გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7698-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - დ---------------–--ე
წარმომადგენელი - მ----------–--–--–---–ი
მოპასუხეები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ----–-–--–-–---–ი
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
წარმომადგენელი - გ---------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 მარტის N------ ბრძანება დ---------------–--ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ;
1.2. არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ივლისის N------- ბრძანება დ---------------–--ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ;
1.3. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დ---------------–--ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე;
1.4. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დ---------------–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2018 წლის 14 მარტის N------ ბრძანებით, გათავისუფლდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------–-------------------–----–---------------------------------------------------–-- თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ივლისის N------- ბრძანებით კი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენს არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რის გამოც მოითხოვს გასაჩივრებული აქტების არარად აღიარებას და დარღვეული უფლების აღდგენას.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დ-----------–-------------------–--- 2014 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სისტემაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ამასთან, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №------- ბრძანებით, დ-----------–-------------------–--- დაინიშნა საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------–-----------------------–----–---------------------------------------------------–-- თანამდებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ. 20-31).
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2018 წლის 14 მარტის N------ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------–-----------------------–----–---------------------------------------------------–- დ-----------–-------------------–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ. 20-31);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2018 წლის 14 მარტის N------ ბრძანება (ს.ფ. 32).
3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ივლისის N------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------–-----------------------–----–---------------------------------------------------–- დ-----------–-------------------–--- დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 15 ივლისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ. 20-31);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 ივლისის N------- ბრძანება (ს.ფ. 33).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი“; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოადგენს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემაზე არაუფლებამოსილ პირს, ვინაიდან საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------–-----------------------–----–---------------------------------------------------–-- სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, არამედ მითითებული საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ყოველთვის არ წარმოშობს მისი არარა აქტად ცნობის საფუძველს. როგორც კანონიერი, ისე უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან, მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმება. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, მხოლოდ დასადგენია გარემოება - წარმოადგენს თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს თუ არა მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არარად.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის - დ---------------–--ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.
ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ხოლო მე-20 მუხლის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე, კერძოდ: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრულ მოხელეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, რომელიც იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
მითითებული დებულების მე-5 მუხლის პირველი თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, რომლის უფროსიც, ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმავდროულად არის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
სასამართლო ასევე მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომ – სამინისტროს მოსამსახურეები). ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად, ხოლო 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი“, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული წესი სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებსა და წესს ისევე არეგულირებს, როგორც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, საჯარო მოხელე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. ამავე წესის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება, რომელიც აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში სასაზღვრო პოლიცია) სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელიც ამავე დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით: ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და რიცხოვნობის შესახებ; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით; ლ) სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილება მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებაში საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, თუმცა ეს ავტომატურად არ გამორიცხავდა ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიეღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ან მის მიერ განსაზღვრულ პირს. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ხელმძღვანელობს შესაბამისი მინისტრი, წარმოადგენს ერთიან სისტემას და იგი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით. ასევე, ერთიანი სისტემაა პოლიციაში, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, პოლიციის სამსახურები უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებს პოლიციის სამსახურებში და ზოგადად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (ან მის მიერ განსაზღვრული პირი) უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში არსებული პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2018 წლის 14 მარტის N------ და 2018 წლის 17 ივლისის N------- ბრძანებების არარად აღიარების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხთან დაკავშირებით.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 331 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამრიგად, ასევე, დაუსაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, რასაც ადგილი არ აქვს, კერძოდ, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12, 23-25-ე, 33-331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ---------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე