განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2019
საქმის ნომერი
010100117001878351
დავის ტიპი
381 1
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100117001878351

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - გელა თებიძე

 

ბრალდებული - თე------------------–ია

ადვოკატი - შა-----------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: თე------------------–ია

მამის სახელი: თეოფილე

დაბადებული: 09.06.1979 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 33--------1

მისამართი: ოზურგეთი, სოფელი ნატ----ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული თე------------------–ია, რომელსაც ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 03 (სამი) წლით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2016 წლის 19 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში კვლავ მართავდა ,,ნისან - ტიდა ლატიო’’-ს მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით TT – 635 – NN.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. სასამართლოს დასკვნა თე------------------–იას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ თე------------------–იას აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ადმინისტრაციულად დაკავების ოქმს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის განაჩენს, მოწმეების ზუ---------–---ძის, მე---------–--ლის, გო---–-----ძის ჩვენებებს, თე------------------–იას ჩვენებას და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

5. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების (განაჩენის) შეუსრულებლობა. განაჩენის შეუსრულებლობა გამოიხატება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისგან/დაკისრებული მოვალეობის შესრულებისგან განზრახ თავის არიდებაში ან მის დარღვევაში.

 

7. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის განაჩენით და ბრალდებულ თე------------------–იას გამოკითხვის ოქმით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თე------------------–იას მიმართ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რითაც მას ეკრძალებოდა სატრანსპორტო საშუალების მართვა. მოწმეების - ზუ---------–---ძის და მე---------–--ლის გამოკითხვის ოქმებით, გო---–-----ძის გამოკითხვის ოქმით, უტყუარად დადასტურებულია, რომ თე------------------–ია 2016 წლის 19 ნოემბერს მართავდა ”ნისან - ტიდა ლატიო”-ს მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით TT – 635 - NN.

 

8. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თე------------------–იამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გათვალისიწნებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

9. თე------------------–იას პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებაა რეციდივი.

 

10. თე------------------–იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებაა რეციდივი, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

12. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თე------------------–იას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით სამი სხვადასხვა ძირითადი სასჯელის გამოყენებაა შესაძლებელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და თე------------------–იას რესოციალიზაციისათვის.

 

პირობითი მსჯავრის არ გაუქმების დასაბუთება:

 

13. დადგენილია, რომ თე------------------–ია მსჯავრდებულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (მარიხუანას მოხმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ 2016 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით.

 

14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

15. მითითებული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და მიუხედავად იმისა პროკურორი მოითხოვს თუ არა პირობითი მსჯავრის გაუქმებას და სასჯელის აღსრულებას პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებულია შეასრულოს მითითებული მუხლის სავალდებულო დანაწესი.

 

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის საქმე №602აპ-15-ზე და 2016 წლის 16 მარტის საქმე N494აპ-15-ზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად განიმარტა, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ, უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია.

 

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებებით ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა"-ს მოხმარებისათვის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა გაიგივებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლისათვის (70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა) ანტიკონსტიტუციურად ცნობილ სანქციასთან - თავისუფლების აღკვეთასთან, რომელიც როგორც აღინიშნა წარმოადგენს არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან.

 

18. ნათელია, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია თე------------------–იას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გააუქმოს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, მაგრამ სასამართლო აღნიშნულს შეგნებულად არ ახორციელებს, ვინაიდან პირობითი მსჯავრის გაუქმებით თუნდაც ერთი დღე რეალური სასჯელის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული თე------------------–ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი