გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე №3/6-04-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენლები- ი-------–---–--ე, ნ---------------ე
მოპასუხე - ე-–---------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ე-–-------ან ნ-----ეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაცვის მომსახურების დავალიანების 470,54 ლარის და აპარატურის ღირებულების ზიანის ანაზღაურების სახით 635,05 ლარის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა (შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) და ე-–--------ნ ნ-----ეს (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) შორის 2013 წლის 23 მაისს დაიდო N1----- ხელშეკრულება (მდებარე: თბილისი, ლ. ა--------ს ქუჩა N6-, მ-------------–----------) დაცვის მომსახურების შესახებ.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ დაცვის მომსახურების უზრუნველსაყოფად (დროებით სარგებლობის პირობით) ხელშეკრულების მოქმედების ვადით 2013 წლის 23 მაისს დამონტაჟდა დეპარამენტის კუთვნილი ტექნიკური მოწყობილებები (რადიო გადამცემი და სხვა) ღირებულებით 635,05 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების 1.1; 1.2 და1.3 პუნქტების შესაბამისად სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულები იყო უზრუნველეყო დამკვეთის ობიექტის - ბინის დაცვა, ცენტრალიზებულ პუნქტზე ჩაბარებისა და ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ. ამასთან ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად ,,დამკვეთი“ ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 60 ლარი. ,,დაცვა“ ნაკისრ ვალდებულებას პირნათლად და ჯეროვნად ასრულებდა, თუმცა ,,დამკვეთი“ თავს არიდებდა მომსახურების საფასურის გადახდას. რამდენიმე თვის დებიტორული დავალიანების სულ 470,54 ლარის წარმოშობის გამო დეპარტამენტმა 2018 წლის 28 აგვისტოდან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რის შესახებაც დამკვეთს ეცნობა წერილობით.
მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება შეწყდა და მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს დროებით სარგებლობაში გადაცემული დეპარტამენტის კუთვნილი აპარატურა, იგი თავს არიდებს აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, უფრო მეტიც მისი ზეპირი განმარტებით აპარატურა დაკარგულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მოპასუხისათვის დაცვის მომსახურების დავალიანების 470.54 ლარისა და აპარატურის ღირებულების ზიანის ანაზღაურების სახით 635,35 ლარის დაკისრება.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ე-–---------------ეს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომებზე არ გამოცხადდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 23 მაისს, ე-–---------------ესა (შემდგომში ,,დამკვეთად“ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დაცვა იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო ე-–---------------ის ბინის დაცვა მისამართზე - ქ. თბილისი, ლ----- ა--------ს ქუჩა N6-, მე------------–-, ბინა N1- დამკვეთი ვალდებული იყო ყოველ საანგარიშო თვეში გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 60,00 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 23 მაისის N1----- ხელშეკრულება (12-14).
3.1.2. 2013 წლის 23 მაისის დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ - ინსტალაციის მიღება - ჩაბარების აქტით დგინდება, რომ ,,დამკვეთმა’’ ე-–-------ან ნ-----ემ და ,,შემსრულებელმა’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ -დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს, პირველი სამმართველოს, ტექნიკური სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა ბ-–---–--–----ემ, 2013 წლის 23 მაისის N1----- დაცვითი მომსახურეობის ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, შეადგინეს წინამდებარე მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ დაცვაში ასაყვან მოქალაქე ე-–---------------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, ლ. ა--------ს N6-, მე------------–-, ყოფილი ე----–--- ქუჩა მისამართზე განხორციელდა დაცვის ტექნიკური საშუალებების მონტაჟ-ინსტალაცია.
ამავე მიღება-ჩაბარების აქტის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად აღნიშნული აპარატურის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში, ,,დამკვეთი’’ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აუნაზღაურებდა მიყენებულ ზარალს 635,04 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 23 მაისის დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ - ინსტალაციის მიღება - ჩაბარების აქტი (15).
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს 2013 წლის 27 მაისის N9----- ბრძანების თანახმად, 2013 წლის 23 მაისიდან ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილებას დაევალა უზრუნველეყო ქ. თბილისი, ლ. ა--------ს ქუჩა N6-, მე------------–-, ბინა N1--ში მდებარე მოქალაქე ე-–---------------ის ობიექტზე აყვანა (ნომრით 0-------) სათანადო ღონიძიებების გატარების მიზნით. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალა სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს 2013 წლის 27 მაისის N9----- ბრძანება (ს.ფ. 16);
3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 27 აგვისტოს MIA 9------------ ბრძანებით, 2018 წლის 28 აგვისტოდან შეწყვეტილი იქნა ე-–--------ნ ნ-----ის ობიექტის (ქ. თბილისი, ლ. ა--------ს ქუჩა N6-, მე------------–-, ბინა N1-) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. ამავე ბრძანებით დაცვის ორგანიზაციის მთავარ სამმართველოს ,,125-ის განყოფილებას დაევალა, რომ უზრუნველეყო ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან №0------- რადიოგადამცემის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 27 აგვისტოს MIA 9------------ ბრძანება (ს.ფ. 1--18).
3.1.5. ე-–---------------ეს (ს/კ 0----------), შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ, 2013 წლის 23 მაისიდან N2--- ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 06 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება, ყოველთვიური მომსახურების - 470.54 (ოთხას სამოცდაათი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 06 სექტემბრის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 20)
3.1.6. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 05 სექტემბრის წერილით დგინდება, რომ ობიექტიდან ვერ ხერხდება დაცვის პოლიციის კუთვნილი აპარატურის დემონრაჟი, ვინაიდან ბინის მფლობელი იმყოფება საზღვარგარეთ და უცნობის დაბრუნების დრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 05 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 23)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №26- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №26- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების მე-22 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს.
რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულებული იქნა 2013 წლის 23 მაისის N1----- ხელშეკრულებით არსებული ვალდებულებები, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გადახდილი დაცვის მომსახურების ღირებულება 470,54 ლარი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე ე-–---------------ეს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 470,54 ლარის ოდენობით.
6.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის აპარატურის ღირებულების ზიანის ანაზღაურების სახით 635,05 ლარის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის შესაბამისად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება აპარატურის დაზიანების/განადგურების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 05 სექტემბრის წერილით ირკვევა, რომ (ს.ფ. 23), ობიექტიდან ვერ ხერხდება დაცვის პოლიციის კუთვნილი აპარატურის დემონტაჟი, ბინის მფლობელის საზღვარგარეთ ყოფნის გამო, თუმცა ეს ცალსახად არ ნიშნავს, რომ აპარატურა დაზიანებული ან განადგურებულია, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას ამ ნაწილში. მოსარჩელე მხარეს, როგორც აღნიშნული აპარატურის მესაკუთრეს, შეუძლია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-0-1-3 მუხლბის საფუძველზე მოითხოვოს მისი გამოთხოვა ე-–---------------ის უკანონო მფლობელობიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამავე დროს წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ითხოვდა მოპასუხე - ე-–---------------ისგან 1105,59 ლარის გადახდას მოსარჩელის სასარგებლოდ, თუმცა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს - ე-–---------------ეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 470,54 ლარის გადახდა, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული თანხის პროპორციულად, რაც შეადგენს 43 (ორმოცდასამი) ლარს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე - ე-–---------------ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების - 470,54 (ოთხას სამოცდაათი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე - ე-–---------------ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 43,00 (ორმოცდასამი ლარი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი