გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310019002858465
საქმე № 3/51-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - თ-------------------ე
მოპასუხე - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლა
მოპასუხის წარმომადგენელი - გ------–--–---–---–ი
მესამე პირი (ასკ-ის 16.2 -ე მუხლი) - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მესამე პირი (ასკ-ის 16.2 -ე მუხლი) - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
მესამე პირი (ასკ-ის 16.2 -ე მუხლი) - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
წარმომადგენელი - პ-–---------------–---–ი
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებული იქნეს თ-------------------ის (პ/ნ 17001022---) მიერ 1988 წელს ვანის რაიონის სოფელ შუაგორას საშუალო სკოლაში (დღევანდელი სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის შუაგორას საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღებისა და ატესტატის გაცემის ფაქტი.
მოსარჩელის განმარტებით, 1986 წელს ჩაირიცხა და სწავლობდა ვანის რაიონის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის მე-9 კლასში, სადაც დაასრულა ზოგადი განათლების სრული კურსი 1988 წელს. მიმდინარე წლის 2018 წლის 14 დეკემბერს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის დუბლიკატის გაცემა, რაზეც ეთქვა უარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და დაადასტურა თ-------------------ეს 1986-1988 წლებში ვანის რაიონის სოფელ შუაგორის საჯარო სკოლაში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა განმარტა, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ წერილით მიმართა ქალაქ ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა თ-------------------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. რესურსცენტრის მიერ გადმოგზავნილი კორესპონდენციიდან ირკვეოდა, რომ სკოლაში მოიძებნა მოსარჩელის მე-9 კლასში ჩარიცხვის ბრძანება და ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, ხოლო, (სკოლის წერილობითი განმარტებით) თ-------------------ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ბრძანება იმ პერიოდისათვის არ გამოიცემოდა.
3.2. მესამე პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნეს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საფუძველზე, რადგან აღნიშნული ბაზის გადამოწმების შედეგად მოქალაქე თ-------------------ის შესახებ მონაცემები არ მოიძებნა, შესაბამისად სააგენტო ვერ გასცემდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატს.
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
4.1.1. დადგენილია, რომ შუაგორას საშუალო სკოლის 1986 წლის 23 აგვისტოს N70 ბრძანებით შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე მე-9 კლასში ჩაირიცხა 29 მოსწავლე, რომელთა შორის არის (25-ე) თ-------------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საშუალო განათლების ატესტატების ბლანკების აღრიცხვის წიგნი (იხ. ს.ფ. 73-77).
4.2. საქმეში წარმოდგენილია ვანის რაიონის შუაგორას 1987-1988 საშუალო სკოლის გამოშვების ფოტოსურათი, სადაც გამოსახულია თ. ხარაბაძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფოტოსურათი (იხ. ს.ფ. 25).
4.3. ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალის თანახმად, ირკვევა რომ თ. ხარაბაძეს მიეცა საშუალო განათლების ატესტატი N117071.
მოპასუხის განმარტებით, სკოლაში დღემდე მუშაობენ პედაგოგები, როლებიც ადასტურებენ თ-------------------ის ვანის რაიონის შუაგორას საშუალო სკოლაში სწავლების ფაქტს.
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის შუაგორას საჯარო სკოლის 2018 წლის 3 დეკემბრის ცნობის თანახმად, თ-------------------ე (დაბადებული 1971 წლის 6.11, პ/ნ 17001022---) ნამდვილად სწავლობდა შუაგორას საშუალეო სკოლაში 1986 წლის 23 აგვისტოდან (ბრძანება N70, 1986 წ. 23.08) ჩაირიცხა მე09 კლასში და სკოლის დასრულების შემდეგ 1988 წელს მიიღო ატესტატი N117072.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი (იხ. ს.ფ. 73-74).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).
- ცნობა (იხ. ს.ფ. 105).
4.4. დადგენილია, რომ თ-------------------ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი.
დადგენილია, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ წერილით მიმართა ქალაქ ვანის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა თ-------------------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
დადგენილია, რომ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის დირექტორმა ქ. ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს წერილობით აცნობა, რომ თ-------------------ე ნამდვილად სწავლობდა შუაგორას საშუალო სკოლაში 1986 წლის 23 აგვისტოდან (ბრძანება N70 23.08.1986წ) ჩაირიცხა მე-9 კლასში და სკოლის დასრულების შემდეგ 1988 წელს მიიღო ატესტატი N117072. დირექტორი წერილში აღნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მოიპოვება (არ გამოიცემოდა), არ გამოიცემოდა პედაგოგიური საბჭოს და სხვათა გადაწყვეტილებები და ოქმები, რომელიც დაადასტურებდა თ-------------------ის საშუალო სკოლის დასრულებას.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 26 დეკემბრის N MES 6 18 01660807 წერილის თანახმად, ირკვევა, რომ სკოლაში დაცულია თ-------------------ის მე-9 კლასში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია და ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. თ-------------------ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ბრძანება იმ პერიოდისათვის არ გამოიცემოდა, ხოლო პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი არ გამოცემულა. შესაბამისად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ არ დაკმაყოფილდა თ-------------------ის განცხადება იმ საფუძვლით, რომ ვერ ხერხდებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 26 დეკემბერს N17/1033/გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ-------------------ის განცხადება და უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება თ-------------------ემ გაასაჩივრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რომელმაც 2019 წლის 11 თებერვლის N01/42657/გ გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- MES 7 18 01613305 წერილი (იხ. ს.ფ. 82).
- MES 2 18 01618413 წერილი (იხ. ს.ფ. 72).
- 2018 წლის 26 დეკემბერს N17/1033/გ გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 15-16).
- 2019 წლის 30 იანვრის 17/67/გ გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 24).
- 2019 წლის 11 თებერვლის N01/42657/გ გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 17-19).
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ-------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს - აღიარებული იქნეს თ-------------------ის (პ/ნ 17001022---) მიერ 1988 წელს ვანის რაიონის სოფელ შუაგორას საშუალო სკოლაში (დღევანდელი სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის შუაგორას საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღებისა და ატესტატის გაცემის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ-------------------ე შუაგორას საშუალო სკოლის 1986 წლის 23 აგვისტოს N70 ბრძანებით ჩაირიცხა მე-9 კლასში. ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალის თანახმად, ირკვევა, რომ თ. ხარაბაძეს მიეცა საშუალო განათლების ატესტატი N117071. მოპასუხის განმარტებით, სკოლის პედაგოგები ადასტურებენ მოსარჩელის სწავლებისა და სკოლის დასრულების ფაქტს. საქმეში წარმოდგენილია ვანის რაიონის სოფელ შუაგორას 1987-1988 საშუალო სკოლის გამოშვების ფოტოსურათი, სადაც გამოსახულია თ. ხარაბაძე.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, თ-------------------ემ 1988 წელს დაასრულა ვანის რაიონის სოფელ შუაგორას საშუალო სკოლა (დღევანდელი სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლა) და მიიღო საშუალო განათლების N 117072 ატესტატი.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის (ძველი რედაქციით 35-ე მუხლი) 27.1-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
ამდენად, იმის გამო, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ სათანადო დოკუმენტის არარსებობამ ზიანი მიაყენოს მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებისა და ხელი შეუშალოს მის რეალიზებას, სასამართლოს აღნიშნავს, რომ აღნიშნულის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების საფუძველზე გააგრძელოს სწავლა, ან შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ჰქონდეს შესაძლებლობა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივა, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 27.1-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო და ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე, მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ-------------------ემ 1988 წლის დაასრულა ვანის რაიონის სოფელ შუაგორას საშუალო სკოლა (დღევანდელი სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი შუაგორას საჯარო სკოლა) და მიიღო საშუალო განათლების N 117072 ატესტატი.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მოპასუხემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზევე ცნო სარჩელი მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს თ-------------------ის (პ/ნ 17001022---) მიერ 1988 წელს ვანის რაიონის სოფელ შუაგორას საშუალო სკოლაში (დღევანდელი სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის შუაგორას საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღებისა და ატესტატის გაცემის ფაქტი.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი