განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1116-18 (№046011118001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26.02.2019 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე - დახურული
ბრალდების მხარე
პროკურორი -გ------- ხ----ე
დაცვის მხარე
ბრალდებული - ნ--- ს---–------ე
მამის სახელი: დ-------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ. ტყიბული, კ. გ-------------ს ქუჩა N8/5
ადვოკატი - ნ------ ბ-------–--
კანონიერი წარმომადგენელი - დ------- ს---–------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ნ--- ს---–------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 31 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქალაქ ტყიბულში, რუსთაველის ქუჩის N19-ში მდებარე ნ---- გ--–-–---–ის კუთვნილ დამხმარე სათავსოში უკანონო შეღწევის გზით, ნ--- ს---–------ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჭავლურ სარეცხ აპარატს „KARCHER K4 Compact” და 1 ცალ ორწვერიან და 3 ცალ ერთწვერიან კაბელს, რის შედეგადაც ნ---- გ--–-–---–ს მთლიანობაში მიადგა 188(ას ოთხმოცდარვა) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 04 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ნ--- ს---–------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
საქმის არსებითი განხილვის დროს ნ--- ს---–------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ნ--- ს---–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ ნ---- გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმე მ-----– შ----–---ის გამოკითხვის ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ნ---- გ--–-–---–ის მონაწილეობით, ამოღებული ნივთმტკიცებებით: - ჭავლური სარეცხი აპარატი „KARCHER K4 Compact”, 1 ცალი ორწვერიანი და 3 ცალი ერთწვერიანი კაბელით, ამოღების კანონიერად ცნობის განჩინებით, ნასამართლობის ცნობით, ნ--- ს---–------ის აღიარებითი ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ--- ს---–------ემ ჩაიდინა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2019 წლის 26 თებერვალს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ნ--- ს---–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლითაც ირკვევა, რომ ნ--- ს---–------ე ხასიათდება პოზიტიური ურთიერთობის სტილით ოჯახსა და საზოგადოებაში. დედა - ა----- საუბრისას აღნიშნავს, რომ ნ--- ოჯახის წევრების მიმართ ავლენს პატივისცემას, არასდროს ესაუბრება მათ უხეში, ხმამაღალი ტონით. გარშემომყოფების მიმართ კეთილგანწყობილია, არასდროს ჰქონია კონფლიქტი თანატოლებთან ან უფროს ადამიანებთან. ჰყავს პროსოციალური სამეგობრო წრე, რომლებიც ძირითადად იღებენ განათლებას, ან ჩართული არიან სხვადასხვა აქტივობებში. გვიან ღამით თავს არიდებს ქუჩაში გადაადგილებას, თუმცა, როგორც ვლინდება, არასრულწლოვანს ორივე დანაშაული განხორციელებული აქვს ღამის საათებში. არასრულწლოვანს პოზიტიურად ახასიათებს ტყიბულის პრობაციის ოფიცერი, რომელიც მუშაობდა მასთან განრიდების პროგრამის ფარგლებში. მისი გადმოცემით, ნ--- არის მოწესრიგებული პიროვნება და ამყარებს დადებით ურთიერთობას გარშემომყოფებთან. შეფასებისას ვლინდება, რომ არასრულწლოვანი არ მოიხმარს ალკოჰოლს. არ არის ჩართული სახიფათო აქტივობებში. არ არის საგნების მიმართ დესტრუქციული და არ ვლინდება თვითდაზიანების ფაქტი. შეფასებისას გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ არასრულწლოვნის მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი ოჯახში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობაა. ბრალდებული სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მიმდინარე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც არ ჰქონდა საკმარისი თანხა შეეძინა ტანისამოსი, ასევე თანხა სჭირდებოდა მეგობრისთვის საჩუქრის შესაძენად. ნ--- სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ნანობს მომხდარ ფაქტს. მიიჩნევს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება მისთვის ცუდი გამოცდილებაა. დაფიქრდა და მიხვდა, რომ აღნიშნული გზით ნაშოვნი თანხით შეძენილი საჩუქარი მეგობრისთვის მიუღებელი იქნებოდა. მიიჩნევს, რომ დელიქვენტური ქმედების განხორციელების გამოცდილების გამო მას შეექმნა სირთულეები. ასევე, უარყოფით კონტექსტში განიხილება მისი პიროვნება. ფიქრობს, რომ მომხდარით ოჯახის წევრებს მიაყენა მორალური ზიანი, ასევე მორალური და ფინანსური ზიანი მიადგათ დაზარალებულ მხარეს. ნ---ს გადმოცემით, მომხდარის შემდეგ ის მივიდა დაზარალებული მხარის ოჯახში, გაიცნო ისინი და მოუბოდიშა მისი ქმედებისთვის. ნ--- ს---–------ე ნანობს განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. გამოხატავს სურვილს მომავალში თავი აარიდოს მსგავსი ქმედების განხორციელებას და აქვს გარკვეული გეგმა აღნიშნულთან დაკავშირებით. როგორც აღნიშნავს, მან შეძლო გააზრება, რომ ქმედება რომელსაც ის ახორციელებს, არა მარტო მას, არამედ მის გარშემომყოფებს, ოჯახს და მეგობრებსაც უქმნის სირთულეებს. ასევე დაფიქრდა, თუ რა ზიანს აყენებდა თავად დაზარალებულ მხარეს და როგორც აღნიშნავს, არ სურს მისი ქმედების გამო სხვას შეუქმნას უარყოფითი განწყობა და პრობლემები. ბრალდებულმა გადაწყვიტა არსებული პიროვნული რესურსი მიმართოს განათლების მიღებისკენ. ამჟამად გააუმჯობესოს სწავლა სკოლაში და მომავალში ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში. ( ინდივიდუალური შეფასების ანგარიში)
სასამართლო ასევე ითვალისწინიებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს ზიანი ანაზღაურებულია (ფარულად დაუფლებული ნივთები ამოღებულია და დაუბრუნდება დაზარალებულს), ასევე ბრალდებულის ასაკს ქმედების ჩადენის დროს (16 წლის არასრულწლოვანი), ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს - ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას სახელმწიფოსგან. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--- ს---–------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტულია არასრულწლოვნის რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლი), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე და 75-ე მუხლის მოთხოვნებს, მხედველობაში იღებს იმ მოცემულობას, რაც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშშია მოყვანილი. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--- ს---–------ეს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს შინაპატიმრობა. ამასთან, არსებობს ყველა გარემოება იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლი, რომლის თანახმად, ,,თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს’’. სასამართლო განმარტავს, რომ ნ--- ს---–------ის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა; მან ჩაიდინა განზრახი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არის არასრულწლოვანი და აღიარებს მასზე ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობის და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ნ--- ს---–------ის მიმართ, შესაძლებელი იქნება მისთვის შინაპატიმრობის პირობითად ჩათვლის შემთხვევაშიც, ვინაიდან არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია არასრულწლოვანს დააკისროს ერთი ან რამდენიმე მოვალეობა, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 45-ე მუხლით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--- ს---–------ის მიერ ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე, მას უნდა დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 23:00 საათიდან 06:00 საათამდე. ასეთი მოვალეობის დაკისრება ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, რაც უზრუნველყოფს სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--- ს---–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით შინაპატიმრობა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
2. 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადის ათვლა, ნ--- ს---–------ის მიმართ დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2019 წლის 26 თებერვლიდან.
3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, ნ--- ს---–------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე ნ--- ს---–------ეს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 23:00 საათიდან 06:00 საათამდე.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
4.1. ნ--- ს---–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,კერხერი“ თავისი წყლის მილით და სახელურით, ზურგჩანთა, მასში არსებული ელსადენებით, მაკრატელი და ქანჩი, რაც ინახება ტყიბულის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
4.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები CD დისკზე, რაც ინახება საქმეში, დარჩეს მასში და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე