გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.02.2019
საქმის ნომერი
330210118002458725
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14718-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე

მოსარჩელე შპს „ჯ---------–ი“

წარმომადგენელი ზ-------–----–------, ც----------------–--ე

მოპასუხე შპს „რ---------–------------–ი“

წარმომადგენელი ა-----–---------–--ე, შ-----------------ე

დავის საგანი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „რ---------–-----------–ს“ შპს „ჯ---------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 185 345.83 ლარის გადახდა;

1.2. შპს „რ---------–-----------–ს“ შპს „ჯ---------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 185 345.83 ლარის წლიური 8%-ის გადახდა;

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

შპს „ჯ---------–სა“ და შპს „დ---ს“ შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შოს „ჯ---------–ი“ ახორციელებდა ქ. თ---–--–-, ქ---------ის ქ. N---ში მდებარე სამედიცინო დაწესებულების E- ბლოკის შიდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს.

 

შპს „ჯ---------–ის“ მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები სრულდებოდა კეთილსინდისიერად და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებს შესაბამისად.

 

2017 წლის 29 და 31 ოქტომბერს მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა შესრულებული სამუშაოების აქტი ჯამური ღირებულებით 585 345.83 ლარი.

 

შპს „დ---ს“ მხრიდან ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის მიუხედავად შპს „ჯ---------–ი“ კვლავ კეთილსინდისიერად ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს, ამასთან ერთად, 2017 წლის 13 ნოემბერს შპს ჯ---------–ის“ მიერ შემკვეთს წერილობით ეცნობა სამუშოების მიმდინარეობისათვის ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ.

 

მოსარჩელის მცდელობის მიუხედავად შპს „დ---მ“ უარი განაცხადა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებაზე და სრულიად მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოსარჩელისათვუს ცნობილი გახდა 2017 წლის 27 ნოემბერს, მას შემდეგ რაც მოითხოვეს შეთანხმების აქტის შედგენა, რომელიშიც აღწერილ იქნა შოს „ჯ---------–ის“ მიერ შესრულებული სამუშოები.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 14.8 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში შემკვეთი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს შემსრულებელს მის მიერ გაწეული ხარჯი, თუ ასეთი ხარჯები დადასტურებული იქნება. მოცემულ შემთხვევაში შპს „ჯ---------–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია შემკვეთის მიერ, გაფორმებულია გაწეული მომსახურების აქტი ფორმა N- და შესრულებული სამუშაოების აქტი ფორმა N-- ასევე შესრულებული სამუშაოს მოცულობები პროცენტული მაჩვენებლებით დადასტურებულია 2017 წლის 17 ნოემბრის შეთანხმების აქტით. მიუხედავად ამისა, შემკვეთის მიერ დღემდე არ მომხდარა გაწეული მომსახურების ღირებულების სრული ანაზღაურება.

 

2018 წლის 23 იანვარს მოხდა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია და შპს „დ---ს“ უფლებამოცვლე გახდა შპს „რ---------–------------–ი“

 

2017 წლის 24 ნოემბრისა და 9 დეკემბრის წერილების პასუხად მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ შპს „დ---“ არ აპირებდა არა მხოლოდ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, არამედ ცდილობდა შეექმნა არაუფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი დოკუმენტები თითქოს შპს „ჯ---------–ი“ არაკეთილსინდისიერად ასრულებდა სამუშაოებს და ახდენდა მოცულობების ხელოვნურ გაზრდას.

 

შპს „დ---ს“ 2017 წლის 27 დეკემბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ არსებობა საფუძვლიანი ეჭვი მოსარჩელის მიერ წარდგენილ ფორმა N--ში მითითებული შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან და მოთხოვნილ ღირებულებებთან დაკავშირებით და რომ აღნიშნულის საფუძველზე მოწვეული იქნა ორი საექსპერტი კომპანია, რათა განეხორციელებინათ ფორმა N--ში მითითებული სამუშოების/მათი მოცულობების შესწავლა და გადათვლა. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ შპს „ს-----“-ს მიერ შედგენილი შეფასების აქტის თანახმად, თანხობრივმა სხვაობამ შეადგინა 153 649.8 ლარი, ხოლო შპს „მ--------არის“ მიერ შედგენილი შეფასების აქტის თანახმად კი თანხობრივმა სხვაობამ შეადგინა 170 981.98 ლარი.

 

შპს „ჯ---------–სა“ და შპს „დ---ს“ შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შორის გაფორმებული შესრულებული სამუშაოების აქტების - ფორმა N--ისა და ფორმა N--ის საფუძველზე და არა საექსპერტო შეფასების აქტის საფუძველზე.

 

შპს „ჯ---------–ს“ არ მოუხდენია სარემონტო ობიექტის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა და საპროექტო დოკუმენტაცია მოსარჩელეს გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რის შემდეგაც მოხდა შემკვეთის მიერ გამოგზავნილი მოცულობების განფასება. შპს „ს-----“ და შპს „მ--------არი“ არ არიან აკრედიტაციის მქონე პირები, შესაბამისად, მათ არ აქვთ უფლება განახორციელონ შესრულებული სამუშაოების ფორმა N--ს შემოწმება და გასცენ დასკვნები.

 

სახელშეკრულებო მოცულობები გაანგარიშებულია შპს „ჯ---------–ის“ მონაწილეობის გარეშე შპს „ა-----------------“-ის მიერ. მოსარჩელის მხრიდან სამუშაოების სრულდებოდა პროექტის დაცვით. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს აქტებში სამუშაოთა მოცულობების გაანგარიშება განხორციელდა სწორედ იმ მეთოდით, რომლითაც შედგენილია საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და იმ მოცულობების შესაბამისად, რაც წინასწარ შეთანხმებით განისაზღვრა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

შპს „ს-----ს“ და შპს „მ--------არის“ მიერ შედგენილი აქტების კომპეტენტურობას ასევე ეჭვის ქვეშ აყენებს ის გარემოება, რომ ერთი და იგივე ობიექტზე, დროის თითქმის ერთი და იგივე პერიოდში შემოწმებული შპს „ჯ---------–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების შეფასებისას მათ მიერ წარმოდგენილ აქტში დაფიქსირდა 17 332.06 ლარის სხვაობა. 2017 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების აქტით დადასტურებულია, რომ იატაკის მოჭიმვა სარემონტო ობიექტის მე-3 და მე-4 სართულზე შესრულებულია 100%-ით, ხოლო მე-5 სართულზე - 60%-ით. იგივე სამუშოაებზე შპს „ს-----ს“ აქტში მითითებულია, რომ აზომვებით ვერ დასტურდება მოცემული სამუშაოს შესრულება, შესაბამისად, კონტრაქტორი ზედმეტად იღებს 14 780.78 ლარს, ხოლო შპს „მ--------არის“ აქტში კი ისევ იგივე სამუშაოებზე მითითებულია, რომ სამმხრივად დადასტურებული 1100 კვ.მ-ს ნაცვლად მოწყობილია 510 კვ.მ. აღნიშნული გარემოებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შემფასებლების კომპეტენტურობას.

 

2017 წლის 24 ნოემბერს და 9 დეკემბერს შპს „რ---------–-----------–ს“ წარედგინა შესრულებული სამუშაოების აქტები, ასევე შესაბამისი ანგარიშფაქტურები, მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხის მიერ არ მომხდარა გაწეული მომსახურების ანაზღაურება.

 

მოპასუხის მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ვერ გააფართოვა საქმიანობა და დაუგროვდა დავალიანებები მომწოდებლისა და მუშა ხელის მიმართ, ვერ მიიღო შემოსავალი, კერძოდ კი მიღებული თანხის კომერციულ ბანკში განთავსებით მიიღებდა ყოველწლიურ სარგებელს 8%-ს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

შპს „რ---------–------------–ი“ აღნიშნავს, რომ შპს „ჯ---------–ი“ სამუშაოებს ასრულებდა არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად, დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შპს „ს-----ს“ დახმარებით განხორციელდა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასება და დადგინდა, რომ წარმოდგენილ - შესრულებული სამუშაოების აქტების კუმულატიურ ღირებულებას - 585 412.55 ლარსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობამ შეადგინა 153 649.80 ლარი. აბსურდული და შეურაცხმყოფელია მოსარჩელის განცხადება, თითქოს მოპასუხე მხარე ცდილობდა არაუფლებამოსილი პირების მიერ შეექმნა გარკვეული დოკუმენტი. ორივე კომპანია შპს „ს-----“ და შპს „მ--------არი“ არიან აღნიშნულ სფეროში გამოცდილი და მაღალი რეპუტაციის მქონე სპეციალისტები, რომელთაც შესწევთ კომპეტენცია შეაფასონ ჩატარებული სამუშაოები, ხოლო მხარის მითითება იმის შესახებ, რომ სრულყოფილად არ იყო მიწოდებული დოკუმენტაცია, რაც თითქოს ეჭვქვეშ აყენებს მათ მიერ მომზადებულ დასკვნას - არის სრულიად უადგილო. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მასალების შესყიდვის ინვოისები და ფარული სამუშაოების ჩატარების აქტები, რის გამოც სპეციალისტები იძულებულნი გახდნენ დაყრდნობოდნენ უშუალოდ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ დოკუმენტაციას.

 

საქმეში არსებული ფორმა N- და N--ით გათვალისწინებული შესრულებები არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დადასტურებულია შესაბამისი სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნებით, ხოლო რაც შეეხება მათი ხელმოწერის ფაქტს, შპს „რ---------–------------–ის“ 97.2% წილის პარტნიორმა კომპანიამ - სს „ს------–----------------–--------მა“ 2017 წლის 3 ნოემბერს მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურს გამოძიების დაწყების თხოვნით, ვინაიდან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანიის საოპერაციო მიმართულების გარკვეული თანამშრომლები, რომლებიც უშუალო კონტაქტში იყვნენ მოსარჩელესთან, შესაძლოა ჩართული ყოფილიყვნენ კომერციული მოსყიდვის საქმეებში, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N0-----------, რომელიც უკვე გადაეცა პროკურატურას. აღნიშნული გარემოების ფარგლებში ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------მ მოამზადა დასკვნა მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამუშაოების მოცულობასთან დაკავშირებით. წარდგენილ და რეალურ შესრულებას შორის აღმოჩენილი სხვაობა არის 153 649.80 ლარი, რაც 31 696.03 ლარით ნაკლებია მოთხოვნილ 185 345.83 ლარზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ჯ---------–სა“ (მენარდე) და შპს „დ---ს“ (დამკვეთი) შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ჯ---------–ი“ ახორციელებდა ქ. თ---–--–-, ქ---------ის ქ. N---ში მდებარე სამედიცინო დაწესებულების E- ბლოკის შიდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს.

 

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს ამ ხელშეკრულებით გათვალიწინებული ობიექტის შიდა სარეკონსტრუქციო-სამშენებლო-სარემონტო სამუშაო. 4.6. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი სამუშაოს შესრულებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს 2017 წლის 15 დეკემბრისა.

 

ამავე ხელშეკრულების 5.1.1 პუნქტის თანახმად, შემკვეთი ვალდებულია დროულად უზრუნველყოს როგორც საავანსო თანხების, ასევე დარჩენილი ანაზღაურების შემსრულებლისათვის გადახდა.

 

10.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერ სახის ფულადი ვალდებულება, გარდა სამუშაოთა ღირებულებისა უნდა შესრულდეს ფულადი ვალდეულების წარმოშობის თარიღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

 

ხელშეკრულების 14.8 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში შემკვეთი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს შემსრულებელს მის მიერ გაწეული ხარჯი, თუ ასეთი ხარჯები დადასტურებული იქნება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულება;

 

3.1.2. შპს „დ---მ“ ხელშეკრულების შესაბამისად გადაურიცხა მენარდეს ავანსი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.3. შპს „ს-----ს“ მიერ შედგენილი შეფასების აქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოებს შორის თანხობრივმა სხვაობამ შეადგინა 153 649.8 ლარი, ხოლო შპს „მ--------არის“ მიერ შედგენილი შეფასების აქტის თანახმად კი, თანხობრივმა სხვაობამ შეადგინა 170 981.98 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შპს „ს--------ს“ დასკვნა;

- შპს „მ--------არის“ სამუშაოების აქტის შემოწმების ანგარიში.

 

3.1.4. 2017 წლის 27 ნოემბერს შპს „ჯ---------–ს“ ეცნობა შპს „დ---ს“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 27.11.2017 აქტი.

 

3.1.5. 2018 წლის 23 იანვარს მოხდა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია და შპს „დ---ს“ უფლებამონაცვლე გახდა შპს „რ---------–------------–ი“

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მენარდემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა 144 465,53 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული შეჯიბრებითობის პრინციპი, პირველ რიგში გულისხმობს მხარეთა მიერ ფაქტების მითითების სრულ ავტონომიას, რაც შეეხება მათ დამტკიცებას, ეს ის ეტაპია, როდესაც მხარემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ყველა ელემენტის შესახებ და საქმე მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების არსებობა-არარსებობის დადგენას ეხება, რასთანაც ორგანულადაა დაკავშირებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების ურთულესი ამოცანის გადაწყვეტა. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის102.1 მუხლი)“ სუსგ ას 880-838-2013.

 

მოსარჩელე შპს „ჯ---------–ი“ აღნიშნავს, რომ 2017 წლის 29 და 31 ოქტომბერს მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა შესრულებული სამუშაოების აქტი, რომლის თანახმადაც შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 585 345.83 ლარს.

 

საქმეში წარმოდგენილია ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს N 0-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც 2017 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „დ---ს“ დაკვეთით და შპს „ჯ---------–ის“ მიერ ორ ეტაპად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ნაცვლად წარმოდგენილი 585 345.83 ლარისა შეადგენს 553 449.03 ლარს, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 31 896.80 ლარს (დასკვნის მე-10 პუნქტი).

 

სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია დასაშვებ მტკიცებულებათა ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთი ექსპერტიზის დასკვნაა. სასამართლო კი, მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით (ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად), ვალდებულია, გამოიტანოს სწორი დასკვნები საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 171.1 მიხედვით, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული ექსპერტი ო-----------------ე განმარტავს, რომ დასკვნა მომზადებულია და აზომვები განხორციელებულია პროექტის შესაბამისად, რადგან ფორმა N--ში ასახულია შავი კარკასის მონაცემები, ხოლო აზომვები დაიწყო ერთი თვის შემდეგ, 2017 წლის 27 ნოემბერს აქტის შედგენის შემდეგ, მაშინ, როცა მიმდინარეობდა უკვე სარემონტო და სამღებრო სამუშაოები, შესაბამისად ბლოკით მშენებლობა უკვე დამთავრებული იყო. ექსპერტებს უნდა შეემოწმებინათ მშენებარე ობიექტზე არსებული მდგომარეობა და ამიტომ მოხდა შემოწმების დაწყება 2017 წლის 27 ნოემბრის აღწერის აქტის და არა ფორმა N--ის საფუძველზე. ექსპერტებს არ აინტერესებდათ პირველი და მეორე მშენებლის მითითებები და შესაბამისად ეყრდნობოდნენ აქტს, როგორც სამივე მხარის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს. პროექტი და ფაქტობრივი შესრულება იყო შესაბამისობაში. შესრულებული სამუშაოს პარამეტრები განისაზღვრება კედლის, სიგრძის, სიმაღლისა და სიგანის გაზომვებით. პროექტი შეადარეს შენობას, მის გაბარიტებს, ამოიღეს მოჭიმვები, ლესვები სართულების მიხედვით, ყველა სართულზე სათითაოდ დაითვალეს თუ რა იყო შესრულებული და ამის მიხედვით მოხდა დასკვნის შედგენა.

 

საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 27 ნოემბრის აღწერის/დათვალიერების აქტი, რომლის თანახმადაც აღიწერა და დასურათდა შპს „ჯ---------–ის“ მიერ ამ აქტის მდგომარეობით შესრულებული სამშენებლო სამუშაოები. აქტში ასახულია შენობის ყოველ სართულზე სამუშაოს რამდენი პროცენტია შესრულებული. აქტს ხელს აწერს შპს „ჯ---------–ის ტექნიკური დირექტორი“, შპს „დ---ს“ სახელით შ-----------------ე და შპს „მ–------–----ის“ წარმომადგენელი. მხარეები ადასტურებენ, რომ შპს „მ–------–----მა“ გააგრძელა პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი აქტი არის, თავისი არსით, გადაბარების აქტი, რომელიც შედგენილია იმ მიზნით, რომ გავლებულიყო ზღვარი, რა ეტაპამდე მიიყვანა მოსარჩელემ სამუშაოები დ საიდან გააგრძელა საქმიანობა ახალმა მშენებელმა.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ეს აქტი ასახავს ე.წ ფორმა N--ში ასახული სამუშაოების შესრულებას და მიიჩნევს, რომ აქტის შინაარსიდან ეს დასკვნა არ გამომდინარეობს. ამ ნაწილში ასევე საყურადღებოა ექსპერტ ო-----------------ის განმარტება, რომელიც ცალსახად მიიჩნევს, რომ აქტში ასახულია პროექტით შესასრულებელი სამუშაოების პროცენტული მაჩვენებლები.

 

მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ შპს „დ---ს“ თანამშრომელი, რომელიც მშენებლობას ზედამხედველობდა, გათავისუფლებულია სამსახურიდან და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება, ვინაიდან არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ იგი ჩართული იყო კომერციული მოსყიდვის საქმეებში. მოპასუხე ვარაუდობს, რომ მან არაკეთილსინდისიერად ასახა აქტში იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე რეალურად იყო შესრულებული.

 

სასმართლო მიიჩნევს, რომ ეს მოსაზრება შეიძლებოდა ყოფილიყო დასაბუთებული იმ შემთხვევაში, თუ აქტი ხელმოწერილი იქნებოდა მხოლოდ მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ, მაგრამ ვინაიდან წარმოდგენილი აქტის მესამე მხარეა სამშენებლო კომპანია, რომელმაც გააგრძელა და დაასრულა მშენებლობა მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სასამართლოს აზრით, არასარწმუნოა იმის მტკიცება, რომ იგი დაეთანხმა იმაზე მეტი სამუშოს ასახვას აქტში, ვიდრე ფაქტობრივად იყო შესრულებული. ასეთი თანხმობა პირდაპირ დააზარალებდა მის ინტერესებს.

 

ექსპერტიზის დასკვნა სსსკ-ის 102.2 მუხლით აღიარებული მტკიცებულებაა, თუმცა, თავად ამ მტკიცებულების ღირებულებითი ძალა ექვემდებარება ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ კვლევას (სსსკ-ის 105-ე მუხლი), დასკვნის გაზიარების საკითხის შეფასებისას, სასამართლო მას ამოწმებს სადავო გარემოებასთან მიმართებით და ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტის ნამდვილობის საკითხს.

 

საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია, ცალკეული მტკიცებულებები არასარწმუნოდ მიიჩნიოს და არ გაიზიაროს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა აისახოს სასამართლო რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა (სუსგ Nას-600-938-07).

 

სასამართლო არ იზიარებს არც შპს „ს-----ს“ და არც შპს „მ--------რის“ შეფასებას შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან დაკავშირებით იმ მიზეზით, რომ შპს „ს-----ს“ შეფასება შედგენილია მანამ, სანამ შპს „ჯ---------–ი“ სამუშაოებს შეწყვეტდა და ახალ მშენებელს გადააბარებდა და, ბუნებრივია, ასახული არ არის შეფასების შემდგომ შესრულებული სამუშაოები, ხოლო შპს „მ--------რის“ ანგარიშიდან ირკვევა, რომ შემოწმებულია ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების აქტი ფ. N--ით ნაჩვენები მოცულობები.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ნიშნავს არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ ხარისხობრივადაც შეთანხმებული ნაკეთობის დამზადებას.

 

შპს „მ--------რის“ ანგარიშში ასახულია რამდენიმე შეუსაბამობა პროექტით გათვალისწინებულ და ფაქტობრივად გამოყენებულ მასალას შორის.

 

ანგარიშის თავი 3. პუნქტი 2 გრაფაში აღნიშნულია, რომ თაბაშირ-მუყაოს ფილები გაკრულია იზოლაციის გარეშე, შესაბამისად, 1 კვ.მ-ის ფასი ნაცვლად 9,5 ლარისა შეადგენს 7,5 ლარს. თავი 3. პუნქტი 6 გრაფაში ასევე მითითებულია, რომ ნესტგამძლე თაბაშირ-მუყაოს ფილები გაკრულია იზოლაციის გარეშე, შესაბამისად, მასალის ფასი შეადგენს 8,3 ლარს ნაცვლად 10,3 ლარისა. თავი 4.პუნქტი 1 გრაფაში მითიტებულია, რომ ფორმა 2-ში ნაჩვენებია თბოიზოლაციის მოწყობა 50-100 მმ სისქის პემზის ფენით, ფაქტიურად კი მოწყობილია ქვიშის გამასწორებელი ფენა სისქით საშუალოდ 20 მმ. თანხობრივი სხვაობაა 5384 ლარი.

 

ანგარიშში ასევე ასახულია შეუსაბამობა ფანჯრების მოწყობასთან დაკავშირებით, მაგრამ ვინაიდან ექსპერტ ო-----------------ის განმარტებით, მის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისას მხარეებმა დაადასტურეს, რომ ფანჯრებთან პრეტენზია არ ჰქონდათ, ამ ნაწილში სასამართლო ანგარიშს აღარ აფასებს.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით მასალის ხარისხი არაა შემოწმებული და არც კითხვა ყოფილა დასმული ამ კუთხით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა 144465,53 ლარი (სასარჩელო მოთხოვნას გამოაკლდა ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს N 0-------- დასკვნით დადგენილი სხვაობა და შპს „მ--------რის“ ანგარიშში ასახული შეუსაბამობები შესაბამისი გაანგარიშებით).

 

3.2.2 მოპასუხე არ არის ვალდებული, მოსარჩელეს აუნაზღაუროს მიუღებელი შემოსავალი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).

 

ზოგიერთ შემთხვევაში, თავად მატერიალური კანონმდებლობა გვკარნახობს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა სახელშეკრულებო ზიანი. ამ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების არსებობა, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევა, ასევე რომ არა ვალდებულების დარღვევა, იგი მიიღებდა შემოსავალს.

 

მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ბრალის გამომრიცხავი გარემოებები, ასევე ის, რომ ზიანი არ იყო მისთვის წინასწარ სავარაუდო.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება - გადასახდელი დარჩა ნარდობის საზღაურის ნაწილი.

 

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სასამართლო აფასებს, არსებობს თუ არა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულება.

 

რასაკვირველია, ნებისმიერი კომერციული იურიდიული პირი ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც ვერ იქნება უცხო მოპასუხისათვის, რომელიც შპს-ს სამართლებრივი ფორმითაა რეგისტრირებული. ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა, გარკვეულ ზიანს ყოველთვის აყენებს მეწარმე სუბიექტს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელშეკრულების კონტრაჰენტი ყოველთვის ვალდებულია, ეს ზიანი აანაზღაუროს.

 

მოსარჩელეს სარწმუნოდ უნდა დაედასტურებინა, რომ სადავო ფულადი თანხიდან დამატებით შემოსავალს მიიღებდა, მათ შორის ის გარემოება, რომ თანხას განათავსებდა ანაბარზე ან სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება და არც სარჩელშია მითითებული, რომ მოსარჩელე თავისუფალ ფულად თანხებს ანაბარზე (სადეპოზიტო ანგარიშზე) ათავსებდა და მასზე დარიცხული პროცენტით დამატებით შემოსავალს იღებდა. მხარემ მარტივი მათემატიკური გამოთვლით დაიანგარიშა, რა იქნებოდა სადავო თანხაზე დარიცხული ანაბრის საშუალო პროცენტი, რაც არ წარმოადგენს სარწმუნო მტკიცებულებას იმისა, რომ მოსარჩელე დამატებით შემოსავალს მიიღებდა სადავო თანხიდან.

 

თუნდაც დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ მოსარჩელე სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსებით დამატებით შემოსავალს მიიღებდა, უნდა შეფასდეს, იყო თუ არა ეს გარემოება მოპასუხისათვის სავარაუდო ხელშეკრულების დადებისას.

 

მოსარჩელე არ არის ფინანსური ინსტიტუტი. მისი საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება ანაბარზე თანხის განთავსებას ან თანხის გასესხების ( ან ინვესტირების) გზით მასზე დარიცხული პროცენტებიდან შემოსავლის მიღებას, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე ასეთ ვარაუდს ვერ დაუშვებდა. ამ მოცემულობაში მოპასუხისათვის ვერ იქნებოდა მოსალოდნელი მის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის მოცულობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 629-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალიწინებული ობიექტის შიდა სარეკონსტრუქციო-სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შესრულება.

 

მოსარჩელემ შპს „ჯ---------–მა“ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა - განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოები, ხოლო მოპასუხეს გადასახდელი დარჩა შეთანხმებული საზღაურის ნაწილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების ჯეროვნად შესრულება გულისხმობს შეთანხმებული მახასიათებლების ნაკეთობის დამზადებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდემ ხელშეკრულება სრულად ჯეროვნად არ შეასრულა, კერძოდ, გამოვლინდა შეუსაბამობები ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებსა და გამოყენებულ მასალასთან მიმართებით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებაა 144465,53 ლარი, რომლის გადახდაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

ამავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და ნარდობის საზღაური სრულად არ გადაიხადა, ამდენად, ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სკ-ის 394-ე მუხლი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისას ანაზღაურებას არ ექვემდებარება ყველა სახის ზიანი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლი ზიანის ანაზღაურების წინაპირობად ბრალის არსებობას განსაზღვრავს. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ ას-929-869-2017).

 

ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

„ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (Lucrum cessans). სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს (Pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (იხ სუსგ ას-776-725-2017).

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება და არც სარჩელშია მითითებული, რომ მოსარჩელე თავისუფალ ფულად თანხებს ანაბარზე (სადეპოზიტო ანგარიშზე) ათავსებდა და მასზე დარიცხული პროცენტით დამატებით შემოსავალს იღებდა.

 

გარდა ამისა, თუნდაც დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ მოსარჩელე სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსებით დამატებით შემოსავალს მიიღებდა, ეს გარემოება ვერ იქნებოდა მოპასუხისათვის სავარაუდო ხელშეკრულების დადებისას.

 

მოსარჩელის საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება ანაბარზე თანხის განთავსებას ან თანხის გასესხების (ან ინვესტირების) გზით მასზე დარიცხული პროცენტებიდან შემოსავლის მიღებას, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე ასეთ ვარაუდს ვერ დაუშვებდა. ასეთ პირობებში მხარისათვის მოსალოდნელი ვერ იქნებოდა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „რ---------–-----------–ს“ შპს „ჯ---------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2950 ლარის ანაზღაურება, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება და ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამ ნაწილში არსებობს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ჯ---------–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „რ---------–------------–ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „რ---------–-----------–ს“ შპს „ჯ---------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 144465,53 ლარის გადახდა

 

3. დანარჩენ ნაწილში შპს „ჯ---------–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. შპს „რ---------–-----------–ს“ შპს „ჯ---------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2950 ლარის ანაზღაურება, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება და ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია