გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/865 -17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04.03.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - მ----–ა ხა-----ე
წარმომადგენელი - მ--–-----ნ გო--------ე
მოპასუხე - სს ,,სა---------–--------ი“
წარმომადგენელი - ჯ---- ტა-–----ე
მოპასუხე - გ-- ხვ--------ი
დავის საგანი - ქონების (მოძრავი ნივთის) ყადაღისგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ყადაღისაგან გათავისუფლდეს მოსარჩელის კუთხვნილი მოძრავი ნივთები- ხის მრგვალი მაგიდა გასაშლელი მუქი ფერის 1ც; ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით ყავისფერი 5ც; სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით ხის სახელურებით ყავისფერი; ჭურჭლის კარადა ყავისფერი მინის კარებებით 1ც; მუსიკალური ცენტრი „ლჯ“ ვერცხლისფერი ორი დინამიკით 1ც; მაცივარი „ჰიტაჩი“ ვერცხლისფერი ორკარებიანი 1ც.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 06 დეკემბერს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი იქნა მოვალის ქონების აღწერისა და ყადაღის აქტი, მოვალე გ-- ხვ--------ის წინააღმდეგ.
მოსარჩელის განცხადებით აღნიშნული აქტით უკანონოდ დაედო ყადაღა მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს, კერძოდ: ხის მრგვალ მაგიდას, 5 ცალ ხის სკამს, რბილი ნაჭრის სამეულს, ჭურჭლის კარადას, მუსიკალურ ცენტრ „ლჯ“-ის, მაცივარ ჰიტაჩის. (აქტი სარჩელს თან ახლავს) აქტში მითითებულ მოძრავ ნივთებზე გ-- ხვ--------ს (ვის წინააღმდეგაც შედგა აღნიშნული აქტი) არავითარი შეხება არ აქვს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი შეძენილია პირადად მოსარჩელის მიერ. აღნიშნულს დაადასტურებენ სასამართლოში მოწვეული მოწმეები. აღნიშნული ნივთები დღესაც დევს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში და შესაბამისად მოსასრჩელის საკუთრებაა( იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). აღნიშნული ნივთები აუქციონზე გატანილი არ არის. (ცნობა სააღსრულებო ბიუროდან სარჩელს თან ახლავს).
აღნიშნული აქტის გამოცემისას მოსარჩელის მიმართ უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კონსტიუციის 21-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი და სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რადგან ამ აქტში მითითებული საყოფაცხოვრებო ნივთები არის მოსარჩელის პირადი საკუთრება მას კი არავითარი საკრედიტო ვალდებულება არ გააჩნია კრედიტორის მიმართ.
მოპასუხე გ-- ხვ--------ს არანაირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული მათ შეძენაში. მოსარჩელის განმარტებით დაყადაღებული ნივთების ღირებულება შეადგენს 570 ლარს.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხისგან არ ითხოვს სახ.ბაჟის მოპასუხეებზე დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ, სს ,,სა---------–--------ი“, შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია და შესაბამისად სარჩელი უდსაფუძვლოა.
მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სრულად ცნო სარჩელი.
2.2. მოპასუხე გ-- ხვ--------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ქონების შეფასების აუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ ადგილზე დათვალიერებულ იქნა მ----–ა ხა-----ის კუთვნილი საოჯახო ნივთები, რომლებიც განთავსებულია ქ. ქუთაისში გ.ტაბიძის ქ. №67. შეფასდა ქონების შემდეგი ჩამონათვალი.
1. ხის მრგვალი მაგიდა გასაშლელი მუქი ყავისფერი. ნახმარი, 1 ცალი. ღირებულება 50 ლარი;
2.ხის სკამი ნაჭრის,რბილი, ძველი, ნაწილობრივ დაზიანებულია,5ც. ღირებულება 30 ლარი.
3. სამეული რბილი, ნაჭრის ზედაპირით, ნახმარი, 1ც. ღირებულება 60 ლარი;
4. ჭურჭლის კარადა, ყავისფერი მინის კარებებით 1ც. ღირებულება 60 ლარი;
5. მუსიკალური ცენტრი „LG“ ვერცხლისფერი ორი დინამიკით, 1ც. ღირებულება 50 ლარი;
6. მაცივარი „HIთAჩHI“-ს ფირმის ვერცხლისფერი, ორკარებიანი, 1ც. ღირებულება 300 ლარი.
სულ მ----–ა ხა-----ის შეფასებული ქონების ღირებულებაა 570 (ხუთასსამოცდაათი) ლარი.
მტკიცებულება: ქონების შეფასების აუდიტორული დასკვნა.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულიი ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 22.01.2015 წელს გაცემული №2/11667-14 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო ფურცელი) სააღსრულებო წარმოება №A15009078, რომლის მიხედვით; გ-- ხვ--------ს დაეკისრა 7793.65 ლარისა და 233.81 ლარის გადახდა სს სა---------–--------ის სასარგებლოდ. (სულ ჯამში: ძირითადი ვალდებულება 8027.46 ლარი, საფასური 561.92 ლარი, სულ 8589.38 ლარი). სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 6 დეკემბერს აღიწერა და დაყადაღდა გ-- ხვ--------ის მოძრავი ქონება.
დღეის მდგომარეობით 2016 წლის 6 დეკემბრის აღწერა-დაყადაღების აქტში ჩამოთვლილ მოძრავ ქონებაზე, იძულებითი აუქციონის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში გამოცხადებული არ არის.
მტკიცებულება: აღმასრულებელის წერილი.
3.2.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 06 დეკემბერს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი იქნა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, მოვალე გ-- ხვ--------ის წინააღმდეგ.
მოსარჩელის განცხადებით აღნიშნული აქტით უკანონოდ დაედო ყადაღა მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს, კერძოდ: ხის მრგვალ მაგიდას, 5 ცალ ხის სკამს, რბილი ნაჭრის სამეულს, ჭურჭლის კარადას, მუსიკალურ ცენტრ „ლჯ“-ის, მაცივარ ჰიტაჩის.
მტკიცებულება: 2016 წლის 06 დეკემბერს ყადაღის აქტი.
3.2.3. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ქ, ჩეჩელაშვილი, N39/ ქ. ქუთაისი, ქუჩა გ. ტაბიძე, N67 ს/კ 03.04.03.132. 01/504 მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც არმასრულებლის მიერ ყადაღა დაედო მოძრავ ნივთებს, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ----–ა ხა-----ის სახელზე.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრიდან ამონაწერი.
3.2.4. სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელე სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია იურიდიული ფაქტი, ხოლო სასამართლოში დავის შემთხვევაში დადგენილია მტკიცების ტვირთის სტანდარტი. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხე გ-- ხვ--------ის ვალდებულების გამო დაყადაღებულია მისი მოძრავი ნივთი და ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა. მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითა აღნიშნული ნივთების მის საკუთრებაში არსებულ სახლში განთავსებაზე, მოპასუხე -სს ,,სა---------–--------ი“-ს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო, ხოლო მოპასუხე გ-- ხვ--------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლება. კერძოდ- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
სამოტივაციო ნაწილი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1.სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულ ქონებაზე; ხის მრგვალი მაგიდა გასაშლელი მუქი ფერის 1ც; ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით ყავისფერი 5ც; სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით ხის სახელურებით ყავისფერი; ჭურჭლის კარადა ყავისფერი მინის კარებებით 1ც; მუსიკალური ცენტრი „ლჯ“ ვერცხლისფერი ორი დინამიკით 1ც; მაცივარი „ჰიტაჩი“ ვერცხლისფერი ორკარებიანი 1ც. გ-- ხვ--------ს არ გააჩნია საკუთრების უფლება და აღნიშნული ნივთი ეკუთვნის მ----–ა ხა-----ეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ევროპის სასამართლოს პრაქტიკა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე, 140-ე მუხლები, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, 32-ე, მე-40, 44-ე, 45-ე, 48-ე, 55-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1.სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცით დაცული საკუთრების უფლება. კერძოდ- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
6.2. ამ მხრივ საყურადღებოა ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი). ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს. ,,სარკსის“ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ოქმის 1 მუხლი იცავს ამა თუ იმ პირის არსებულ ქონებას და არა ქონების შეძენის უფლებას. მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ითვლება საკუთრების უფლებად, ვიდრე ის სადავო არ გახდება. სასამართლო საკუთრებად მიიჩნევს ასევე ხელშეკრულებიდან თუ დელიქტიდან გამომდინარე სხვა სახის ფულად მოთხოვნებს. პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.
საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“. პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას. ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.
6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით - ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ხოლო ,,ბ’’ პუნქტის მიხედვით - ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: - სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ;
6.4. სასამართლო მხარეებს მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.5. აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, მ----–ა ხა-----ემ 2017 წლის 07 აპრილს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - გ-- ხვ--------ის და სს ,,სა---------–--------ის“ მიმართ.
6...,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
დადგენილია, რომ 2017 წლის 6 დეკემბერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით იმერეთის რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ყადაღა დაედო ქუთაისში ქ, ჩეჩელაშვილი, N39/ ქ. ქუთაისი, ქუჩა გ. ტაბიძე, N67 ს/კ 03.04.03.132. 01/504 არსებულ მოძრავ ნივთებს: ხის მრგვალი მაგიდა გასაშლელი მუქი ფერის 1ც; ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით ყავისფერი 5ც; სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით ხის სახელურებით ყავისფერი; ჭურჭლის კარადა ყავისფერი მინის კარებებით 1ც; მუსიკალური ცენტრი „ლჯ“ ვერცხლისფერი ორი დინამიკით 1ც; მაცივარი „ჰიტაჩი“ ვერცხლისფერი ორკარებიანი 1ც.
დადგენილია, რომ გ-- ხვ--------მა იმთავითვე განუცხადა აღმასრულებელს, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთები ეკუთვნის მ----–ა ხურციძეს.
6.7. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მიხედვით - 1. ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში უნდა აღინიშნოს:
ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი;
ბ)სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე აღმასრულებლის სახელი და გვარი, ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი და ის პირები, რომლებიც აქტის შედგენას დაესწრნენ;
გ) სასამართლოს დასახელება და გადაწყვეტილება, რომელსაც აღასრულებენ, ან სხვა სააღსრულებო საბუთის დასახელება და ორგანო, რომელმაც ის გასცა;
დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება;
ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთა და სხვა);
ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება, თუ აღწერისას შესაძლებელია აღმასრულებლის მიერ ფასების დადგენა;
ზ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული, და ლუქების ნომრები;
თ) იმ პირის დასახელება, რომელსაც ქონება გადაეცა შესანახავად, და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა;
ი) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი; მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისათვის ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი;
კ) კრედიტორისა და მოვალის შენიშვნები და განცხადებები და მათზე აღმასრულებლის განმარტებანი.
2. ქონებაზე ყადაღის დადებასთან ერთად ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში ღირებულების მითითებით ჩამოთვლილი უნდა იყოს ის ნივთები, რომლებიც ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დარჩა მოვალესთან, აგრეთვე მოვალის სხვა ქონება, რომელიც სხვა პირებთან საერთო საკუთრებაში იმყოფება და რომელსაც ყადაღა არ დაედო.
3. ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტს ხელს აწერენ აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას.
6.8. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მიხედვით -1. მოვალის მოთხოვნაზე შეიძლება ყადაღის დადება, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას. 2. მოთხოვნებს, რომელიც მომავალში იქნება გადასახდელი, შეიძლება დაედოს ყადაღა, თუ მათი განსაზღვრა ნათლად შეიძლება.
6.9. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. ამავე მუხლით არის დაწესებული, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით -მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები
მოცემული დავის კანონშესაბამისად გადაწყვეტისათვის აუცილებელია მტკიცების სტანდარტის სწორად განსაზღვრა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის საფუძვლიანობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მიუთითა მორავი ნივთების მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სახლში განთავსების ფაქტზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს - მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება, მდებარე ქუთაისში ქ, ჩეჩელაშვილი, N39/ ქ. ქუთაისი, ქუჩა გ. ტაბიძე, N67 ს/კ 03.04.03.132. 01/504
ხის მრგვალი მაგიდა გასაშლელი მუქი ფერის 1ც; ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით ყავისფერი 5ც; სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით ხის სახელურებით ყავისფერი; ჭურჭლის კარადა ყავისფერი მინის კარებებით 1ც; მუსიკალური ცენტრი „ლჯ“ ვერცხლისფერი ორი დინამიკით 1ც; მაცივარი „ჰიტაჩი“ ვერცხლისფერი ორკარებიანი 1ც.
ნამდვილად წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის საკუთრებას.
მოპასუხე - -სს ,,სა---------–--------ი“-ს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო, ხოლო გ-- ხვ--------ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
სასამართლოს მითითება მფლობელობასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. მფლობელობის კოდექსისეული ცნება არსებითად 2 ნიშანზე დაიყვანება: 1. ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა. აქ იურიდიული ბატონობა ივარაუდება და არ შეიძლება იგი დავიყვანოთ ნივთის მიმართ ფიზიკურ შემხებლობამდე. 2. ფაქტობრივი ბატონობის ნებით მოპოვება. აქ იგულისხმება, რომ მთავარია მფლობელობა, იმის მიუხედავად, თუ რა უფლება დგას მის უკან, მოპოვებული იყოს მფლობელის ნების გამოვლენით, ე.ი მას სურდეს, რომ იყოს მფლობელი. სამოქალაქო სამართალში (კოდექსში) მფლობელობა გამიჯნულია საკუთრებისგან. საკუთრება ესაა ნივთზე ბატონობის უფლება, ხოლო მფლობელობა თვით ეს ბატონობაა. მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მესაკუთრე, ისე არამესაკუთრეც. მფლობელობა ფაქტია და ამ ფაქტის უკან შეიძლება იდგეს როგორც სანივთო, ისე სხვა უფლებები. მფლობელობის განმარტებისას აუცილებელია დადგინდეს მფლობელობის ხარისხი (კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელი). მფლობელის კეთილსინდისიერება თუ არაკეთილსინდისიერება სუბიექტური შეფასების საგანია და მათში ვლინდება პირის დამოკიდებულება ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლისადმი. ხოლო მფლობელის კანონიერება თუ უკანონობა ობიექტური, ნორმატიული ნების შეფასების საგანია.
ვინაიდან მფლობელობაში მესაკუთრის ვარაუდი დაშვებულია მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, დავის შემთხვევაში მტკიცებულებათა საფუძველზე უნდა დადგინდეს სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი, რაც როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია იმით, რომ მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარცელის სახელზე რეგისტრირებულ სახლში.
6.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
6.11. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს გ-- ხვ--------ის ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთის რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით - მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის სასარგებლოდ სადავო ნივთების დაყადაღებით, მოსარჩელეს წაერთვა მისი კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთების ფლობისა და სარგებლობის უფლება. შესაბამისად, დაყადაღებული მოძრავი ნივთების ყადარისაგან გათავისუფლების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე -სს ,,სა---------–--------ი“-ს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო, ხოლო გ-- ხვ--------ი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ ითხოვს სახ. ბაჟის მოპასუხეებზე დაკისრებას. სარჩელის ფასია 570 ლარი. მოსარჩელემ სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 50 ლარი.
დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია და მოსარჩელეს სს კოდექსის 39.1 და მეორე ნაწილის, იმავე კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 25 ლარი, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150 საგ. დავალება N1. 07.04.2017 წელი. გადამხდელი მ--–-----ნ გო--------ე პ/ნ 6----------.
მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 25 ლარი უნდა ჩაირიცხოს ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოხმობილი მუხლის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - რომლითაც შეჩერდა დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 102-ე, 103-ე, 140-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს მ----–ა ხა-----ის სარჩელი მოპასუხე -სს ,,სა---------–--------ი“-ს და გ-- ხვ--------ის მიმართ ქონების (მოძრავი ნივთის) ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ.
2. ყადაღისგან გათავისუფლდეს და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის მ. ცხელიშვილის მიერ 2016 წლის 06 დეკემბერს, შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს მოსარჩელის კუთხვილი მოძრავი ნივთები- ხის მრგვალი მაგიდა გასაშლელი მუქი ფერის 1ც; ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით ყავისფერი 5ც; სამეული რბილი ნაჭრის ზედაპირით ხის სახელურებით ყავისფერი; ჭურჭლის კარადა ყავისფერი მინის კარებებით 1ც; მუსიკალური ცენტრი „ლჯ“ ვერცხლისფერი ორი დინამიკით 1ც; მაცივარი „ჰიტაჩი“ ვერცხლისფერი ორკარებიანი 1ც.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - რომლითაც შეჩერდა დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია, დარჩეს უცვლელი.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 25 ლარი, ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150 საგ. დავალება N1. 07.04.2017 წელი. გადამხდელი მ--–-----ნ გო--------ე პ/ნ 6----------. და დაუბრუნდეს მოსარჩელე მ----–ა ხა-----ეს პ/ნ 60001048084.
5. სარჩელზე გადხდილის სახ. ბაჟი 25 ლარი ჩაირიცხოს ბიუჯეტში.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე