გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210017001936401
საქმე N2/1273-17 წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე, გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შპს ,,ე---------------’’
წარმომადგენელი- ლ--- მ----------, თ------ გ-----ე
მოპასუხეები - 1. თ---------- კ---------ე, 2. ა-------- გ----------
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხის 2678 აშშ დოლარის, სარგებლის - 1887.98 აშშ დოლარის და მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის 100 ლარის გადახდა.
1.2. აღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით, ანუ მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავიანთი ქონებით.
1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის გარემოებები:
მოსარჩელეს, ე-–------ ხ--–---–---–სა და გ------- ს-----ეს შორის 2015 წლის 20 იანვარს გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #114192/თ, რომლის თანახმადაც გ------- ს-----ის სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ხ--–---–---–ის კუთვნილი ავტომობილი - ,,აუდი თი თი’’. ასევე გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის თაობაზე და მოსარჩელემ მოპასუხეს 5% სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 3800 აშშ დოლარი, წლიური 60 %-ის ოდენობით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო, დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
16.03.2015წ. გ------- ს-----ესა და მოპასუხე თ---------- კ---------ეს შორის გაფორმდა შეთანხმება ,,ვალის გადაკისრების შესახებ’’, რომლის თანახმადაც კ---------ემ თავის თავზე აიღო ს-----ის ყველა უფლება და ვალდებულება. ამავე დღეს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება მოსარჩელე კომპანიასა და ა-------- გ----------ს შორის, რომლის თანახმადაც მან იკისრა სოლიდარული ვალდებულება კ---------ის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე.
მოპასუხეებმა სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვიეს, რის გამოც 2016 წლის 15 ნოემბერს მოხდა ა/მანქანის რეალიზაცია 700 აშშ დოლარად.
ავტომობილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის გამოკლებით, მოპასუხის დავალიანება საფინანსო ორგანიზაციის მიმართ შეადგენს: ძირი თანხა- 2678 აშშ დოლარს, სარგებელი - 1887.98 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხე თ---------- კ---------ე წარმოდგენილი ფორმალური შესაგებლით სარჩელს არ ცნობს.
მან სარჩელი არ ცნო არც სასამართლო სხდომაზე და განმარტა, რომ გადაკისრების ხელშეკრულება არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი, ამასთან არ ჰქონდა ინფორმაცია სესხის გაპრობლემების თაობაზე, მას არც თანხა გამოუყენებია და არც ავტომანქანა ეკუთვნოდა. რის გამოც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.
მოპასუხე ა-------- გ----------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, ამიტომ უცნობია მისი პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელეს შპს ,,ე---------------’’-ს, ე-–------ ხ--–---–---–სა და გ------- ს-----ეს შორის 2015 წლის 20 იანვარს გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №114192/T, რომლის თანახმადაც გ------- ს-----ის სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ე-–------ ხ--–---–---–ის კუთვნილი ავტომობილი - ,,ა--------’’. ასევე გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის თაობაზე და მოსარჩელემ მოპასუხე გირგი ს-----ეს 5% სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 3800 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №114192/T (ს/ფ 18-23),- გადახდის გრაფიკი -ს/ფ 25-26;
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს/ფ 24-25),- გირავნობის ხელშეკრულება (ს/ფ 27-30).
3.2. 2015 წლის 16 მარტს გ------- ს-----ესა და მოპასუხე თ---------- კ---------ეს შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის გადაკისრების შესახებ, რომლის თანახმადაც კ---------ემ თავის თავზე აიღო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს-----ის ყველა უფლება და ვალდებულება. ამავე დღეს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება მოსარჩელე კომპანიასა და ა-------- გ----------ს შორის, რომლის თანახმადაც მან იკისრა სოლიდარული ვალდებულება კ---------ის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება ვალის გადაკისრების შესახებ (ს/ფ 27-29),- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს/ფ 31-32).
მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვია, რის გამოც 2016 წლის 15 ნოემბერს მოხდა ა/მანქანის რეალიზაცია 700 აშშ დოლარად, რაც გააკლდა არსებული დავალიანების თანხას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-შეტყობინებები (ს/ფ 36; 40; 47; 51; 54; 60; 74; 78; 84),- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში (ს/ფ 64-69),- მიღება-ჩაბარების აქტი (ს/ფ 70),-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს/ფ 71).
3.4. ავტომობილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის გამოკლებით, მოპასუხის დავალიანება საფინანსო ორგანიზაციის მიმართ შეადგენს: ძირი თანხა- 2678 აშშ დოლარი, სარგებელი - 1887.98 აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს/ფ 2-17).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე, 394-ე, 403-ე, 408-ე, 411-ე, 416-ე, 417-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებები. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელე ორგანიზაციას და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება. რის გამოც სასამართლო მოპასუხის პოზიციას, რომ მას თანხა არ მიუღია და არც გამოუყენებია, ვერ გაიზიარებს და ვერ გახდება მისი სასესხო ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველი. რადგან მან ვალის გადაკისრების შეთანხმების საფუძველზე იკისრა მისი დაფარვის ვალდებულება, ამიტომ სასამართლოს თვლის, რომ სარჩელი - სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი საპროცენტო სარგებელთან ერთად.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
დადგენილია, რომ მოპასუხეებს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინათ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, მაგრამ მათ დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები და არ გადაიხადეს თანხა შეთანხმებულ ვადაში.
თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყოველთვიური პროცენტი არამართლზომიერია. მიუხედავად იმისა, რომ მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების მოცულობა, ისევე როგორც, ამ ვალდებულების დარღვევის შედეგად მისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად, მან დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ მის მიერ მოთხოვნილი სარგებლის პროცენტის მართლზომიერება სსკ-ის 325-ე და 102-ე მუხლების შესაბამისად ვერ დაამტკიცა. ამიტომ მისი მოთხოვნა სარგებლის მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც დადგენილი იყო ეროვნული ბანკის საბაზრო განაკვეთების მიხედვით უცხოურ ვალუტაში 2015 წლის მდგომარეობით. კერძოდ ამ წლის იანვრისათვის, ის საშუალოდ არ აღემატებოდა 12,2%-ს. შესაბამისად მოპასუხეებს სარგებლის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს 383,89 აშშ დოლარის გადახდა (14 თვის წლიური 12.2% + 3 დღის სარგებელი).
6.4. ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის იანვრისთვის სესხზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაზე ფიზიკური პირისათვის განსაზღვრული იყო 12,2 %-ით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1.17%. მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი (წლიური 60%) განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
6.5. მოსარჩელეს მოპასუხის ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადებისათვის გადახდილი აქვს 100 ლარი, რომლის გადახდაც ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოპასუხეებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესაბამისი ოდენობის სახელმწიფო ბაჟის 225,45 ლარის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში შესაბამისი ბაჟი 109,55 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
8. ამასთან, ვინაიდან მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების წესი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე, გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
9. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ე---------------’’-ის (ს/კ 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეებს თ---------- კ---------ეს და ა-------- გ----------ს შპს ,,ე---------------’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სესხის ძირი თანხის 2678 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეებს თ---------- კ---------ეს და ა-------- გ----------ს შპს ,,ე---------------’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სარგებლის თანხის - 383,85 აშშ დოლარის გადახდა;
2. მოპასუხეებს თ---------- კ---------ეს და ა-------- გ----------ს შპს ,,ე---------------’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 225,45 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 109,55 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
2.1. მოპასუხეებს თ---------- კ---------ეს და ა-------- გ----------ს შპს ,,ე---------------’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ, გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება;
3. დავალიანების თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების თ---------- კ---------ისა და ა-------- გ----------ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით, ანუ მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავიანთი ქონებით;
4. მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე