გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2019
საქმის ნომერი
010210018002352868
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002352868

2-1098/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05/02/2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: შპს ,,ა---–------------------------ი“

წარმომადგენელი: მ------------–-------------–------ი

მოპასუხე: ნ------ ქ---------–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

შპს ,,ა---–------------------------მა“ სარჩელი აღძრა ნ------ ქ---------–--ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 1656 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2016 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელესა და ნ------ ქ---------–--ეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს 30 დღის ვადით ასესხა 550 ლარი. სესხი გაცემული იქნა სარგებელის გადახდის პირობით. სესხის ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხეს ძირ თანხასთან ერთად სარგებელის სახით მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა სესხის თანხის 12 %-ის ოდენობით. სესხის დაფარვის ვადის დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა. კერძოდ ერთჯერადი ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, რასაც დაემატება მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 10 %, შემდეგში კი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1.5 %.

 

ნ------ ქ---------–--ე დაეთანხმა ელექტრონული ხელშეკრულების იმ პირობებს, რომელიც განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე, რაც უთანაბრდება ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. შესაბამისად მას ელექტრონული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა სასესხო ვალდებულებები. ნ------ ქ---------–--ემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და სესხი არ დაფარა. სესხის დაფარვის ვადის გადაცილების გამო დავალიანებას დაერიცხა პირგასამტეხლო. მოპასუხეს შპს ,,ა---–----------------------ის’’ მიმართ გადასახდელი აქვს (ძირი, სარგებელი და პირგასამტეხლო) 1656 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. ნ------ ქ---------–--ე სარჩელს სცნობს ძირი თანხის და სარგებელის ნაწილში. პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელს არ სცნობს. ამტკიცებს, რომ მას სარგებელის სახით გადახდილი აქვს 1209 ლარი. შესაბამისად ამ თანხის გარდა კიდევ დამატებით პირგასამტეხლოს სახით 981 ლარის დაკისრება არარის გონივრული და სამართლიანი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელესა და ნ------ ქ---------–--ეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს 30 დღის ვადით ასესხა 550 ლარი. სესხი გაცემული იქნა სარგებელის გადახდის პირობით. სესხის ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხეს ძირ თანხასთან ერთად სარგებელის სახით მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა სესხის თანხის 12 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება. ს.ფ. 14-21.

3.1.2. 2016 წლის 28 დეკემბრის ელექტრონული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, კერძოდ სესხის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება ერთჯერადი ჯარიმა 100 ლარი, ასევე ძირისა და საკომისიოს 10 %, შემდეგში კი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1.5 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება. ს.ფ. 14-21.

3.1.3. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ნ------ ქ---------–--ემ ნაკისრი ვალდებულება შეთანხმებული პირობების დაცვით ვერ შეასრულა. მან ვადაგადაცილებებით გადაიხადა 785,5 ლარი. ამ თანხის გარდა კიდე სხვა თანხის გადახდას ამტკიცებს მოპასუხე, მაგრამ 785,5 ლარს ზემოთ თანხის გადახდა სადაოა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ნ------ ქ---------–--ეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 543 ლარი და სარგებელი 132 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხე ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების შესრულების მიზნით მას გადახდილი აქვს 1209 ლარი. მოსარჩელე მის განმარტებას ნაწილობრივ ადასტურებს. განმარტავს, რომ მოპასუხეს გადახდილი აქვს 785,5 ლარი. აქედან 7 ლარი მიმართული იქნა ძირი თანხის ანგარიშში, 379,5 ლარით დაიფარა პირგასამტეხლო, ხოლო 399 ლარიით დაიფარა სარგებელის დავალიანება. სადაო დანარჩენი 423,5 ლარის გადახდის საკითხი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ მოპასუხეს სარგებელს და ძირი თანხის გადახდის ვალდებულებას ადასტურებს და სადაოდ არ ხდის. ასეთ სიტუაციაში 423,5 ლარის გადახდის გამოკვლევას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესამოწმებელია პირგასამტეხლოზე შეთანხმება არის თუ არა გონივრული. სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს პირგასამტეხლოს გონივრულობა და ამის მიხედვით დადგეს საქმეზე შესაბამისი შედეგი. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შეთანხმება პირგასამტეხლოზე არაგონივრულია და იგი მოყვანილი უნდა იქნას გონივრულ შესაბამისობაში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრება სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ა---–---------------------სა“ და ნ------ ქ---------–--ეს შორის ვალდებულება წარმოიშვა 2016 წლის 28 დეკემბრის ელექტრონული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ 30 დღის ვადით ნ------ ქ---------–--ეს ასესხა 550 ლარი. სესხს სარეგებელის სახით უნდა დარიცხვოდა მთლიანი თანხის 12 %. მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი 30 დღის ვადაში გადაეხადა სესხის ძირიცა და სარგებელიც. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ნ------ ქ---------–--ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ელიზბარ აბაშიძე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ნ------ ქ---------–--ემ დაარღვია ვალდებულება და სესხი არ დაფარა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 543 ლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ნ------ ქ---------–--ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. ნ------ ქ---------–--ეს სარგებელის სახით უნდა გადაეხადა სესხის 12 %. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ნ------ ქ---------–--ემ სარგებელის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს 132 ლარი. ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ გადახდის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ერთჯერადი ჯარიმა 100 ლარი, ასევე ძირისა და საკომისიოს 10 %, შემდეგში კი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1.5 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ ნ------ ქ---------–--ემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა სესხის დაფარვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა სარჩელის აღძვრამდე შეადგენს 981 ლარს.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და ერთჯერადი ჯარიმა 100 ლარი, ასევე ძირისა და საკომისიოს 10 %, შემდეგში კი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1.5 % ეწინააღმდეგება გონივრულობას. მოპასუხე ძირ თანხას ვერ იხდის და დამატებით მაღალი პროცენტით გაანგარიშებული პირგასამტეხლო, უფრო გადახდისუუნაროს გახდის. ამასთან არც მოპასუხის პოზიცია არაა ლოგიკური. მას ვალდებულება აქვს შესასრულებელი. ვადაგადაცილებული სესხი აქვს და არ ფარავს. პირგასამტეხლოსაგან სრული გათავისუფლება მართლსაწინააღმდეგოდ დაარღვევს მოსარჩელის ინტერესებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობაში მოყვანის მიზნით იგი უნდა შემცირდეს 100 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოპასუხემ სარჩელი მოსამზადებელ ეტაპზე სცნო 675 ლარის ნაწილში. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივად სცნო, ამიტომ ის ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 20 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდს. ბაჟის სახით გადახდილი დარჩენილი ნაწილი თანხა კი უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების როპორციულად.

 

7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხეებმა აუნაზღაურონ საადვოკატო ხარჯები 100 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

მოსარჩელემ წარმოადგინა საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

 

საქმის სირთულის მიხედვით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულობის გათვალისწინებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,ა---–----------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. ნ------ ქ---------–--ეს შპს ,,ა---–----------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:

· ძირთადი თანხის - 543 ლარის გადახდა.

· სარგებელის - 132 ლარის გადახდა.

· პირგასამტეხლოს სახით 100 ლარის გადახდა.

3. ნ------ ქ---------–--ეს შპს ,,ა---–----------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 10 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 50 ლარის ანაზღაურება.

4. შპს ,,ა---–----------------------ს“ სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 20 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს.

5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 20 ლარი (საგადასახადო დავალება 910022797, გადახდის თარიღი - 01/03/2018 წელი, გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი, მიმღების ბანკი/სახაზინო კოდი - 300 693 150)

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტისქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30)

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე