გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/24811-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - სს „თი---------ი”
წარმომადგენელი - გვ--–---------–---–ი
მოპასუხე - აკ--------------–---–ი
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. სს „თი---------ის“ სასარგებლოდ მოპასუხე აკ--------------–---–ს დაეკისროს:
2017 წლის 21 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 6366,31 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 5525,15 ლარი, პროცენტი - 464,03 ლარი, ჯარიმა – 366,15 ლარი და დაზღვევა -10.98 ლარი;
2018 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის 21 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5525,15 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, საპროცენტო სარგებლის - 21 % - ის ოდენობით გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 96.69 ლარს;
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში განმარტავს, რომ სს „თი---------სა“ და აკ--------------–---–ს შორის 2017 წლის 21 მარტს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცე კრედიტი - 6 700,00 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრა 21%-ით, კრედიტის ვადა - 2021, წლის 27 მარტამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა სიცოცხლის დაზღვევა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა - 2795,10 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1174,85 ლარი, % - 1324,99 ლარი, ჯარიმა 90,53 ლარი, საკომისიო - 144,00 ლარი და დაზღვევა - 47.88 ლარი.
2018 წლის 21 აგვისტოს დავალიანების ცნობის მიხედვით, 2018 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 21 მარტის საბანკო კრედიტის №3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 6366,31 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 5525,15 ლარი, პროცენტი - 464,03 ლარი, ჯარიმა - 366,15 ლარი და დაზღვევა -10.98 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.
მოპასუხემ დააზუსტა და ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის ნაწილში (იხ, 2019 წლის 06 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:25:48).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სს „თი---------სა“ და აკ--------------–---–ს შორის 2017 წლის 21 მარტს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშკრულება №3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცე კრედიტი - 6700 ლარის ოდენობით, ვადით - 2021, წლის 27 მარტამდე.
წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრა 21%-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 20,00 ლარი ვადაგადაცილებაზე, ასევე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების 0,5% -ის ოდენობით.
ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 72-77).
ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 19-35).
სს „თი---------ის“ მიერ გაცემული ცნობა №4----------, 22.08.2018 (ს.ფ. 18).
3.1.2. აკ--------------–---–ს სს „თი---------ის“ წინაშე 2018 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით, №3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით - 5 525,15 ლარი, რასაც მოპასუხე ცნობს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 36).
მოპასუხის ასხნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 06 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:25:48).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. აკ--------------–---–ს სს „თი---------ის“ წინაშე 2018 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით, №3-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება სესხის პროცენტი - 464,03 ლარი, პირგასამტეხლო - 366,15 ლარი და დაზღვევა -10.98 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 37).
დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 36).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”თი---------ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს სს “თი---------სა” და აკ--------------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა შეთანხმებული პირობებით, თანხის ყოველთვიურად გადახდით. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხა. დადგენილია, რომ მსესხებელს აკ--------------–---–ს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, რის გამოც მოსარჩელის წინაშე ერიცხება დავალიანება.
ამდენად, სს ”თი---------ი” უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისგან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის თანხიდან 5 525,15 ლარის დაბრუნება. კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისაგან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის 10,98 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „თი---------ის“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის 5 525,15 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, შესაბამისად, კრედიტორი სს ”თი---------ი” უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდევინება. ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე აკ--------------–---–ს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 464,03 ლარის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლოს თვლის, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 366,15 ლარი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი -
0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 0,5% თვეში (30 დღე) შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) - 182.5%-ს. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი უნდა შემცირდეს და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 37,00 ლარით.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტებით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება.
საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხის წლიური 21%-ის ოდენობით. სს „თი---------მა” კრედიტით გაცემული ძირითადი თანხიდან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმავე პირობებით მოვალის მიერ დაბრუნებული თანხების კვლავ კრედიტით გაცემით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე ლეგიტიმურია და მოვალე აკ--------------–---–ს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 21 მარტის სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის №3-------------- ხელშკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 21 აგვისტოდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ძირ თანხაზე 5 525,15 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 21% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 96,69 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს 325,41 ლარი (ს.ფ. 49). მოპასუხემ სარჩელი ცნო 5 525,15 ლარის ნაწილში, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა (მოსამზადებელ ეტაპზე) 1 000,00 ლარით; შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 195,41 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 119,8 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი ბაჟის 50,00 ლარის ანაზღაურება, ასევე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20,00 ლარის ანაზღაურება; ხოლო 10,00 ლარი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.
მოპასუხე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება იურიდიული მომსახურების ღირებულების 380,00 ლარის გადახდა, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „თი---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. აკ--------------–---–ს მოსარჩელე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 6 037.16 ლარის გადახდა, საიდანაც საბანკო კრედიტის ძირი თანხაა 5 525.15 ლარი, პროცენტი - 464.03 ლარი, ჯარიმა - 37 ლარი, დაზღვევის თანხა - 10.98 ლარი;
1.2. მოპასუხე აკ--------------–---–ს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 20 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დაეკისროს ძირი თანხის 5 525.15 ლარის 21 %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 96.69 ლარს;
2. მოპასუხე აკ--------------–---–ს მოსარჩელე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხე აკ--------------–---–ს მოსარჩელე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ღირებულების 380 ლარის გადახდა;
4. მოპასუხე აკ--------------–---–ს მოსარჩელე სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 119.8 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
5. მოსარჩელე სს “თი---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 325.41 ლარიდან 195.41 ლარი.
6. სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩაითვალოს 10 ლარი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე