გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2019
საქმის ნომერი
330210019002810247
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/682-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე ქ---------------–--ი

წარმომადგენელი ც---------------ა

მოპასუხე დ---------------–---–ი

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქორწინების შეწყვეტა ქ---------------–--სა (პ/ნ 0----------, დაბადებული 2--1--1--- წ.) და დ---------------–---–ს (პ/ნ 5----------, დაბადებული 0--------- წ.) შორის რ----------------–- 1--- წლის 1-----–---, სააქტო ჩანაწერი №----.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

დ---------------–---–ი და ქ---------------–--ი 1--- წლის 1-----–---დან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ს----–---–-, რომლებიც ამჟამად სრულწლოვნები არიან. დ---------------–---–სა და ქ---------------–--ს შორის 10 წელია რაც ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. დ---------------–---–ი წლების განმავლობაში ახორციელებდა ქ---------------–--ის მიმართ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა ასევე ფიზიკურ ძალადობასაც. 2018 წლის 23 დეკემბერს დ---------------–---–ის მიერ ქ---------------–--ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო მიმდინარეობს სისხლისამართლებრივი დევნა მის მის მიმართ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის და მისი მეუღლე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 32 წელია, ქორწინების განმავლობაში შეძინათ 4 შვილი, წლების განმავლობაში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და უზრუნველყოფდა ოჯახს ეკონომიურად. გამომდინარე იქედან, რომ მხარეებს აკავშირებთ ხანგრძლივი ურთიერთობა, მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა სასამართლომ მოახდინოს მხარებს შორის განქორწინება შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე. ოჯახში ურთიერთობა მეტად რთული და ფაქიზია, მეუღლეთა შორის თანაცხოვრება ზოგიერთ წვრილმან უთანხმოებათა გამოვლენის საფუძველი ხდება. ოჯახი ფაქტობრივად არ არის დანგრეული და არ გამოყენებულა ყველა საშუალება მის გადასარჩენად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ---------------–--ი და დ---------------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 1--- წლის 1-----–---დან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.15).

 

3.1.2. ქ---------------–--ს და დ---------------–---–ს ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ოთხი შვილი, რომლებიც ამჟამად სრულწლოვნები არიან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 24 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების მიხედვით მოსარჩელე ქ---------------–--ი ცნობილი იქნა დაზარალებულად დ---------------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 24 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება (ს.ფ.17-19 ).

 

3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 25 იანვარს მიღებულია გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, რომლის მიხედვით დ-------------–---–ს აეკრძალა ქ---------------–--თან ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ტელე-საკომუნიკაციო საშუალებების და სოციალური ქსელების გამოყენებით კონტაქტი, დ-------------–---–ს აეკრძალა ქ---------------–--თან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. დამცავი ორდერი გამოიცა 6 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 25 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება (ს.ფ.52-53 ).

 

3.2.3. მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ ქ---------------–--ს და დ---------------–---–ს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს, მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას.

 

აღნიშნული გარემოების დადგენისას სასამართლომ შეფასება მისცა ფაქტებს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ, საქმის განხილვის მიმდინარეობისას, მხარეთა შერიგების შესაძლებლობა არ გამოიკვეთა. მოსარჩელე წინააღმდეგია, არ გააჩნია სურვილი მოპასუხესთან ურთიერთობისა და თანაცხოვრებისა, ამასთან, მოპასუხეზე მოსარჩელის მიმართ არსებობს დამცავი ორდერი 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მიხედვით, მოპასუხეს ეკრძალება მოსარჩელესთან ყოველგვარი კომუნიკაცია. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე კვლავ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა-ახსნა განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №-”-ის მე-5 მუხლი, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის “ 23-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №-” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.

 

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ შესარიგებელი ვადის განსაზღვრა ემსახურება მხოლოდ ოჯახის აღდგენის რეალურ მიზანს, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კატეგორიული პოზიციისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეუღლეთა თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია, მხარეები იმყოფებიან კონფლიქტურ ურთიერთობაში, ერთმანეთთან ვერ ახერხებენ კომუნიკაციას, არ გამოკვეთილა. მოსარჩელე კვლავ წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის, არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან ქ---------------–--ის და დ---------------–---–ის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა, არსებობს მოპასუხე დ---------------–---–ისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ---------------–--ის სარჩელი დ---------------–---–ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1 შეწყდეს ქორწინება ქ----------------–--ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 2--1--1--- წ.) და დ----------------–---–ს (პ/ნ 5----------, დაბადებული 0--------- წ.) შორის, რ----------------–- 1---წლის 1-----–--ს, სააქტო ჩანაწერი №----.

 

2. მოპასუხე დ----------------–---–ს (პ/ნ 5----------) მოსარჩელე ქ----------------–--ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე