გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/600-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე სს “ ს----------–---------”
წარმომადგენელი ლ------------ე
მოპასუხე მა---- გე-–-–---–-
წარმომადგენელი ბ------------ა
დავის საგანი თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მა---- გე-–-–---–ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 42 238.58 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 24 932.16 ლარი, პროცენტია - 3365.33 ლარი, პირგასამტეხლოა - 13 860.6 ლარი, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო - 80.49 ლარი.
1.2. მოპასუხე მა---- გე-–-–---–ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 26 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების ძირ თანხაზე 24 932.16 ლარზე, წლიური 24% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 16.4 ლარს, სარჩელის შეტანიდან (17/01/2019) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.3. მოპასუხე მა---- გე-–-–---–ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 26 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების ძირ თანხაზე 24 932.16 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 102.2 ლარს, სარჩელის შეტანიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.4. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მა---- გე-–-–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ვ------ ქუჩა,-------------–--–-------–--------- 0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
1.5. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად კრედიტორის ინტერესების სრულად დაკმაყოფილების შეუძლებლობის შემთხვევაში აღსრულება მოხდეს მოპასუხე მა---- გე-–-–---–-ს საკუთრებაში არსებული ნებისმიერ სხვა ქონებაზე;
1.6. მოსარჩელე ასევე მოითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მა---- გე-–-–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის - 24 932.16 ლარის, სარგებლის - 1230 ლარის, პირგასამტეხლოს - 2214 ლარის და სადაზღვევო თანხის - 80.49 ლარის ოდენობით. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნები ასევე ცნო ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს ნაწილში არაუმეტეს 7480 ლარის ფარგლებში.
ყოველდღიურად გადასახდელი სარგებელთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და იგი უნდა დაირიცხოს ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე, ჯამში 75 დღეზე, რაც ჯამში შეადგენს (75*16.4) 1230 ლარს. იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის, ქონების რეალიზაციის შედეგად კრედიტორის სრულად დაკმაყოფილების შეუძლებლობის შემთხვევაში სხვა ქონების აღსასრულებლად მიქცევის და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 26 სექტემბერს სს ს----------–--------- და მა---- გე-–-–---–ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა საკრედიტო ურთიერთობების ძირითადი პირობები, კერძოდ კრედიტის მოცულობა და ვალუტა - 15- 000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში, კრედიტის ვადა - 300 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 0.48%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური საკრედიო ხაზის ხელშეკრულება (ს.ფ 27-30)
- ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ 31-38)
3.1.2. ამავე მხარეებს შორის, 2017 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე 60 თვის ვადით გაიცა სესხი - 27289 ლარის ოდენობით, წლიური 24%-ის დარიცხვით.
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადამოსული გადაუხდელი თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დამატებით, პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის ერთჯერადად 10 ლარი. უძრავი ქონების დაზღვევის მართვის საკომისიო არის წლიური 0.27%, სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევის მართვის საკომისიოა 8 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ 39-43)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 44-45)
3.1.3. 2017 წლის 26 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ს----------–---------ა“ და მა---- გე-–-–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: ქ-------–--------------------------------–--–-------–----------------------------------
ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. იგივე პირობას ითვალისწინებს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 4.3. პუნქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 46-56)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 57-58)
3.1.4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მას 2018 წლის ივლისის თვის შემდგომ სესხის თანხა არ გადაუხდია.
დადგენილია, რომ სარჩელის წარდგენის დროისთვის (2019 წლის 17 იანვარი) მოპასუხის დავალიანება შეადგენს: 42 238.58 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 24 932.16 ლარი, პროცენტია - 3365.33 ლარი, პირგასამტეხლოა - 13 860.6 ლარი, დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში გასახდელი თანხაა - 80.49 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (59-65)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 69)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეები სადავო გარემოებებს არ ასახელებენ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ს----------–---------“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 301-ე, 327-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე 418-ე, 420-ე, 868-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მა---- გე-–-–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის - 24 932.16 ლარის, სარგებლის - 1230 ლარის, პირგასამტეხლოს - 2214 ლარის, სადაზღვევო თანხების ჯამის სახით - 80.49 ლარის, ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს არაუმეტეს 7480 ლარის ფარგლებში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე ამავე ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.
მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ განსაზღვრული სარგებლის ოდენობას.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილიდან მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოხმობილი ნორმის ფარგლებში უნდა აღინიშნოს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას საპროცენტო სარგებლის დარიცხვაზე შეთანხმება წარმოადგენს.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხემ მოთხოვნა სარგებლის ნაწილში ცნო ნაწილობრივ, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი სარგებლის სრულად დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია რადგან დადგენილია, მხარეები ხელშეკრულების დადების დროს შეთანხმდნენ კონკრეტულ საპროცენტო განაკვეთზე. შესაბამისად, მოპასუხეს ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული არსებული საკრედიტო ხელშეკრულება ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც მათ მიმართ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 13 860.6 ლარს. ამასთან, მოსარჩელე მხარეს განსაზღვრული აქვს სამომავლოდ დასარიცხი პირგასამტეხლო ყოველდღიურად 102.2 ლარის ოდენობით სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნები პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ცნო ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ავალდებულებს კიდეც სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით რომ ეს გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი მოცემულობის და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობის გათვალისწინებით, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით ჯამში 2214 ლარის დაკისრება შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის პირობებს. ამავე მოტივაციის გათვალისწინებით უნდა შემცირდეს სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლო და მისი მოცულობა განისაზღვროს ყოველდღიურად 17,45 ლარით, არაუმეტეს 7480 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დადგენილია, რომ 2017 წლის 26 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ს----------–---------ა“ და მა---- გე-–-–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკის დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: ქ-------–--------------------------------–--–-------–----------------------------------
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სს ს----------–---------ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით დასაბუთებულია სრულად.
იპოთეკის ხელშეკრულების ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. იგივე პირობას ითვალისწინებს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 4.3. პუნქტი.
აქედან გამომდინარე დასაბუთებულია სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას კრედიტორის ინტერესების არასრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის თაობაზე, რადგან მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული. ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.
სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს თანხის შემდგომი დაკრედიტების შემთხვევაში, თუმცა სარგებლის გადახდის პერიოდი უნდა შემოიფარგლოს სარჩელის შეტანიდან (17 იანვარი, 2019 წელი) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდამდე ვადით, ვინაიდან სარგებლის მიღება თავად სს „ს----------–---------ს“ მიერ სწორედ აღნიშნულ პერიოდამდე გახლდათ განსაზღვრული.
შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს სესხის ძირითადი ნაწილის წლიური 24% გადახდა 2022 წლის 26 სექტემბრამდე უნდა დაეკისროს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ 2017 წლის 26 სექტემბრის გენერალური ხელშეკრულების 5.2 პუნქტით ასევე იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ და სასამართლოს დასკვნით სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დასაბუთებულია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისრო შესაბამისი პროპორციის სახელმწიფო ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ს----------–---------“-ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე მა---- გე-–-–---–ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 30 591.98 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 24 932.16 ლარი, პროცენტია - 3365.33 ლარი, პირგასამტეხლოა - 2214 ლარი, დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხაა - 80.49 ლარი.
1.2. მოპასუხე მა---- გე-–-–---–ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 26 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების ძირ თანხაზე 24 932.16 ლარზე, წლიური 24% გადახდა, სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 17 იანვარი) 2022 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდის განმავლობაში, რაც ყოველდღიურად შეადგენს 16.4 ლარს.
1.3. მოპასუხე მა---- გე-–-–---–ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 26 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების ძირ თანხაზე 24 932.16 ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 17,45 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 7480 ლარისა.
1.4. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მა---- გე-–-–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ვ------ ქუჩა, მე-2 გასასვლელი, სახლი #4, საკადასტრო კოდი #0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
1.5. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით კრედიტორის ინტერესების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში აღსრულება განხორციელდეს მოპასუხე მა---- გე-–-–---–-ს საკუთრებაში არსებული ნებისმიერ სხვა ქონებაზე;
1.6. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
1.7. სს ს----------–---------ს სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. სს „ს----------–---------“ დაუბრუნდეს 17.01.2019 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი - 1041,5 ლარი.
3. მოპასუხე მა---- გე-–-–---–ს სს „----------–----------- სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 238 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე