გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
130210018002608534
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-993-18

(130-1001800-608534)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მარტი 2019 წელი ქ. ხ-–----ი

 

შესავალი ნაწილი

ხ-–----ის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ცერიაშვილი

 

მოსარჩელე - ვ--–------------–-ძე

მოპასუხე - ნ------------–-ძე (პ/ნ 4----------)

წარმომადგენელი - გ-------------ძე

 

დავის საგანი: ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ვ--–------------–-ძე (პ/ნ 4----------) სასარჩელო განცხადებით ითხოვს გამოთხოვილ იქნას ნ------------–-ძის (პ/ნ 4----------) უკანონო მფლობელობიდან ქ-----–ის რაიონის სოფელ ა--–--ში მდებარე (საკადასტრო კოდი 6-.0--4--3--) საცხოვრებელი სახლის (სულ დაზუსტებული ფართობი 2321.00 კვ.მ) დაზუსტებულ ფართში მოქცეული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელსაც უკანონოდ ფლობს ნ------------–-ძე და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ვ--–------------–-ძეს.

 

სასარჩელო განცხადების მიხედვით,ქ-----–ის რაიონის სოფელ ა--–--ში მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 6-.0--4--3--) დაზუსტებული ფართობი 2321.00 კვ.მ. აღნიშნულ დაზუსტებულ ფართში მოქცეულია მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელსაც უკანონოდ ფლობს ნ------------–-ძე და მისი ოჯახი და არ აძლევს მისი საკუთრებით სარგებლობის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ნ------------–-ძემ თავის სახელზე ვერ დაირეგისტრირა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რადგან საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების საფუძველი არ არსებობს, მაინც უკანონოდ განაგრძობს ვ--–------------–-ძის საკუთრებით სარგებლობას, გადაუკეტა მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებულ ფართში მისასვლელი გზა და არ აძლევს მას და მის ოჯახს მათი საკუთრებით სარგებლობის საშუალებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. ნ------------–-ძემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ე.წ. "გზას" ვ--–------------–-ძე არასდროს არ ფლობდა და არც იყენებდა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაახლოებით 30 წელია მოქცეულია მისი ეზოს საზღვრებში. რომ საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზი არ ასახავს რეალობას. ასევე დასაზუსტებელია სასარჩელო მოთხოვნა, თუ რა ზომის მიწის ფართობის გამოთავისუფლებას ითხოვს მოსარჩელე. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ დავაზე გააუქმა ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება და შეწყვიტა წარმოება. აღნიშნულისა და საპაექრო სიტყვაში მითითებული სხვა მოტივების გათვალისწინებით მოპასუხის მხარემ ითხოვა უარი ითქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ქ-----–ის რაიონის სოფელ ა--–--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის (სულ დაზუსტებული ფართობი 2321.00 კვ.მ), საკადასტრო კოდი (საკადასტრო კოდი 6-.0--4--3--) მესაკუთრეა ვ--–------------–-ძე და მისი ოჯახის წევრები: რ-----------------–-ძე , გ-----------–-ძე და გ-----------–-ძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 28-29

-საკადასტრო გეგმა.ს.ფ 30

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეები დაობენ მიწის ნაკვეთით სარგებლობის უპირატეს უფლებაზე. საკითხი, თუ ვის აქვს სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება, დამოკიდებულია ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივ შეფასებაზე, რაზეც სასამართლო იმსჯელებს ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. აღკვეთილი უნდა იქნას მოპასუხე ნ------------–-ძის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ამ მიზნით მოსარჩელეს უნდა მიეცეს მიწის ნაკვეთის თავისუფალი მფლობელობისა და სარგებლობის შესაძლებლობა.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.

2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.

 

6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში იმპერატიულად აღნიშნულია: - „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ქ-----–ის რაიონის სოფელ ა--–--ში მდებარე (საკადასტრო კოდი 6-.0--4--3--) საცხოვრებელი სახლი და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი (სულ დაზუსტებული ფართობი 2321.00 კვ.მ) მისი საკუთრებაა და დაზუსტებულ ფართში მოქცეული მიწის ნაკვეთის ნაწილს, უკანონოდ ფლობს რა ნ------------–-ძე და არ აძლევს მას თავისი საკუთრების ფლობის და სარგებლობის საშუალებას, მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება, საკუთრების უფლების დაცვა და საკუთრების ხელყოფის აღკვეთის გზით დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ სასამართლოს წესით მოითხოვოს საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.

ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია რომ ქ-----–ის რაიონის სოფელ ა--–--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის და მიწის ფართობის (სულ დაზუსტებული ფართობი 2321.00 კვ.მ) საკადასტრო კოდი 6-.0--4--3--. საქმის განხილვის მომენტისათვის ვ--–------------–-ძის საკუთრებადაა რეგისტრირებული.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოში ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას.მფლობელობა ეს არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არ თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც.

 

6.6. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო, არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. დადგენილია რომ მოსარჩელე არის სადავო ნაკვეთის მესაკუთრე და მოპასუხის აქტიური ქმედებით მოსარჩელეს ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში. თავის მხრივ მოპასუხეს არ აქვს ამ ქონების ფლობის უფლება. იგი არ არის სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი, ამიტომაც მას უნდა აეკრძალოს მოსარჩელის ხელშეშლა მიწის ნაკვეთის სარგებლობაში. მოსარჩელე კუთვნილი ქონებით სარგებლობასა და მფლობელობაში თავისუფალი უნდა იყოს, ამიტომ მოპასუხეს უფლება არ აქვს მოსარჩელეს შეუზღუდოს მისი შეღობვა, დანიშნულებისამებრ გამოყენება, სახლის მშენებლობა თუ სხვა ტიპის მოქმედების განხორციელება. მესაკუთრეს უძრავი ქონების მართვის უპირატესი უფლება აქვს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს მესაკუთრეს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხე მხარის მოტივაციას იმის შესახებ რომ სადავო მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის ძირითადი ნაკვეთის გაგრძელებას, (სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ საკადასტრო ნახაზზე წითელი ხაზით გამოყოფილი ნაკვეთი, რომლის საწყისი სიგანე არის 4,5 მ. დასასრულის სიგანე - 3.6. მ. ნაკვეთის სიგრძე ნ------------–-ძის ნაკვეთის საზღვრის მხარეს 99.1 მ და მოპირდაპირე მხარეს 147.8მ.), ათეული წლების განმავლობაში მოპასუხის მფლობელობაშია და რომ მასზე მოსარჩელეს არავითარი უფლება არ გააჩნია, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზში არის უზუსტობა და ა.შ.,-რადგან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. ქ-----–ის რაიონის სოფელ ა--–--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის და მიწის ფართობის (სულ დაზუსტებული ფართობი 2321.00 კვ.მ) (საკადასტრო კოდი 6-.0--4--3--), რომელშიც შედის სადავო მიწის ნაკვეთიც, საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება ვ--–------------–-ძის საკუთრებად. ამასთან, ადგილზე დათვალიერებით და თავად მოპასუხე ნ------------–-ძის განცხადებითაც დადასტურდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთით, ვიდრე მოსარჩელე მოპასუხეს მასში გასასვლელს გადაუღობავდა, სარგებლობდა ვ--–------------–-ძე. დღეის მდგომარეობით მოპასუხის მიერ გადაღობილია აღნიშნული ნაკვეთის დასაწყისი ნაწილი, რათა მოსარჩელემ ვერ შეძლოს მისით სარგებლობა. ნაკვეთის ბოლო ნაწილი კი, სადაც დღემდე ფიქსირდება ვ--–------------–-ძის მიერ დამონტაჟებული ბეტონის ღობის ნარჩენები ( აღნიშნული ვ--–------------–-ძის მიერ რომ იყო დამონტაჟებული დაადასტურა მოპასუხემაც) გადაუღობავია. აღნიშნული ცხადყოფს, რომ სადავო ნაკვეთი, ვიდრე მოპასუხე მასში გასასვლელს არ გადაღობავდა იმყოფებოდა მისი მესაკუთრის, ვ--–------------–-ძის სარგებლობაში და რომ მოპასუხე ნ------------–-ძე ნაკვეთის გასასვლელის გადაღობვით, მიზანმიმართულად უშლის ხელს მოსარჩელეს მისი საკუთრებით სარგებლობაში.

აღნიშნულისა და საქმის სხვა ერთობლივი მასალების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ--–------------–-ძის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა საკუთრების ხელშეშლის აღკვეთას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟი არის 120 ლარი. ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლით პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 60 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოცემულ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ--–------------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. აღკვეთილი იქნას ვ--–------------–-ძის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ამ მიზნით მოპასუხე ნ------------–-ძეს აეკრძალოს, ქ-----–ის რაიონის სოფელ ა--–--ში მდებარე (საკადასტრო კოდი 6-.0--4--3--), დაზუსტებული ფართობი (2321.00 კვ.მ) მოქცეული ვ--–------------–-ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო ნახაზზე წითელი ხაზით გამოყოფილი ნაკვეთი, რომლის საწყისი სიგანე არის 4,5 მ. დასასრულის სიგანე - 3.6. მ. ნაკვეთის სიგრძე ნ------------–-ძის ნაკვეთის საზღვარზე 99.1 მ და მის მოპირდაპირე მხარეს 147.8მ.) სარგებლობაში ნებისმიერი ტიპის ხელშეშლა, რომელსაც დღეის მდგომარეობით უკანონოდ ფლობს მოპასუხე ნ------------–-ძე.

3. მოპასუხე ნ------------–-ძეს მოსარჩელე ვ--–------------–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 60 ლარის გადახდა.

4. მოსარჩელე ვ--–------------–-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 27 აგვისტოს, N17720644 საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე, ანგარიშის/სახაზინო კოდი 300463150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 60 ლარი.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქთბილისი. რობაქიძის ქ.N7ა) ), ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ხ-–----ი კოსტავას ქ.N15).

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე:

ნაირა გიგიტაშვილი