გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210018002622382
საქმე №2/1731-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ზ---–-----–--ე (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - ნ----------–-–---–ი
მოპასუხე - მ-------------–---–ი
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ-------------–---–ს ზ---–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 12000 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 27 ოქტომბერს მოპასუხე მ-------------–---–მა საკუთარი ხელით შეადგინა ხელწერილი, როლის თანახმადაც, ზ---–-----–--ისგან მიიღო 12 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში სრულად. აღნიშნული ხელწერილის თანახმად, მ-------------–---–ს მიღებული 12000 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა არაუგვიანეს 2015 წლის 27 ოქტომბრისა. მოსარჩელის მხრიდან არაერთგზის მცდელობა, მოპასუხეს შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, უშედეგოდ დამთავრდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ-------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ზაალ სულაძისგან აიღო სესხი, მუშაობდა შპს „კარტლის აგროსისტემაში“, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლმა მას არ აუნაზღაურა ხელფასი და პრემია, რასაც დაემატა ისიც, რომ საერთოდ გაათავისუფლა სამსახურიდან, რის გამოც ვერ შეძლო ნაკისრო ვალდებულების შესრულება.
მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ მას 12 000 აშშ დოლარიდან გადახდილი აქვს 5000 აშშ დოლარი (იხილეთ შესაგებელი და 25.03.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 27 ოქტომბერს მ-------------–---–მა ზ---–-----–--ისგან 2015 წლის 27 ოქტომბრამდე ისესხა 12 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 27.10.2014წ. ხელწერილი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ-------------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა და სესხის სახით მიღებული თანხა არ დააბრუნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსაჩელის განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---–-----–--ის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 16-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 427-ე, 429-ე, 430-ე, 623-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.
მოსარჩელე მხარე მისი უფლებების დარღვევად მიუთითებს, რომ მან მოპასუხე მ-------------–---–ს ასესხა 12000 აშშ დოლარი, რომელსაც მოპასუხე აღარ უბრუნებს, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, რომ მან ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და ზ---–-----–--ეს გადაუხადა ერთხელ 3000 აშშ დოლარი, მეორედ 2000 აშშ დოლარი, სულ 5000 აშშ დოლარი და მისი მხრიდან შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს 7000 აშშ დოლარს, თუმცა ზ---–-----–--ემ მას 5000 აშშ დოლარი გადახდილად არ ჩაუთვალა.
ფაქტობრივად, საქმეში მონაწილე ორივე მხარე, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებასთან დაკავშირებით, იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად. საბოლოოდ რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მხარეებმა საკუთარი არგუმენტები უნდა გაამყარონ შესაბამისი მტკიცებულებებით, მხარეთა არგუმენტების დამტკიცება კი შესაძლებელია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
განსახილველ შეთხვევაში მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა სარჩელი და 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელწერილი და მიუთითა, რომ აღნიშნული ხელწერილი არის თავად მოპასუხის მიერ დაწერილი. თავის მხრივ მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს იმ გარემოებების დადასტურება, რაზეც იგი მიუთითებს ახსნა-განმარტების მიცემისას, კერძოდ, მისი მხრიდან 5000 აშშ დოლარის დაბრუნება, რის დასადასტურებლადაც მოპასუხემ წარმოადგინა მხოლოდ ზეპირი განმარტება. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს შესაგებელში მისი მხრიდან თანხის გადახდის შესახებ, თუნდაც ნაწილობრივ, არ მიუთითებია და მიუთითა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე.
როგორც უკვე აღინიშნა მხარეებმა თავად უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლებზედაც ისინი ამყარებენ თავიანთ სარჩელსა თუ შესაგებელს. გამსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელემ წარმოადგინა მოპასუხის მიერ დაწერილი ხელწერილი სესხის არსებობის შესახებ, რომელიც მოპასუხეს სადავო არ გაუხდია, ხოლო მოპასუხემ მხოლოდ ზეპირი განმარტება თანხის დაბრუნების თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2014 წლის 27 ოქტომბერს მ-------------–---–ის მიერ შედგენილი ხელწერილის კანონიერება მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა, სადავოა მოპასუხის (მსესხებლის) მხრიდან 5000 აშშ დლარის კრედიტორისათვის დაბრუნება.
6.3. პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
მითითებული ნორმების შინაარსის ანალიზის შედეგად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას, განსახილველ შემთხვევაში კი უტყუარადაა დადგენილი, რომ კრედიტორმა მსესხებელს გადასცა თანხა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, მსესხებელს წარმოეშვა ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება.
6.7. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას მისი მხრიდან ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
6.8. სასამართლო მხარეთა მიერ წარმოგენილი მტკიცებულებების შეფასებისას ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად წარმოადგინა მოპასუხის მიერ შედგენილი ხელწერილი, მოპასუხემ კი მხოლოდ ზეპირად მიუთითა, რომ სესხის ნაწილი დააბრუნა.
6.9. სასამართლო, მოპასუხის განმარტების შეფასებისას, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით.
6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, 1. კრედიტორმა მავალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილორივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია ნათვამი პროცენტის შესახებ, გულისხმობს, რომ პროცენტიც გადახდილია და ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია. 3. როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადატურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს კრედიტორს, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი. ამავდროულად, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონით მოვალეს აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემომითითებული გარემოების დადასტურებას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასასამართლო მიიჩნევს, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ (მოვალემ) ვერ წარმოადგინა მისი მხრიდან ზ---–-----–--ისათვის მასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილის კრედიტორისათვის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა, რომ მოპასუხე მ-------------–---–ის მიერ 2014 წლის 27 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით ზ---–-----–--ის წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, შესაბამისად, ზ---–-----–--ის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 943.30 ლარი, მოპასუხემ 7000 აშშ დოლარის ნაწილში ცნო სარჩელი, შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 550.25 ლარი, ხოლო დანარჩენი 393.05 ლარის ანაზღაურება უნდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ზ---–-----–--ის სარჩელი მოპასუხე მ-------------–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე მამუკა ტატიშვილს მოსარჩელე ზ---–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 12 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (ლარში) გადახდა;
3. მოსარჩელე ზ---–-----–--ეს, ნ----------–-–---–ის მიერ 2018 წლის 07 სექტემბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 943.30 ლარიდან (საგადასახადო დავალება №0) დაუბრუნდეს 550.25 ლარი, ხოლო დანარჩენი 393.05 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. მოპასუხე მ-------------–---–ს მოსარჩელე ზ---–-----–--ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 393.05 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი