა დამატებით 14 დღიანი ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.191);
- მიმართვა, დასტური (ს.ფ.193-194);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. #17------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სს ,,თ----------ი’’-ს მიერ შეწყდა ცალმხრივად 2018 წლის 30 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2019 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #17------------7 გამომდინარე მ----------ს დავალიანება სს ,,თ----------ი’’-ს წინაშე შეადგენს 49 266.92 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 44 274.65 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 449.57 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 420.87 აშშ დოლარი და დაზღვევის პრემია - 121.83 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 192);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ სს „თ----------ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი კი ასევე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე, 400-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 346-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 25 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების #17------------7 საფუძველზე მ----------ს სახელზე გაიცა სესხი 45 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 18%-ის სარგებლის დარიცხვის პირობით. ამასთანავე, დადგენილია, რომ ხელშეკრულების დამატებითი პირობად განისაზღვრა სს ,,თ----------ი’’-ს მიერ დამტკიცებული #17------------7 ხელშეკრულების ფარგლებში, უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ქონების დაზღვევა სადაზღვევო კომპანია ,,თი------–------ი’’-ს მიერ სესხის გაცემის დღიდან სესხის ვადის ბოლომდე. ამავე ვადით ხელშეკრულების დამატებით პირობად ასევე განისაზღვრა მ----------ს სიცოცხლის დაზღვევა სადაზღვევო კომპანია ,,თი------–------ი’’-ში.
მართალია მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სს ,,თ----------ი’’-ს მიმართ არსებული დავალიანების თაობაზე ფაქტობრივ გარემოებას, თუმცა მას არ განუხორციელებია არსებითი შედავება მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის და მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანების ოდენობის ნაწილში. შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რო მ----------ს მიერ დარღვეულია 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით #17------------7 ნაკისრი ვალდებულება თანხის ყოველთვიური გრაფიკით გადახდის თაობაზე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყვეტილია 2018 წლის 30 ნოემბერიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა #17------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 44 274.65 აშშ დოლარის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის - 3 449.57 აშშ დოლარის და ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული დაზღვევის პრემიის - 121.83 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების #17------------7, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის განისაზღვრა შეადგენს 10 აშშ დოლარით გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - დავალიანების 0% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, ვადაგადაცილებული 1 დღის შემდეგ, დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 1 420.87 აშშ დოლარის გადახდას. მოპასუხემ კი სადავო გახადა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების #17------------7 დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 1 420.87 აშშ დოლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი საფუძველი, იგი ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და მსესხებელს იგი უნდა დაეკისროს მოთხოვნილი ოდენობით.
6.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 იანვარის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების #17------------7 თანახმად, სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 18%-ით. 2019 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე მ----------ს დავალიანება პროცენტის ნაწილში განისაზღვრება 3 449.57 აშშ დოლარით. კრედიტორმა წარმოდგენილი სარჩელით ასევე მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, კერძოდ, აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის 2018 წლის 30 ნოემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) 2018 წლის 25 იანვრის #17------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 44 274.65 აშშ დოლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 655.02 აშშ დოლარს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების თაობაზე სს ,,თ----------ი’’-ს მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს და განსაზღვრავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი. შესაბამისად, ბანკის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ იქნებოდა მოსარჩელისათვის სავარაუდო, რომ მის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბანკის მიერ აუცილებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით (18%) მოხდებოდა მისი ისევ სესხად გაცემა. მით უფრო, უდავოა, რომ ბანკი კრედიტს გასცემს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთებით და არა ყოველთვის აუცილებლად ამ კონკრეტული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ მიიჩნია, მოსარჩელის დასაბუთება მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით და მიაჩნია რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს - 2018 წლის 30 ნოემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) დავალიანების ძირ თანხაზე 44 274.65 აშშ დოლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, წლიური 8% სარგებლის გადახდა.
6.4. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას არა მხოლოდ დაანგარიშებული დავალიანების ფარგლებში, არამედ სამომავლოდაც როგორც ძირ თანხაზე, ასევე მოთხოვნილ სარგებელზე. კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროს მოპასუხე მ----------ს 2018 წლის 30 ნოემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) 50 დღის განმავლობაში 2018 წლის 25 იანვრის #17------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 44 274.65 აშშ დოლარზე და დარიცხულ პროცენტზე 3 449.57 აშშ დოლარზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1% - ყოველდღიურად 47.72 აშშ დოლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო იზიარებს პირგასამტეხლოს თაობაზე უკვე აღნიშნულ მოტივაციას და დამატებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის’’ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის’’ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მოვალისთვის დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად, მომავალ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვაც. მით უფრო, როცა მოსარჩელე ასვე ითხოვს მიუღებელ შემოსავალსაც, ყოველთვიური პროცენტის სახით და აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თ----------ი’’-ს მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია მ----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბ--–--ი, ბ-----, კო---------, სა-------------, სა-------–---, ბინა 3-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო ის გარემოება, რომ მოვალემ ვერ შეძლო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ტი---------ი’’-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და დავალიანების გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული მ----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
6.7.-6.8. სს ,,თი----------ი’’-ს სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს, რომ იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ დაფარავს სს ,,თ----------ი’’-ს წინაშე არსებულ დავალიანებას, აღსრულება მიექცეს მ----------ს სხვა უძრავ/მოძრავ ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 9.6 პუნქტსა და იპოთეკის ხელშეკრულების 7.5 პუნქტს, რომელთა თანახმადაც განისაზღვრა, რომ იპოთეკარს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე (მოვალის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე) მათ შორის, ქონებაზე, რომელსაც მოვალე შეიძენს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ) მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა მოვალის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით).
წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით კი მსესხებლის მიერ სადავოდაა გამხდარი 2018 წლის 25 იანვარის #01--.17-----9.0-1 ხელშეკრულების 13.12 პუნქტი და 2018 წლის 25 იანვარის #12----------7 იპოთეკის ხელშეკრულების 8.8 პუნქტი. კერძოდ, მ----------ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,თ----------ი’’-სა და მ----------ს შორის 2018 წლის 25 იანვარს დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #01--.17-----9.0-1 ხელშეკრულების 13.12 პუნქტი და სს ,,თ----------ი’’-სა და მ----------ს შორის 2018 წლის 25 იანვარს დადებული #12----------7 იპოთეკის ხელშეკრულების 8.8 პუნქტი, რომლებიც ითვალისწინებს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას.
დადგენილია, რომ 2018 წლის 25 იანვარის #01--.17-----9.0-1 ხელშეკრულების 13.12 პუნქტის და 2018 წლის 25 იანვარის #12----------7 იპოთეკის ხელშეკრულების 8.8 პუნქტის შინაარსი იდენტურია და განსაზღვრულია შემდეგნაირად: მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს, თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება ნაკლებია 7 000 ლარზე ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). მხარეები თანხმებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ხელშეკრულების ზემოაღნიშნულ პუნქტებზე და მათგან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე იმსჯელოს ერთობლივად, ვიანიდან, ორივე შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი მსესხებლის მიერ სტანდარტული პირობის ნამდვილობის საკითხი.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული (იხ. სუსგ №ას-663-629-2015).
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, მისი კლასიკური გაგებით, გულისხმობს მომხმარებლისა და მეწარმის თანაბარ უფლებას, საკუთარი პასუხისმგებლობითა და ნების თავისუფალი გამოვლენის გზით დადონ ნებისმიერი კანონით აუკრძალავი შინაარსის ხელშეკრულება. მეორე მხრივ, იგი ლოგიკურადაა დაკავშირებული ნების თავისუფლების იდეასთან და თვით პასუხისმგებლობასთან. იგულისხმება, რომ ბრუნვის მონაწილე ყოველი პირი მოქმედებს გონივრულად, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და მზადაა პასუხი აგოს შედეგებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვ.
კერძო სამართალში მოქმედი მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი მოიცავს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის თავისუფლებას. მხოლოდ მხარეთა რეალური თანასწორობის პირობებში მოქმედებს სრულყოფილად ეს პრინციპი, ხოლო იქ, სადაც მხარეები მხოლოდ ფორმალურად არიან თანასწორი, რეალურად კი - ერთ-ერთი მხარე აშკარა უპირატესობით სარგებლობს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას, მეორე მხარეს კი მხოლოდ - შეთავაზებულ პირობებზე დათანხმება ან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა შეუძლია, ამ დროს ნების ავტონომია სრულყოფილად ვერ ხორციელდება და მხარეთა ინტერესების სამართლიანი გათანაბრების მიზნით კანონი უშვებს ხელშეკრულების შინაარსის კონტროლს. ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის ერთ-ერთი გამოხატულებაა სტანდარტული პირობების ბათილობის შესახებ საკანონმდებლო დანაწესები.
სტანდარტულ პირობებად ითვლება ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ ცალმხრივად წინასწარ შემუშავებული პირობები, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისთვის არის გამიზნული და მზა სახით არის შეთავაზებული მეორე მხარისთვის, ე.წ. „ფორმულარის“ სახით.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამცავი რეგულირების გამოყენებამდე უნდა შეფასდეს, ცალკეული პირობა წინასწარ ჩამოყალიბებული და მხარისთვის შეთავაზებულია, თუ - მხარეთა შორის ინდივიდუალურადაა შეთანხმებული. შესაძლებელია, ხელშეკრულების ზოგიერთი პირობა იყოს სტანდარტული, ზოგი კი - ინდივიდუალურად შეთანხმებული. განსახილველ შემთხვევაში სს ,,თ----------ი’’-ს სადავოდ არ გაუხდია გაის გარემოება, რომ ხელშეკრულების ტექსტი ბანკის მიერ იყო წინასწარ შემუშავებული. ამასთანავე, მხარის განმარტებით დგინდება, რომ ხელშეკრულების პირობები, რომლებიც ითვალისწინებს მსესხებლის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევას, ისევე როგორც პირობები გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ ყოფილა მსესხებელთან ინდივიდუალურად შეთანხმებული.
სტანდარტული პირობებით ხელშეკრულების დადებისას კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა წარმოადგენს მომხმარებლის დამატებითი საფრთხეების უზრუნველყოფის გარანტიას, რადგან შეთანხმება, რომელიც ბოჭავს მას გარკვეული ვალდებულებებით, არის არა კონსესუსის, არამედ ცალმხრივად შემუშავებული შეთავაზების შედეგი. ამის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსი სტანდარტული პირობებით დადებული ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის მიზნით აწესებს მთელ რიგ შეზღუდვებს, რათა აიძულოს ოფერენტი, კეთილსინდისიერად გამოიყენოს არსებული უპირატესობა და ამით გაანეიტრალოს არსებული პოზიციური დისბალანსი.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი და შემდგომი დებულებები წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მარეგულირებელ ცენტრალურ ნორმებს, რომელებიც განსაზღვრავენ სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს და მისი გამოყენების პროცედურულ საკითხებს ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში.
ვინაიდან სადავო საკითხი წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სივრცეში, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს მისთვის დამახასიათებელი სამართლებრივი ასპექტები, რაც აქცევს მას ხელშეკრულების ცალკეულ სახედ. მიუხედავად იდენტური შინაარსისა, სამოქალაქო კოდექსი სესხის ხელშეკრულების დეფინიციისგან მიჯნავს და სპეციალური მოწესრიგების სფეროში აქცევს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას. კანონმდებლის ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტების კლასიფიკაციით, სადაც გარიგების ერთ-ერთ მხარედ ყოველთვის საკრედიტო დაწესებულება ფიგურირებს. სესხის ხელშეკრულების ერთგვაროვანი რეგულაციების გავრცელება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე ვერ იქნება შესატყვისი საბანკო კომერციაში დამკვიდრებულ თავისებურებებთან, რაც უარყოფითად აისახება საკრედიტო დაწესებულებასთან შედარებით პოზიციურად არახელსაყრელ პირობებში მყოფ მხარეზე.
სამოქალაქო კოდექსის ტენდენცია, რომ დამოუკიდებელი მოწესრიგების ფარგლებში მოაქციოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მეტყველებს იმაზე, რომ კანონმდებლის მიერ გაზიარებულია ეკონომიკურ ურთიერთობებში დანერგილი „ძლიერი’’ და „სუსტი’’ მხარის იურიდიული მოდელი, რომლის ფუნქციაა, უზრუნველყოს არათანაბარ პირობებში მყოფი მხარეების, ეკონომიკურად უფრო სუსტი მხარის სამართლებრივი მდგომარეობა და დაიცვას ისინი საბანკო ურთიერთობებში არსებული ჩვეულებრივი რისკებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს ურთიერთობის მონაწილეთა დაცვის ერთიან სტანდარტს, „სუსტი მხარის’’ ინტერესების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნული მიზნების სამართლიანი განხორციელება მოითხოვს კანონით გარანტირებული მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან ფორმალურ გადახვევას. პოზიციური ბალანსის დაცვა ფაქტობრივად უზრუნველყოფს სუსტი მხარის დამატებით უფლებებს და შესაბამისად, აკისრებს მის ოპონენტს იმაზე მეტ ვალდებულებებს, ვიდრე სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში. ამავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ „სუსტი მხარის’’ დეფინიცია არ გულისმობს პირის სტატუსს, არამედ მის მდგომარეობას სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო ხელშეკრულებისას გარიგების ერთ-ერთ მონაწილედ ყოველთვის ფიგურირებს საკრედიტო დაწესებულება, მისი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსით. ხელშეკრულების ცალკეულ სახედ მისი ფორმირება, წარმოადგენს საკანონმდებლო კონტროლის გამოხატულებას, გაანეიტრალოს არსებული დისბალანსი „სუსტი’’ მხარის ინტერესების უპირატესი დაცვის კუთხით, რომლის დროსაც საკრედიტო დაწესებულება შებოჭილია მოქმედების უფრო მაღალი სტანდარტებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერი ქცევის ტესტი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში დამატებით ავალდებულებს საკრედიტო დაწესებულებას, როგორც ძლიერ მხარეს, უზრუნველყოს „სუსტი’’ მხარის - მსესხებლის ინფორმაციული ხელმისაწვდომობა გარიგების ყველა მნიშვნელოვან პირობაზე, რომ მან შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ხელშეკრულების ხელმოწერისას.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმებისას ინფორმაციული უზრუნველყოფის დაცვის ვალდებულება ასახულია ასევე ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 23 აპრილის 2008/48 დირექტივაში (DIRECTIVE 2008/48/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 23 April 2008), რომელიც აწესრიგებს მომხმარებლის მონაწილეობას საბანკო-სამართლებრივ ურთიერთობებში. (საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება სავალდებულო წესით ითვალისწინებს აღნიშნული დირექტივის იმპლემენტაციას). მართალია, მისი იურიდიული მოქმედების არეალი არ მოიცავს ისეთ გარიგებებს, რომლებიც მიმართულია უძრავი ქონების შესაძენად, ან - უზრუნველყოფილია საგარანტიო ქონებით, თუმცა გასაზიარებელია დირექტივის სულისკვეთება, დაუწესოს ხელშეკრულების „ძლიერ’’ მხარეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტი უზრუნველყოფა, რაც სწორედ „სუსტი მხარის’’ დაცვის პერსპექტივიდან გამომდინარეობს.
2008/48 დირექტივაზე დაყრდნობით, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „...ინფორმირების და განმარტების ვალდებულება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი წარმოადგენს წინა სახელშეკრულებო მოვლენას, სავალდებულოდ უნდა შესრულდეს საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ამასთან, ინფორმირების და განმარტების ვალდებულება არ გულისხმობს სპეციალური დოკუმენტით მისი მიწოდების აუცილებლობას, არამედ შესაძლებელია ზეპირსიტყვიერი გასაუბრების პირობებშიც...“ (court of justice of the european union 18 december 2014. judgment in case C-449/13.CA Consumer Finance SA V Ingrid Bakkaus and Others). საკრედიტო დაწესებულების მიერ ინფორმირების ვალდებულების სრულფასოვანი შესრულება, შესაძლებლობას აძლევს მსესხებელს, თანასწორი შესაძლებლობების პირობებში, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება ნების თავისუფალი და გაცნობიერებული ფორმირებით. სხვა შემთხვევაში, ინფორმაციული უთანასწორობა შესაძლებლობას აძლევს გარიგების „ძლიერ“ მხარეს, თავს მოახვიოს ოპონენტს მისთვის ხელსაყრელი, წინასწარ შემუშავებული დებულებები.
სტანდარტული პირობის შეთავაზებისას, პირის სრული ინფორმირება, როგორც კეთილსინდისიერი მოქმედების მაჩვენებელი, გაზიარებულია ასევე 2010 წლის უნიდრუას საერთაშორისო პრინციპებით (UNIDROIT PRINCIPLES), კერძოდ, 2.1.20. მუხლის თანახმად, პირობას, რომელიც სტანდარტული სახისაა და გააჩნია იმგვარი ხასიათი, რომ მეორე მხარე გონივრულად არ მოელოდა მას, არ გააჩნია ძალა, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული პირობა მეორე მხარის მიერ ნათლად იყო მიღებული. (Surprising terms).
მხარე, რომელიც იღებს მეორე მხარის სტანდარტულ პირობებს, იბოჭება მათი სამართლებრივი შინაარსით, მიუხედავად იმისა, ცნობილი იყო თუ არა მისთვის ამ პირობის შინაარსის შემცველი ყველა დეტალი ან რამდენად გასაგები იყო მისთვის პირობის მნიშვნელობა. ამ წესისაგან გამონაკლისი ასახულია უნიდრუას 2.1.20 მუხლში, რომლის მიზანია, დაიცვას მომხმარებელი მეორე მხარის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებისაგან, რომელიც სტანდარტულ პირობების გამოყენებით ცდილობს თავისი პოზიციის მართლსაწინააღმდეგო უპირატესობის უზრუნველყოფას, მომხმარებელზე საკუთარი პირობების ფარულად თავს მოხვევის გზით და რომელსაც მეორე მხარე, გონივრული ვარაუდით, არ მიიღებდა. აღნიშნული ნორმა იცავს მომხმარებელს სტანდარული პირობის შინაარსით გამოწვეული მოულოდნელი შედეგებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულებების პუნქტები, რომლებიც გულისხმობენ კრედიტორის მხრიდან მსესხებლის ნებისმიერ სხვა ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის შესაძლებლობას, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების მნიშვნელობიდან გამომდინარე, წარმოადგენს სტანდარტულ პირობებს. შესაბამისად, მათი შინაარსი საჭიროებდა მსესხებლისთის სავალდებულო განმარტებას. ამასთან, მათი მნიშვნელობა არსებითია და ინფორმაციული დეფიციტის პირობებში გამოირიცხებოდა მსესხებლის გაცნობიერებული არჩევანის შესაძლებლობა და რისკების ეფექტური მართვის ჭრილში.
იძულებითი აღსრულების მოვალის სხვა ქონებაზე მიქცევის პუნქტების შეფასების ნაწილში სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა გონივრული ქცევის სტანდარტიდან გამომდინარე, საგარანტიო ქონების ღირებულება, როგორც წესი, ტოლია ან აღემატება უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობას. შესაბამისად, დათქმა, რომ აღსრულება მიექცეს საგარანტიო ქონების გარდა სხვა ქონებაზეც, წარმოადგენს გამონაკლის რეგულირებას. ასეთი რეგულირების არსებობა, როგორც წესი, არ არის მოსალოდნელი და იგი მხოლოდ საგამონაკლისო წესით უნდა შეთანხმდეს მხარეთა შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის საკანონმდებლო დანაწესიც სწორედ ამაზე მიუთითებს. შესაბამისად, თუკი სხვა რამ არ დასტურდება, ივარაუდება, რომ მ----------ს მოლოდინი ქონებრივი პასუხისმგებლობის მოცულობაზე მოიცავდა მხოლოდ საგარანტიო ქონების ფარგლებს. შესაბამისად, დამატებითი უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც ზრდიდა მისი ქონებრივი რისკების არეალს, უნდა ყოფილიყო მკაფიოდ გააზრებული მსესხებლის მიერ. ამის გააზრების შესაძლებლობა კი მას ექნებოდა მხოლოდ საკრედიტო დაწესებულების მხრიდან ხელშეკრულებაში ამგვარი ვალდებულების განმსაზღვრელი დათქმების არსებობის შესახებ ინფორმირების შემთხვევაში.
მნიშვნელოვანია, რომ მხარის ინფორმირებულობის მეორე ასპექტს წარმოადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მომხმარებელისათვის მისაღები ფორმით, რომელიც გულისხმობს საკრედიტო დაწესებულების ვალდებულებას, მიაწოდოს მომხმარებელს საჭირო ცნობები, აღქმადი, გასაგები და ინდივიდუალურად მორგებული ფორმით. თანაბარმნიშვნელოვანია მომხმარებლის ფსიქოლოგიური განწყობა, პიროვნული აღქმადობის დონე, ვითარება, რომელშიც იდება ხელშეკრულება, ან - ყველა დასახელებული ფაქტორი ერთად. ამავდროულად, სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ინფორმაციის და განმარტების ვალდებულების სრულფასოვან შესრულებაზე ეკისრება საკრედიტო დაწესებულებას. სწორედ მის ხელთ არის ბერკეტი იმისა, რომ შექმნას სარწმუნო მტკიცებულებები ინფორმირების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად. ამ არგუმენტის თვალსაჩინოებისთვის სასამართლო მოიხმობს მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელმაც 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნა „....ეფექტურობის პრინციპი ხორციელდება იქ, სადაც კრედიტორმა უნდა დაუმტკიცოს სასამართლოს, რომ ინფორმირების და განმარტების წინასახელშეკრულებო ვალდებულება მის მიერ შესრულდა. გონიერი კრედიტორი უნდა აცნობიერებდეს მტკიცებულებების შეგროვების და შენახვის აუცილებლობას, რომ მის მიერ ვალდებულება ინფორმაციის უზრუნველყოფის და განმარტების თაობაზე შესრულებულია.....’’. (court of justice of the european union 18 december 2014. judgment in case C-449/13.CA Consumer Finance SA V Ingrid Bakkaus and Others).
უფრო მეტიც, „სუსტი’’ მხარის დაცვის საკანონმდებლო სტრატეგია მოიაზრებს მის პასიურ მდგომარეობას ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით. ამგვარი სულისკვეთება გაზიარებულია მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში, სადაც აღნიშნულია: „...მეწარმე პირი ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს იმის მოლოდინის გარეშე, რომ ისინი დამოუკიდებლად მოიძიებენ ამ ინფორმაციას. მომხმარებელი პასიური უნდა რჩებოდეს ინფორმაციის მოპოვების კუთხით...’’ (court of justice of the european union 5 jule 2012. judgment in case C-49/11. Content services Ltd v Bundesarbeitskammer).
მართალია კრედიტორი აცხადებს, რომ მსესხებლისთვის ცნობილი იყო აღნიშნული დათქმების თაობაზე და მას განემარტა მისი შინაარსი, თუმცა, ზემოთ მოყვანილი მსჯელობის საწინააღმდეგოდ, მოპასუხეს არ წარმოუდგენია ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსესხებლის მონაწილეობა გარიგების პირობების შემუშავებისას ნიველირებული იყო, გარდა ინფორმირებულობის და განმარტების ვალდებულებისა, საკრედიტო დაწესებულება ასევე ვალდებული იყო, ხელშეკრულების შედგენისას, ამ შინაარსის მატარებელი დათქმები მკაფიოდ გამოეკვეთა, რათა გამოერიცხა მათი შენიღბვით გამოწვეული მოულოდნელობის ეფექტი. როგორც აღინიშნა, მ----------ს გაცნობიერებული რისკი შემოიფარგლებოდა მხოლოდ იპოთეკის საგარანტიო ვალდებულებით, შესაბამისად, დამატებით სხვა ქონებრივ აქტივებზე სააღსრულებო პროცედურების მიქცევის შესაძლებლობა, ისევე როგორც შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, განსაკუთრებული წესით უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი და განმარტებული მოსარჩელისათვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ შესრულებული დათქმების ფორმა და მისი არასისტემური მდებარეობა, ობიექტურად გამორიცხავდა მსესხებლის შესაძლებლობას, გასცნობოდა მას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთ დღეს მხარეთა შორის დადებულია რამდენიმე მოცულობითი ხელშეკრულება საბანკო სფეროსთვის დამახასიათებელი სპეციფიური დათქმებითა და ტერმინებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ამ შემთხვევაში შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და სარგებლის მიმღები - სს ,,თ----------ი’’ როგორც სტანდარტული პირობის შემთავაზებელი მხარე მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, რაც ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული პირობების ბათილად მიჩნევის საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,თ----------ი’’-ს სასარჩელო მოთხოვნა მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი კი უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, მხარეთა შორის არსებული კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სადავოდ გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე სტანდარტული პირობების ბათილად მიჩნევა შესაბამისი საფუძვლებით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 მუხლით გათვალისწინებულ დათქმას, რომელიც უშვებს მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის პირობებში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სს ,,თ----------ი’’-ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 4 762.54 ლარი. დაკმაყოფილებული მოთხოვნის (52 808.84 აშშ დოლარი) შესაბამისად მ----------ს უნდა დაეკისროს სს ,,თ----------ი’’-ს სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 4 226.02 ლარის ანაზღაურება. ხოლო სარჩელზე უარის თქმის (6 704.3- აშშ დოლარ) ნაწილში სს ,,თ----------ი’’-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 536.52 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯეს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები. აღნიშნული მუხლების საფუძველზე, საფუძვლიანია სს ,,თ----------ი’’-ს შუამდგომლობა, რომლითაც მან მოითხოვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონის მიმდინარეობისას სპეციალისტის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 490 ლარის ანაზღაურება მოპასუხისგან და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელის წარმოდგენისას შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მ---------- გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილა, სს ,,თი--------ი’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. დაეკისროს მოპასუხე მ----------ს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2018 წლის 25 იანვრის #17------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 49 266.92 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 44 274.65 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 449.57 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 420.87 აშშ დოლარი და დაზღვევის პრემია - 121.83 აშშ დოლარი;
1.2. დაეკისროს მოპასუხე მ----------ს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2018 წლის 30 ნოემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) 2018 წლის 25 იანვრის #17------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 44 274.65 აშშ დოლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, წლიური 8% სარგებლის გადახდა;
1.3. სს ,,თ----------ი’’-ს მოთხოვნა მ----------სთვის 2018 წლის 30 ნოემბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) 50 დღის განმავლობაში 2018 წლის 25 იანვრის #17------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 44 274.65 აშშ დოლარზე და დარიცხულ პროცენტზე 3 449.57 აშშ დოლარზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0.1% - ყოველდღიურად 47.72 აშშ დოლარის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
1.4. 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #17------------7 გამომდინარე დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,თ----------ი’’-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მ----------ს კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბ--–--ი, ბ-----, კო---------, სა-------------, სა-------–---, ბინა 3-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------;
1.5. სს ,,თ----------ი’’-ს მოთხოვნა, იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ დაფარავს სს ,,თ----------ი’’-ს წინაშე არსებულ დავალიანებას, მ----------ს სხვა უძრავ/მოძრავ ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით აღსრულების მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილეს;
2. დაკმაყოფილდეს მ----------ს შეგებებული სარჩელი სს ,,თ----------ი’’-ს მიმართ:
2.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,თ----------ი’’-სა და მ----------ს შორის 2018 წლის 25 იანვარს დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #01--.17----9.0-1 ხელშეკრულების 13.12 პუნქტი და სს ,,თ----------ი’’-სა და მ----------ს შორის 2018 წლის 25 იანვარს დადებული #12----------7 იპოთეკის ხელშეკრულების 8.8 პუნქტი, რომლებიც ითვალისწინებს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას;
3. დაეკისროს მ----------ს სს ,,თ----------ი’’ -ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4 226.02 ლარის ანაზღაურება;
4. სს ,,თ----------ი’’-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 536.52 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. დაეკისროს მ----------ს სს ,,თ----------ი’’-ს სასარგებლოდ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის - 490 ლარის ანაზღაურება;
6. სს ,,თ----------ი’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია