გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210118002579912
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23580-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ''------------------'';

წარმომადგენელი - გ---–-----–--ე;

მოპასუხეები: შ-------------–---–ი, პ--------------–---–ი;

წარმომადგენელი - ც------------–--ე;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს შ-------------–---–ს და პ--------------–---–ს შპს ''------------------'' -ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სესხის ძირითადი თანხის - 3228.25 აშშ დოლარის და სარგებლის - 882.53 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით 866.39 აშშ დოლარის გადახდა, ასევე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა -100 ლარი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შ-------------–---–მა სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

2.2. მოპასუხე პ--------------–---–ს შესაგებელი არ წამოუდგენია, ამასთან არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, ამიტომაც მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 26 თებერვალს შპს ''------------------''-ს და შ-------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი - 3700 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5%-ის სარგებლის დარიცხვით. მოპასუხეს სესხი უნდა გადაეხადა 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და სარგებელს - 268 აშშ დოლარის ოდენობით შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

3.1.2. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - I----------------, სარეგისტრაციო ნომერი A------, გამოშვების წელი - 2002, საიდენტიფიკაციო ნომერი Z----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის ხელშეკრულება (ს.ფ 19-24).

- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ (ს.ფ 25).

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ 27).

 

3.1.3. 2016 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შპს ''------------------''-ს და პ--------------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე, იმგვარად, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულება.

 

3.1.4. თავდები პირის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 16500 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 30).

- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 28-29).

 

3.1.5. მხარეთა შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, მოგირავნის ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით მას უფლება აქვს განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია აუქციონის წესით, მის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე ან მის მიერ შერჩეული პირის მეშვეობით. ამავე ხელშეკრულების 6.4. მუხლის თანახმად, კი თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 19-24).

 

3.1.6. დადგენილია, რომ შ-------------–---–ს შპს ''------------------''-ს წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად და ერიცხება დავალიანება.

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილი გაიყიდა - 6000 ლარად (ეროვნული ბანკის კურსით 2 437.43 აშშ დოლარი), რომლის გაქვითვაც მოსარჩელის მიერ განხორციელდა შემდეგნაირად: 250 ლარი - სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯი, 413 აშშ დოლარი - სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, 1809.13 აშშ დოლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი; 113.71 აშშ დოლარით - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.

 

3.1.5. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე მოითხოვს მოპასუხეებს შ-------------–---–ს და პ--------------–---–ს შპს ''ევ---------------''-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დარჩენილი სესხის ძირითადი თანხა - 3 228.25 აშშ დოლარი, ასევე 2017 წლის 12 სექტემბრიდან (ავტომანქანის რეალიზაციიდან) სარჩელის წარმოდგენის დროისათვის დარიცხული სარგებლის - 882.53 აშშ დოლარის გადახდა (სარგებელი დაანგარიშებულია 5 თვის და 14 დღის), ასევე ვინაიდან ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 2018 წლის 26 თებერვლიდან სარჩელის წარდგენამდე გასულია 5 თვე და 11 დღე, დარიცხული სარგებელი (მიუღებელი შემოსავლის სახით) შეადგენს - 866.39 აშშ დოლარს, ასევე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა -100 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტომობილის შეფასების აქტი (ს.ფ 32-37).

- ავტომობილის შეფასების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 38).

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 31).

- მხარეთა ასხნა- განმარტება ( იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 3 ოქტომბერს მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება ავტომანქანის რეალიზაციის თაობაზე, თუმცა აღნიშნული შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა, რის გამოც განხორცილდა მისთვის შეტყობინების ელექტრონული ფორმით გაგზავნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინებები, საფოსტო გზავნილები (ს.ფ 39-47).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი მისი დარღვევის შემთხვევაში 60%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას - აღნიშნულზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ''ევ---------------''-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8-ე, 54-ე, 62-ე, 408-ე, 411- 420-ე, 464-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე-895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შპს ''------------------''-ს და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს სოლიდარულად.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ 2016 წლის 26 თებერვალს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე პ--------------–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა შ-------------–---–ის მიერ კრედიტორის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა - 16500 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მოპასუხე პ--------------–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა უნდა განისაზღვროს - 16500 აშშ დოლარით.

 

6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016 წლის 26 თებერვალს შედგენილი სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5%-ს დარიცხვის ნაწილში. როგორც აღინიშნა სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 5%, რაც წლიურად შეადგენს - 60 პროცენტს.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

 

სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). ''უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები'' (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი შ-------------–---–იც დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც შპს ''------------------'' მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: ''თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე”. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულების დებულება (მე-3-ე პუნქტი), რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).

 

ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს - მოპასუხეებს შპს ''------------------''-ის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 2018 წლის 26 თებერვლიდან სარჩელის წარდგენამდე, 5 თვესა და 11 დღეზე დარიცხული სარგებლის (მიუღებელი შემოსავლის სახით) - 866.39 აშშ დოლარის გადახდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (ლუცრუმ ცესსანს). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'' (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს შპს ''------------------''-ს წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად და სრულად და ერიცხება დავალიანება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, დასაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 30%-ს.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილი გაიყიდა - 6000 ლარად (ეროვნული ბანკის კურსით 2 437.43 აშშ დოლარი), რომლის გაქვითვაც მოსარჩელის მიერ განხორციელდა შემდეგნაირად: 250 ლარი - სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯი, 413 აშშ დოლარი - სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, 1809.13 აშშ დოლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი; 113.71 აშშ დოლარით - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე მოითხოვს მოპასუხეებს შ-------------–---–ს და პ--------------–---–ს შპს ''ევ---------------''-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დარჩენილი სესხის ძირითადი თანხა - 3 228.25 აშშ დოლარი, ასევე 2017 წლის 12 სექტემბრიდან (ავტომანქანის რეალიზაციიდან) სარჩელის წარმოდგენის დროისათვის დარიცხული სარგებლის - 882.53 აშშ დოლარის გადახდას (სარგებელი დაანგარიშებულია 5 თვის და 14 დღის), ასევე ვინაიდან ხელშეკრულების ვადის გსავლიდან 2018 წლის 26 თებერვლიდან სარჩელის წარდგენამდე გასულია 5 თვე და 11 დღე, დარიცხული სარგებელი (მიუღებელი შემოსავლის სახით) შეადგენს 866.39 აშშ დოლარს, ასევე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა -100 ლარი.

 

დადგენილია, რომ საერთო ჯამში მოსარჩელე ითხოვს 10 თვის და 25 დღის საპროცენტო სარგებელს (დარიცხული პროცენტი - 5 თვის და 14 დღის, მიუღებელი შემოსავალი - 5 თვის და 11 დღის), რაც საერთო ჯამში შეადგენს - 1005 აშშ დოლარს (სასამართლოს მიერ დადგენილი წლიური 30% განაკვეთის მიხედვით) შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს დარიცხული საპროცენტო სარგებლის და მიუღებელი შემოსავლის სახით - 1005 აშშ დოლარის გადახდა. რამდენადაც დადგენილია, რომ მხარეებს შორის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, რომ წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს დავალიანების ძირითადი თანხის 3700 აშშ დოლარის წლიური 30%-იანი განაკვეთი (ყოველთვიური 2.5%), რაც ყოველთვიურად შეადგენს - 93 აშშ დოლარს (3700 აშშ დოლარის წლიური 24% = 1110 აშშ დოლარა, 1110 აშშ დოლარი :12 თვეზე = 93 აშშ დოლარს თვეში, 25 დღეში -75 აშშ დოლარი), ხოლო მოსარჩელე ითხოვს 10 თვის და 25 დღის საპროცენტო სარგებელს (დარიცხული პროცენტი - 5 თვის და 14 დღის, მიუღებელი შემოსავალი - 5 თვის და 11 დღის), რაც საერთო ჯამში შეადგენს -1005 აშშ დოლარს (10 თვე*93 აშშ დოლარზე + 25 დღის სარგებელი - 75 აშშ დოლარი=1005 აშშ დოლარს).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.5%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 0.05%-მდე. შესაბამისად მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 413 აშშ დოლარის ნაცვლად - 41.30 აშშ დოლარით და სწორედ ამ ოდენობის პირგასამტეხლო უნდა გამოკლებოდა დავალიანების საერთო თანხას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაცია განხორციელდა 6000 ლარად - რაც შესაბამისი კურსით არის - 2437.43 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს დავალიანების საერთო თანხას რაც იარსებებდა გირავნობის საგნის რეალიზაციამდე, რაც ერთობლიობაში შეადგენს - 4646.30 აშშ დოლარს (3700 აშშ დოლარი დავალიანების ძირითადი თანხა + 41.30 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა (დაანგარიშებულია 0.05% განაკვეთის მიხედვით) + 905 აშ დოლარი პროცენტის სახით დარიცხული თანხა (ავტომანქანის რეალიზაციამდე არსებული, დაანგარიშებულია წლიური 30%-ანი განაკვეთის მიხედვით)) და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის სახით - 2209 აშშ დოლარის გადახდა (44646.30 აშშ დოლარს - 2437.43 აშშ დოლარი = 2209 აშშ დოლარს). რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯს 250 ლარს, აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ დავალიანების საერთო თანხას 250 ლარი არ გამოაკლდება.

 

ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 236 ლარის ოდენობით გადახდა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, სულ 286 ლარის გადახდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროს მოპასუხეს მის მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯი, კერძოდ, ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების საფასური. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით გაღებულ იქნა - 100 ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 2681-ე, 364-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ''------------------''-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს - შ-------------–---–ს და პ--------------–---–ს მოსარჩელე შპს ''------------------''-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 2209 აშშ დოლარის და პროცენტის - 1005 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს - შ-------------–---–ს და პ--------------–---–ს მოსარჩელე შპს ''------------------''-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 286 ლარის და სასამართლოგარეშე ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი